№ას-1534-2023 16 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „გ.ა. და კ.ქ–ა,“ ნ.ს–ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ.გ–იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - შპს „გ.ა. და კ.ქ–ისა“ და ნ.ს–ა მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გ.გ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს, შპს „გ.ა. და კ.ქ–ას“, ნ.ს–ას დაევალათ გ. „ა–ას“ მე-18 გვერდზე (იგივე ზომისა და ფორმის ასოებითა და სტილით) სასამართლო გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე №2/20067-19) შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: „სასამართლოს განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სტატიიდან, სათაურით - „რა უამბეს ა–ას გ.გ–ას ბაბუაზე“ - ინფორმაცია - „ერთი ფაქტი უნდა გაგახსენო, საბჭოთა პერიოდში გალის რაიონული გაზეთის რედაქტორობა ვინმე გ–ას ჩააბარეს, როგორც შევიტყვე, ის გ.გ–ას ბაბუა ყოფილა. იცით, პარტიიდან ის ცხონებული რისთვის გააგდეს? ერთ დღეს ჩამოიარა გალის რაიონის კოლმეურნეობებში და ფული აკრიფა, არიქა გაზეთის მატერიალური და ტექნიკური ბაზა უნდა გავაუმჯობესოო და სინამდვილეში იყიდა მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული „პობედა“ და დასეირნობდა მთელ აფხაზეთსა და სამეგრელოში, მაგრამ ერთხელ რომ თბილისში ჩამობრძანდა იმ „პობედით“, პარტიის ცეკას საკონტროლო განყოფილებამ „პობედაც“ დაატოვებინა და პარტბილეთიც. „ბაბა, ბევრი ფული, კიდევ მეტი ფული“, შენც გააკეთებ ამას ფულის გულისთვის“, რომელიც მათ გამოაქვეყნეს გაზეთ „ა–ას“ 2019 წლის 13 მაისის მე-17 ნომერში, მე-18 გვერდზე, არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხეებს, შპს „გ.ა. და კ.ქ–ას“, ნ.ს–ას დაევალათ გაზეთ „ა–ას“ მე-18 გვერდზე (იგივე ზომისა და ფორმის ასოებითა და სტილით) სასამართლოს გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე №2/20067-19) შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: „სასამართლოს განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია „სწორედ ის ავრცელებდა ყველანაირ სიბინძურეს გ–ზე და დღეს იმ მშობლებს ემუქრება“... „შენ ამიტომ ახლა იმ მშობლებს დაემუქრე“, რომელიც მათ გამოაქვეყნეს გაზეთ „ა–ას“ 2019 წლის 13 მაისის, მე-17 ნომერში, მე-18 გვერდზე, არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „გ.ა. და კ.ქ–ამ,“ ნ.ს–ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით შპს „გ.ა. და კ.ქ–ისა“ და ნ.ს–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2023 წლის 14 სექტემბერს საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ.ა. და კ.ქ–ისა“ და ნ.ს–ას წარმომადგენელმა თ.გ–ემ და მოითხოვა მისი გაუქმება. ( იხ. ს.ფ.390-396).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კასატორებს მიეცათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ნ.ს–ას მიერ თ.გ–ის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულების ან ნ.ს–ას მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.
2023 წლის 25 დეკემბერს თ.გ–ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.ა. და კ.ქ–ისა“ და ნ.ს–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გარძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი თ.გ–ეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2023 წლის 26 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.417). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე ნ. კ–ძე 2023 წლის 29 დეკემბერს 13:19 საათზე №401720... ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა კასატორ ნ.ს–ას (...... მობ.) იმის დასაზუსტებლად, ცნობილია თუ არა მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 და 26 დეკემბრის №ას-1534-2023 საქმეზე ხარვეზის შესახებ განჩინებების თაობაზე. ნ.ს–ამ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია აღნიშნული განჩინებების თაობაზე მისი წარმომადგენელ თ.გ–ისაგან, იცის, რომ მათ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით. ნ.ს–ას განემარტა, რომ მას ასევე წარმოსადგენი აქვს თ.გ–ის სახელზე გაცემული რწმუნებულება ან მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. კასატორმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენეს, ვინაიდან თ.გ–ე არის მისი ადვოკატი და იგი წარმოადგენს ყველაფერს. (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი №33021001......, ს.ფ.418).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. „აღნიშნული ნორმა აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვადასხვა ინსტიტუტებით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დენის დასაწყისის მომენტს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამრთლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია, მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა ამოიწურა 2024 წლის 8 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით (ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება) მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.ა. და კ.ქ–ისა“ და ნ.ს–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი