საქმე№ა-5100-შ-155-2023 18 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – პ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ო.ა–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – შვეიცარიის კონფედერაციის ზოლოტურნის კანტონის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა პ.ა–იმ შვეიცარიის კონფედერაციის ზოლოტურნის კანტონის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს დაევალა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დედნის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 15 დღით, რომლის შინაარსიც სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2023 წლის 29 ნოემბერს ეცნო განმცხადებლის წარმომადგენელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 15 დღით, რომლის შინაარსიც სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2023 წლის 29 ნოემბერს ეცნო განმცხადებლის წარმომადგენელს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 30 ნოემბერს და ამოიწურა 14 დეკემბერს, რა პერიოდშიც შუამდგომლობის ავტორს არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.ა–ის შუამდგომლობა შვეიცარიის კონფედერაციის ზოლოტურნის კანტონის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე