საქმე №ას-509-2023 19 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.ნ–ე“, ამხანაგობა „ბ.....“, რ.ს–ია, მ.კ–ი, დ.მ–ძე, კ.კ–ძე, ზ.გ–ია, ე.ტ–ძე, დ.ი–ი, ნ.ქ–ი, თ.ბ–ი, ნ.კ–ი, მ.ვ–ვა და ი.ხ–ი (რ.ხ––ის უფლებამონაცვლეები), თ.კ–ძე, ლ.ჯ–ძე, რ.ყ–ძე (ვ.ყ–ძის უფლებამონაცვლე), ი.უ–ი, თ.ე–ძე, ნ.გ–ი, ჯ.მ–ია, ლ.ჯ–ია და დ.ჯ–ია (გ.ჯ–იას უფლებამონაცვლეები), ვ.ქ–ი, ლ.მ–ი, გ.ჯ–ი, ნ.გ–ნი, გ.ჯ–ი, ქ.ჩ–ნი, ე.ბ–ძე, ც.წ–ი (თ.წ–ის უფლებამონაცვლე), კ.ფ–სი, ვ.ფ–სი, მ.კ–ვი, ზ.თ–ი, ი.ჯ–ია, ა.გ–ა, ნ.თ–ძე, ქ.ჯ–ძე, მ.გ–ვა, მ.დ–ია, ბ.ფ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2023 წლის განჩინება, ამავე სასამართლოს 22.09.2022 წლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა, ამხანაგობა „ბ.....“-ის წევრად აღდგენა, სადამფუძნებლო და ინდივიდუალური ხელშეკრულებებით, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.ს–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.ნ–ეს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კომპანია“), ამხანაგობა „ბ.....“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ამხანაგობა“), რ.ს–იას, მ.კ–ის, დ.მ–ძის, კ.კ–ძის, ზ.გ–იას, ე.ტ–ძის, დ.ი–ის, ნ.ქ–ის, თ.ბ–ის, ნ.კ–ის, რ.ხ––ის (უფლებამონაცვლეები: მ.ვ–ლავა და ი.ხ––ი), თ.კ–ძის, ლ.ჯ–ძის, ვ.ყ–ძის (უფლებამონაცვლე: რ.ყ–ძე), ი.უ–ის, თ.ე–ძის, ნ.გ–ის, ჯ.მ–იას, გ.ჯ–იას (უფლებამონაცვლეები: ლ.ჯ–ია და დ.ჯ–ია), ვ.ქ–ის, ლ.მ–ის, გ.ჯ–ის, ნ.გ–ნის, გ.ჯ–ის, ქ.ჩ–ნის, ე.ბ–ძის, თ.წ–ის (უფლებამონაცვლე: ც.წ–ი), კ.ფ–სის, ვ.ფ–სის, მ.კ–ვის, ზ.თ–ის, ი.ჯ–იას, ა.გ–ას, ნ.თ–ძის, ქ.ჯ–ძის, მ.გ–ვას, მ.დ–იას, ბ.ფ–ძის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდისა და დაზუსტების შემდეგ მოითხოვა:
1.1. ამხანაგობის შემდეგი კრების ოქმების ბათილად ცნობა:
ა) 02.09.2009 წლის №10 კრების ოქმის მე-3 ნაწილი (შენიშვნის გარდა);
ბ) 15.04.2010 წლის №17 კრების ოქმი;
გ) 18.02.2011 წლის №01-2011 კრების ოქმი;
დ) 12.04.2011 წლის №07-2011 კრების ოქმი;
ე) 12.04.2011 წლის №08-2011 კრების ოქმი;
ვ) 23.01.2007 წლის კრების ოქმი;
1.2. მოსარჩელის ამხანაგობის წევრად აღიარება;
1.3. 22.05.2006 წლის ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით, 08.11.2006 წლის ინდივიდუალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა და მორიგების აქტით განსაზღვრული პირობების შესრულება, რაც გულისხმობს მოსარჩელისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის - მე-2 სადარბაზოში მდებარე 20.76 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის, ს/კ: .........., გადაცემას ამავე ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირობებით (საერთო საკომუნიკაციო ქსელებთან მიერთება და რემონტი), ასევე, პირველ სადარბაზოში მდებარე, მოსარჩელის (უფლებამონაცვლე - ქ.პ–ი) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სამი საოფისე ფართის საერთო კომუნიკაციების ქსელში ჩართვას (იხ. სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 1-27; განცხადება მოთხოვნის გაზრდისა და მისი დაზუსტების შესახებ, ტ. 2, ს.ფ. 57-61).
2. მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.09.2013 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო კრების ოქმების ბათილობის მიმართ არ იკვეთებოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. მოსარჩელის ამხანაგობის წევრად აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, გარდა ამისა, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეწყვეტილია და შეუძლებელია პირის იმ სამართალურთიერთობის მონაწილედ აღიარება, რომელიც არ არსებობს. სასამართლომ სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია დანარჩენ ნაწილშიც.
4. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2019 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.07.2019 წლის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2019 წლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. 04.06.2020 წელს მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადებით მიმართა. მოსარჩელემ დააზუსტა სადავო კრების ოქმების რომელი ნაწილების და რა დროიდან ბათილად ცნობას ითხოვდა. მიუთითა, რომ ამხანაგობის წევრად აღიარებას ითხოვს 12.04.2011 წლიდან. ასევე, განცხადებით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 1.3. პუნქტი) „ტრანსფორმირებულია“ ვალდებულების შესრულების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნად (ტ.6, ს.ფ. 13-221).
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2023 წლის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.09.2013 წლის გადაწყვეტილება; სარჩელი კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ამხანაგობის წევრად აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველად; სარჩელზე, სადამფუძნებლო და ინდივიდუალური ხელშეკრულებებით, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება; განჩინება ეფუძნება შემდეგს:
7.1. 22.05.2006 წლის სანოტარო აქტით - ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით დაფუძნდა ამხანაგობა, რომლის მიზანსაც ქ. თბილისში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების დანგრევა და მათ ადგილას საცხოვრებელი სახლის მშენებლობა წარმოადგენდა. ხელშეკრულების 10.1 მუხლის მიხედვით კი, ამხანაგობა შექმნილი იყო საცხოვრებელი სახლის აშენების ვადით და საცხოვრებელი სახლის საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენის მომენტიდან წყვეტდა არსებობას.
7.2. ამხანაგობის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო მოსარჩელე. 22.05.2006 წლის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების 1.2 პუნქტით მოხდა სამართლებრივი დიფერენცირება ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა შორის და ერთ-ერთ მესაკუთრე-დამფუძნებელ წევრად მოსარჩელე იქნა აღიარებული.
7.3. 22.05.2006 წლის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მე-3 პუნქტით მოსარჩელემ, სხვა წევრებთან ერთად, აიღო ვალდებულება, რომ დამატებითი სანოტარო აქტის საფუძველზე ამხანაგობაში შეიტანდა ქ. თბილისში, ..... მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. აღნიშნული შენატანის განხორციელების შემდეგ ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხებოდა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად და მესაკუთრეებს რაიმე დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულება არ წარმოეშობოდათ.
7.4. 08.11.2006 წელს მოსარჩელესა და ამხანაგობას (წარმოდგენილი თავმჯდომარის - ე.კ–ძის სახით) შორის დადებული ხელშეკრულების 10.2 მუხლით განისაზღვრა ამხანაგობის ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ, რომლის თანახმად, „წევრის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (ამხანაგობისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის) სანაცვლოდ, შენობა-ნაგებობის აშენების და ექსპლუატაციაში მიღებისთანავე, წევრს ინდივიდუალურ საკუთრებად განესაზღვრებოდა ქ. თბილისში ......... ქ. №8-ში მდებარე მომავალში ასაშენებელ სახლში, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მდგომარეობის და პარამეტრების მქონე ფართები და გადაეცემოდა ინდივიდუალური საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტი. ხელშეკრულების 10.4 მუხლის მიხედვით, ამხანაგობის მიერ ინდივიდუალური საგნის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 01.07.2008 წლამდე. ხელშეკრულების 10.6 მუხლის თანახმად კი, წევრის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წევრის მიერ გარანტიის აღსრულება არ ათავისუფლებდა ამხანაგობას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
7.5. 02.03.2007 წლის სანოტარო წესით დამოწმებული №7 კრების ოქმის თანახმად, მოსარჩელეს დაუმტკიცდა 57.27 კვ.მ საოფისე ფართი.
7.6. 14.12.2007 წელს მოსარჩელესა და ამხანაგობის წევრ მ.კ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მ.კ–ისგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ......... ქ. №8-ში მშენებარე შენობის I სადარბაზოს I სართულზე. ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 15.01.2007 წლის №20/15 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მ.კ–ისგან შეძენილი საოფისე ფართი განთავსებული იყო +0.90მ ნიშნულზე „3-4“ „ა-ბ“-ე ღერძებს შორის, შეადგენდა 37.24 კვ.მ-ს და ჭერის სიმაღლე ჰქონდა 6 მ. 08.11.2006 წლის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ ღერძებს შორის მდებარეობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 84.93 კვ.მ საოფისე ფართი.
7.7.15.07.2009 წელს, შემდეგ კი 18 აგვისტოს, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა პროექტის შეთანხმების განხილვის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა. 12 და 26 აგვისტოს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომები მოსარჩელის მონაწილეობით, რის შემდეგაც ბოლო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით ამხანაგობის საერთო კრების ოქმის წარმოდგენის საჭიროების თაობაზე, რომლის წარმოდგენის ვადას განსაზღვრავდა სამსახური.
7.8. 02.09.2009 წლის კრების ოქმის მე-2 საკითხის თანახმად, 22.05.2006 წლის ხელშეკრულების (რეესტრის №1-5920) გათვალისწინებით, გამგეობის ერთ-ერთ წევრად მოსარჩელე აირჩიეს.
7.9. 18.02.2011 წლის №01-2011 კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აღმართულ შენობა-ნაგებობებში ფართები შემდეგნაირად განაწილდა:
ა) 1 სადარბაზოში 1 სართულზე, +0.90 ნიშნულზე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მ.კ–ისგან შეძენილი საოფისე ფართი, ს/კ: ......, განისაზღვრა 45 კვ.მ-დ;
ბ) 1 სადარბაზოში, +4.20/4.40 ნიშნულზე, ბინა №1ა, ფართი 120 კვ.მ, ს/კ: ......, +125 კვ.მ, სულ ბინა 245 კვ.მ (+4.20მ ნიშ.), განისაზღვრა მ.გ–ვას საკუთრებად. აღნიშნული ფართი მოექცა მოსარჩელის მიერ მ.კ–ისაგან შეძენილი ფართის გადატიხვრის შედეგად მიღებული 56.25 კვ.მ ფართი;
გ) მე-2 სადარბაზოში, მე-3 სართულზე, +10.40 ნიშნ., ბინა №5, ფართი 187.32 კვ.მ, საზ. ფართი 10.37 კვ.მ - მესაკუთრე მოსარჩელე;
დ) მე-2 სადარბაზოში, ა/სადგომი 20.76 კვ.მ (ს/კ: ........, ფართი 18 კვ.მ+2.76 კვ.მ) - მესაკუთრე მოსარჩელე.
7.10. 12.04.2011 წლის №07-2011 კრების ოქმით დამტკიცდა ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ა.კ–ძის (ყოფილი .........) ქ. №8 (ს/კ: ........), აღმართულ შენობა-ნაგებობებში ამხანაგობის კუთვნილი ფართობების განაწილება. აღნიშნული განაწილების შედეგად, მოსარჩელეს მიეკუთვნა 18 კვ.მ ა/სადგომი, - 3.000 ნიშნულზე, ს/კ: .........
7.11. 15.04.2010 წლის №17 კრების ოქმით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ 22.05.2006 წლის ხელშეკრულების (რეესტრის №1-5920) გათვალისწინებით, ამხანაგობის დამფუძნებლები შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ ქ. თბილისის მერის 15.02.2010 წლის განკარგულებას №453 თანახმად, ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდას და აღნიშნულის შესაბამისად ნება დაერთო ამხანაგობის თავმჯდომარეს - ე.კ–ძესა და კომპანიას მშენებლობის ახალი კორექტირებული პროექტი წარედგინა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში დასამტკიცებლად.
7.12. 12.04.2011 წლის №08-2011 კრების ოქმით დადგინდა, რომ ვინაიდან ამხანაგობის წევრთან - მოსარჩელესთან ამხანაგობის თავმჯდომარის სახელით 08.11.2006 წელს გაფორმებული უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო რეესტრი №1-14967) ეწინააღმდეგებოდა ამხანაგობის დებულებას, ამხანაგობა ადგენდა, რომ ცალმხრივად შეწყვეტილიყო მოსარჩელესთან ამხანაგობის თავმჯდომარის სახელით 08.11.2006 წელს გაფორმებული უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ყველა მისი თანმდევი შედეგით.
7.13. 23.01.2007 წლის კრების ოქმით მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ, ამხანაგობის საჭიროებისათვის, ამხანაგობის კუთვნილი 1954.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ......... ქ. №8, იპოთეკით დატვირთულიყო სს „თ.ბ–თან“ გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურებაზე №680251 ხელშეკრულების და საბანკო გარანტიით მომსახურების შესახებ №680251/1 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.
7.14. 30.07.2010 წელს მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა უძრავი ქონება: ა) ქ. თბილისში, ა.კ–ძის ქ. №8-ში მდებარე ბინა, მე-3 სართული, მე-2 სადარბაზო, +10.400 მი ნიშნულზე, საერთო ფართით 199.31 კვ.მ, ბ) საოფისე ფართი მდებარე მე-2 სადარბაზოში, +0.0000 ნიშნულზე, საერთო ფართით 20.76 კვ.მ, გ) +3.00 ნიშნულზე მიწისქვეშა ავტოფარეხი №361, რომლებზედაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის მომავალი საკუთრების უფლება და ასევე უზრუნველყოფს აღნიშნულ ნივთებზე სს „თ.ბ–ის“ სამშენებლო იპოთეკის გაუქმებას.
7.15. აღნიშნული მორიგების აქტით:
- კომპანიამ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ა.კ–ძის ქ. №8-ში მდებარე ფართზე, ს/კ: ....., 6 მეტრის სიმაღლის ჭერის 2 ნაწილად გადატიხვრის სამუშაოები, რისთვისაც უზრუნველყოფდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის მოპოვების მიზნით საორგანიზაციო საკითხების შესრულებას. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს გადაეცემოდა თანხა 7000 აშშ დოლარის ოდენობით;
- ამხანაგობამ აიღო ვალდებულება, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გადაეცა მოსარჩელისათვის მ.კ–ის მიერ ქ. თბილისში, ......... ქ. №8 სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით გაცხადებული თანხმობების ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ასევე, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდებოდა ამხანაგობის წევრ მოსარჩელესა და მ.კ–ს შორის არსებულ სამართალურთიერთობას;
- მხარეებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია და აიღეს ვალდებულება, რომ არც მომავალში განაცხადებდნენ პრეტენზიას, მათ შორის წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებამდე წარმოშობილი ნებისმიერი (წერილობითი თუ ზეპირი) ხელშეკრულებიდან ან/და სასამართლოს 15.06.2009 წლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე და რომ, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები ითვლებოდა შესრულებულად;
- მორიგების აქტზე ხელმოწერით მოსარჩელემ განაცხადა, რომ ეთანხმებოდა ამხანაგობის მიერ 12.04.2011 წლის №07-2011 საერთო კრების ოქმს, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 16.05.2011 წელს გაცემულ 01/1013 ბრძანებასა და 16.05.2011 წლის ნ/1082-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობას, აგრეთვე, ქ. თბილისში, ......... ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების აქტს. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ აქტებს ნებისმიერი ფორმით არ გახდიდა სადავოდ. თუმცა, ამასთან, დაიტოვა უფლება, სადავო გაეხადა ამხანაგობის მიერ 12.04.2011 წლის №07-2011 საერთო კრების ოქმის მე-3 ნაწილის მხოლოდ ის პუნქტი, რომლითაც მოხდა ს/კ: .......... დარეგისტრირებული ფართის გაზრდა 45 კვ.მ-მდე ს/კ: ........ დარეგისტრირებული ფართის შემცირების და კორიდორის 2.20-დან 1.40-მდე დავიწროვების ხარჯზე (რა დროსაც ამხანაგობა და კომპანია დავის მონაწილე მხარედ არ უნდა განხილულიყო);
- ამხანაგობის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ მიუხედავად 12.04.2011 წლის №08-2011 კრების ოქმისა (რომლითაც ცალმხრივად შეწყდა ამხანაგობასა და მოსარჩელეს შორის 08.11.2006 წელს დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულება), ამხანაგობა თანახმაა, მოსარჩელეს გადაეცეს უძრავი ქონება, რაც გათვალისწინებულია 08.11.2006 წელს დადებული ხელშეკრულებით.
7.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.12.2012 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და 30.07.2010 წლის მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას 7000 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.
7.17. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ......... ქ №8-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობები დაინგრა და მის ადგილზე მიმდინარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა. ამასთან, ამხანაგობის მონაწილეებს ახლადაშენებულ მრავალბინიან სახლში გამოეყოთ და განესაზღვრათ ინდივიდუალური საკუთრების საგანი. ამდენად, დღეის მდგომარეობით ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების 10.1 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 939.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერთობლივი საქმიანობა შეწყვეტილია.
7.18. ამჟამად, წინამდებარე სამოქალაქო საქმის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს მოსარჩელისა და მისი ქალიშვილის, ქ.პ–ის სასარჩელო განცხადებას იგივე მოპასუხეების მიმართ, სადაც სარჩელის მოთხოვნაა იგივე სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (მიკუთვნებითი სარჩელი), ხოლო მოთხოვნის უმთავრეს ფაქტობრივ საფუძვლად წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი 5 კრების ოქმის (1. 02.09.2009 წლის №10 კრების ოქმის მე-3 ნაწილი (შენიშვნის გარდა), 2. 15.04.2010 წლის №17 კრების ოქმი, 3. 18.02.2011 წლის №01-2011 კრების ოქმი, 4. 12.04.2011 წლის №07-2011 კრების ოქმი, 5. 12.04.2011 წლის №08-2011 კრების ოქმი) ბათილობაა მითითებული. ამდენად, დადგენილია, რომ ჩვენს საქმეში სადავოდ გამხდარი ხსენებული 5 კრების ოქმის უკანონოდ აღიარება (ბათილად ცნობა) წარმოადგენს საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული იმ მიკუთვნებითი (ზიანის ანაზღაურება) სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, რომლის ავტორებიც მოსარჩელე და მოცემულ სამართალურთიერთობაში მისი უფლებამონაცვლე ქ.პ–ი არიან, ხოლო მოპასუხეებად ორივე საქმეში ამხანაგობის წევრებია დასახელებული. ზემოაღნიშნულ სამოქალაქო საქმეს თავდაპირველად მიენიჭა ნომერი №2/16174-12, ამჟამად საქმის ნომერია №2/24439-19 (იხ. იმ საქმეზე შეტანილი დაზუსტებული სარჩელი, რომელიც წინამდებარე საქმეში მტკიცებულების სახით მოსარჩელემ წარმოადგინა, ტ. 6, ს.ფ. 463-581). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჩვენს საქმეში მიკუთვნებითი (ზიანის ანაზღაურება) მოთხოვნის არარსებობა მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟისთვის საჭირო თანხის მოუძიებლობით ახსნა.
7.19. ამ ეტაპზე ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 01.05.2015 წლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/4539-13, მოსარჩელის სარჩელის გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, მესამე პირების - ამხანაგობის, კომპანიის და სხვათა მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე №2ბ/5733-13 (აპელანტი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეები - კომპანია, ამხანაგობის თავმჯდომარე ე.კ–ძე და სხვები, გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.09.2013 წლის გადაწყვეტილება, დავის საგანი - კრების ოქმების ბათილად ცნობა) - საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული ადმინისტრაციული სარჩელი მოსარჩელემ 02.12.2013 წელს აღძრა.
7.20. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია მოსარჩელის შემდეგ სასარჩელო მოთხოვნებზე:
1) ბათილად იქნეს ცნობილი ამხანაგობის სახელით შედგენილი 02.09.2009 წლის №10 კრების ოქმის მე-3 ნაწილი, 15.04.2010 წლის №17 კრების ოქმი, 18.02.2011 წლის №01-2011 კრების ოქმი, 12.04.2011 წლის №07-2011 კრების ოქმი, 12.04.2011 წლის №08-2011 კრების ოქმი, 23.01.2007 წლის კრების ოქმი;
2) აღიარებულ იქნეს მოსარჩელე ამხანაგობის წევრად;
3) დაეკისროს მოპასუხეს 22.05.2006 წლის ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებითა და 08.11.2006 წლის ინდივიდუალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობს მოსარჩელისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების) შეთანხმებული პირობებით გადაცემას;
4) 30.07.2010 წლის მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობს მოსარჩელისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის - მე-2 სადარბაზოში მდებარე 20.76 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის, ს/კ: ......., გადაცემას ამავე ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირობებით, აგრეთვე - მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სამი საოფისე ფართის საერთო კომუნიკაციების ქსელში ჩართვას.
7.21. 04.06.2020 წელს მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების („ტრანსფორმაცია-შემცირების“) შესახებ განცხადებით მომართა, რომლითაც თავდაპირველი სასარჩელო განცხადების მე-3 და მე-4 მოთხოვნები „ტრანსფორმირებულია“ შემდეგნაირად: მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ ამხანაგობის ვალდებულების შესრულების ღირებულების ანაზღაურება, დაკავშირებული შემდეგ უძრავ ნივთებთან: ს/კ: .......; ს/კ: .......; ს/კ: ........; ს/კ: ......, რაც ჯამურად შეადგენს 10 083 ლარს (ტ.6, ს.ფ. 13-221). მითითებული განცხადებით დგინდება, რომ ის სამუშაოები, რომელთა განხორციელების დავალებას მოსარჩელე წინამდებარე საქმეში მოპასუხეებისთვის ითხოვდა, მან საკუთარი სახსრებით განახორციელა. ხოლო სადავო უძრავი ნივთები მის საკუთრებაში აღარ ირიცხება.
7.22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების თაობაზე არაერთხელ წარდგენილი განცხადებები, თავისი შინაარსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 381-ე მუხლის იმპერატიულ დათქმას ეწინააღმდეგება, რადგან თავდაპირველი სარჩელით (მესამე და მეოთხე სასარჩელო მოთხოვნებით) მოსარჩელე მოითხოვდა ინდივიდუალური და სადამფუძნებლო დოკუმენტებით, ასევე, 30.07.2010 წლის მორიგების აქტით შეთანხმებული ვალდებულების შესრულებას, ე.წ. დაზუსტებული მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადებებით კი მოსარჩელემ პირველადი მოთხოვნის (შეთანხმებული ვალდებულების შესრულების) ნაცვლად, ზიანის ანაზღაურება (მეორადი მოთხოვნა) დააყენა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 04.06.2020 წელს წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადებით რეალურად შეცვალა სარჩელის დავის საგანი, რაც სსსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იგი სასარჩელო მოთხოვნების მართებულობას თავდაპირველი სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმებს.
7.23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელი, ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ამხანაგობის წევრად აღდგენის მოთხოვნის ნაწილში, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რა დროსაც სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს არის თუ არა მოსარჩელე დასახელებული აღიარებითი მოთხოვნების მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის მქონე პირი. აღიარებითი სარჩელი მისი დასაშვებობის მიზნებისათვის უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში აღიარებითი მოთხოვნების მიმართ მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი ბუნდოვანი და გაუგებარია, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაუშვებლად ცნობის საკმარისი საფუძველი იყო.
7.24. საქმის წარმოების შემდეგ ეტაპებზე მოსარჩელე ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას ამართლებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მასსა და სადავო სამართალურთიერთობაში მის უფლებამონაცვლე ქ.პ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოში იგივე მოპასუხეების მიმართ აღძრული აქვთ მიკუთვნებითი სარჩელი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (საქმე №2/24439-19, თავდაპირველი №2/16174-12), რომლის წარმატებულობაც პირდაპირ არის დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის სააპელაციო სასამართლო წინამდებარე საქმეზე (საქმე №2ბ/7355-19), რამეთუ სწორედ აღნიშნული კრების ოქმების კანონსაწინააღმდეგო ბუნებიდან გამომდინარე მიადგა ზიანი როგორც მოსარჩელეს, ისე მის უფლებამონაცვლე ქ.პ–ს (04.09.2013 წლის სხდომის ოქმი, 14:54:26-დან, ტ. 2, ს.ფ. 290-302, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ტ. 2, ს.ფ. 353). აპელანტის (მოსარჩელის) განმარტებით, წინამდებარე დავაში (სამოქალაქო საქმე №2ბ/7355-19, საქმის თავდაპირველი ნომერია №2/13650-12) მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი კრების ოქმების გასაჩივრებული ნაწილების კანონიერების საკითხის დადგენის შედეგად, იკვეთება ზემოთ მითითებულ მიკუთვნებით სარჩელზე წარმატების მიღწევის უტყუარი შესაძლებლობა, რადგან ზიანის დადგომა, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ითხოვს ამჟამად პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე, გამოწვეულია სწორედ წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი კრების ოქმების საფუძველზე გაფორმებული გადაწყვეტილებებით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე №2/24439-19 (თავდაპირველი №2/16174-12) სამომავლოდ მისაღები სამართლებრივი შედეგი (ანუ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივა) პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირშია წინამდებარე საქმეზე აღიარებითი სარჩელის წარმატებულობასთან, რაც ადასტურებს აღიარებითი მოთხოვნების მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას. ასევე, აპელანტის (მოსარჩელის) მითითებით, სადავო ოქმების ბათილობის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე №3/4539-13 ადმინისტრაციულ დავას, რომლის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულებაც პირდაპირ არის დამოკიდებული მიმდინარე სამოქალაქო საქმის შედეგზე, განსაკუთრებით კი 12.04.11 წლის №07-2011 და №08-2011 კრების ოქმების ბათილად ცნობაზე, რადგან ქ. თბილისის მერიისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის სადავო ბრძანებების უკანონოდ ცნობა (რაც ადმინისტრაციული სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა) სწორედ ზემოაღნიშნული კრების ოქმების არამართლზომიერებას ეფუძნება.
7.25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ არ არის გამოკვეთილი მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ ნაწილში სარჩელი იმთავითვე არ უნდა მიეღო განსახილველად. მოსარჩელის ახსნა-განმარტებებისა და სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ მას წინამდებარე სარჩელით ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ გააჩნია მხოლოდ ის ინტერესი, რომ ამჟამად პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვაში არსებული მიკუთვნებითი სარჩელისათვის შექმნას ფაქტობრივი საფუძვლები. ანუ მოსარჩელის იურიდიული ინტერესია ზიანის ანაზღაურების შესახებ დავაში წარმატების მოპოვება. სადავო კრების ოქმების ბათილად აღიარებით კი, დადასტურდება მოპასუხეთა არამართლზომიერი ქმედება, რაც ზიანის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი ელემენტია.
7.26. სააპელაციო პალატამ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაზუსტებული სარჩელის შინაარსის კვლევის საფუძველზე, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი ექვსი კრების ოქმიდან პირველი ხუთის (გარდა 23.01.07 წლის კრების ოქმისა) უკანონოდ აღიარება (ბათილად ცნობა) წარმოადგენს იმ მიკუთვნებითი (ზიანის ანაზღაურების თაობაზე) სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, რომელიც ამჟამად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასეთ ვითარებაში, მიკუთვნებითი სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი იქნება, სწორედ, იმ კრების ოქმების (ამხანაგობის სახელით შედგენილი 02.09.2009 წლის №10 კრების ოქმის მე-3 ნაწილი, 15.04.2010 წლის №17 კრების ოქმი, 18.02.2011 წლის №01-2011 კრების ოქმი, 12.04.2011 წლის №07-2011 და №08-2011 კრების ოქმები) კანონიერება, რომელთა ბათილობასაც მოსარჩელე ამ საქმეში მოითხოვს.
7.27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ხუთი კრების ოქმის (ამხანაგობის სახელით შედგენილი 02.09.2009 წლის №10 კრების ოქმის მე-3 ნაწილი, 15.04.2010 წლის №17 კრების ოქმი, 18.02.2011 წლის №01-2011 კრების ოქმი, 12.04.2011 წლის №07-2011 და №08-2011 კრების ოქმები) ბათილად ცნობის მიმართ უკვე რეალიზებულია მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმავე მოპასუხეთა მიმართ აღძრული მიკუთვნებითი სარჩელის (სამოქალაქო საქმე №2/24439-19, თავდაპირველი №2/16174-12) წარდგენით, რადგან სადავოდ გამხდარი კრების ოქმების კანონიერებას სასამართლო მიკუთვნებითი სარჩელის განხილვის ფარგლებში შეამოწმებს. ეს გარემოება კი, თავისთავად, გამორიცხავს განსახილველ საქმეში მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას ამ კრების ოქმების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. პალატის მოსაზრებით, მითითებულ ნაწილში არსებობს პარალელური, აბსოლუტურად ფორმალური ხასიათის სამართალწარმოება, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებს.
7.28. რაც შეეხება მეექვსე, სადავო 23.01.07 წლის, კრების ოქმს, რომლითაც ამხანაგობის კრებაზე დამსწრე პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობის საჭიროებისათვის იპოთეკით დაეტვირთათ ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონება, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა მოსარჩელემ დააყენა მოგვიანებით (იხ: განცხადება სარჩელზე მოთხოვნის გაზრდისა და დაზუსტების შესახებ, ტ.2, ს.ფ. 57), ისე, რომ საერთოდ არ დაუსაბუთებია ამ მოთხოვნის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია რა ლეგიტიმური იურიდიული ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს ზემოაღნიშნული კრების ოქმის ბათილად ცნობის, ისევე როგორც, ამხანაგობის წევრად აღდგენის მოთხოვნის ნაწილში, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ერთობლივი საქმიანობა შეწყვეტილია.
7.29. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.2015 წლის განჩინებით მოსარჩელის ადმინისტრაციული სარჩელის წარმოება შეჩერებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმის განხილვამდე (იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ადმინისტრაციული სარჩელით სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას საფუძვლად უდევს ამ საქმეში სადავოდ გამხდარი 12.04.11 წლის კრების ოქმების არამართლზომიერება), სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი სააპელაციო სასამართლოს არ ზღუდავს, რომ შეამოწმოს იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხი და ასეთი ინტერესის არარსებობის შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელი დატოვოს განუხილველად, როგორც ამას კანონი ავალდებულებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოება არ ამართლებს ხსენებული აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობის 12.04.11 წლის კრების ოქმების მართლზომიერების საკითხი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს კვლევის საგანს მიკუთვნებითი სარჩელის განხილვის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე აღიარებითი სარჩელი აღძრულია ჯერ კიდევ 2012 წელს, ხოლო ადმინისტრაციული სარჩელი წარდგენილია 02.12.2013 წელს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სადავო 12.04.11 წლის კრების ოქმის მართლზომიერების შემოწმება ხსენებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებშიცაა შესაძლებელი, რადგან იგი (ოქმის უკანონობა) ამ ადმინისტრაციული სარჩელის ერთ-ერთი ფაქტობრივი საფუძველია.
7.30. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ამხანაგობის წევრად აღდგენის მოთხოვნებზე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ არის გამოკვეთილი და დასაბუთებული, ეს ფაქტი ამ ნაწილში მოსარჩელის სარჩელის განუხილველად დატოვების კანონისმიერი საფუძველია (სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 275-ე მუხლი). აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, რაშიც იგულისხმება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოსარჩელემ იმ სამართლებრივ შედეგზე უნდა მიუთითოს, რაც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის მიმართ ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას. სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის აღძვრისას იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. სააპელაციო სასამართლო, სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების საფუძველზე უფლებამოსილია, ამ ნაწილში სარჩელი განუხილველად დატოვოს.
7.31. რაც შეეხება სადამფუძნებლო და ინდივიდუალური ხელშეკრულებებით, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ 04.06.2020 წლის განცხადებით მოსარჩელემ დაადასტურა ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებულ ოთხ უძრავ ნივთთან (ს/კ: ........, ს/კ: ......., ს/კ: ......., ს/კ: ......) მიმართებით 30.07.2010 წლის მორიგების აქტით გათვალისწინებული ქმედებები, კერძოდ, სარემონტო და საერთო საკომუნიკაციო ქსელში ჩასართავი სამუშაოები, თავად განახორციელა და სწორედ, ამ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას მოითხოვდა მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადებით. ამავე განცხადებაში მოსარჩელემ დაადასტურა ის გარემოებაც, რომ სადავო ფართები მის საკუთრებას აღარ წარმოადგენს (ტ. 6, ს.ფ. 13-221). საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ ის სამუშაოები, რომელთა შესრულების მოპასუხეებისათვის დაკისრებასაც მოსარჩელე მოითხოვდა, რეალურად განხორციელებულია (დამატებით იხ., ტ.3, ს. ფ. 8-42). მოსარჩელემ 04.06.2020 წელს ამ ნაწილში სარჩელზე დავის საგნის შეცვლითა და მეორადი მოთხოვნის (სარემონტო და საერთო საკომუნიკაციო ქსელში ჩართვის სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება) წარდგენით დაადასტურა ის გარემოება, რომ პირველადი მოთხოვნა აღარ არსებობს, ანუ აღარ არსებობს დავის საგანი, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
7.32. რაც შეეხება სარჩელის იმ ნაწილს, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მორიგების აქტის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას (მ.კ–ის მიერ ......... ქ. №8-ის სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებით გაცხადებული ნებისმიერი პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით გაცხადებული თანხმობების ნოტარიულად დამოწმებული ასლების, ასევე ნებისმიერი სხვა დოკუმენტის, რომელიც უკავშირდება მოსარჩელესა და მ.კ–ს შორის არსებულ სამართალურთიერთობებს, მოსარჩელისათვის გადაცემას), სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მითითებული სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ წარადგინა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით. საქმის მასალებით არ დგინდება ამ მოთხოვნის პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან მიღება და განხილვა (გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით რაიმე მსჯელობას არ შეიცავს). გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებაზე იმის შესახებ, რომ აღნიშნული დოკუმენტების გადაცემის მოთხოვნა უკავშირდებოდა ამხანაგობასთან გაფორმებული 30.07.2010 წლის მორიგების აქტის პირობების შესრულებას (იხ: 04.09.13 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 14:12). მოცემულ შემთხვევაში კი, 30.07.2010 წლის მორიგების აქტის პირობები (მოპასუხის მიერ სარემონტო და საერთო საკომუნიკაციო ქსელში ჩასართავი სამუშაოების შესრულება) უკვე განხორციელებულია თავად მოსარჩელის მიერ, რაც დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის მიმართ დავის საგნის არარსებობაზე მიუთითებს. ამასთან, გაუგებარია რა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების აღდგენას და/ან კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება ამგვარი მოთხოვნა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველად დარჩა კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ამხანაგობის წევრად აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნები. კერძო საჩივარი შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილსაც, რომელიც უკავშირდება 30.07.2010 წლის მორიგების აქტის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე დოკუმენტების გადაცემის შესახებ ვალდებულებას. კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2022 წლის საოქმო განჩინებაც.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და განჩინების გასაჩივრებული ნაწილის იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილის მართლზომიერება, რომლითაც სარჩელი კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ამხანაგობის წევრად აღდგენის მოთხოვნების ნაწილში დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მითითებული სასარჩელო მოთხოვნებისადმი მისი იურიდიული ინტერესის არსებობა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც საქმის წარმოება შეწყდა, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი სადავოდ არ ხდის უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ მიკუთვნებით მოთხოვნაზე სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტას (ტ.8, ს.ფ.252, 285-286).
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო კრების ოქმები წარმოადგენს გარიგებას, რომელთა ბათილად ცნობის, ასევე, ამხანაგობის წევრად აღდგენის მოთხოვნის, როგორც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სსსკ-ის 180-ე მუხლის (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) თანახმად, იურიდიული ინტერესის არსებობა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომელიც სასამართლომ საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს (შდრ. სუსგ №ას-1920-2018, 31.05.2019წ; №ას-847-2019, 26.12.2019წ; №ას-62-2019, 17.07.2019წ; №ას-36-2019, 27.06.2019წ.).
13. სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ №ას-1508-2019, 25.11.2020წ; №ას-1525-2019, 16.12.2019წ; №ას-196-185-2017, 05.05.2017წ.).
14. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
15. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; სუსგ №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ.).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ; №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს (სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019წ., პ.27).
17. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილულია და გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგ მოთხოვნებზე: ა) ამხანაგობის 02.09.2009 წლის №10 კრების ოქმის მე-3 ნაწილის, ბ) 15.04.2010 წლის №17 კრების ოქმის, გ) 18.02.2011 წლის №01-2011 კრების ოქმის, დ) 12.04.2011 წლის №07-2011 კრების ოქმის, ე) 12.04.2011 წლის №08-2011 კრების ოქმის, ვ) 23.01.2007 წლის კრების ოქმის, ბათილად ცნობა; მოსარჩელის ამხანაგობის წევრად აღიარება (იხ. სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 1-27; განცხადება მოთხოვნის გაზრდისა და მისი დაზუსტების შესახებ, ტ. 2, ს.ფ. 57-61).
18. უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ წინამდებარე სამოქალაქო საქმის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს მოსარჩელისა და მისი შვილის, ქ.პ–ის მიკუთვნებით სარჩელს იგივე მოპასუხეების მიმართ, სადაც სარჩელის მოთხოვნაა იგივე სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (საქმე №2/24439-19, თავდაპირველი №2/16174-12). ერთ-ერთი გარემოება, რომელზეც მოსარჩელე უთითებს სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ თავისი იურიდიული ინტერესის არსებობის დასასაბუთებლად, სწორედ აღნიშნული სამოქალაქო საქმეა. საკასაციო პალატა იზიარებს, ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაზუსტებული სარჩელის (ტ. 6, ს.ფ.463-581) შინაარსის კვლევის საფუძველზე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას მასზე, რომ წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი ექვსი კრების ოქმიდან პირველი ხუთის (გარდა 23.01.07 წლის კრების ოქმისა) უკანონოდ აღიარება (ბათილად ცნობა) წარმოადგენს იმ მიკუთვნებითი (ზიანის ანაზღაურების თაობაზე) სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, რომელიც ამჟამად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე თავადვე უთითებდა, რომ ზიანის დადგომა ამ კრების ოქმების კანონსაწინააღმდეგო ბუნებამ განაპირობა (ტ.2, ს.ფ.353), აღნიშნულზე მითითებულია კერძო საჩივარშიც. ამრიგად, მიკუთვნებითი სარჩელის განხილვის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლო შეაფასებს ამ კრების ოქმების კანონიერებას, რაც გამორიცხავს წინამდებარე საქმეში მათი ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ დავაში წარმატების მისაღწევად საფუძვლის შექმნა, წინამდებარე დავის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას ვერ ადასტურებს. პირიქით, დამატებით მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროების წარმოშობა მიუთითებს, რომ ამ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სადაც მოთხოვნილი არ არის რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, მოსარჩელე კონკრეტულ შედეგს ვერ აღწევს. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს აღიარებითი სარჩელის ერთ-ერთ იურიდიულ ინტერესად ამავე სარჩელის მიკუთვნებით ნაწილზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1.3. პუნქტი) კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და კერძო საჩივრის ავტორი უთითებს აღნიშნული მოთხოვნების ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის ფარგლებში საქალაქო სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებაზე(ტ.8, ს.ფ. 252, 285-286).
19. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მეექვსე - 23.01.2007 წლის კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართაც. დადგენილია, რომ 23.01.2007 წლის კრების ოქმით ამხანაგობის კრებაზე დამსწრე პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობის საჭიროებისათვის იპოთეკით დაეტვირთათ ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ საფუძველი შეექმნას აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა, მათ შორის მოსარჩელის, უძრავ ქონებაზე, არსებული იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძველი გახდება (ტ.8, ს.ფ. 260-დან), თუმცა მოსარჩელეს ამგვარი სასარჩელო მოთხოვნები არ დაუყენებია.
20. კერძო საჩივრის ავტორი კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ თავისი იურიდიული ინტერესის დასასაბუთებლად ასევე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 01.05.2015 წლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/4539-13 (მოსარჩელის სარჩელის გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, მესამე პირების - ამხანაგობის, კომპანიის და სხვათა მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე) შეჩერდა საქმის წარმოება წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (დადგენილია, რომ საქმისწარმოება შეჩერდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ადმინისტრაციული სარჩელით სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას საფუძვლად უდევს ამ საქმეში სადავოდ გამხდარი 12.04.11 წლის კრების ოქმების არამართლზომიერება). საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ასევე არ ამართლებს მოსარჩელის აღიარებითი მოთხოვნის მიმართ იურიდიულ ინტერესს. როგორც უკვე აღინიშნა, წინამდებარე სამოქალაქო საქმის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს მოსარჩელისა და მისი შვილის, ქ.პ–ის მიკუთვნებით სარჩელს იგივე მოპასუხეების მიმართ, სადაც სარჩელის მოთხოვნაა იგივე სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (საქმე №2/24439-19, თავდაპირველი №2/16174-12). მიკუთვნებითი სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი იქნება, სწორედ, იმ კრების ოქმების კანონიერება, რომელთა ბათილობასაც მოსარჩელე ამ საქმეში მოითხოვს. ანუ, მიკუთვნებითი მოთხოვნა, რომლის აღძვრაც იმთავითვე შესაძლებელი იყო, დაყენებულია. ყოველი საქმის განხილვისას სასამართლო მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
21. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების სარჩელზე დადგენილ კრების ოქმების ნამდვილობის/ბათილობის გარემოებებს, როგორც მიკუთვნებით მოთხოვნაზე შედეგის განმაპირობებელ გარემოებებს, ექნებათ მოცემულ აღიარებით მოთხოვნებზე გადაწყვეტილების თანაბარი მნიშვნელობა. ნებისმიერი საქმისთვის, რომლისთვისაც წინამდებარე აღიარებით მოთხოვნებზე მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა რელევანტური, ასეთად იქცევა უკვე განხილვის პროცესში არსებულ მიკუთვნებით სარჩელზე მიღებული შემაჯამებელი საპროცესო აქტი.
22. დაუსაბუთებელია ასევე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი ამხანაგობის წევრად აღიარების მოთხოვნის ნაწილშიც. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას აცხადებს ამხანაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების შინაარსი და იმ პირობებში, როცა ამხანაგობის მიზანი ყველა წევრის ინტერესის ნაწილში ბოლომდე მიღწეული არ არის, დაადგინა მისი შეწყვეტა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს: ეს "გარემოება ხელშემშლელ ვითარებას მიქმნის ამავე მოპასუხეების მიმართ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ზემოაღნიშნულ №2/24439-19 საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების დადგომაში" (ტ.8, ს.ფ.278-281). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება დამთავრდა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად), ამასთან, ამხანაგობის ხელშეკრულების შეწყვეტა/არშეწყვეტის ფაქტი არ არის განუხილველად დატოვების შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივად რელევანტური გარემოება და ვერ ექნება პრეიუდიციული მნიშვნელობა სხვა საქმეზე (იხ. პ. ქათამაძე, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 266, გვ. 998). შესაბამისად, ამხანაგობის წევრობიდან გამომდინარე მიკუთვნებითი მოთხოვნით უკვე აღძრულ თუ აღსაძრავ სარჩელზე სასამართლო იმსჯელებს ამ საფუძველზეც.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ წარმოდგენილ აღიარებით მოთხოვნებზე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ იკვეთება. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოთხოვნილი არ არის რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელისთვის სასურველი იურიდიული შედეგის მომტანი ვერ იქნება. არ არსებობს აღიარებითი სარჩელის განხილვის წინაპირობები. კერძო საჩივრით არ არის წარმოდგენილი სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.
24. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-847-2019, 26.12.2019წ; №ას-302-285-2017, 16.06.2017წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ.). საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ არსებობდა კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ამხანაგობის წევრად აღდგენის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
25. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომელიც შეეხება 30.07.2010 წლის მორიგების აქტის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე დოკუმენტების გადაცემის შესახებ ვალდებულებაზე (მ.კ–ის მიერ ......... ქ. №8-ის სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით გაცხადებული თანხმობების ნოტარიულად დამოწმებული ასლების, ასევე ნებისმიერი სხვა დოკუმენტის, რომელიც უკავშირდება მოსარჩელესა და მ.კ–ს შორის არსებულ სამართალურთიერთობას, მოსარჩელისათვის გადაცემა) სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას. სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ მითითებული სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ წარადგინა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით. თავისი პოზიციის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ეს მოთხოვნა მისმა წარმომადგენელმა გააჟღერა 04.09.2013 წლის სასამართლო სხდომაზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სხდომა სასამართლოს მთავარ სხდომას წარმოადგენდა (ტ.2, ს.ფ. 290-319). საქმის მასალებით არ დგინდება ამ მოთხოვნის პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან მიღება და განხილვა (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით რაიმე მსჯელობას არ შეიცავს).
26. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2022 წლის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე (ტ.7, ს.ფ. 346-352). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2023 წლის განჩინება.
3. ნ.ს–ის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2022 წლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია