№ას-365-2023
30 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.თ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.თ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, 2200 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 11-17).
1.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2021 წლის 06 დეკემბერს, 15:00 საათზე.
2.1. 2021 წლის 06 დეკემბრის მოსამზადებელ სხომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო საქმის განხილვა გადაიდო 2022 წლის 24 იანვარს 15:00 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადების შესახებ ინფორმირების მიზნით, მოპასუხეს უწყება გაეგზავნა ორჯერ, 2021 წლის 14 დეკემბერს და 2022 წლის 11 იანვარს. 2021 წლის 14 დეკემბრის უწყება მოპასუხეს არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი მისამართზე აღარ ცხოვრობდა, ხოლო 2022 წლის 11 იანვრის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ მისამართი ვერ მოიძებნა ან შეცდომითაა მითითებული.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 იანვრის მოსამზადებელი სხდომა კვლავ გადაიდო 2022 წლის 16 მარტს, 15:00 საათზე. სხდომის გადადების შესახებ გაგზავნილი უწყება მოპასუხეს არ ჩაბარდა. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ დ.თ–ს უწყება არ ჩაბარდა, კურიერი მობილურ ტელეფონზე ესაუბრა ადრესატს, რომლის განმარტებით, სახლში არ იმყოფებოდა და გზავნილს მიაკითხავდა ფოსტაში. 2022 წლის 14 თებერვალს განმეორებით გაგზავნილი უწყება მოპასუხეს კვლავ არ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაევალა განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში სასამართლო უწყების დ.თ–თვის ჩაბარება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი,....
2.4. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხე დ.თ–ს სასამართლოს ხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. მასვე განემარტა, რომ სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად ჩაითვლებოდა განჩინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საჯარო შეტყობინებით მოპასუხეს ასევე განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. საჯარო შეტყობინება გამოქვეყნდა 2022 წლის 26 თებერვალს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2200 ლარის გადახდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა მოსამზადებელი სხდომის გადადების შესახებ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დ.თ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარისთვის ცნობილი იყო მიმდინარე სამოქალაქო საქმის წარმოების შესახებ, თუმცა თავს არიდებდა და აჭიანურებდა საქმის წარმოებას, რითაც ირღვეოდა მოსარჩელის უფლებები და ინტერესი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით, დ.თ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
7.1. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს შესაგებელში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა სასამართლო უწყება, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს დაავალა დ.თ–ისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და შემდგომ ასევე საჯარო პუბლიკაციის გზით აცნობა სხდომის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სასამართლომ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ზომა განახორციელა მოპასუხის სხდომაზე მოსაწვევად, შესაბამისად, არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ევროსასამართლოს პრაქტიკას, მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან, პირადად არ ჩაბარებია სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკიდურესი ღონისძიებაა, რომელსაც სასამართლო მიმართავს იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნდება, რომ მხარეს ინტერესი დაეკარგა საქმის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ინტერესში იყო სასამართლოში გამოცხადება, თუმცა მისი სათანადო ინფორმირება არ მომხდარა და არ მიეცა საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა. მოცემული დავის მიმართ მოპასუხეს გააჩნდა ინტერესი, ვინაიდან მოთხოვნა იყო ხანდაზმული. სასამართლომ კი ისე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ ყველა ღონისძიება მხარის ინფორმირების მიზნით არ გამოუყენებია და არც ხანდაზმულობის საკითხზე უმსჯელია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აპრილის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ დ.თ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება.
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების წინაპირობები. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს.
15. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.), თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნისა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.). ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, ხომ არ ვლინდება შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს სასამართლოს მიერ მოპასუხის სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირების ყველა საშუალების გამოუყენებლობა, რასაც პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამზადებელი სხდომა ორჯერ გადაიდო, პირველ შემთხვევაში მხარეთა გამოუცხადებლობის, ხოლო მეორე შემთხვევაში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. საბოლოოდ, მოსამზადებელი სხდომის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 16 მარტი, 15:00 საათი. სხდომის გადადების შესახებ გაგზავნილი უწყება მოპასუხეს არ ჩაბარდა. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ დ.თ–ს უწყება არ ჩაბარდა, კურიერი მობილურ ტელეფონზე ესაუბრა ადრესატს, რომლის განმარტებით, სახლში არ იმყოფებოდა და გზავნილს მიაკითხავდა ფოსტაში. 2022 წლის 14 თებერვალს განმეორებით გაგზავნილი უწყება მოპასუხეს კვლავ არ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაევალა განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში სასამართლო უწყების დ.თ–ისთვის ჩაბარება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ......., ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხე დ.თ–ს სასამართლოს ხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. მასვე განემარტა, რომ სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად ჩაითვლებოდა განჩინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საჯარო შეტყობინებით მოპასუხეს ასევე განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. საჯარო შეტყობინება გამოქვეყნდა 2022 წლის 26 თებერვალს.
18. საკასაციო პალატა, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია, რამდენადაც მოპასუხეს შეტყობინება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლომ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება მისი ინფორმირების მიზნით და საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებით გზავნილი მიიჩნია მოპასუხისთვის ჩაბარებულად. პალატა დამატებით მიუთითებს საქმის მასალებზე, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო დავის მიმდინარეობის შესახებ და მის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იყო შესაგებელი. როგორც უკვე აღინიშნა, შეტყობინება სასამართლო სხდომის შესახებ გაგზავნილი იყო რამდენჯერმე მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე. ამასთან, 2022 წლის 26 იანვრის საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ დ.თ–ს უწყება არ ჩაბარდა, თუმცა, კურიერი მობილურ ტელეფონზე ესაუბრა ადრესატს, რომლის განმარტებით, სახლში არ იმყოფებოდა და გზავნილს მიაკითხავდა ფოსტაში, რაც არ განუხორციელებია, რაც იმას ადასტურებს, რომ მან მინიმუმ უპასუხისმგებლობა გამოიჩინა მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის მიმართ.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით მოხდა, ვინაიდან მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში სათანადოდ ვერ დაადასტურა სასამართლოს მიერ მისი სხდომაზე გამოცხადების მიზნით, მისი არასათანადო ინფორმირება (სხდომაზე გამოუცხადებლობის სხვა რაიმე საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია). აღნიშნული კი, ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა. ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ქმნიდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდის წინაპირობას.
20. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე ევროსასამართლოს პრაქტიკას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და, თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სუსგ №ას-1158-1113-2016, 10.02.2017წ.).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06.03.2017წ.).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით ამართლებდა და არსებობდა მოპასუხის სასამართლო სხედომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. მოცემულ შემთხვევაში კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე