Facebook Twitter

საქმე №ას-1299-2023 22 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ლ–ი, გ.ლ–ი, გ.გ–ნი, თ.გ–ნი, რ.რ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთის მიზნით უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, უძრავი ნივთით უკანონო სარგებლობისთვის თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა ი.ლ–ის, გ.ლ–ის, გ.გ–ნის, თ.გ–ნისა და რ.რ–ის (შემდეგში მოსარჩელეები) სარჩელი და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეთა კუთვნილი 59მ2 მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: #.......) ღობის გატანა (დემონტაჯი) და ნაკვეთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მათთვის გადაცემა; მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2548 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

2. კასატორის განმარტებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა მისი დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან არ დასტურდება მოსარჩელეთა საკუთრებაში სადავო ღობის მოპასუხის მიერ განთავსების ფაქტი.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეთა თანასაკუთრებაშია 1000მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული მიწის ნაკვეთი (მდებარე, ქ. თბილისი, ..... ქუჩა, რაიონული საქვაბისა და „მიონისათვის“ პროფესიული სასაწავლებლის ასაშენებლად ადრე გამოყოფილ ნაკვეთს შორის (ს/კ: N .....);

7.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოპასუხის საკუთრებაშია 6058მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული მიწის ნაკვეთი (მდებარე, ქ. თბილისი, ....... ქუჩა N112; ს/კ: N .....);

7.3. მოსარჩელეებისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავეა;

7.4. მოსარჩელეების კუთვნილ 59მ2 მიწის ნაკვეთზე (შემდგომში სადავო მიწის ნაკვეთი, სადავო მიწა ან სადავო ტერიტორია), მომიჯნავე ნაკვეთების საზღვრის დარღვევით მოპასუხის მიერ აღმართულია ღობე, რის გამოც, აღნიშნული ფართი მოპასუხის სარგებლობაშია;

7.5. მოპასუხე სადავო ტერიტორიას თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად იყენებს კომერციული დანიშნულებით, კერძოდ, გაცემული აქვს იჯარით და იღებს შემოსავალს;

7.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექმპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 მარტის N002038821 დასკვნის თანახმად, N ...... და N ....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზს), ღობე მოიცავს/ფარავს N ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 59მ2 ფართს;

7.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექმპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 მაისის N003570121 დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ...... ქუჩაზე მდებარე N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000მ2 ერთი კვ.მ მიწის ნაკვეთის საშუალო ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ღირებულება 2018 წლის მაისიდან 2021 წლის 27 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1.2 აშშ დოლარს ამ დღის გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში;

7.8. წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე, მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს განცხადებით წითელ ხაზებს გადაცილებული ღობის დემონტაჟის მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

10. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

11. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მნიშვნელობას, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ.

12. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (№ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

13. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021).

14. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 15-16), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მეტიც, იგი აღნიშნულ ტერიტორიას თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად იყენებს კომერციული დანიშნულებით, კერძოდ, გაცემული აქვს იჯარით და იღებს შემოსავალს, ამასთან, მოსარჩელეთა ნაკვეთზე განთავსებულია ღობე, რაც ხელს უშლის ნაკვეთის მესაკუთრეებს მიწით თავისუფლად სარგებლობაში.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (რომლითაც დასტურდება მოსარჩელეებისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებობა), ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 მარტის N002038821 დასკვნა (რომლის მიხედვით დადგენილია, რომ N ....... და N ....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზს), ღობე მოიცავს/ფარავს N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 59მ2 ფართს), ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 მაისის N003570121 დასკვნა (რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...... ქუჩაზე მდებარე N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 მ2 მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ღირებულება 2018 წლის მაისიდან 2021 წლის 27 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1.2 აშშ დოლარს ამ დღის გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში) - წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას ქმნიდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო მიწის ნაკვეთის მის მიერ მართლზომიერ მფლობელობას ან/და მიჯნის მართლზომიერად განთავსებას დაადასტურებდა. კასატორის მითითება, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო მიჯნის მის მიერ განთავსების ფაქტი, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც ზემოაღნიშნული გარემოების - მოსარჩელეთა მართლზომიერი მფლობელობის - გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

17. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოპასუხეს (კასატორს) სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია.

18. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა, ნივთის მისთვის გადაცემა და საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვოს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე