Facebook Twitter

საქმე №ას-1535-2023 15 იანვარი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ.ო.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.თ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, გირავნობის მოწმობის გაუქმება, გირავნობის საგანზე საკუთრების უფლების აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.თ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება ა.თ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა; აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თთბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ა.თ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა.თ–ის დავალიანების მოცულობა შპს „მ.ო.კ–ის“ მიმართ, განისაზღვრა 1320.37 აშშ დოლარით, საიდანაც ძირი თანხაა 1150 აშშ დოლარი, ჯარიმა 62,62 აშშ დოლარი, პროცენტი - 107.75 აშშ დოლარი; შპს „მ.ო.კ–ს“ ა.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა გირაოთი დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარჩენი ღირებულება 4679.63 აშშ დოლარის ოდენობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე შპს „მ.ო.კ–მა“ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც კასატორს განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა.

6. კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო პალატას განცხადებით აცნობა, რომ არ აპირებს ხარვეზის შევსებას და სურს, რომ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს. 8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. 9. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. 10. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წელი; №ას-1793-2019, 12.03.2020 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი). 11. მოცემულ შემთხვევაში, შპს „მ.ო.კ–მა“ საკუთარი ინიციატივით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დაადასტურა, რომ აღარ აქვს საკასაციო საჩივრის განხილვის ნება. 12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა განაცხადა, რომ სურს საკასაციო საჩივრის გახმობა, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მათ განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორებმა იქამდე განაცხადეს უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ №ას-37-36-2014, 17.02.2014, №ას-1238-2022, 4.10.2022). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.ო.კ–ის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „მ.ო.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე