Facebook Twitter

საქმე №ას-1438-2023 27 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ლ.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ი–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ლ-ფ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა შპს „ლ-ფ–ის“ დირექტორმა, შირიმი ვეკუამ სააპელაციო წესით და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 3.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. 4.აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ლ-ფ–ის“ ხელმძღვანელმა, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის თქმით, მის მიერ არ მომხრადა საპროცესო ვადის გაშვება, რადგან საფოსტო გზავნილი ჩაბარდა პიროვნებას, რომელიც არ არის კომპანიაში დასაქმებული პირი. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობას 2021 წლის 3 სექტემბრიდან ახორცილებს სულ სხვა პირი და არა ის, ვინმაც ჩაიბარა საფოსტო გზავნილი, კომპანიას კი მხოლოდ ხელმძღვანელი პირი ყავს დასაქმებული, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა არ ყოფილა დარღვეული. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 7.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 8.სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. 9.სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. 10.სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. 11.ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. 12.სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. 13.სსსკ-ის 259-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. 14. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა 2023 წლის 11 სექტემბერს, ხოლო ჩაბარების ფაქტი დათარიღებულია 2023 წლის 13 სექტემბრით, შესაბამისად, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 14 სექტემბერს და ამოიწურა 2023 წლის 27 სექტემბერს, რაც შეეხება შპს „ლ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარს, ის სასამართლოს წარედგინა ერთი დღის დაგვიანებით - 2023 წლის 28 სექტემბერს, დამატებით, მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი სახის შუამდგომლობა, რომელიც გამორიცხავდა ვადის დაგვიანების ბრალეულობას. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ისეთი სახის შედავება, რომელიც დადასტურებულად დაამტკიცებდა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რაც გამოიწვევდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას.

15. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ, მართალია, შპს „ლ.ფ–ის" (ს.კ. ......) უშუალო ხელმძღვანელი ნამდვილად არ არის ირაკლი დუმბაძე, თუმცა აღნიშნული პიროვნება ხელმძღვანელია ამავე სახელწოდების შპს „ლ.ფ–ის“ (ს.კ. .....), რომელიც 100% წილის მფლობელია წინამდებარე საქმეში არსებული შპს „ლ.ფ–ის", შესაბამისად, მას ჰქონდა უფლებამოსილება, ჩაებარებინა სასამართლოს გზავნილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჩივრის ავტორი იურიდიული პირია და გზავნილი სწორედ მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა ადრესატს, ამიტომ საჩივრის ავტორის შედავება ამ კუთხით დაუსაბუთებელია. 16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც, სწორად იქნა შპს „ლ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებული. 17.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი. 18.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლ.ფ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე