Facebook Twitter

საქმე № ას-1603-2023 29 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

კერძოს საჩივრის ავტორი - ნ.ე–ი, ნ.ე–ი (მოპასუხე, აპელანტი);

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ბ–ძე (მოსარჩელე);

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

კერძოს საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, ხ.ბ–ძის სარჩელი ნ.ე–ისა და ნ.ე–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს არასრულწლოვანი შვილიშვილების 2014 წლის 29 ოქტომბერს დაბადებული ა.ე–ის და 2016 წლის 30 მარტს დაბადებული ე.ე–ის სარჩენად დაეკისრათ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 75 ლარის ოდენობით ჯამში 150 ლარი 2022 წლის 4 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, რადგან სააპელაციო მოთხოვნა არ აღემატებოდა 2000 ლარს, საჩივარი დარჩა განუხილველად.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, რომლითაც მოითხოვეს განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

6. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

8. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

9. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

10. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება გამოტანილია ზეპირი მოსმენის გარეშე, რომელიც 2023 წლის 17 ნოემბერს გაეგზავნათ საჩივრის ავტორებს და ჩაბარდათ 2023 წლის 21 ნოემბერს, შესაბამისად, გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 22 ნოემბერს და ამოიწურა 2023 წლის 4 დეკემბერს (2023 წლის 2 და 3 დეკემბერი იყო დასვენების დღეები).

12. კერძო საჩივარი წარმოდგენილია ფოსტის კონერტით, რომელზე დასმული ბეჭდითაც ირკვევა, რომ საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2023 წლის 11 დეკემბერს, აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის ცალსახაა, რომ საჩივრის ავტორებმა გაუშვეს გასაჩივრების 12 დღიანი ვადა, ხოლო კერძო საჩივარში არაა მითითებული ისეთი სახის გარემოებები, რაც შესაძლოა ყოფილიყო ვადის გაშვების ბრალეულობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ გასაჩივრების ვადა დარღვეულია, რაც კერძო საჩივრის განუხივლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ე–ისა და ნ.ე–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე