Facebook Twitter

საქმე №ას-609-2023 11 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.გ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ზ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისში, ........... ქუჩა N11-ში მდებარე ბინა N169, საკადასტრო კოდი .........., ეკუთვნოდა ნ.ე–ძეს.

2. ნ.ე–ძესა და დ.ზ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის 2013 წლის 19 ივნისს დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც გაუქმდა იმავე წლის 11 სექტემბრის ურთიერთშეთანხმების შესახებ სანოტარო აქტით.

3. ნ.ე–ძემ 2014 წლის 25 აგვისტოს შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მოანდერძემ მისი კუთვნილი 3.1.1 პუნქტში მითითებული ბინა უანდერძა მოსარჩელეს. ანდერძი არ გაუქმებულა.

4. ნ.ე–ძე 2017 წლის 3 აპრილიდან სარგებლობდა შპს „პ.მ–ის“ სამედიცინო მომსახურებით, ოჯახის ექიმი ქ.ღ–ი. პაციენტის ამბულატორიული სამედიცინო ბარათის თანახმად, ნ.ე–ძე იყო I ჯგუფის ინვალიდი, თვალის დაავადებით. 2019 წლის 1 ივლისის შემდეგ პაციენტს კლინიკისათვის არც ამბულატორიულად და არც ბინაზე კონსულტაციისათვის არ მიუმართავს.

5. ნ.ე–ძე 2019 წლის 11 აპრილს მოთავსდა სტაციონარში მედიკამენტების მიღებით განპირობებული მძიმე ინტოქსიკაციის დიაგნოზით, რა დროსაც პაციენტს უჭირდა ჩივილების წარმოდგენა, გამოხატული იყო ძილიანობა, ფსიქომოტორული აღგზნების ეპიზოდები, სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, პერიოდულად აღენიშნებოდა გულისრევა, პირღებინების ეპიზოდები, ჰემოდინამიკა იყო არასტაბილური. პაციენტი სტაციონარიდან გაეწერა 2019 წლის 16 აპრილს და მიეცა ოჯახის ექიმისა და ფსიქიატრის მეთვალყურეობის რეკომენდაცია.

6. კლინიკაში ყოფნისას, 2019 წლის 15 აპრილს, ნ.ე–ძეს გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია. ფსიქიატრის დასკვნის თანახმად, პაციენტი არ უარყოფს 2019 წლის 24 თებერვალს სახლში გაზის გაშვების ფაქტს, თავის მოკვლის მიზნით. აცხადებს, რომ ამჯერად თავის მოკვლა არ უნდოდა და წამლები დალია წნევის დაწევის მიზნით. მეხსიერება შენახული აქვს, ზუსტად ასახელებს თავის მისამართს, ახსოვს ახლობლები და მეზობლების ტელეფონის ნომრები. ჰალუცინაციურ-ბოდვითი სიმპტომატიკა არ ვლინდება. დიაგნოზი: მძიმე დეპრესიული ეპიზოდი, ფსიქოზური სიმპტომები. რეკომენდებულია სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება.

7. 2019 წლის 2 მაისს ნ.ე–ძესა და გ.გ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მარჩენალი ან კასატორი) შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ნ.ე–ძის რჩენის ვალდებულება მის გარდაცვალებამდე, რჩენის სანაცვლოდ, სარჩენმა მარჩენალს საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი ბინა. უძრავი ქონება 2019 წლის 10 მაისს დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე.

8. მარჩენალი იხდიდა ნ.ე–ძის კომუნალურ გადასახადებს 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით. მოპასუხეს ნ.ე–ძის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს 2019 წლის მაისში ჯამში 700 ლარი, ხოლო ივნისში 500 ლარი.

9. ხელშეკრულების დადებამდეც და მის შემდეგაც ნ.ე–ძის ფაქტობრივი მომვლელი იყო ნ.ჩ–ძე. მოპასუხე ნ.ე–ძეს მან გააცნო და დააკავშირა სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადების მიზნით.

10. 2019 წლის 10 იანვრიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში მოსარჩელემ რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ნ.ე–ძისათვის. 2019 წლის 2 ივლისს ნ.ე–ძის მისამართზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პაციენტი კონტაქტში შედიოდა რთულად, აღენიშნებოდა ძილიანობა. ნ.ე–ძე გადაიყვანეს „ე.კ–ში“.

11. ნ.ე–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 10 ივლისს.

12. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება ნ.ე–ძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

13. სასარჩელო მოთხოვნა

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ ნ.ე–ძესა და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 2 მაისს დადებული სამისდღეშიო რჩენის #190479120 ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

14. მოპასუხის შესაგებელი

14.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ ხელშეკრულება ნებაყოფლობით დაიდო. მიუხედავად იმისა, რომ სარჩენი ასაკიანი იყო, კარგად აზროვნებდა და არც მხედველობის პრობლემები ჰქონია.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ.ე–ძესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 2 მაისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

16. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

17.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს შეფასების საგანი იყო, სადავო გარიგების დადებისას რამდენად აცნობიერებდა ნ.ე–ძე მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსს მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

17.3. სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანს წარმოადგენდა დაედასტურებინა გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა.

17.4. მოსარჩელემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას ნ.ე–ძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა, არ შეეძლო, ნების თავისუფლად გამოვლენა. აღნიშნული დასკვნა არ გაბათილდა მოპასუხის შუამდგომლობით ჩატარებული ექსპერტიზით ან/და მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ მიერ კვლევა კანონდარღვევით ჩატარდა და დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა. მხარის მოსაზრებით, სასამართლოსგარეშე, სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, შეეგროვებინა და დაემუშავებინა ნ.ე–ძის სამედიცინო დოკუმენტაცია.

17.5. მოსარჩელე, ნ.ე–ძის ანდერძის მემკვიდრეა და აწარმოებს დავას სამკვიდრო ქონებაზე, შესაბამისად, მას ჰქონდა უფლება, სასამართლოს გარეშე მოეპოვებინა ნ.ე–ძის სამედიცინო დოკუმენტაცია და ჩაეტარებინა ექსპერტიზა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

17.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებსა და სამედიცინო დოკუმენტებზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნ.ე–ძემ ორჯერ სცადა თავის მოკვლა, მათ შორის, ხელშეკრულების დადებამდე 2 კვირით ადრე, მას პერიოდულად ჰქონდა ჰალუცინაციები, იქცეოდა არაადეკვატურად, ნ.ე–ძეს ჰქონდა ცნობიერების არევა, სივრცეში და დროში დეზორიენტაცია, ვერ ცნობდა ზოგჯერ კონკრეტულ პირებს, ხშირად ახასიათებდა აგრესია, ლანძღვა, ყვირილი და უცნაური ქცევა ღამის საათებში, კარებზე ბრახუნი, აკვიატებები და ა.შ (ვრცლად იხ. 3.2.2 პუნქტი).

17.7. წარმოდგენილი დოკუმენტებით, მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, 2019 წლის თებერვალში ნ.ე–ძეს ჰქონდა პირველი სუიციდის მცდელობა, შემდეგ, იმავე წლის აპრილში მიიღო ჭარბი დოზით წნევის დამწევი საშუალებები, რამაც გამოიწვია ინტოქსიკაცია. აღნიშნული შეფასებულია ასევე სუიციდის მცდელობად და ფსიქიატრის შეფასებით, მიზანშეწონილი იყო ფსიქიატრის კონსულტირება სახლში გაწერის შემდეგ. ნ.ე–ძე გაეწერა კლინიკიდან 16.04.2019 წელს, რის შემდეგაც დაახლოებით 2 კვირაში, 02.05.2019 წელს მას და მოპასუხეს შორის გაფორმდა სადავო ხელშეკრულება, ამასთან, რეკომენდაციის მიუხედავად, მას ფსიქიატრთან კონსულტაცია არ გაუვლია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება პირველივე ჯერზე არ განხორციელებულა და ნოტარიუსი და თარჯიმანი ორჯერ-სამჯერ იმყოფებოდნენ მის მისამართზე, ერთ შემთხვევაში ხელშეკრულება შედგა მოპასუხის შვილზე, რასაც ნ.ე–ძე არ დაეთანხმა და აღნიშნული შესწორებების შეტანა მოუხდათ ხელშეკრულების პროექტში. შესაბამისად, ხელშეკრულების „მზადების“ პროცედურა ორი კვირის ვადაზე ბევრად ადრე დაიწყო.

17.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი დასკვნების, წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით - მედიცინის მუშაკები (აწ გარდაცვლილის მკურნალი ექიმები), მეზობლები - (ნეიტრალური მოწმეები), მათ შორის იმ მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში არ მიღებით (მ–ძე, ი–ძე), რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ დაინტერესებულად მოსარჩელისადმი ახლო/ნათესაური კავშირის გამო, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებით მართებულად იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ 2019 წლის 02 მაისს, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების დროისთვის, ნ.ე–ძეს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, შესაბამისად, დ.ზ–ძის სარჩელი გ.გ–ძის მიმართ მართებულად დაკმაყოფილდა და 2019 წლის 2 მაისის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი.

17.9. საოქმო განჩინებებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ წარმოდგენილი შედავება არის ზოგადი ხასიათის, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განხილვის დროს გამოტანილი საოქმო განჩინებების საფუძვლიანობას ვერ უწევს დასაბუთებულ წინააღმდეგობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი გაუქმების საფუძვლები.

18. აპელანტის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნება მოითხოვა ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების გამოკვლევის მიზნით.

18.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან, არ გამოიკვლია მოსარჩელის სახელზე შედგენილი ანდერძის ნამდვილობა. მოანდერძესა და მოსარჩელეს შორის 2013 წლის 19 ივნისს დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც მოანდერძის კატეგორიული მოთხოვნით გაუქმდა.

18.3. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია, რატომ გახდა საჭირო ქალაქის სხვა რაიონიდან ნოტარიუსის მიყვანა ვაკეში ანდერძის დამოწმებისათვის, მაშინ, როდესაც მოანდერძე თავისუფლად გაადგილდებოდა, ამასთან, საცხოვრებელ სახლთან იყო არაერთი ნოტარიუსი.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი ნ.ე–ძის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს, რამდენდაც, მოსარჩელის განმარტებით გარდაცვლილს არ შეეძლო, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის არასტაბილურობის გამო, ნამდვილი ნების გამოვლენა.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის შესახებ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, ვინაიდან სწორედ ამ გარემობაზე აფუძნებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც თავის მხრივ მოთხოვნის წარმატების განმაპირობებელი შეიძლება გამხდარიყო შესაბამისი მტკიცების პირობებში.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

26. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

27. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ-ები: №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

28. მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნა N08/16 (ტ. 2, ს.ფ. 231-235), რომლის თანახმად, შეფასდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს „პ.მ-ს–ის“ ამბულატორიული პაცინეტის სამედიცინო ბარათი, იმავე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, შპს „ჰ-ჯ–ას“ მიერ გაცემული ცნობა. დასკვნის საფუძველზე პაციენტის ხანდაზმული ასაკის, რასაც ახლავს თვის ტვინის ქერქული ატროფია კლინიკური გამოვლინებებით (ენცეპალოფათიის მოვლენები, აღგზნების ეპიზოდები, დეპრესიული მდგომარეობა) და იმის მხედველობაში მიღებით, რომ 16.04.2019 წელს სტაციონარიდან გაწერის შემდგომ ესაჭიროებოდა ამბულატორიულად ფსიქიატრის მეთვალყურეობა, მაღალი ალბათობით, 02.05.2019 წელს ნ.ე–ძეს არ უნდა შესძლებოდა ადეკვატურად აღექვა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შინაარსი და მისი მნიშვნელობა, თუმცა, ამ მიმართებით საბოლოო დასკვნის გამოსატანად, საჭიროა, ჩატარდეს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

29. მოსარჩელემ სასამართლოს ასევე წარუდგინა შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ 07.10.2019 წლის დასკვნა N107 (ტ. 3, ს.ფ. 203-211). დასკვნის შედგენისას შეფასდა პაციენტის ანამნეზური მონაცემები, პაციენტთან დაკავშირებული პირების (ნ.მ–ძე, ბ.ზ–ძე, თ.ი–ძე) ახსნა-განმარტებები და კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ აწ გარდაცვლილ ნ.ე–ძეს აღენიშნებოდა მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოზური სიმპტომებით F 32.3 (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა), რაზეც მეტყველებს დაქვეითებული გუნება - განწყობა, ენერგიისა და აქტიურობის შემცირება, „სიამოვნების“ განცდის დაკარგვა, დაძაბულობა, უძილობა, აჟიტირება, რწმენის დაკარგვა საკუთარი თავის მიმართ, მძიმე დეპრესიული განცდები, „სუიციდალური“ აზრები, ფსიქო-მოტორული შეკავება, მადის დაკარგვა, ეპიზოდურად ჰალუცინაციები - სმენითი და მხედველობითი, არარეალურ აზრთა მოძალება ბოდვითი ინტერპრეტაციების სახით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 2019 წლის 2 მაისის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის აწ გარდაცვლილ ნ.ე–ძეს არ შეეძლო, სრულყოფილად გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები.

30. საქმეში არსებული, მოპასუხის შუამდგომლობით ჩატარებული სიკვდილისშემდგომი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეუძლებელია იმის ერთმნიშვნელოვნად შეფასება, თუ როგორი იყო აწ გარდაცვლილი ნ.ე–ძის ფსიქიკური მდგომარეობა 2019 წლის 2 მაისს და შეეძლო თუ არა მას, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმებისას, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა.

31. საქმეზე დაკითხულმა ნოტარიუსმა ე.ყ–მა განმარტა, რომ მან რამოდენიმეჯერ, დაახლოებით ალბათ სამჯერ, განახორციელა ვიზიტი ნ.ე–ძის მისამართზე, პირველ შემთხვევაში დაადგინა მისი სურვილი, შემდეგ მომზადდა და მიიტანა ხელშეკრულება მასთან. პირველად ხელშეკრულება შედგენილი იყო მოპასუხის შვილზე, თუმცა, ნ.ე–ძემ განაცხადა, რომ მხოლოდ მოპასუხეს ენდობოდა და მას გაუფორმებდა ხელშეკრულებას. ნების გამოვლენის დროს ნ.ე–ძე იყო ადეკვატური, უბრალოდ იჯდა ლოგინზე, თუმცა, მის ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნოტარიუსს არ გასჩენია. იგი გამორიცხავს, რომ ნ.ე–ძე არ ყოფილიყო ნების გამოვლენის დროს სრულ ჭკუაზე, საღ გონებაზე. იხსენებს, რომ დარეკა რამდენიმე ადგილას, ბანკში გარკვეულ საკითხზე და ასევე, წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ საკითხზე ესაუბრა ვიღაცას. საკმაოდ აგებული და გონიერი საუბარი ჰქონდა იმასთან, ვისაც ესაუბრა წიგნის, თუ სტატიის გამოცემასთან დაკავშირებით, ასევე, არ ეთანხმებოდა ხელშეკრულებაში ბინის ღირებულებად მითითებულ დოლარის კურსს და ედავებოდა ნოტარიუსს, რომ მისი ბინა უფრო ძვირი ღირდა, რაც შეასწორებინა კიდეც შეცვლილ ხელშეკრულებაში. საკმაოდ აქტიური ქალბატონი იყო. ნოტარიუსის განმარტებით, მან წაუკითხა ნ.ე–ძეს ხელშეკრულება ხმამაღლა, ქალბატონი თვალს აყოლებდა ხელშეკრულებას, რომელიც ხელში ეკავა, ხმამაღლა არ კითხულობდა. რამდენიმე წინადადება თავად ნ.ე–ძესაც წააკითხა, რათა დარწმუნებულიყო, ნამდვილად შეეძლო თუ არა წაკითხვა. შემდეგ თარჯმანმა წაუკითხა ხელშეკრულების რუსული ვერსია. როდესაც დარწმუნდა ნ.ე–ძის ქმედუნარიანობაში, მხოლოდ შემდეგ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას (2019 წლის 25 დეკემბრის სხდომის ოქმი).

32. მოწმე ი.ა–მა (თარჯიმანი) განმარტა, რომ ნოტარიუსთან ერთად მისამართზე იყო ორჯერ, თუ სამჯერ. ნ.ე–ძე ჩვეულებრივად იჯდა ლოგინზე, ესაუბრებოდათ, წავუკითხეთ ტექსტი, შემდეგ ჰკითხეს, თუ ეთანხმებოდა ამ ტექსტს, თუ აქვს რაიმე შენიშვნები, ან დამატება. მერე ერთხელ ამ ქალბატონმა დარეკა ბანკში, გაიგო დოლარის და ლარის კურსი; დანარჩენი არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ყოფილა. მოწმის მითითებით, აწ გარდაცვლილი მშვენივრად მეტყველებდა რუსულ და ქართულ ენაზე, საღი აზროვნების ქალბატონი იყო; ძალიან ინტელიგენტური, მას რაიმე კითხვა არ გასჩენია (2019 წლის 02 დეკემბრის სხდომის ოქმი).

33. მოწმე ს.კ–ძემ განმარტა, რომ არის ნ.ე–ძის მეზობელი. კერძოდ, ნ. ცხოვრობდა მის ქვევით მე-8 სართულზე. ძალიან ახლოს იცნობდა აწ გარდაცვლილს, ძალიან ჯანმრთელი ქალი იყო, ბოლოს ნახა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე. მისი თქმით, ზოგადად, ცოტა მძიმე ქალი იყო თავიდანვე, ცოტა ნერვიული, მომთხოვნი, ზედმეტად მომთხოვნიც კი. ადვილად შეიძლებოდა ადამიანს წაჩხუბებოდა, მერე ბოდიშებს იხდიდა. სხვა მხრივ, ვენების გაგანიერება ჰქონდა, რაც აწუხებდა, თორემ აზროვნება მშვენიერი ჰქონდა, კიდეც ხედავდა (2019 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმი).

34. მოწმე ი.კ–ის ჩვენებით, ნ.ე–ძე და ის ერთად მუშაობდნენ უნივერსიტეტში, ასევე იყო მისი მეზობელი, კერძოდ, ნ. ცხოვრობდა მერვე სართულზე, ხოლო მოწმე მეხუთე სართულზე. მოწმის განმარტებით, ნ. იყო ამაყი ქალბატონი, მაგრამ ნორმალური იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მათი ურთიერთობა არ იყო ხშირი, თუმცა რაიმე უცნაური მის ქმედებებში მოწმეს არ შეუნიშნავს. მოწმის განმარტებით, ნ. ხელშეკრულებას დაუდებდა ვიღაცას, არ მოეწონებოდა და უუქმებდა, დაუდებდა მეორეს და მასაც უუქმებდა. რამდენიმე მეზობელს დაუდო და გაუუქმა ამგვარად, რაზეც ერთხელ შენიშვნაც კი მისცა ნ–ს, თუმცა, ნ. გაუბრაზდა. მოწმის შეფასებით, ვინც მოუვლიდა, იმას უფორმებდა ხელშეკრულებებს და როცა არ მოეწონებოდა, უუქმებდა ისევ, თუმცა, მისი აზრით, ნ.ე–ძის ასეთი ქცევა მისთვის დამახიასათებელი და ნორმალური იყო და ფსიქიკურ პრობლემას არ უკავშირდებოდა (2019 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმი).

35. მოწმე გ.ჭ–ის განმარტებით, ნ.ე–ძე დაახლოებით ორი წლის წინ ნახა ქართულ-ებრაულ კლინიკაში, რეანიმაციაში, სადაც პაციენტი შეფასდა. იმ მომენტში მას უნდა გადაეწყვიტა, პაციენტს უნდა ემკურნალა ამბულატორიულად ბინაზე, თუ სტაციონარში დაწოლილიყო. მისი ცხოვრების ისტორიიდან გამომდინარე, რომ მანამდეც ჰქონდა სუიციდის მცდელობა და მაშინაც, ფიქრობს, რომ კონსულტაციის მომენტისთვის ეს მაინც იყო სუიციდის მცდელობა, ამიტომ დაწერა, რომ მას სჭირდებოდა სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება. მოწმე იხსენებს, რომ პაციენტის დეპრესია და დაქვეითებული გუნება-განწყობა სახეზე იყო, ორი სუიციდის მცდელობა, პაციენტი არ ჰალუცინირებდა, ბოდვით აზრებს არ გამოთქვამდა, ამიტომ დაიწერა, რომ „ფსიქოზური სიმპტომები არ არის“. მოწმის განმარტებით, შეფასება წარმოადგენდა მხოლოდ იმის განსაზღვრას, სად უნდა ემკურნალა პაციენტს და არ უკვლევია, შეეძლო თუ არა მას ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში, ქმედების შინაარსი შეეგნო. თუმცა, დიაგნოზიდან და მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარაუდი იმისა, რომ მას შეეძლო აღნიშნულის აღქმა უფრო მაღალია. თუმცა, აღნიშნული არ არის კატეგორიული ხასიათის შეფასება. მისი შეფასებით, პაციენტს იმ დროისთვის უკვე აღარ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, თუმცა შეიძლება ის იმასაც ფიქრობდა, რომ ამ საქციელის გამო არ მოეწყვიტათ ჩვეული გარემოსთვის და არ წაეყვანათ ფსიქიატრიულში. ამიტომ ამსუბუქებდა თავის მდგომარეობას, სუიციდურ რისკს. პაციენტი არ მალავდა სუიციდის მცდელობის პირველ ფაქტს, უარყოფდა მხოლოდ მეორეს, თუმცა, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მისი შეფასებით, მეორე ფაქტიც (წამლების ჭარბი დოზის მიღება) თვითმკვლელობის მცდელობას წარმოადგენდა. პაციენტს ჰქონდა ძალიან დაქვეითებული გუნება-განწყობა და ძალიან განწირული ხმით ლაპარაკობდა, სასოწარკვეთილი იყო, ამბობდა - რისთვის ვიცხოვრეო, მთელი თავისი საუბრით გამოხატავდა ამას, რისთვის ვიცხოვრე, რა აზრი ჰქონდა ამ ჩემს ცხოვრებასო. იმის გათვალისწინებითაც, რომ მარტო ცხოვრობდა ქალბატონი, საჭიროდ ჩათვლიდა სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აუცილებლობას. ეს ისეთ შემთხვევებში ხდება, როდესაც ადამიანი საშიშია თავისი თავისთვის, ან საშიშია გარშემომყოფებისთვის, ან ქონებას ანადგურებს. მოწმის ჩვენებით, სუიციდის მცდელობები ამ პაციენტმა სცადა თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დეპრესიის გამო. მოწმე ვარაუდობს, რომ პაციენტის მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუკი ის არ მიიღებდა წამლებს, უფრო მაღალი ალბათობა იქნებოდა იმისა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა. ზოგადად, პაციენტს არ უნდა მიეცეს რაიმე მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე და წამლის დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სერტიფიცირებულმა ექიმმა.

36. მოწმე ს.ს–ძის განმარტებით, იყო ნ.ე–ძის მკურნალი ექიმი და სხვადასხვა ექიმებთან ერთად მართავდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მის კლინიკაში პაციენტი მოხვდა მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის დროს, კერძოდ, წნევის დამწევი მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. მისი მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მედიკამენტებით ინტოქსიკაცია იყო, ჩართული იყო ტოქსიკოლოგი მკურნალობაში და ჰქონდა არასტაბილური ჰემოდინამიკა, ანუ დაბალი წნევის გამო შოკური მდგომარეობა იყო და იწვა რეანიმაციაში. კლინიკაში შესვლისას, პაციენტი იყო გონზე, კონტაქტური. მოწვეული ჰყავდათ ფსიქიატრიც, რადგან ინტოქსიკაცია ფიგურირებდა, სამედიცინო კუთხით ფსიქიატრის ჩვენების აუცილებელია. პაციენტი პერიოდულად არაადეკვატური იყო, დაბალი წნევის გამო ჰიპოქსიის ფონი იყო და მისი ადეკვატურობის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი. კლინიკიდან გაწერისას პაციენტი იყო სტაბილური, კონტაქტური, ადეკვატური, როგორც მითითებულია ეს შესაბამის დოკუმენტში. მოწმე იხსენებს, რომ მკურნალობის პროცესში პაციენტი იყო არაადეკვატური, თუმცა აღნიშნული დემენციით იყო გამოწვეული, ინტოქსიკაციით, თუ იმ გარემოში ყოფნით, უცნობია. კონკრეტულად გაწერის დღეს მოწმე ვერ იხსენებს ზუსტად, თუმცა ჩანაწერის მიხედვით, პაციენტი ადეკვატური იყო. მისი განმარტებით, თუკი განსაკუთრებული აგრესია ექნებოდა პაციენტს, აღნიშნულს აუცილებლად ასახავდნენ კიდეც დოკუმენტურად, თუმცა მსუბუქი ხასიათის ენცეფალოპათია, ან მოხუცებულთა ჭკუასუსტობა თუ ექნებოდა, ეს შეიძლება არც აღენიშნათ, რადგან აუცილებელი არ იყო სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას იმ კონკრეტულ მომენტში.

37. მოწმე თ.ი–ძე მოსარჩელის ნათესავია. მისი განმარტებით, ნ.ე–ძე არ იყო ჯანმრთელი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა მისულიყო, დალაპარაკებოდა და ურთიერთობაში შესულიყო, ათი წუთიც საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყო იმას, რომ არ იყო ის ადეკვატური და ფსიქიატრის დახმარება სჭირდებოდა. მოწმე იხსენებს შემთხვევას, როცა დ–ს თხოვნით მივიდა ნ–სთან, კარი დახვდა ღია და ნ. ყვიროდა, რომ ვარდებოდა, იდგა ფეხზე ჩვეულებრივად, სკამზე დაყრდნობილი, თუ საწოლში იწვა, ზუსტად არ ახსოვს, თუმცა ყვიროდა, რომ ვარდებოდა. როცა აუხსნა, რომ არსად ვარდებოდა და იწვა, დამშვიდდა. მოწმის ჩვენებით, ნ–ს დიდი და აკვიატებული ოცნება იყო წიგნის დაწერა. მოწმის განმარტებით, აპრილის თვეში, სუიციდის მცდელობის შემდეგ, მოსარჩელეს მოუწია ბათუმში მივლინებაში წასვლა, რა დროსაც იგი ზრუნავდა ნ–ზე. ერთხელაც, მისვლისას ბინაში დახვდა ნ.ჩ–ძე. ნ–მ უთხრა, რომ ნ–ო მოუვლიდა და თუ რამე საჭირო იქნებოდა, დაურეკავდნენ. მოწმეს ახსოვს ისეთი შემთხვევაც, როცა ნ. კიოდა, რომ ვარდებოდა და მეზობლებმა შეუმტვრიეს კარი. იდგა ჩვეულებრივად და არაფერი არ ჭირდა. მოწმის განმარტებით, ნ. სთხოვდა ძაღლს კარი გაუღეო, გასასეირნებლად არის წასული და შემოვიდესო, მაგრამ არ ჰყავდა ძაღლი იმ დროს, თურმე თხუთმეტი წლის წინ ჰყოლია. ნ. აკითხებდა მას რუსულ წიგნებს. ხშირად ძალიან არაადეკვატური იყო, დაბნეული, დროში და სივრცეში ჰქონდა აცდენა, ძველ ამბებს უფრო კარგად იხსენებდა, ვიდრე ახლანდელ პერიოდს. მაგალითად, ავიწყდებოდა, რომ ძაღლი აღარ ჰყავდა ავიწყდებოდა, რომ იწვა ლოგინში და ყვიროდა გადმოვვარდიო, ხშირად ვერ ცნობდა გარშემომყოფებს. ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც საერთოდ ვერ უცვნია თალიკო, კარგა ხანი დასჭირვებია, რომ აეხსნა, ვინ იყო, ამბობდა, რომ მისი მოკვლა უნდოდათ ვიღაცეებს. უცნაური იყო ისიც, რომ სხვა თემაზე საუბრისას, პასუხობდა სხვა საკითხებზე. ზოგადად იყო ნერვიული, აგზნებული, ფიცხი ბუნების, სულ დამშვიდება სჭირდებოდა.

38. მოწმის ნ.მ–ძის განმარტებით, ის არის დ–ს მეგობარი. დ. ხშირად დადიოდა ნ–სთან, უვლიდა მას. ხშირად თავადაც ყოფილა ნ.ე–ძესთან, ტელეფონზეც ურეკავდა ხოლმე ნ.. მოწმედაც იყო სახლის გაფორმების საკითხზე ნ–სთან, როცა ნოტარიუსი დაიბარა სახლში. თუ დ–ს არ ეცალა ხოლმე, სთხოვდა, რომ ის მისულიყო რაღაცის მისატანად. ნ–ს იცნობს დაახლოებით 15-20 წელია. თავიდან საკმაოდ ნორმალური იყო, კარგად აზროვნებდა, მერე და მერე დასუსტდა, უჭირდა მხედველობაც, ამბობდა, კვერცხის ცილებს ვჭამ თვალებისთვისო, ბოლოს უკვე ვეღარ ხედავდა. ახსოვს, რომ გასაღებები, რომელიც კარზე ეკიდა ხოლმე სულ და ხელით სინჯავდა. თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა რამდენჯერმე, არ იყო კარგად, არც ჩაცმული იყო კარგად, ცუდად გამოიყურებოდა, კივილით ლაპარაკობდა.

39. მოწმეების ქ. და ნ. ც–ების ჩვენებებით, რომლებიც ნ.ე–ძის კარის მეზობლები არიან ირკვევა, რომ ნ. ყოველთვის თავისებური იყო. ადრე იყო რუსული კათედრის სპეციალისტი, ძალიან განათლებული ქალი იყო, მაგასთან მოსწავლედ მოხვედრა საკმაოდ რთული იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ნამდვილად არ იყო საღ გონებაზე, ზოგადად, სამეზობლოში ითვლებოდა, რომ უცნაური, თავისებური ქალბატონი იყო. მეზობელს ჩაქუჩით ჩაუმტვრია კარი ერთხელ, აბრალებდა, კედელი გახვრიტა და გაზს მიშვებს, ჩემი მოკვლა უნდაო. ერთხელ ყვიროდა, კიოდა შუაღამეს, მომიჯნავე კედლის მეზობელი შეწუხდა და პატრულიც გამოიძახეს, რომ კარი შეემტვრიათ, ენახათ ხომ არაფერი უჭირდა ნ–ს. თუმცა, რომ გატეხეს კარი, ნ. იდგა სკამზე ხელმოკიდებული, უცნაურ რაღაცეებს აკეთებდა, შემოხვეული ჰქონდა ჭუჭყიანი ნაჭერი და სიმღერა დაიწყო რუსულ ენაზე. მოწმის განმარტებით, ნ. ხშირად აფორმებდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებებს სხვადასხვა პირებთან, სამეზობლოშიც. ნ.მ ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა მოწმის დედასაც, თუმცა, მისი განმარტებით, მათ ამის სურვილი არასდროს გასჩენიათ. ბოლო პერიოდში, დაახლოებით სამი-ოთხი წელია არ იყო საღ გონებაზე ნამდვილად, ჭამდა მხოლოდ კვერცხის ცილას, ამბობდა დიდხანს უნდა ვიცოცხლოო და ცილა კარგიაო. აიჩემა ბოლო დროს, პიანინო უნდა ვიყიდოო და სიმღერებს მღეროდა შუაღამით, აკითხებდა რაღაც უცნაურ სტატიებს, სიცოცხლის ელექსირზე მაგალითად. ნ.ც–ძის განმარტებით, ნ–მ გაზიც გაუშვა ბინაში, რამაც ლამის მთელი კორპუსი შეიწირა და ფაქტიურად დ–ს პოლიციაში ზარმა გადაარჩინა ყველა. სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, ხან თვითონ ნ. იძახებდა და მერე კარს აღარ უღებდათ ხოლმე. ყველა პატრული და სასწრაფო იცნობდა ნ.ს, აღარ უნდოდათ მოსვლა. უნდობლობა ჰქონდა ხალხის მიმართ. მოწმე იხსენებს, რომ ნ–ს ჰქონდა მხედველობის პრობლემები, გლაუკომის გამო წლების წინ თავად ადებდა წურბელას თვალზე.

40. მოწმე ქ. ც–ძის განმარტებით, რომელიც ასევე არის ნ.ე–ძის კარის მეზობელი და მოწმე ნ. ც–ძის და, ნ.ე–ძე კარჩაკეტილი ქალი იყო, იძახდა, რომ დიდხანს უნდა ვიცოცხლოო. ხან რომელი მეზობელი ზრუნავდა მასზე, ხან რომელი, ხშირად აწუხებდა მეზობლებს. ხან ერთი მომვლელი ჰყავდა, ხან მეორე, ზოგს რას აბრალებდა, ზოგს რას, მიაჩნდა, რომ მისი ბინა უნდოდათ და აგდებდა ხოლმე. ნ.ჩ–ძეც რამდენჯერმე გააგდო, არ დაგინახო აქო, არ უშვებდა სახლში. ერთხელ მოწმის დედას სთხოვა ვიღაცასთან დარეკვა, უცნაურ რაღაცეებს ესაუბრებოდა იმ კაცს, მერე დედამისს უთხრა, რატომ მელაპარაკება ასე უცნაურად, ხომ იცის, რომ არ ვარ ქალაქშიო. ერთ ღამეს, ალბათ 4 საათზე ყვიროდა ნ., იძახდა მათ სახელებს, მიშველეთო და კარს არ აღებდა. გამოიძახეს სასწრაფო, პატრული, შეანგრიეს კარი და ნახეს, რომ ნ. იდგა სკამზე ხელმოკიდებული, რაღაც რუსულ სიმღერას მღეროდა, ძალიან უცნაურად იქცეოდა. ერთხელ დედასაც შესთავაზა, მომიარეთ და ბინას დაგიტოვებთო, რაზეც უარი უთხრა. ნ–მ უთხრა, იცოდეთ, ინანებთ, პროკურორს თუ, დეპუტატს დარჩება ეს ბინაო. დაახლოებით ბოლო 2-3 წელი ვერ დაიდოდა საერთოდ, მხედველობაც უჭირდა. გაზიც გაუშვა ერთხელ და ძლივს გადარჩა მთელი კორპუსი აფეთქებას. მოწმე იხსენებს ნ–ს ფეხის მოტეხვის პერიოდსაც და განმარტავს, რომ ნინამ დაუკაკუნა, სთხოვა ნ–ს წამოყენებაში დახმარება, რომ შევიდა ნ. ეგდო სამზარეულოში იატაკზე, ყვიროდა, დააწვინეს ლოგინზე და უთხრა ნ–ას, სასწრაფო გამოიძახე, ფეხს იტკიებს და მოტეხილობა არ იყოსო. რამდენიმე დღის შემდეგ, ნ–ა შეხვდა ლიფტთან და ჰკითხა ნ–ს მდგომარეობა, თუმცა, მომვლელის განმარტებით, მას სასწრაფო არ გამოუძახია, რადგან უბრალოდ დაჟეჟილობა ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მოიყვანეს რენდგენის აპარატით ექიმი და ნახეს, რომ ქალს ბარძაყის ძვალი ჰქონდა ჩამსხვრეული, ასე ეწვინა ნ–ს ნ. 3-4 დღე ფეხმოტეხილი. მოწმის ჩვენებით, მისთვის ბუნდოვანია, ვინმე თუ უვლიდა საერთოდ, რადგან უსუფთაოდ, მოუვლელად გამოიყურებოდა ნ., ძალიან გამხდარი იყო. ერთხელ ნ–ს საჩივარიც დაუწერია, უბნის ინსპექტორი იყო მოსული, ჩიოდა გაზით მწამლავენო.

41. პირველი ინსტანციის სასამართლომ და ექსპერტმა მოისმინეს მოწმე ნ.ჩ–ძის ჩვენებაც, რომელიც გარკვეული პერიოდულობით უვლიდა ნ.ე–ძეს. მისი განმარტებით, ის იყო აწ გარდაცვლილის სტუდენტი და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უვლიდა ნ–ს. ნ–ს სიმკაცრე უყვარდა, ამბობდა, მე უნდა ვიყო ჩემს სახლში ბოლომდე ჰეგემონიო. არ უნდოდა, რაც სითბო ჰქონდა მისდამი, ეჩვენებინა და მკაცრად ექცეოდა. ისე ძალიან უყვარდა და არ უშვებდა. სიტყვა ბინას რომ ახსენებდა, არანორმალური ხდებოდა მისი საქციელი, ამბობდა „ყველას ბინა უნდა, მე არავის არ ვუნდივარო“. ნ. ეუბნებოდა, რომ თუ ნ.ჩ–ძე მისგან წავიდოდა, თავს მოიკლვადა, ამიტომ დანებს მაღლა დებდა ხოლმე, რომ ნ. არ მიწვდომოდა ადვილად. მოწმის განმარტებით, ამას უკავშირდება სწორედ გაზის გაშვების ფაქტიც. არ უყვარდა, როდესაც ატყუებდნენ ან მითითებულ დროს არ მიდიოდა ვინმე, ბრაზობდა და ამოწმებდა. ფეხები სტკიოდა, თორემ ძალაც ჰქონდა და გონებაც არაჩვეულებრივი, ახსოვდა მშვენივრად ყველაფერი, ნომრები ზეპირად იცოდა, წიგნის გამოცემა უნდოდა ძალიან, ხან ვის ურეკავდა, ხან ვის. რაც შეეხება სადავო ხელშეკრულებას, პირველად იმიტომ არ მოაწერა ხელი, რომ არ დაეთანხმა ხელშეკრულების ფასს. ძალიან კარგად იცოდა, რა ხელშეკრულებასაც აფორმებდა. მოპასუხე ნ.ჩ–ძემ გააცნო ნ.ე–ძეს. ამბობდა, მხოლოდ გ–ას ვენდობი, სხვას არავისო. დაახლოებით ერთი წელი გ–ა ისე ეხმარებოდა ნ–ს, რომ ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონიათ, ქველმოქმედია. გაბაგამა კიდევ თავად დაასახელა, ნევროპათოლოგმა უპრობლემოდ გამოწერა. მხედვლობით კი კარგად ხედავდა, დაუხაზავდა ფურცელზე და წერდა ნ. ჩვეულებრივად, კითხულობდა კიდეც. თუ გაბრაზდებოდა მაშინ ამბობდა, რომ ვერ ხედავდა. ექიმის ხსენება არ უნდოდა ნ–ს, თავად არ უნდოდა და იმიტომ არ იძახებდა ექიმს.

42. საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმებისა და საქმის მასალებით დადგენილი გარემოებების ასევე მოწმეთა ჩვენებების შეჯერების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოწმეები, რომლებიც ბევრად ახლოს ცხოვრობდნენ და შესაბამისად, უფრო ხშირი, აქტიური კონტაქტი ჰქონდათ ნ.ე–ძესთან - ნ. ც., ქ. ც. ასახელებენ ისეთ ფაქტებსა და მოვლენებს, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება და ამასთან, შინაარსობრივად თანმიმდევრულად ასახავს მოვლენებს. ამასთანავე, სასამართლო გამორიცხავს მათი რაიმე სახით საქმის შედეგებით დაინტერესებასაც, რამდენადაც აღნიშნული გავლენას არ მოახდენს მათზე და არც მოსარჩელე მხარეს იცნობენ ახლოს. ის მოწმეები კი, რომლებიც განმარტავენ, რომ ნ.ე–ძეს არ ჰქონია ფსიქიკური პრობლემები და უბრალოდ ახირებული ხასიათი ჰქონდა (მაგ.ს.კ–ძე, ი.კ–ი, ზ.ს–/ი), თავადვე განმარტავენ, რომ ნ.ე–ძესთან ურთიერთობა ჰქონდათ გარდაცვალებამდე გარკვეული პერიოდით, რამდენიმე თვით ადრე. ამასთან, მოწმე ს.კ–ძე ცხოვრობს ნ.ე–ძის ზემოთ, ი.კ–ი კი მე-5 სართულზე და სავარაუდოა, რომ შედარებით ნაკლები შეხება ექნებოდათ აწ გარდაცვლილთან სადავო პერიოდში. ხოლო, ზ.ს–მა განმარტა, რომ ნ.ე–ძე ბოლოს დაახლოებით 6 თვით ადრე ნახა გარდაცვალებამდე.

43. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოწმეები - ნ.ჩ–ძე, ე.ყ–ი და ი.ა–ი ნეიტრალურ პირებს არ წარმოადგენენ ამ დავის ფარგლებში. საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ მოწმე ნ–ა ც–ძის განმარტებით, ნ.ჩ–ძე, სანამ გ.გ–ძეს მოძებნიდა, მის ოჯახს სთავაზობდა „ბინა უპატრონოდ რჩება და რამე ვქნათო.“ ნ.ჩ–ძე თავად ადასტურებს, რომ რამდენჯერმე შესთავაზა სხვადასხვა პირებს, ერთობლივად ეზრუნათ ნ–ზე, ბინის მათთვის დატოვების მიზნით. მისი განმარტებით, ვისაც გაიცნობდა, ყველას სთავაზობდა ნ–ზე ფინანსურად ზრუნვას, ხოლო თავად მზად იყო ფიზიკურად მოევლო მოხუცისთვის ბინის სანაცვლოდ.

44. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სადავო გარიგების გაფორმებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე ჰქონდა სუიციდის მეორე მცდელობა და სპეციალისტების მიერ რეკომენდაციაც გაიცა, ფსიქიატრის ჩარევის აუცილებლობაზე. მიუხედავად ამისა რეკომენდაცია არ შესრულებულა და ნ.ე–ძეს ფსიქიატრთან კონსულტაცია არ გაუვლია.

45. გასათვალისწინებელია, ქ. თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების 02.07.2019 წელს შედგენილი ოქმის თანახმად, მართლწესრიგის ოფიცერი მარისა ანთაური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ნ.ე–ძესთან მისამართზე გასაუბრების მიზნით, თუმცა, მისი ასაკობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მასთან ვერ შეძლო (ტ. 3, ს.ფ. 357).

46. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ არ შეიძლება ნ.ე–ძეს ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში სრულყოფილად გაეცნობიერებინა მისი მოქმედების მნიშვნელობა და მისი ნების შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება.

47. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით (მოსარჩელის მოთხოვნას, გარდაცვლილი მამკვიდრებლის მიერ მოპასუხესთან გაფორმებული სამისდღეშიო ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა) აღიარებით მოთხოვნის იურიდიულ ინტერესსზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის მიხედვით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარებისა და დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის აუცილებელი წინაპირობა დასაბუთებული იურიდიული ინტერესის არსებობაა. კანონის დანაწესიდან გამომდინარე აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. როგორც წესი მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ნათლად იკვეთება მოსარჩელე ნოდარ გოლეთიანის იურდიული ინტერესი და ის სამართლებრივი სიკეთე, რისი მიღწევაც მას წინამდებარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით სურს. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის უპირატესად უნდა გაირკვეს გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუსგ საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

48. დადგენილია, რომ მოსარჩელე გარდაცვლილი პირის ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს. მის სახელზე 2014 წელს შედგენილი ანდერძი არ გაუქმებულა. სკ-ის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. იმავე კოდექსის 1357-ე მუხლით, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.

49. ამდენად, სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, გარდაცვლილი მამკვიდრებლის მიერ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ქონება სამკვიდრო მასაში დაბრუნდება რაც მოსარჩელის იურიდიული ინსტერესს წარმოადგენს.

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სსკ-ის 58–ე მუხლი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის მცირეწლოვანების ან ფსიქიკური აშლილობის გამო, კერძოდ, მეორე ნაწილის თანახმად, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს; ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი (დასახელებულ ნორმაში ცვლილება განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს 2015 წლის 20 მარტის N 3339 კანონით, რომელიც იმავე წლის31 მარიდან ამოქმედდა).

51. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარიგების მიმართ არსებული იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 58-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

52. მოსარჩელე მხარეს, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. მოსარჩელე სწორედ მამკვიდრებლის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მითითებით განმარტავდა, რომ გარდაცვლილს გარიგების დადების დროს არ შეეძლო შეეგნო მის მიერ განხორციელებული ქმედების მნიშვნელობა.

53. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს საქმის გარემოებებზე და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას ნ.ე–ძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლი შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა, არ შეეძლო, ნების თავისუფლად გამოვლენა. ამ დასკვნას არ აბათილებს არც მოპასუხის შუამდგომლობით ჩატარებული ექსპერტიზა.

54. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი დასკვნების, წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 2 მაისს, სამისდღეშიო ხელშეკრულების რჩენის ხელშეკრულების დადების დროისთვის, ნ.ე–ძეს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანად დაკმაყოფილდა მოპასუხის მიმართ და 2019 წლის 2 მაისის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი.

55. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. გ.გ–ძეს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №17022751627, გადახდის თარიღი 08.05.2023; საგადახდო დავალება №17319202924, გადახდის თარიღი 02.06.2023; საგადახდო დავალება №3225, გადახდის თარიღი 08/06/2023;) 6 000 ლარის 70% - 4 200 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე