საქმე №ას-1564-2023 20 დეკემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.ჭ–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.რ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ქ.რ–ის სარჩელი ა.ჭ–ის, გ.ჭ–ის, დ.ყ–ის, თ.ბ–ძისა და ს.ჯ–ძის მიმართ, რომლებსაც მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის 4372,79 ლარის სოლიდარულად ანაზღაურება, ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად დაევალათ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, ........., ს/კ/ ....... წყალსაწრეტი და წყალსაკანალიზაციო სისტემის მოწყობა ქ. თბილისის მერიის შპს ,,თ–თან’’ შეთანხმებული 26.08.2021 წლის საპროექტო გადაწყვეტილების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ჭ–მა, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ა.ჭ–ის საჩივარი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ჭ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორი, შესაბამისად, ის ვალდებული იყო გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეში გამოცხადებულიყო სასამართლოში და მოეთხოვა მოტივირებული განჩინების ჩაბარება. ეს ვალდებულება კასატორმა არ შეასრულა, შესაბამისად, გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დენა დაიწყო ავტომატურად, განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს 2023 წლის 06 ნოემბერს (2023 წლის 05 ნოემბერი იყო დასვენების დღე) და ამოიწურა 2023 წლის 27 ნოემბერს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კასატორს არ წარმოუდგენია საჩივარი და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობა.
კასატორს განჩინება ჩაბარდა 2023 წლის 20 ნოემბერს და საჩივარი წარმოადგინა 2023 წლის 08 დეკემბერს, თუმცა, როგორც აღინიშნა, საჩივრის წარდგენა გასაჩივრების ვადის დარღვევით მოხდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ჭ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე