Facebook Twitter

№ას-1533-2023

21 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს ,,G.A G.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,G A G-ის” სარჩელი მოპასუხე გ.ბ–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,G A G-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,G A G-ის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა იგი კანონით დადგენილ ვადაში.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.

ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ წარმოადგენს პირს, ვისთანაც სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულება გააჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ თავის 2014 წლის 30 დეკემბრის Nას-1161-1106-2014 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ სსსკ-ის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ამდენად, ზემოხსენებულო ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (სუსგ №ას-923-2018, 20.07.2018წ.).

ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლი ითვალისწინებს მხარის ვალდეულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ამავე დროს აღნიშნული მუხლით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, ზემოაღნიშნული ვადის დაცვით მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 29 სექტემბერს გამართულ სხდომას ესწრებოდა აპელანტის (კასატორის) წარმომადგენელი მ.ნ–ი. ამავე სხდომაზე გადაიდო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2023 წლის 4 ოქტომბრისათვის და განმარტებულ იქნა გასაჩივრების ვადა და წესი (იხ.: სხდომის ოქმი; ხელწერილი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შეტყობინების შესახებ ტომი 1, ს.ფ. 307-314). საქმეში წარმოდგენილია აპელანტის (კასატორის) მიერ მ.ნ–ზე გაცემული მინდობილობა, რომელიც განჩინების გამოცხადების თარიღის და გასაჩივრების წესის თაობაზე ინფორმირების მომენტში (მინდობილობა მოქმედია ამ დროისთვისაც) ძალაში იყო (იხ:. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 240). შესაბამისად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის და გასაჩივრების წესის თაობაზე ინფორმირების მომენტში მ.ნ–ს ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და შესაბამისად ის წარმოადგენდა მის მარწმუნებელს.

სსსკ-ის 2591 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტი (კასატორი) ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, 2023 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 3 ნოემბრის (რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი) ჩათვლით, გამოცხადებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული განჩინების ასლი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტის (კასატორის) ადვოკატმა - მ.ნ–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა (ელექტრონული ფოსტის საშუალებით) ვადის დარღვევით - 2023 წლის 6 ნოემბერს, დასაბუთებული განჩინება კი მას ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნა იმავე დღეს.

სსსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა, რომ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ივარაუდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლომ დროულად მოამზადა. ამ ვარაუდის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი კი ესკირება იმ პირს, ვინც ასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ.

როგორც უკვე აღინიშნა, დიდმა პალატამ 2014 წლის 30 დეკემბრის Nას-1161-1106-2014 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის ვალდეულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ამავე დროს აღნიშნული მუხლით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, ზემოაღნიშნული ვადის დაცვით მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სასამართლოს ევალება მხარის მიმართვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი ვადის მიხედვით, დაუყოვნებლივ ჩააბაროს მას გადაწყვეტილება და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში - გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული.

საქმის მასალების მიხედვით მხარემ 6 ნოემბერს მიმართა სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით, მას იმავე დღეს ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნა დასაბუთებული განჩინება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განჩინება სასამართლოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში იყო მომზადებული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა, ამასთან მხარემ არ მიმართა სასამართლოს ამ ვადაში დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს - 2023 წლის 4 ნოემბერს და დასრულდა 2023 წლის 24 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი, მხარემ კი განჩინება გაასაჩივრა მისთვის ჩაბარებიდან - 6 ნომებრიდან 21-ე დღეს - 27 ნოემბერს (იხ.: ტომი 1, ს.ფ. 387-398), რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს - 4 ნოემბერს და ამოიწურა 24 ნოემბერს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ - 2023 წლის 27 ნოემბერს წარდგენა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,G A G-ის” საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია