Facebook Twitter

საქმე № ას-1178-2023 22 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ა–ი, ნ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლეობის დადგენის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ც.მ–ის (შემდგომში მოპასუხე ან მოვალე) სააპელაციო საჩივარი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის, „სამტრესტის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5626 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 26 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოვალის კუთვნილი, 0.12 ჰა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

3. 2011 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტს, „სამტრესტს“ შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, კრედიტორად განისაზღვრა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში მოსარჩელე ან კრედიტორი).

4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 29 ოქტომბრის წერილით კრედიტორისთვის ცნობილი გახდა მოვალის გარდაცვალების თაობაზე, რის გამოც უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით მოპასუხემ 2023 წლის 2 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით კრედიტორის განცხადება დაკმაყოფილდა და მოვალის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ შვილები, მ.ა–ი და ნ.ა–ი (შემდგომში კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალის შვილები).

6. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი სამკვიდრო მოწმობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა თანაბარწილად მიიღეს შვილებმა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და დაასკვნა, რომ არსებობდა მოვალის უფლებამონაცვლეებად შვილების ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ნ.ა–მა და მ.ა–მა.

8. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი, ვინაიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორები გარდაცვლილი მოვალის შვილები არიან, საფუძვლად არ უნდა დადებოდა მათი ქონებრივი უფლებების შეზღუდვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. კერძო საჩივრებით სადავოდაა გამხდარი საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა გარდაცვლილი მოვალის შვილების წინამდებარე საქმეზე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად ცნობის საფუძველი.

11. მოცემულ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5626 ლარის გადახდა; 2017 წლის 13 იანვარს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებში, აუქციონზე სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება; აღსრულების ეტაპზე გარდაიცვალა მოვალე, რის გამოც, შეჩერდა სააღსრულებო საქმისწარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე; 2023 წლის 2 მარტს კრედიტორმა განცხადებით მიმართა თბილისის საააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნოტარიუს მ.ფ–გან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოპასუხის (მოვალის) დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მიმღებ პირთა შესახებ და ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის ასლი; განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ნოტარიუსმა სასამართლოს წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტი - 2022 წლის 1 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (#221136612)

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მოვალის უფლებამონაცვლეებად საქმეში გარდაცვლილის შვილების - მ.ა–ისა და ნ.ა–ის ცნობის შესახებ და აღნიშნავს შემდეგს: საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

13. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც (იხ. სუსგ საქმე №ას-1477-1397-2017, 30.01.2018; საქმე №ას-839-839-2018, 13.07.2018წ., პ. 15). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ. სუსგ საქმე №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი იქნა გარდაცვლილი მხარის (მოვალის) მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, არსებობდა მათი (მ. და ნ.ა–ების) უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის საპროცესო -სამართლებრივი საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორთა აპელირება, რომ გარდაცვლილი დედის ფულადმა ვალდებულებებმა არ შეიძლება შეზღუდოს მათი ქონებრივი უფლებები, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დამდგარი შედეგის გაბათილებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამრიგად, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 410-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო-სამართლებრივი წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა–ისა და ნ.ა–ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე