Facebook Twitter

საქმე №ას-1256-2023 15 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, სააგენტო, დამსაქმებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ნ–ძის (შემდეგში მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2020 წლის 27 თებერვლის N2241/კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე და მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1200 ლარი (დარიცხული), 2020 წლის 27 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე (მიღებული თანხის, 3858,57 ლარის გამოკლებით)

2. კასატორის პრეტენზიით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი არსებობს, პირველ რიგში, იმის გამო, რომ სასამართლომ ისე აღადგინა მოსარჩელე სამსახურში, არ გაითვალისწინა ვაკანტური საშტატო პოზიციების არარსებობის ფაქტი. იგი დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებას, რომლითაც დგინდებოდა სააგენტოში სპეციალისტის 1 საშტატო პოზიციის არსებობა, თუმცა საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ამაჟამად სამსახურში ვაკანტური პოზიცია აღარ არის.

3. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ არ ვლინდებოდა სააგენტოს ფუნქციურ ცვლილებასთან დაკავშირებული დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია - ფუნქციების განახლების ან საწარმოს მოთხოვნილებების გაზრდის ფაქტი, რის გამოც დასაქმებული არ აკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია რომ:

8.1. მოსარჩელე 2011 წლის 23 მარტიდან დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე;

8.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანებით სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაცია, ხოლო N12682/კ ბრძანებით, სააგენტოს თანამშრომლები გააფრთხილეს რეორგანიზაციის გამო სააგენტოს შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე, შრომითი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის გაუგრძელებლობის თაობაზე. ამავე ბრძანების მე-3 მუხლით დადგინდა, რომ სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, უნდა განხორციელებულიყო ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 2 დეკემბერს გაფრთხილებული იყო მოსარჩელეც;

8.3. სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის N2241/კ ბრძანებით შეფასების შედეგების გათვალისწინებით, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგო. გათავისუფლების საფუძვლად, ასევე, მითითებულია სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურების და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან ჩატარებული გასაუბრების კომისიის ოქმი N19.

8.4. სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 17 დეკემბრის N13703/კ ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით, ტერიტორიული სამსახურების დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება.

8.5. მოსარჩელემ ზოგად უნარებში მიიღო 58 ქულა (მაქსიმალური 80 ქულიდან), ქართული ენის მართლწერაში - 51 ქულა (მაქსიმალური 80 ქულიდან), სამართლებრივ თემატიკაში - 46 ქულა (მაქსიმალური 50 ქულიდან).

8.6. გასაუბრების N19 ოქმიდან ამონაწერს მიხედვით, მოსარჩელეს გასაუბრებისას საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი კითხვები: რა არის მათი ფუნქცია-მოვალეობანი? როგორია მათი სამუშაო გამოცდილება? როგორია მათი სამუშაო დატვირთვა? რა ცვლილებებია განსახორციელებელი სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისათვის?

8.7. სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის N2241/კ ბრძანების მიხედვით, სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირების და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მოცემულ შემთხვევაში, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 3 სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები აქვთ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ორ-სამ საშტატო ერთეულიანი სამსახურების და ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობდა 3 დეპარტამენტი (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებენ), ხოლო 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად - 21 სტრუქტურული ერთეული (სამსახური). ცვლილებები შევიდა აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც და, შედეგად, 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად ფუნქციონირებას განაგრძობდა 22 ტერიტორიული სამსახური, სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში გაუქმდა მენეჯერული პოზიციებიც, მათ შორის, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა.

9. წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შდეგების მართლზომიერების საკითხი, კერძოდ, შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებელის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ სშკ-ის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას – ამჟამად მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), სსკ-ის 115-ე და მე-8 მუხლებით რეგულირებული საკითხები და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტი.

10. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ როდესაც შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს დამსაქმებელი კომპანიის მიერ გამოცემულ ბრძანებაში (მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში) მითითებული სამართლებრივი საფუძველი და დადგინდეს ბრძანების კანონიერება.

11. მოცემულ დავაში, დამსაქმებელმა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაუდო სააგენტოში რეორგანიზაციის განხორციელება, რაც, როგორც აღინიშნა, ემყარება სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს.

12. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. სუსგ საქმე№ას-1444-1364-2017, 9 მარტი, 2018 წელი). ამასთან, სშკ 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის) საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ საქმე№ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).

13. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

14. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომელიც წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს და რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმა სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და, მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და, ხშირ შემთხვევაში, მიმართულია ერთგვარად „სუსტი მხარის“, ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (იხ. სუსგ საქმე Nას-414-391-2014, 29 ივნისი, 2015 წელი), რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1) „ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის) შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა) (იხ. სუსგ საქმე №ას-1513-2019, 16 დეკემბერი, 2019 წელი).

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელი ვერ ადასტურებს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების მართლზომიერებას.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლილება განიცადა მოპასუხე ორგანიზაციამ. წარმოდგენილია დამაჯერებელი, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტაცია, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია ნაკარნახევი იყო ფინანსებისა და შტატების ოპტიმიზაციით, კერძოდ, დასტურდება როგორც საშტატო ნუსხის, ასევე ყოველთვიური და წლიური ფონდების შემცირება. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს, დამსაქმებელს ევალებოდა დაესაბუთებინა, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, მითუმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება რეორგანიზაციის დასრულების დღისათვის (2020 წლის 27 თებერვალი) მთავარი სპეციალისტის 3 ვაკანტური ადგილის არსებობა. საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ ტესტირების შედეგად მიღებული ქულები, რიგ შემთხვევაში, ცდება ქულათა საშუალო მაჩვენებელს, ხოლო რიგ შემთხვევაში - უახლოვდება მაქსიმუმს. ამავდროულად, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელესთან გასაუბრებისას, გაცემული პასუხები იძლეოდა ტესტირებით მასზე დაბალი შეფასების მქონე პირებისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლობლობას, საქმეში არ წარდგენილა.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, სამუშაო ძალის შემცირების შემთხვევაშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა ყოფილიყო შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც, სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა მოსარჩელესთან შედარებით.

18. რაც შეეხება კასტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლოებს არ უნდა აღედგინათ მოსარჩელე სამუშაოზე ვაკანტური საშტატო პოზიციის არარსებობის გამო, საკასაციო პალატა არც აღნიშნულს გაიზიარებს და მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, თავისუფალი ვაკანსიის არარსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის, რელევანტური მტკიცებულებები, რომ კონკრეტული სამუშაო ადგილი ვაკანტური არ არის. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ წინამდებარე სარჩელის აღძვრის დროისთვის სააგენტოში მთავარი სპეციალისტის პოზიცია ვაკანტური იყო. ხოლო ის გარემოება, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვამდე მოპასუხემ ამ პოზიციაზე დაასაქმა სხვა პირი, ვერ მიიჩნევა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-543-2020, 24 თებერვალი, 2021 წელი).

19. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სადავო იყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე უარის თქმის კანონიერება, განმცხადებელმა (დამსაქმებელმა) მოითხოვა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოპასუხეს (დამსაქმებელს) მოსარჩელისთვის (დასაქმებულისთვის) კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაკისრებოდა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი, დამსაქმებელმა მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში განხილვისას, მან კანონის სრული დაცვით გააუქმა სამუშაოდან გათავისუფლებული პირის ვაკანტური თანამდებობა, ამასთან, დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნა სხვა პირები, რის გამოც შეუძლებელი იყო ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა გადაწყვეტილების აღსრულების წესის ცვლილების შესახებ განმცხადებლის (დამსაქმებლის) მიერ მითითებული მოტივი და განმარტა შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, უდავო ძალის მატარებელი ფაქტია, რომ საქმის განხილვის დროისათვის არსებობდა ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა, ხოლო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დამსაქმებლის მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისთვის არასასურველი კანდიდატის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას გამორიცხავს, მიუხედავად სამართლის ფორმალური მიდგომების დაცვისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრუნვის სუბიექტის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ ქცევად. შესაბამისად, ის გარემოება, როდესაც დამსაქმებლისათვის ცნობილია დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით ამართლებს საკუთარ ქმედებას, ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერ ქცევად“. ამრიგად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1116-2019, 31 იანვარი, 2020 წელი).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. საქმე №ას-178-2022, 18 ნოემბერი, 2022 წელი; საქმე №ას-481 -2022, 3 ნოემბერი, 2022 წელი; საქმე №ას-61-2022, 20 ოქტომბერი, 2022 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (202307404) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №9029, გადახდის თარიღი20/10/2023), 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე