საქმე №ას-1262-2023 8 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.კ–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ფ.ფ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ფ.ფ–ი (შემდეგში: მოსარჩელე ან დედა) და გ.კ–ი (შემდეგში მოპასუხე, მამა, აპელანტი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2008 წლიდან. თანაცხოვრებისას მათ შეეძინათ ორი შვილი – 2009 წლის 21 სექტემბერს, მ.კ–ი და 2014 წლის 9 ივლისს – თ.კ–ი.
2. რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2019 წლის 19 მარტიდან.
3. მოსარჩელე არასრულწლოვან მ.კ–თან ერთად ცხოვრობს ქ. რუსთავში, ნაქირავებ ბინაში. ყოველთვიური ქირა 250 ლარია. არასრულწლოვანი თ.კ–ი ცხოვრობს დედის მშობლებთან, სოფელში.
4. მოპასუხეს აქვს მეტალო-პლასტმასის დამამზადებელი საამქრო. 2019 წლის 1 ნოემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების შესაბამისად, მისი დასაბეგრი შემოსავალი 42 335.64 ლარი იყო.
5. 2021 წლის 14 ივნისს მოპასუხემ დაზგაზე მუშაობისას მიიღო ხელის ტრავმა, რომლის შედეგად დაკარგა მარჯვენა მტევნის ერთი თითი სასახსრე დონეზე და მეორე თითი სრულად.
6. მოპასუხეს სხვადასხვა ბანკში გახსნილი აქვს ანგარიშები. ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით: 01.01.2021 წლიდან 30.06.2022 წლამდე სს „თ.ბ–ში“, მოპასუხის №.......L ანგარიშზე ბრუნვა 54 648.25 ლარია, იმავე ბანკში №....... ანგარიშზე 18.01.2022 წლიდან 30.06.2022 წლამდე – 948.69 აშშ დოლარი, ხოლო №......... ანგარიშზე, 30.03.2022 წლიდან 30.06.2022 წლამდე – 2 752.70 ლარი; სს „ს.ბ–ში“ მოპასუხის №GE........ ანგარიშზე, 01.01.2021 წლიდან 30.06.2022 წლამდე ბრუნვა 34 751.40 ლარია.
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა არასწრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 500-500 ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანობამდე.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წელს მუშაობისას მიიღო ხელის ტრავმა, რის გამოც მისი შრომისუნარიანობა მკვეთრად დაქვეითდა. ამდენად, ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ მხოლოდ 50 ლარის გადახდა შეუძლია. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩლეს მასზე გაცილებით მაღალი შემოსავალი აქვს და შეუძლია სათანადოდ უზრუნველყოს ბავშვების საჭიროებები.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, თვეში თითოეულის სასარგებლოდ 400 ლარის გადახდა.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის შემცირება თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 100 ლარამდე.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა 350-350 ლარის გადახდა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ აპელანტისთვის ალიმენტის სახით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 100 ლარის დაკისრება ბავშვების განვითარების მინიმალურ დონესაც ვერ უზრუნველყოფს. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშობლის საალიმენტო ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, იგი არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მაღალი მატერიალური შემოსავალი ან საბანკო ვალდებულებები აქვს, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის შესაქმნელად.
11.3. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხეს მიღებული აქვს შრომითი ტრავმა (დაკარგული აქვს მარჯვენა მტევნის ერთი თითი სასახსრე დონეზე და მეორე თითი სრულად) და სამუშაოს შესასრულებლად სჭირდება სხვა პირის დახმარება, ასევე შეაფასა არასრულწლოვანთა მოვლა-აღზრდის ყოველთვიური საჭიროებები (ყოფითი, სამედიცინო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა) და მასში მამასთან ერთად დედის მონაწილეობის მნიშვნელობა და დაასკვნა, რომ დაკისრებული ალიმენტის, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 400 ლარის 50-50 ლარის შემცირებით შესაძლებელი იქნება ბავშვების ცხოვრების სათანადო პირობების მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფა.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის შემცირება თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 100 ლარამდე.
12.2. კასატორის განმარტებით, გაუგებარია რას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო ალიმენტის თანხის განსაზღვრისას მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით 300 ლარია და სხვა რაიმე დამატებითი შემოსავალი მას არ აქვს, მოსარჩელე კი გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებს. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, არასწორად შეაფასა არასრულწლოვნებისთვის საჭირო ყოველთვიური ხარჯის ოდენობა და ალიმენტის განსაზღვრისას ერთობლივად არ გაითვალისწინა ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე („მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ“), 1234.1 („იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან“), 1198.2 („მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება“ და 1202-ე „მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ“) მუხლები.
23. კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლობმა არ გაითვალისწინეს მოპასუხის რეალური ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, არასწორად შეაფასეს ბავშვების საჭიროებები და არასწორად დაასკვნეს რომ ალიმენტის, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრება ბავშვების განვითარების მინიმალურ დონესაც ვერ უზრუნველყოფდა.
24. მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).
25. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
27. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.
28. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხისთვის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეაფასეს შემდეგი გარემოებები: მოპასუხე დასაქმებულია და მიუხედავად შრომითი ტრავმისა, მას აქვს დასაბეგრი შემოსავალი; მოსარჩელე ერთ შვილთან ერთად ცხოვრობს დაქირავებულ ბინაში, იხდის ყოველთვიურ ქირას და უზრუნველყოფს ბავშვის ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას. მეორე ბავშვი კი ცხოვრობს მოსარჩელის მშობლებთან სოფელში; ბავშვებს აქვთ მზარდი საჭიროებები, რაც უკავშირდება სასკოლო განათლებასთან ერთად სხვადასხვა სპორტულ-განმავითარებელ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას. სასამართლოებმა უდავოდ დადგენილად მიიჩნიეს ისიც, რომ ვინაიდან არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან და დედის მშობლებთან, მოსარჩელეს უწევს მათი სხვა არაერთი ყოფითი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ამავე დროს, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, სასამართლოებმა ერთობლივად შეაფასეს საქმეზე წარდგენილი საბანკო ამონაწერები.
29. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინეს მოპასუხის ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობა.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
31. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
32. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
33. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
34. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
35. საკასაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხე მშობელს აწევს იმ გარემოებების დამტკიცების ტვირთი, რომლებსაც იგი ალიმენტის ოდენობის შესამცირებლად ეყრდნობა (იხ. სუსგ საქმე №ას-51-2021,30 ივნისი, 2022 წელი), კასატორს კი არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც მისი პრეტენზიის გაზიარებას განაპირობებდა და დაკისრებული ალიმენტის ოდენობის საკითხის გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
36. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პეტენზიად ვერ მიიჩნევა მოპასუხის მითითება, რომ მისი ამჟამინდელი შემოსავალი მხოლოდ 300 ლარია, რაც ბევრად ნაკლებია დაკისრებულ ალიმენტზე.როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის №ას-58-49-2011 გადაწყვეტილება, 2017 წლის 17 ოქტომბრის №ას-1141-1061-2017, 2020 წლის 25 თებერვლის №ას-1355-2019 და 2020 წლის 13 მარტის №ას-1301-2019 განჩინებები).
37. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობას, რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლისათვის 252.1 ლარს შეადგენს (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით და მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების, ტრანსპორტისა და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს.
38. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ თვეში 350 ლარი, ისედაც მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფს ბავშვების ცხოვრების სათანადო პირობებს და არ არსებობდა მისი კიდევ უფრო შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი
40. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. გ.კ–ს ........ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №6219, გადახდის თარიღი16/10/2023), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე