საქმე №ას-1302-2023 18 იანვარი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.შ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ა–ი (მოპასუხე)
მესამე პირები - მ.ა–ი (არასრულწლოვანი), სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.შ–ვმა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა დ.ა–ის (შემდეგში-მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2012 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული მ.ა–ის (არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად დედის, ა.შ–ვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეები 2010 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2012 წლის 09 ოქტომბერს დაბადებული მ.ა–ი.
3. 2017 წლიდან მხარეთა შორის თანაცხოვრება შეწყვეტილია, რის შემდეგაც, არასრულწლოვანი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა დედასთან, თუმცა, ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ცხოვრობს მამასთან მისამართზე: თბილისი, ........
4. მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება შეხვდეს შვილს მარტო, სხვების თანდასწრების გარეშე. მოსარჩელე პერიოდულად ნახულობს შვილს სხვადასხვა გასართობ ცენტრებში, თუმცა ბავშვი დედასთან მარტო, მამის გარეშე არ რჩება, ასევე უარს აცხადებს დედის საცხოვრებელ სახლში დროებით მისვლაზე. აღნიშნულის მიზეზად მოპასუხე ასახელებს არასრულწლოვანის სურვილს, რომ არ სურს დედასთან ცხოვრება.
5. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა სრულად უგულებელყოფს არასრულწლოვანის ინტერესებს. მამის მხრიდან ხდება მისი, როგორც მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება. შეუძლებელია, დედაზე მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება უარყოფითად არ აისახოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მოპასუხე ერთპიროვნულად იღებს არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოპასუხე არათუ ხელს უწყობს არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, პირიქით, მიზანმიმართულად უშლის ხელს აღნიშნული პროცესის პოზიტიურად განვითარებას.
6. ბავშვი გამოირჩევა დედის მიმართ აგრესიით, ადანაშაულებს მას ოჯახის დანგრევაში, რაც მამის მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგია. ფსიქოლოგიურ ძალადობასთან მიმართებით მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც უკავშირდება სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან განხორციელებულ შეხვედრებს. მოპასუხე განგებ უშლიდა ხელს არასრულწლოვანის ფსიქოლოგიურ გამოკვლევასა და მესამე პირებთან შეხვედრებს, რომელთაც შეეძლოთ აღედგინათ დედასა და შვილს შორის დარღვეული კავშირი. მოპასუხე უგულებელყოფს არასრულწლოვანი შვილის საჭიროებას ფსიქოლოგიური გამოკვლევისა და შესაბამისი რეაბილიტაციის მიზნით. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება არასრულწლოვანზე განხორციელებული სისტემატიური ხასიათის მქონე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის მუხლით.
7. არასრულწლოვანის ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობები არ შეიძლება ჩაითვალოს მის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. იმ პირობებში, როდესაც არ ხდება დედასთან ურთიერთობის წახალისება, ცხადია, რომ არასრულწლოვანი მუდმივად არის დათრგუნული.
8. არასრულწლოვანის უპირატეს ინტერესს წარმოადგენს ორივე მშობელთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება. მოპასუხე და მისი ოჯახი, უმეტესწილად მოპასუხის დედა, არასრულწლოვანს უკარგავენ მესამე პირებთან ურთიერთობის სურვილსაც. ბავშვი მეტწილად დროს ატარებს კომპიუტერთან და თანატოლებთანაც ნაკლებად ურთიერთობს.
9. მოსარჩელე ცხოვრობს მშობლებთან და არასრულწლოვან და-ძმასთან ერთად, მამის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე მისამართზე: თბილისი, .......
10. მოსარჩელე დასაქმებულია შპს „ლ–ში“ დიჯიტალ-მენეჯერის პოზიციაზე და აქვს საკმარისი შემოსავალი შვილზე ზრუნვისათვის. მოსარჩელე არის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი.
11. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრის შემთხვევაში, მოსარჩელე არ შეუზღუდავს მოპასუხეს შვილთან ურთიერთობას.
12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არასრულწლოვანი 2018 წლის თებერვლის თვიდან დღემდე ცხოვრობს მასთან. ბავშვის მამასთან ცხოვრება გამომდინარეობს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან და გამომდინარეობს სწორედ ბავშვის სურვილიდან.
13. მოპასუხემ აღნიშნა, მოსარჩელე არასწორად მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ არასრულწლოვანზე. მამა ყველა საშუალებას აძლევს ბავშვს იმისთვის, რომ არასრულწლოვანი გარკვეული დღეების განმავლობაში დარჩეს დედის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა აღნიშნულზე უარს აცხადებს თავად არასრულწლოვანი. არასრულწლოვანს დროულად უტარდება ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა. მოპასუხე უქმნის მას ყველა იმ პირობას, რაც მიზანმიმართული იქნება არასრულწლოვანის სწორად აღზრდა-განვითარებისკენ, მისი ინტერესებისკენ. არასრულწლოვანი კმაყოფილია მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილით, შეჩვეულია მას და არ სურს დედასთან ცხოვრება. მოსარჩელეს არ ექმნება რაიმე დაბრკოლება, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს ნახოს არასრულწლოვანი და მამასთან ერთად იზრუნოს საკუთარი შვილის აღზრდაზე.
14. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მამის მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. არასრულწლოვანი დადის საჯარო სკოლაში და მის ჯანმრთელობასა და სხვა ინტერესებს სათანადო ყურადღება ექცევა მამისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან. დაიწყო შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი, თუმცა, დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანის სურვილიდან გამომდინარე, ფსიქო-რეაბილიტაცია აღარ ხორციელდება.
15. მოპასუხეს და მის ოჯახს აქვს სტაბილური შემოსავალი, რომელიც შეადგენს თვეში საშუალოდ 5000 ლარს. აღნიშნულ თანხას მოპასუხე იღებს საცხოვრებელი და კომერციული ფართების გაქირავებით. მოპასუხესა და მის ძმას თანასაკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ........., სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს კიდეც მოპასუხე არასრულწლოვანთან, ძმასთან და დედასთან ერთად.
16. მესამე პირი -სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ( შემდეგ - სააგენტო) დაეთანხმა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნებს, 2019 წლის 11 აპრილის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და მიზანშეწონილად ჩათვალა არასრულწლოვანს ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან. არასრულწლოვანისა და დედის ურთიერთობის აღდგენის მიზნით სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების ფარგლებში, ურთიერთობაზე დაკვირვებასა და აღსრულებაში მონაწილეობას ახორციელებდა სოციალური მუშაკი, რომელიც იძლეოდა რეკომენდაციას, რომ არასრულწლოვანს და დედას უნდა მისცემოდათ დამოუკიდებელად, მამის თანდასწრების გარეშე ურთიერთობის საშუალება. ცხადია, არასრულწლოვანი განიცდის დედის დეფიციტს მის ცხოვრებაში. ამასთან, ცალსახაა მამის მიმართ არასრულწლოვანის „არაჯანსაღი“, უჩვეულოდ მჭიდრო დამოკიდებულება, რაც გამოიხატება მუდმივად მამასთან სიახლოვის სურვილში, მ–ი ეძებს თვალებით მამას და ცდილობს არ დაარღვიოს სიახლოვის „ჯაჭვი“ მასთან, რაც არ ქმნის ჯანსაღი მიჯაჭვულობის განცდას არასრულწლოვანისა მამის მიმართ. დედა შეძლებისდაგვარად ცდილობს მონაწილეობა მიიღოს მ–ის სწავლის პროცესში და ყოველდღიურად აცილებს არასრულწლოვანს სკოლაში. არასრულწლოვანი, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს მამის მხრიდან განხორციელებული ზეგავლენისაგან გათავისუფლებას და დედის მხარდაჭერას.
17. არასრულწლოვანი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა 2020 წლის 06 თებერვალს და გამოთქვა მოსაზრება თავისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. არასრულწლოვანს სურს, იცხოვროს მამასთან. ბავშვი განმარტავს, რომ როდესაც დედამ წაიყვანა მამის სახლიდან ნაქირავებ ბინაში, მისთვის არ უკითხავს, სურდა თუ არა წასვლა დედასთან ერთად. მისი თქმით, დედას მშობლებმა ის და დედა სახლიდან გააგდეს, რადგან დედა „ცუდად“ მოიქცა. მ–ის თქმით, დედა ხშირად ნახულობს მას, თუმცა მამა სულ მასთან ერთად არის და სამივე ერთად სეირნობენ. არასრულწლოვანი იხსენებს, რომ თავდაპირველად დედასთან ერთად ცხოვრების პერიოდში, ბაღიდან ხშირად გამოყავდათ დედის მეგობრებს, რადგან დედა სულ მუშაობდა და მისთვის ვერ იცლიდა. ბავშვმა გამოხატა წყენის განცდა დედის მიმართ და განმარტა, რომ დედამ მას და მამას „ცხოვრება დაუნგრია“. რაც შეეხება სკოლაში დედის ვიზიტებს, არასრულწლოვანმა მიუთითა, რომ არც უხარია და არც სწყინს დედის მისვლა. თუმცა, დედასთან ერთად მამის გარეშე სეირნობას, მასთან სახლში თუნდაც დროებით დარჩენას, არასრულწლოვანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება (სასამართლოს 2020 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი).
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხის მიმართ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით დაკმაყოფილდა: განისაზღვრა არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწუყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს არასრულწლოვანთან, (დაბადებული 2012 წლის 09 ოქტომბერს) ურთიერთობის წესი ბავშვის ნების გათვალისწინებით, განესაზღვრა შემდეგნაირად: ა.შ–ვს არასრულწლოვან შვილთან - მ.ა–თან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ყოველი კვირის ხუთშაბათი საღამოდან-კვირა დღის საღამომდე პერიოდი, ბავშვის წაყვანისა და დ.ა–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; ორივე მშობელს მიეცეს არასრულწლოვანთან შეუზღუდავი კომუნიკაციის შესაძლებლობა; აღსრულების წესის შეცვლა შესაძლებელია არასრულწლოვანი მ.ა–ის (დაბადებული 2012 წლის 09 ოქტომბერი) ნების გათვალისწინებით.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
21. მხარეები 2010 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში.
22. 2017 წლიდან მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
23. არასრულწლოვანი 2018 წლის თებერვლის თვემდე ცხოვრობდა დედასთან ა.შ–ვთან. 2015 წლის 07 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე მ.ა–ი ირიცხებოდა ქ. თბილისი 45-ე ბაგა-ბაღში, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრამდე მ–ი იყო ააიპ თბილისის N160-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი, ხოლო 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 26 აპრილამდე ირიცხებოდა ქ. თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღში.
24. არასრულწლოვანი 2018 წლის 01 თებერვლიდან დღემდე ცხოვრობს მამასთან - მოპასუხესთან.
25. მოპასუხეს და საბავშვო ბაღი „პ–ს“ შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება არასრულწლოვანის ბაგა-ბაღში აღსაზრდელად დარეგისტრირების შესახებ.
26. მოპასუხე არასრულწლოვანთან, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ..... აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია დ.ა–სა და ლ.ა–ის (დ.ა–ის ძმა) თანასაკუთრების უფლებით. ბ.თ–ის (მოპასუხის დედა) საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ...... (საკადასტრო კოდი .......), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ვარკეთილის ....... (საკადასტრო კოდი .....), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ..... (საკადასტრო კოდი ........), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ........ (საკადასტრო კოდი ........).
27. მოპასუხის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ...., ნაკვეთი 23/043 და ნაკვეთი 23/040 (საკადასტრო კოდი ..........). მოპასუხეს აქვს შემოსავალი უძრავი ნივთის გაქირავების (ქირავნობის ხელშეკრულების) საფუძველზე.
28. მოსარჩელე ცხოვრობს მშობლებთან და არასრულწლოვან და-ძმასთან ერთად მისამართზე: თბილისი, ........ ქუჩა, კორპუსი 8. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის მამის სახელზე.
29. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნის N20421 თანახმად, მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ოთხოთახიან ბინაში, რომლის პირობებიც დამაკმაყოფილებელია, საცხოვრებელი შედგება გარემონტებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი ოთახებისგან, იზოლირებული აბაზანა-ტუალეტისაგან და სამზარეულოსაგან, სახლში ყველგან სისუფთავე და წესრიგია. საცხოვრებელში ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის განვითარებისათვის. ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა არასრულწლოვანი უზრუნველყოს აუცილებელი საჭიროებებით.
30. მოსარჩელე 2016 წლის 10 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო შპს „ა–ში“ დისტანციური მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე, სადაც მისი ხელფასი შეადგენდა დაახლოებით 700 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისამდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1787.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1325.98 ლარს, მარტის თვეში - 1222 ლარს, აპრილის თვეში - 1212.88 ლარს, მაისის თვეში - 1195.31 ლარს, ივნისის თვეში - 987.5 ლარს.
31. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა დროებითი განკარგულებით არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.
32. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მომზადების მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში და ფსიქოლოგის წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა. კვლევის თანახმად, არასრულწლოვანს შექმნილი აქვს არასწორი წარმოდგენები ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის ცნობიერებაში არსებობს არასწორი ინფორმაცია ოჯახის დანგრევის მიზეზებთან დაკავშირებით, რაშიც დედას ადანაშაულებს. აღნიშნული ემოცია კი დედის მიმართ უყალიბებს უარყოფით დამოკიდებულებას, აქცევს მას მიუღებელ, ნეგატიურ პირად, რაც საზიანოა არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის. ამ ეტაპზე არასრულწლოვანი თრგუნავს თავის პოზიტიურ ემოციას დედის მიმართ. ბავშვს აქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან დედა დაბრუნდება სახლში, რაზეც თავადაც იღებს „პასუხისმგებლობას“ და ცდილობს აღნიშნულის მიღწევას. მიაჩნია, რომ თუ თავად არ წავა დედასთან, დედას აიძულებს დაბრუნებას. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა ახსენა, რომ „დედამ მამას ცხოვრება დაუნგრია“. ბავშვი არ არის იმ ასაკში, რომ შეძლოს ამა თუ იმ ქმედების განსჯა და შეფასება დამოუკიდებლად. ერთი მშობლის მიერ მეორის მიმართ არასწორი წარმოდგენის შექმნა არასრულწლოვანის ფსიქიკისათვის საზიანოა და შეიძლება ამით გამოუსწორებელი ზიანიც კი მიაყენოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ამ ეტაპზე, მამის მხრიდან გამიზნულად თუ მიზნის გარეშე, ხორციელდება დედის „უარყოფითი ხატის“ შექმნა.
33. დადგენილია, რომ საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა არასრულწოვანის ფსიქო- კონსულტირების საჭიროება შესაბამისი სპეციალისტის მიერ. ოჯახს სოციალური მუშაკის მიერ რამოდენიმეჯერ მიეცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ მცირეწლოვანის ჩართვა მოხდეს კერძო ფსიქოლოგის მომსახურებაში. მოპასუხის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც დ.ა–ს მოვალეობად განესაზღვრა არასრულწლოვანის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, კერძოდ, ფსიქოლოგთან კონსულტაციაში. ასევე, დაევალა ხელი არ შეუშალოს არასრულწლოვანის სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან და დედასთან - ა.შ–ვთან განცალკევებით კომუნიკაციაში.
34. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და არასამეწარმეო იურიდიულ პირს „გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო N.........) დაევალა (სპეციალისტის თ.ს–ის პირადი N......, ან სხვა შესაბამისი სპეციალისტის გამოყოფის წესით) წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა. ამავე განჩინებით, განემარტათ მხარეებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ არასამეწარმეო იურიდიული პირი „გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრის“ და მისი შესაბამისი სპეციალისტის მითითებანი ფსიქოლოგიური გამოკვლევის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით ხარჯები გაიღო ა.შ–ვმა. „გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრის“ ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესისათვის ერთ-ერთ არსებით კომპონენეტს წარმოადგენდა ბავშვის ინტერვიურება, რისი განხორციელებაც ვერ მოხერხდა. დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ფსიქოლოგის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაკვირვებოდა ბავშვისა და დედის ინტერაქციას მათი შეხვედრის ფარგლებში. ბავშვი არ მისულა დედასთან მისი დანახვისთანავე, თუმცა, მას შემდეგ რაც ა.შ–ვმა ხელში აიყვანა იგი, ბავშვი ჩაეხუტა და აკოცა დედას. აღნიშნულ დღეს დ.ა–ი და სპეციალისტი ისხდნენ გასართობი ცენტრის ერთ-ერთ სკამზე, ბავშვი კი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დედასთან ერთად გადაადგილდებოდა გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე. დ.ა–მა 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიმართა შპს „ფ.კ. და ტ.ც–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი .....) ფსიქოლოგ ს.მ–ძეს არასრულწლოვანი მ.ა–ის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გავლის მიზნით. აღნიშნული დაწესებულების დასკვნის თანახმად: მ–ი, მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის გამო, პერმანენტულად იმყოფება მწვავე სტრესულ მდგომარეობაში. წარსულში განცდილმა არასასურველმა, მატრამვირებელმა გამოცდილებამ, მ–ში განავითარა მამის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა და დედის მიმართ დაუცველობისა და შიშის გრძნობა. რეკომენდაციის სახით, საჭიროა მშობლებმა გაიარონ კონსულტაცია, თუ როგორ უზრუნველყონ ბავშვისათვის ხელსაყრელი ფსიქოლოგიური გარემო. მეორე მხრივ, ოჯახის წევრებს შორის საჭიროა ჩამოყალიბდეს ურთიერთობის ახალი კონსტრუქციული ენა და ველი, რომელიც საჭიროა ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება დაწყებულია. მ. ა–ის უკანასკნელი ვიზიტი ფსიქოლოგთან აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა 2019 წლის დეკემბრის თვეში. საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ დ.ა–ი ხელს არ უწყობს არასრულწლოვანი მ.ა–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დედის მიმართ ჩამოყალიბებული შიშის, ნეგატიური ემოციების დათრგუნვასა და მის მიმართ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას, რაც დაეხმარება არასრულწლოვანს საზოგადოების ჯანსაღ და სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან მ.ა–ზე დედის ა.შ–ვის მხრიდან არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ზეგავლენის კვალი. მ.ა–ი დადებით ემოციებს ამჟღავნებს დედის ა.შ–ვის მიმართ.
35. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა 2018 წლის 12 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და დედას შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი წესით: განჩინების გამოცხადებიდან ყოველი კვირის შაბათი დღე საღამოს 18:00 საათიდან, კვირა დღეს საღამოს 18:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის, ღამე დარჩენის უფლებით, დ.ა–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
36. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2021 წლის 07 ივლისის დასკვნაში მითითებულია, რომ მხარეთა შორის განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენებით მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება სამწუხაროდ ვერ ხორციელდება, ამიტომ მიზანშეწონილია მოწვეულ იქნეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელთან ერთადაც მოხდება შემთხვევის განხილვა და განისაზღვრება დედა-შვილს შორის არსებული ურთიერთობის აღდგენისთვის საჭირო სამომავლო ნაბიჯები.
37. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2021 წლის 07 სექტემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს არ გააჩნდა იმ დროისათვის ფსიქოლოგის ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები, რომელიც აღწერდა ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
38. ამასთან, აუცილებელია საქმეში ფსიქოლოგის დაუყოვნებლივ ჩართვა, რათა შეფასდეს, ხდება თუ არა რომელიმე მშობლის მხრიდან უარყოფითი ზეგავლენა ბავშვზე, რა სახით და რა გავლენას ახდენს მის ქცევასა და დამოკიდებულებებზე. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის მიერ, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით შეფასდეს რისკები.
39. 2021 წლის 24 აგვისტოს მოპასუხეს წერილობით შეახსენეს, რომ აუცილებელი იყო ბავშვის ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფა. შეთავაზებულ იქნა ორი ფსიქოლოგის კანდიდატურა რომელიც დედის ინიციატივით იქნა შერჩეული, ასევე სამსახურის ორი ფსიქოლოგი ბავშვის კონსულტირების მიმართულებით და ერთი დამოუკიდებელი ფსიქოლოგი-ბავშვთა საკონსულტაციო და თერაპიული მუშაობისთვის, მას ასევე ქონდა შესაძლებლობა თავად შეერჩია ფსიქოლოგი და შეეთანხმებინა დედის მხარესთან. მიუხედავად მიცემული დროისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო შვილისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ან პირის შერჩევა და არ მიუწოდებია სააგენტოსთვის ინფორმაცია ფსიქოლოგის საკითხთან დაკავშირებით.
40. 2021 წლის 31 აგვისტოს ასევე წერილობით ეცნობა მას, რომ ბავშვის ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფა მისი შვილის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს და შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ ბავშვის უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის მიზნით, ბავშვს თბილისის საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგ- ხ.ნ–თან ვიზიტისთვის განესაზღვრა შემდეგი დრო: 2021 წლის 01 სექტემბერი 13:00. დაგეგმილ შეხვედრაზე დ.ა–მა შვილის ვიზიტი არ უზრუნველყო და ფსიქოლოგ ხ.ნ–ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ბაშვს არ სურს ფსიქოლოგთან ვიზიტი. გარდა ამისა, 2021 წლის 22 აპრილის განჩინება ბავშვისა და დედის ურთიერთობის წესის შესახებ არცერთხელ არ შესრულებულა იმგვარად, როგორც ეს გაწერილია. ბავშვი შაბათს რამდენიმე საათით მიდის დედასთან, ღამე მამის სახლში ბრუნდება (თავად ითხოვს მამასთან დაბრუნებას) და შაბათს ისევ რამდენიმე საათს ატარებს დედასთან.
41. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელემ შუამდგომლობით მოითხოვა 2021 წლის 22 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისთვის განსაზღვრული დროის მონაკვეთი გაეზარდოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ყოველი კალენდარული კვირის ხუთშაბათი დღის 11:00 საათიდან კვირა დღის 11:00 საათამდე ბავშვის სურვილის შემთხვევაში მის საცხოვრებელ სახლში ღამე დატოვების უფლებით. მხარეებს სასამართლოს მხრიდან დაევალათ გარკვევა რამდენად თანახმა იქნებოდა ბავშვი რომ დედასთან ურთიერთობისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა გაზრდილიყო. 2021 წლის 17 ნოემბერს წარდგენილი ერთობლივი განცხადებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ ერთობლივი გასაუბრება ქონდათ ბავშვთან მიაწოდეს შესაბამისი ფორმით ინფორმაცია და მან თანხმობა განაცხადა დედასთან ურთიერთობის დროის გაზრდაზე შუამდგომლობაში მითითებული დროის შესაბამისად.
42. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და დედას შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი წესით: განჩინების მიღებიდან ყოველი კვირის ხუთშაბათს 11:00 საათიდან, კვირა დღის 11:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.
43. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 9 დეკემბერს მხარეებმა წარადგინეს ერთობლივი განცხადება სადაც მითითებულია, რომ დღეის მდგომარეობით გადიან წყვილის ფსიქოლოგიურ კურსს ფსიქოთერაპიულ გეშტალტ კლინიკაში. შემდგარია ერთი შეხვედრა, მომდევნო ვიზიტი დაგეგმილია პირველი ვიზიტიდან 2 კვირაში, რადგან მოპასუხე მხარე ერთი კვირით გასულია ქვეყნიდან, კურსის სავარაუდო დასრულების თარიღი მხარეთათვის უცნობი იყო. რაც შეეხება შვილს, მ.ა–ის ფსიქოლოგიურ კურსში ჩართვის საკითხის ამავე ფსიქოლოგის რეკომენდაციით საჭიროა, რომ ბავშვის ფსიქოლოგთან ვიზიტები განახლდეს მოგვიანებით (გონივრულ ვადად დასახელდა თვენახევარი-ორი თვე), რადგან ამ ეტაპისთვის ფსიქოლოგმა პრიორიტეტულად ჩათვალა მშობლებთან მუშაობა.
44. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ შეუფერხებლად სრულდება სასამართლოს მიერ შეცვლილი განკარგულება. ამასთან, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით შესაძლოა მოხდეს უფრო მეტი დროის დედასთან თუ მამასთან გატარება. სასამართლო სხდომა გადაიდო მხარეთა შორის მორიგების პირობების დაზუსტებისა და არასრულწლოვანთან ერთობლივად შეთანხმების მიზნით.
45. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 22 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფაქტობრივი მოცემულობით ბავშვი ხუთშაბათს საღამოს 18:00 საათიდან მიდის დედასთან, კვირას საღამოს 18:00 საათისთვის, ან უფრო გვიან ბრუნდება მამასთან. მოწინააღმდეგე ა.შ–ვის განცხადებით, ფაქტობრივი მოცემულობით ბავშვს უფრო მეტი დროის გატარება უწევს მამასთან, მისი მოსაზრებით კვირაში ორი დღე საკმარისია მამასთან ყოფნისთვის. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანის წარმომადგენელის ი.ჯ–ის განცხადებით, ბავშვი ორივე მშობელთან თავს კარგად გრძნობს, მისი სურვილის გაუთვალისწინებლად მშობელთა მიერ შედგენილი მორიგების ვერცერთი პირობა ვერ აღსრულდება.
46. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღწერილი ფაქტობრივი მოცემულობით ბავშვი ხუთშაბათს საღამოდან კვირას საღამომდე იმყოფება დედასთან, დარჩენილ დროს ატარებს მამასთან. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელის, მ.ს–ის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით და ფაქტობრივი მოცემულობით ის ცხოვრობს მამასთან, დანარჩენ დღეებს ატარებს დედასთან. ორივე მშობელი აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში, ამიტომ ის ფაქტი, თუ რომელ მშობელთან იქნება საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული იმის მიხედვით მოუწევს მეორე მშობელს ნახვის დღეებით სარგებლობა. შესაბამისად, ფაქტობრივი მოცემულობით არაარსებითია ფაქტი იმის შესახებ, თუ რომელი მშობელის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება ბავშვის საცხოვრებელ ადგილად, ვინაიდან, სრულად შვიდივე დღეს ბავშვი ვერ გაატარებს ვერცერთ მშობელთან და მეორე მათგანს მოუწევს ნახვის დღეებით სარგებლობა. შესაბამისად, მოცემულობა რაც დღეს არის ბავშვის, მისაღებია, მდგომარეობა სტაბილურია, ის აღარ შფოთავს იმ ფაქტზე, რომ მშობლებს უწევთ დავა მის ნახვასთან მიმართებით, ამიტომ უმჯობესია ამ მოცემულობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით დარჩეს მამის საცხოვრებელი ადგილი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად. ამასთან, დღეს არსებითი არ არის, თუ რომელი მშობლის საცხოვრებელი განისაზღვრება ბავშვის საცხოვრებელ ადგილად. არასრულწლოვანის წარმომადგენელის, ი.ჯ–ის განმარტებით, ბავშვი ორივე მშობელთან ატარებს თანაბარ დროს, მხარს უჭერს ამ მოცემულობაში დარჩენას, როგორც ეხლაა ბავშვი.
47. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე მშობლის საცხოვრებელი გარემო წარმოადგენს კეთილსაიმედოს არასრულწლოვანისთვის და მოცემული დავის ფარგლებში, მშობლებისა და არასრულწლოვანის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით, უნდა გამოინახოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტის საშუალება, არამედ, უნდა დადგინდეს მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშვის მიმართ, თუმცა, დავა უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ მოსამართლის, როგორც ინდივიდის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, არამედ - ზედმიწევნით უნდა განიკარგოს სპეციალისტების - ბავშვის კანონიერი წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შესაძლებლობანი.
48. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრუწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ან/და მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული დავების განხილვისას, სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მათი უპირატესი ინტერესი.
49. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს ბავშვების ასაკი, მათ მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, მათი სურვილი/დამოკიდებულება (მათ შორის ფორმირებული სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებით) მუდმივად იცხოვროს რომელიმე მშობელთან ერთად, რის შედეგადაც შესაძლებელია გადაწყდეს, რომელ მშობელთან განისაზღვროს არასრუწლოვანი ბავშვების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რამდენი ხნით და რა წესით დაერთოს მეორე მშობელს შვილთან ურთიერთობის (მეორე მშობლისაგან დამოუკიდებლად სახლში წაყვანის, ღამით დატოვებისა და სხვ.) ნება. მშობლის იმ ბავშვთან ხელახალი გაერთიანება, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს სხვა პირებთან ერთად, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარის გაგება და თანამშრომლობა ყოველთვის იქნება ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. თუმცა, ეროვნულმა ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში ძალდატანების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, რადგან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები, კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონის მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, Olsson (No. 2), § 90, Ignaccolo-Zenide, § 94, ორივე ციტირებულია ზემოთ; Płaza v. Poland, no. 18830/07, § 71, 25 January 2011; and Manic, ციტირებულია ზემოთ, § 102, შემდგომი თანდართული მითითებებით, იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
50. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა.
51. ამასთან, აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების აზრის/დამოკიდებულების გათვალისწინება. საგულისხმოა არასრულწლოვანის წარმომადგენელთა მოსაზრებები, რომელთა განმარტებითაც, ფაქტობრივი მოცემულობით ბავშვს ორივე მშობელთან თანაბარი სახის ურთიერთობა აქვს და მისი სურვილის გათვალისწინებით შესაძლოა რომელიმე მათგანთან უფრო მეტი დროც გაატაროს, შესაბამისად, ის ფაქტი თუ რომელი მშობელის საცხოვრებელ ადგილზე იქნება ბავშვი რეგისტრირებული, ამჟამად მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების სფეროში არ შედის.
52. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მისი ფიზიკური, ფსიქიკური, სულიერი და მორალური აღზრდის მიზნებიდან გამომდინარე, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან გარემოებების სხვაგვარად შეცვლამდე, არასრულწლოვანი მ.ა–ის (დაბადებული 2012 წლის 09 ოქტომბერი) საცხოვრებელ ადგილად მამის - დ.ა–ის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს, თუმცა იმავდროულად დედას - ა.შ–ვს უნდა განესაზღვროს შვილთან ურთიერთობის წესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვის ნების გათვალისწინებით შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს: ყოველი კვირის ხუთშაბათი საღამოდან კვირა დღის საღამომდე დ.ა–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ორივე მხარეს მიეცეს არასრულწლოვანთან შეუზღუდავი კომუნიკაციის შესაძლებლობა; აღსრულების წესის შეცვლა შესაძლებელია არასრულწლოვანის ნების გათვალისწინებით.
53. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
54. არასრულწლოვანი არის მამის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი, რის გამოც, თრგუნავს დადებით ემოციებს დედის მიმართ. აღნიშნული დადასტურდა საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი მამის ზემოქმედების ქვეშაა. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო მიკერძოებული იყო მოპასუხის (მამის) მიმართ. საქმის განხილვის განმავლობაში სააპელაციო სასამართლო არ დაინტერესებულა არასრულწლოვანის მდგომარეობით, არამედ ეყრდნობოდა მამის მიერ მოწოდებულ ზეპირ ინფორმაციას.
55. გაუგებარია, რა სამართლებრივ ან ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შეცვალა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის პერიოდში სოციალური მუშაკისა თუ ფსიქოლოგის მიერ არ ჩატარებულა არცერთი კვლევა, რომელიც გაარკვევდა, თუ როგორი იყო არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად წარმოადგენს იმ საპროცესო მოქმედებათა აღწერას, რაც პირველი ინსატნციის სასამართლომ განახორციელა საქმის განხილვის დროს. მასში თითქმის არაფერია ნათქვამი საქმის განხილვის იმ 4 წლიან პერიოდზე, როდესაც განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა. სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან მალევე, სასამართლომ სხდომაზე მოუსმინა არასრულწლოვანს, რომელმაც არსებითად იგივე ინფორმაცია მიაწოდა სააპელაციო სასამართლოს, რაც მას ნათქვამი ჰქონდა საქალაქო სასამართლოში. მაგრამ ბავშვთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, სრულად უგულებელყო სააპელაციო სასამართლომ. მეტიც, იგი მოხსენიებულიც კი არ არის სააპელაციო სასამრთლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. ბავშვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გადმოცემის ფორმა, ჟესტიკულაცია და სხვა გარემოებები, ცალსახად მიუთითებდა, რომ იგი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ნაცვლად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ გადადო სხდომა და საბოლოო ჯამში, მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საქმის განხილვას 4 (ოთხი) წელი მოანდომა, რაც არაგონივრულ ვადას წარმოადგენს და სააპელაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე მიკერძოებული იყო აპელანტის სასარგებლოდ.
56. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ფსიქოლოგ ლ.პ–ის 2019 წლის 11 აპრილის დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ არ ხდება ბავშვის დედასთან ურთიერთობის ხელშეწყობა, რაც აღრმავებს ტრავმას. „ ბავშვის მიერ გაკეთებული აქცენტები დედის შესახებ გავლენებზე ბადებს ეჭვს“.
57. ასევე, მნიშვნელოვანია სააგენტოს სოციალური მუშაკის ნ. გ–ის 2019 წლის 22 მარტის დასკვნა, სადაც საუბარია ბავშვზე განხორციელებულ გავლენაზე განაწყონ ნეგატიურად დედის მიმართ.
58. კასატორი მიუთითებს სააგენტოს სოციალური მუშაკის ი. ლ–ას 2021 წლის 20 იანვრის დასკვნაზე, სადაც საუბარია, რომ როდესაც მუშაკი ბავშვს შეხვდა დედის საცხოვრებელ მისამართზე, ბავშვი ძალიან მხიარული იყო, თამაშობდა თანატოლებთან. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დედის საცხოვრებელ სახლში არსებული გარემო პოზიტიურადაა შესაფასებელი, ბავშვს აქვს თავისი ოთახი, აქვს გასართობი საშუალებები, იმყოფება საიმედო გარემოში, მაგრამ კითხვაზე, თუ რატომ არ რჩებოდა ღამით დედასთან, იგი თავს არიდებდა პასუხის გაცემას. სოც. მუშაკი აცხადებს, რომ ბავშვზე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხდება გარკვეული უარყოფიოთი გავლენის შექმნა დედაზე, რომელიც კი არ უწყობს, არამედ ხელს უშლის დედა-- შვილს შორის ჯანსაღ ურთიერთობას.
59. ზემოაღნიშნული დასკვნების ფონზე კასატორისათვის გაუგებარია სააგენტოს წარმომადგენლის პოზიცია, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩენილიყო მამის საცხოვრებელი ადგილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტოს არცერთი წარმომადგენელი ბავშვს არ გასაუბრებია. ასევე ბავშვის მდგომარეობა არ შეუსწავლია სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატს, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოსდა ბავშვი თანაბარ დროს ატარებს ორივე მშობელთან და ეს მის ინტერესებს სრულებით შეესაბამება.
60. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ააიპ „გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრის“ ფსიქოლოგ თ. ს–ის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ბავშვს აქვს დედასთან მჭიდრო ემოციური კავშირი, ავლენს მის მიმართ დადებით ემოციებს და კომფორტულად გრძნობს თავს მის გარემოცვაში. აღნიშნული არ არის თავსებადი მამის განცხადებასთან, რომ ბავშვს აქვს დედასთან მარტო დარჩენის შიში და ბადებს ეჭვს, თუ რამდენად გამოხატავს ბავშვის უარი დედასთან დარჩენაზე მის თავისუფალ ნებას.
61. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ დედის საცხოვრებელი გარემო ბავშვისთვის უსაფრთხოა და მორგებულია ბავშვის ინტერესებს, მაგრამ მეორე მხრივ, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვმა დედასთან მხოლოდ ყოველი კალენდარული დღის ხუთშაბათი საღამოდან კვირის საღამომდე გაატაროს დრო, ხოლო მუდმივ საცხოვრებლად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლომ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია, რომ უმჯობესია ძალაში დარჩეს ის მოწესრიგება, რაც დადგენილია 2021 წლის 19 ნოემბრის დროებითი განკარგულებით, რადგან ამ მოცემულობით ბავშვი კარგად გრძნობს თავს.
62. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ მამა არაფერს აკეთებს ბავშვის მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოსასწორებლად. ბავშვთან ერთად მშობლებსაც უნდა გაევლოთ რეაბილიტაციის კურსი, ამის რაიმე მცედლობა კი, მამას (მოპასუხეს) არ ჰქონია.
63. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც მოსარჩელეს გადმოეცა აუდიო და ვიდეო ჩანაწერის სახით მოსარჩელის ინიციატივით შეფასდა ორი ფსიქოლოგის მიერ. დასკვნა გადაეცა სააპელაციო სასამართლოს, სადაც ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლოში ბავშვის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დედასთან ურთიერთობის თაობაზე, არ შეესაბამება მის რეალურ ნება-სურვილს.
64. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დედას ბავშვის ნახვის დღეები განუსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც მსგავსი მოთხოვნა სარჩელით არ ყოფილა დაყენებული. სასამართლომ თავისი ინიციატივით შეცვალა დავის საგანი და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მისი მოთხოვნა არ ყოფილა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქმნის არასტაბილურ გარემოს ბავშვისათვის, რაც შესაძლოა მისი აღზრდა-განვითარებისათვის შემაფერხებელი გახდეს.
65. კასატორი მიუთითებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რეალურად დროის რა პერიოდის გატარების უფლება მიანიჭა სასამართლომ მოსარჩელეს მის შვილთან. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ა.შ–ვს მის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დროის მონაკვეთი ყოველი კვირის ხუთშაბათი საღამოდან - კვირა დღის საღამომდე პერიოდში. გაუგებარია, თუ კონკრეტულად რომელი საათიდან წარმოეშობა მშობელს ბავშვთან ურთიეთობის უფლება, რა დრო იგულისხმება სააპელაციო სასამრთლოს მიერ გამოყენებულ ტერმინში „საღამო.“ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მსჯელობს ბავშვის ნახვის დღეების განაწილებაზე, გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული, თუ ვისთან უნდა გაატაროს ბავშვმა არდადეგების პერიოდი, დღესასწაულები და ა.შ.რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული დავა. სადავო გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ ახდენს სამომავლო დავის პრევენციას და აღნიშნული არც გახლავთ სასამართლოს პრეროგატივა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად მორგებულია აპელანტის ინტერესებს და უგულებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
66. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
67. მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შესახებ, აგრეთვე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა სსსკ-ის 408-3 მუხლის თანახმად, მოხდებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მხარეებს რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
68. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
70. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
71. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კანონიერება წარმოადგენს. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სსკ-ის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს; ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის, ასევე აღნიშნული კოდექსის 78.1 მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები.
72. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
73. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს იმის შესახებ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს საცხოვრებელი ადგილი და პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ, როგორც მატერიალური სამართლის ნორმების არასწორ განმარტებაზე, ისე საპროცესო წესების დარღვევაზე. საკასაციო საჩივრის პრეტენზიების გათვალისწინებით საკასაციო პალატის კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა წარმოადგენს. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში (იხ.,სუსგ №ას-716-2021, 23 ივნისი, 2022წ.).
74. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულების შემოწმებამდე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე საკითხზე:
75. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა, არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ასახულია „ბავშვთა უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ., სუსგ №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი).
76. სსკ-ის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს; ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის, ასევე აღნიშნული კოდექსის 78.1 მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები.
77. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი).
78. ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე. (იხ. სუსგ №ას-70-2022, 16 თებერვალი, 2022 წ.; №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი).
79. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად ატარებს პირადულ და განგრძობად ხასიათს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას.
80. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია: ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა; ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად (იხ., სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022წ.)
81. საოჯახო საქმეთა განხილვისას პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლოს აძლევს უფლებას, „წარმართოს საქმის წარმოება“, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არსებით გავლენას ახდენს საქმის მიმდინარეობასა და პროცესის შედეგზე. სასამართლომ საქმის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებმა წარადგინონ განმარტებები და შესაბამისი შუამდგომლობები. სასამართლოს აკისრია ვალდებულება, მისცეს მხარეებს განმარტებები, რომლითაც ისინი გადალახავენ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე სიძნელეებს.
82. შეჯიბრებითობის პრინციპის პარალელურად, სასამართლოს გადაცემული აქვს პროცესის მატერიალური ხელმძღვანელობის უფლებამოსილება. თუმცა აქ დგება ამ ორი პრინციპის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და სასამართლოს აქტიურობის პრინციპების პროპორციის საკითხი. ამიტომაც, შეჯიბრებითობის პრინციპი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც სასამართლოს უკიდურესი პასიურობა. საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოს არ ერთმევა უფლება, შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები, ასე მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. შესაბამისად, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები (იხ., სუსგ საქმე №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი.).
83. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
84. 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
85. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
86. მაშასადამე, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვთა უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
87. საქართველოს კონსტიტუციით, მის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების 1989 წლის კონვენციით და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1197). მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი).
88. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: „მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულად იქონიოს პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტი ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). საქმეში “საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თუმცა, იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
89. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან უერთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).
90. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „რ. ი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, ECHR,18.12.2018წ.,“ მიუთითა, რომ მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიამოვნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების ძირითადი არსია, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს შორის გარკვეულწილად პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება, კონვენციის მიხედვით ძირითადად დაცულია სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი ჩარევის შემთხვევებისგან, დამატებით ასევე არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – „პატივი სცეს“ ოჯახურ ცხოვრებას. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიება მე-8 მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებს, გააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შეუწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, საიდანაც უწევს ოჯახში დაბრუნება, არამედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს საოჯახო დავა ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე - მის ეფექტიან აღსრულებას. სასამართლო ამოწმებს იყო თუ არა დაცული ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების, მათ შორის, მესამე პირების, ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რომელიც, გარემოებების არსიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა აჭარბებდეს მშობლების ინტერესის დაცვის მიზანს. ამავე დროს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ბავშვის მოწყვლადი სტატუსიდან გამომდინარე, იგი დაცვის განსაკუთრებულ ზომას საჭიროებს.
91. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
92. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) – მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის – სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.
93. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში -დედასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ბავშვთან ურთიერთობის შეზღუდვისათვის (შდრ. სუსგ-ები: №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018წ.; № ას-1837-2019, 16 ივნისი, 2020 წ ; № ას- 440-2020, 13 აპრილი, 2021 წ; № ას-434-2021, 30 ივლისი, 2021წ; №ას-173-2022, 08 ივლისი, 2022 წ; №ას-1635-2022, 31 მარტი, 2023 წ.).
94. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: №ას-198-2019, 28 მაისი, 2019წ.; № ას-440-2020, 13 აპრილი, 2021წ; № ას-434-2021, 30 ივლისი, 2021წ.).
95. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება, ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (შეად. სუსგ-ას № ას-434-2021, 30.07.2021წ.).
96. ერთ-ერთ საქმეში, რომელიც გამოტანილი იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ (ნ.წ., განაცხადის N.71776/12, 02 თებერვალი, 2016 წ;), სასამართლომ ხაზი გაუსვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ „ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება“ (პ.19).
97. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები. გასახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული პრინციპებისა და მიდგომების გათვალისწინებითაა მიღებული მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის არაკანონერების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების აუცილებლობაში კასატორმა საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა, კერძოდ:
98. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი, რომ არასრულწლოვანი 2018 წლის 01 თებერვლიდან დღემდე ცხოვრობს მამასთან - მოპასუხესთან.
99. მოწინააღმდეგე მხარე (მამა) არასრულწლოვანთან, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ...... ქუჩა N21. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია დ.ა–სა და ლ.ა–ის (დ.ა–ის ძმა) თანასაკუთრების უფლებით. ბ.თ–ის (მოპასუხის დედა) საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ...... ქუჩა N4 (საკადასტრო კოდი .....), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ....... (საკადასტრო კოდი .......), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ........ (საკადასტრო კოდი ........), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ........ (საკადასტრო კოდი ..........).
100. მოწინააღმდეგე მხარის (მამა) სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ქუჩა ......, ნაკვეთი 23/0.. და ნაკვეთი 23/.. (საკადასტრო კოდი .....). მოპასუხეს აქვს შემოსავალი უძრავი ნივთის გაქირავების (ქირავნობის ხელშეკრულების) საფუძველზე. კასატორი (დედა) ცხოვრობს მშობლებთან და არასრულწლოვან და-ძმასთან ერთად მისამართზე: თბილისი, ........ ქუჩა, კორპუსი 8. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის მამის სახელზე.
101. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნის N20421 თანახმად, მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ოთხოთახიან ბინაში, რომლის პირობებიც დამაკმაყოფილებელია, საცხოვრებელი შედგება გარემონტებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი ოთახებისგან, იზოლირებული აბაზანა-ტუალეტისაგან და სამზარეულოსაგან, სახლში ყველგან სისუფთავე და წესრიგია. საცხოვრებელში ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის განვითარებისათვის. ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა არასრულწლოვანი უზრუნველყოს აუცილებელი საჭიროებებით.
102. კასატორი (დედა) 2016 წლის 10 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო შპს „ა–ში“ დისტანციური მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე, სადაც მისი ხელფასი შეადგენდა დაახლოებით 700 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისამდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1787.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1325.98 ლარს, მარტის თვეში - 1222 ლარს, აპრილის თვეში - 1212.88 ლარს, მაისის თვეში - 1195.31 ლარს, ივნისის თვეში - 987.5 ლარს.
103. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და დედას შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი წესით: განჩინების მიღებიდან ყოველი კვირის ხუთშაბათს 11:00 საათიდან, კვირა დღის 11:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. (საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ მოდავე მხარეების 2021 წლის 17 ნოემბრის ერთობლივი განცხადებით (იხ. ტ.6.ს.ფ.42), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და ა.შ–ვს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი წესით: ყოველი კვირის ხუთშაბათს 11 საათიდან კვირა დღის 11 საატამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და ღამე დარჩენის უფლებით, მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით (იხ. ტ.6.ს.ფ.49-52.).
104. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 9 დეკემბერს მხარეებმა წარადგინეს ერთობლივი განცხადება, სადაც მითითებულია, რომ დღეის მდგომარეობით გადიან ფსიქოლოგიურ კურსს ფსიქოთერაპიულ ...... კლინიკაში. შემდგარია ერთი შეხვედრა, მომდევნო ვიზიტი დაგეგმილია პირველი ვიზიტიდან 2 კვირაში, რადგან მოპასუხე მხარე ერთი კვირით გასულია ქვეყნიდან, კურსის სავარაუდო დასრულების თარიღი მხარეთათვის უცნობი იყო. რაც შეეხება შვილს, მ.ა–ის ფსიქოლოგიურ კურსში ჩართვის საკითხის ამავე ფსიქოლოგის რეკომენდაციით საჭიროა, რომ ბავშვის ფსიქოლოგთან ვიზიტები განახლდეს მოგვიანებით (გონივრულ ვადად დასახელდა თვენახევარი-ორი თვე), რადგან ამ ეტაპისთვის ფსიქოლოგმა პრიორიტეტულად ჩათვალა მშობლებთან მუშაობა.
105. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ შეუფერხებლად სრულდება სასამართლოს მიერ შეცვლილი განკარგულება. ამასთან, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, შესაძლოა მოხდეს უფრო მეტი დროის დედასთან თუ მამასთან გატარება. სასამართლო სხდომა გადაიდო მხარეთა შორის მორიგების პირობების დაზუსტებისა და არასრულწლოვანთან ერთობლივად შეთანხმების მიზნით.
106. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღწერილი ფაქტობრივი მოცემულობით, ბავშვი ხუთშაბათს საღამოდან კვირას საღამომდე იმყოფება დედასთან, დარჩენილ დროს ატარებს მამასთან. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით და ფაქტობრივი მოცემულობით ბავშვი ცხოვრობს მამასთან, დანარჩენ დღეებს ატარებს დედასთან. ორივე მშობელი აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში, ამიტომ ის ფაქტი, თუ რომელ მშობელთან იქნება საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული, იმის მიხედვით მოუწევს მეორე მშობელს ნახვის დღეებით სარგებლობა. შესაბამისად, ფაქტობრივი მოცემულობით არაარსებითია ფაქტი იმის შესახებ, თუ რომელი მშობელის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება ბავშვის საცხოვრებელ ადგილად, ვინაიდან, სრულად შვიდივე დღეს ბავშვი ვერ გაატარებს ვერცერთ მშობელთან და მეორე მათგანს მოუწევს ნახვის დღეებით სარგებლობა. შესაბამისად, მოცემულობა რაც დღეს არის, ბავშვის მისაღებია, მდგომარეობა სტაბილურია, ის აღარ შფოთავს იმ ფაქტზე, რომ მშობლებს უწევთ დავა მის ნახვასთან მიმართებით. ამიტომ უმჯობესია ამ მოცემულობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით დარჩეს მამის საცხოვრებელი ადგილი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად. ამასთან, დღეს არსებითი არ არის, თუ რომელი მშობლის საცხოვრებელი განისაზღვრება ბავშვის საცხოვრებელ ადგილად.
107. არასრულწლოვანის წარმომადგენელის, ი.ჯ–ის განმარტებით, ბავშვი ორივე მშობელთან ატარებს თანაბარ დროს, მხარს უჭერს ამ მოცემულობაში დარჩენას, როგორც ახლაა ბავშვი.
108. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია უკავშირდება სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციას, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩენილიყო მამის საცხოვრებელი ადგილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტოს არცერთი წარმომადგენელი ბავშვს არ გასაუბრებია. ასევე ბავშვის მდგომარეობა არ შეუსწავლია სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატს, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოსდა ბავშვი თანაბარ დროს ატარებს ორივე მშობელთან და ეს მის ინტერესებს სრულებით შეესაბამება (იხ. საკასაციო საჩივარი).
109. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებათა გამო: „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52.). „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა („კომიტეტი“)მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას.
110. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სახის ვალდებულებებს: (ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე; (ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესო ინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში; (გ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები, წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან.
111. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავს ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების ვალდებულება, პირველყოვლისა აქვს სახელმწიფოს. იგულისხმება, როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი განსაკუთრებულ მოთხოვნებს განუსაზღვრავს სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 პუნქტის გამოძახილს. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას იმგვარი სისტემა, სადაც ყველა ის ორგანო, ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც შემხებლობა აქვს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებთან, უზრუნველყოფდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებას. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იხელმძღვანელოს მულტიდისციპლინური მიდგომითა და სპეციალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თუ არ არსებობს გამართული კოორდინაციის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, სხვადასხვა რგოლები ერთიანი სტრატეგიით მუშაობენ ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადჭრაზე სხვადასხვა კუთხით, ბავშვის საუკეთესო ინტერსები ვერ იქნება გათვალისწინებული (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.). საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსაც დაემატა ახალი ნორმა - 2511 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. სასამართლოებმა ბავშვთა მონაწილეობით საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოიყენონ მულტიდისციპლინური მიდგომა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად (იხ. „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება“ - კანონმდებლობის ანალიზი, UNICEF, თბილისი, 2017 წელი).
112. „ბავშვის ადვოკატი სამართლებრივ დახმარებას უწევს ბავშვს და მას ეკისრება მტკიცე ერთგულების, კონფიდენციალურობისა და კომპეტენტური წარმომადგენლობის ისეთივე მოვალეობები ბავშვის მიმართ, როგორიც სრულწლოვანი მარწმუნებლის წინაშე“ (იხ: American Bar Association, Standard of Practice for Lawers who Represent Children in Abuse and Neglect Cases, Part 1., A-1, 1996.; Jean Koh Peters, The Roles and Content of best interests in Client Directed Lawyering for Children in Child Protection Proceedings, 64 Fordham L.Rew.1505, 1526, 1996.). ბავშვთა ადვოკატის „პროფესიონალიზმის მახასიათებლებია“ - ესმოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები საქმეში; უზრუნველყოს ბავშვის შესაძლებლობა, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოსმენებში; დაიცვას ბავშვის მიერ კავშირის შენარჩუნება ორივე მშობელთან, დედმამიშვილებთან და ნათესავებთან მონახულებისა და მუდმივი მზრუნველობის დაგეგმვის მეშვეობით; ( იხ. ABA Center on Children and the Law, Legal Representation in Child Welfare Proceedings, 2018.). „როგორც წესი, საუკეთესო ინტერესი აუცილებელია დადგინდეს მრავალი ფაქტორის განხილვის შედეგად და რომელთა შორისაც უმთავრესი საზრუნავია ბავშვის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.“ ( იხ: Child Welfare Information Gateway ( 2020). Determining The best interests of the child. Washington, DC: U.S.Department of Health and Human Servises, Administration for Children and Families; Patrick A. Curtis& Cina Alexander ( Eds). 2012, What Works in Child Welfare. New York: Child Welfare League of America, see especially Chapter II.4.).
113. ზემოაღნიშნული გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ჩაბმა. დასახელებულ პირთა მოსაზრებები საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე სსკ-ის 1201-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.).
114. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი უნდა იქნეს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს, იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი კონკრეტულ პერიოდში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარების, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ორივე მშობლის მიმართ ამჟღავნებს პოზიტიურ დამოკიდებულებას, თუმცა ვლინდება მამასთან მიჯაჭვულობა. საქმეზე დადგენილი გარემოებებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არასრულწლოვნის მამასთან ცხოვრება არ იქნება ბავშვისათვის ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მის განვითარებას, სოციალიზაციას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ მის, როგორც საზოგადოების სრულყოფილ წევრებად, ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სსკ-ის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; საჩივარი N.71776/12; 16.02.2016წ; საბოლოო გახდა 2.05.2016წ). საკასაციო სასამართლოს განსჯით, მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასება, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობის არსებობა, რათა მან კონტაქტი არ დაკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ, ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ, საგამონაკლისო გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორე მხრივ, ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის მთავარი საზრუნავი ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომელიც ბავშვს უკავშირდება (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“).
115. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია უკავშირდება იმას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან მალევე, სააპელაციო სასამართლომ სხდომაზე მოუსმინა არასრულწლოვანს, რომელმაც არსებითად იგივე ინფორმაცია მიაწოდა სააპელაციო სასამართლოს, რაც მას ნათქვამი ჰქონდა საქალაქო სასამართლოში, მაგრამ ბავშვთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, სრულად უგულებელყო სააპელაციო სასამართლომ. მეტიც, იგი მოხსენიებულიც კი არ არის სააპელაციო სასამრთლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. ბავშვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გადმოცემის ფორმა, ჟესტიკულაცია და სხვა გარემოებები, ცალსახად მიუთითებდა, რომ იგი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა (იხ. საკასაციო საჩივარი).
116. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის საოქმო განჩინებას, რომლითაც დადგინდა, რომ არასრულწლოვანთან გასაუბრება შედგება 2021 წლის 01 აპრილს (იხ.ტ.5. ს.ფ.97). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში განთავსებულია 2021 წლის 01 აპრილს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არასრულწლოვანთან გასაუბრების ოქმი. ოქმის შინაარსიდან დგინდება, რომ გასაუბრებას ესწრებოდნენ: არასრულწლოვანი, მისი წარმომადგენელი, მესამე პირის - სააგენტოს წარმომადგენელი და ფსიქოლოგი. სხდომა გაიხსნა 13.58.48. საათზე და დასრულდა 14.36.48 საათზე (იხ. ტ.5.ს.ფ.120-140). საკასაციო პალატამ მოისმინა არასრულწლოვანთან გასაუბრების ოქმი, ასევე გაეცნო გამოკითხვის შედეგად 2021 წლის 05 აპრილის ფსიქოლოგიურ შეფასებას (იხ. ტ.5,ს.ფ. 153-154) და მიაჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ ბავშვთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, სრულად უგულებელყო სააპელაციო სასამართლომ.
117. კასატორის ერთ-ერთი პრეეტნზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არაგონივრულ ვადაში განხილვას, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ გადადო სხდომა და საბოლოო ჯამში, მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საქმის განხილვას 4 ( ოთხი) წელი მოანდომა, რაც არაგონივრულ ვადას წარმოადგენს და სააპელაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე მიკერძოებული იყო აპელანტის სასარგებლოდ. ( იხ. საკასაციო საჩივარი).
118. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად (Profitis abnd Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას იმგვარად მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC], §183, Surmeli v. Germany [GC], §129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Malotzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია.
119. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმეზე ჩატარდა არაერთი სხდომა, მოხდა მომხსენებელი მოსამართლის შეცვლა სხვა პალატაში გადასვლის გამო, სასამართლო სხდომები არაერთხელ გადაიდო მხარეთა მორიგების მიზნით, ამიტომაც საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმის არაგონივრულ ვადაში განხილვით, სააპელაციო პალატამ გამოხატა აპელანტის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება.
120. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დედას ბავშვის ნახვის დღეები განუსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც მსგავსი მოთხოვნა სარჩელით არ ყოფილა დაყენებული. სასამართლომ თავისი ინიციატივით შეცვალა დავის საგანი და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მისი მოთხოვნა არ ყოფილა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქმნის არასტაბილურ გარემოს ბავშვისათვის, რაც შესაძლოა მისი აღზრდა-განვითარებისათვის შემაფერხებელი გახდეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რეალურად დროის რა პერიოდის გატარების უფლება მიანიჭა სასამართლომ მოსარჩელეს მის შვილთან. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ა.შ–ვს მის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დროის მონაკვეთი ყოველი კვირის ხუთშაბათი საღამოდან - კვირა დღის საღამომდე პერიოდში. გაუგებარია, თუ კონკრეტულად რომელი საათიდან წარმოეშობა მშობელს ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რა დრო იგულისხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ ტერმინში „საღამო.“ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მსჯელობს ბავშვის ნახვის დღეების განაწილებაზე, გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული, თუ ვისთან უნდა გაატაროს ბავშვმა არდადეგების პერიოდი, დღესასწაულები და ა.შ.რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული დავა. სადავო გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ ახდენს სამომავლო დავის პრევენციას და აღნიშნული არც გახლავთ სასამართლოს პრეროგატივა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად მორგებულია აპელანტის ინტერესებს და უგულებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესები (იხ. საკასაციო საჩივარი).
121. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განქორწინებული თუ ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლებისა და არასრულწლოვნის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით, უნდა გამოინახოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტის საშუალება, არამედ, უნდა დადგინდეს მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშის მიმართ, თუმცა, საკითხი უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ მოსამართლის, როგორც ინდივიდის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, არამედ - ზედმიწევნით უნდა შეფასდეს სპეციალისტების - ბავშვის კანონიერი წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შესაძლებლობანი. მზრუნველი, ოჯახური და კომფორტული გარემოს შექმნა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თითოეულ მშობელს, რადგან ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ევალება შვილთან ურთიერთობისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რაც მშობლის არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაცაა (შდრ: სუსგ №ას-173-2022, 08 ივლისი, 2022 წ.).
122. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
123. უსაფუძვლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები (იხ., საკასაციო პრეტენზია, ამ განჩინების პპ: 64-65). საგულისხმოა, რომ წინამდებარე დავა საოჯახო კატეგორიის დავას განეკუთვნება და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებელი შეჯიბრებითი სამოქალაქო პროცესის პრინციპებიდან გადახვევის ლეგიტიმურ საფუძვლებს ამავე კოდექსის XLIII თავით ადგენს (შდრ. სუსგ №ას-707-705-2018, 23 დეკემბერი, 2019 წელი, პ.1.3.7). ამ თვალსაზრისით, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა სრულად შეესაბამება საპროცესო ნორმათა მოთხოვნებს (სსსკ 352-ე-354-ე მუხლებს), (შდრ: სუსგ №ას-803-768-2014,19 ივნისი, 2015წ; №ას-173-2022, 08 ივლისი, 2022 წ.,№ას-1076-2022, 23 დეკემბერი, 2022 წ.).
124. კასატორი მიუთითებს, გაუგებარია, თუ კონკრეტულად რომელი საათიდან წარმოეშობა მშობელს ბავშვთან ურთიეთობის უფლება, რა დრო იგულისხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ ტერმინში „საღამო.“
125. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 22 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფაქტობრივი მოცემულობით ბავშვი ხუთშაბათს საღამოს 18:00 საათიდან მიდის დედასთან, კვირას საღამოს 18:00 საათისთვის, ან უფრო გვიან ბრუნდება მამასთან. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანის წარმომადგენელის ი.ჯ–ის განცხადებით, ბავშვი ორივე მშობელთან თავს კარგად გრძნობს, მისი სურვილის გაუთვალისწინებლად მშობელთა მიერ შედგენილი მორიგების ვერცერთი პირობა ვერ აღსრულდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღწერილი ფაქტობრივი მოცემულობით, ბავშვი ხუთშაბათს საღამოდან კვირას საღამომდე იმყოფება დედასთან, დარჩენილ დროს ატარებს მამასთან. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელის, განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით და ფაქტობრივი მოცემულობით ის ცხოვრობს მამასთან, დანარჩენ დღეებს ატარებს დედასთან. ორივე მშობელი აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში. არასრულწლოვანის წარმომადგენელის, ი.ჯ–ის განმარტებით, ბავშვი ორივე მშობელთან ატარებს თანაბარ დროს (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პპ:4.1.31;4.1.32;4.1.33, ტ.6, ს.ფ.178-179.).
126. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აპელანტს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელისა და არასრულწლოვანის ურთიერთობის წესი. თუ მხარეთა შორის სადავო გახდება ტერმინი „საღამო“, მათ სსსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე, შეუძლიათ მიმართონ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1.1 პუნქტითს განმარტების მიზნით.
127. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის შეხედულებები და მის მიერ გამოთქმული აზრი, ასევე, ყოველდღიური რეჟიმი და რაც მთავარია, ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, დაცული უნდა იქნეს ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, თუ სად გრძნობს ბავშვი თავს მშობლიურ ვითარებაში, გრძნობს, ობიექტურად სად განიცდის კეთილგანწყობას ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი. არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გამოხატვას ჰპოვებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესშიც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII). „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.
128. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი 2018 წლის თებერვლიდან ცხოვრობს მამასთან. მამის საცხოვრებელ გარემოში ის თავს კარგად გრძნობს. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო ინსტანციის სამართლოს დასკვნა, რომ არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური ფონის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესად იქნეს მიჩნეული დარჩეს იგი მამასთან ერთად ჩვეულ გარემოში, ხოლო დედას მიეცეს შვილთან ურთიერთობის გაგრძელებისა და განვითარების შესაძლებლობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სსსკ-ის 2511.2 მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით, დასაბუთებულია ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით (იხ., სუსგ №ას-622-2021, 13 ოქტომბერი, 2021 წელი).
129. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ გამოიკვეთა ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და საცხოვრებელ ადგილად დედის - კასატორის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა.
130. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.„ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, no. 16034/90, 19/04/1994, §61, série A, №288,. Garcia Ruiz v. Spain [GC] no. 30544/96, 21/01/1999, §26; CEDH 1999-I; Perez v France [GC], no. 47287/99, 12/02/2004, § 81).
131. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
132. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
133. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.შ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ა.შ–ვს (ს.კ:......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ჯ.ჭ–ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 24.08.2023-ში N3926 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე