Facebook Twitter

საქმე №ას-342-2021 30 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ.ბ.....“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „კ.ბ.....“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „კ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“ ან „შეგეგებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 325 571.64 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი კურსით ლარებში; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2018 წლის 29 მარტს მხარეთა შორის დაიდო ბეტონის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მიეწოდებინა მოსარჩელისათვის B25 და B35W8 მარკის ბეტონი;

2.2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, საქონლის ფასი დადგინდა ლარებში. 2.2. პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ ბეტონის მარკა B25-ის ფასი შეადგენს 120 ლარს დღგ-ს ჩათვლით და ტრანსპორტირებით. პომპის მომსახურების ღირებულება დამატებით - 300 ლარი. ბეტონის მარკის B35W8-ის ფასი შეადგენს 148 ლარს დღგ-ს ჩათვლით და ტრანსპორტირებით, პომპის მომსახურებით;

2.3. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში მითითებული ბეტონის მიწოდება და მიწოდებული საქონლის ფასის გადახდა ხორციელდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით ბეტონის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში. 4.2. პუნქტის თანახმად, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში „მყიდველი“ უხდის „გამყიდველს“ პირგასამტეხლოს დაგვიანებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის;

2.4. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. თბილისში, ......... მდებარე ობიექტისათვის, მოპასუხე პერიოდულად, 2018 წლის 2 აპრილიდან 17 ივლისის ჩათვლით აწვდიდა ბეტონს მოსარჩელეს;

2.5. ამავე ობიექტთან მიმართებით, მოსარჩელეს ცემენტი წინა პერიოდზე შესყიდული აქვს ასევე სხვა კონტრაქტორებისაგანაც, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელეს ცემენტი შეძენილი აქვს ასევე შპს „ლ–გან“, შპს „ა.კ–გან“ და შპს „მ–გან“;

2.6. მოსარჩელე მოპასუხისგან მიღებული ბეტონის მარკის/ხარისხის დადგენის მიზნით აწარმოებდა ორეტაპიან საგამოცდო შეფასებას:

2.6.1. შპს „ნ.დ. და ტ.ც–ის“ მიერ მოპასუხისგან მიწოდებული ბეტონის ნიმუშებზე ჩატარებული გამოცდების საფუძველზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. კერძოდ, 2018 წლის 26 აპრილის, 2018 წლის 10 მაისის, 2018 წლის 16 მაისის, 2018 წლის 28 მაისის, 2018 წლის 30 მაისის, 2018 წლის 18 ივნისის, 2018 წლის 26 ივნისის ოქმების თანახმად, ჩატარებული გამოცდების საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ბეტონის საშუალო სიმტკიცე განისაზღვრა 27.3-დან 33,8 მგპა-მდე (იხ. ტ.1, ს.ფ. 90-97);

2.6.2. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიიის მიერ 12.07.18წ., 13.07.18წ., 03.08.2018წ., 17.08.2018წ. ჩატარდა ბეტონის ნიმუშების მეორე ეტაპის გამოცდები და საშუალო სიმტკიცე კვლავ განისაზღვრა დაბალი მაჩვენებლით (იხ. ტ.1, ს.ფ. 73-89).

2.7. 2018 წლის 20 ივლისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მშენებლობის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, მიღებული ბეტონის სინჯი იგზავნებოდა შპს ,,ნ.დ. და ტ.ც–სა“ და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო ლაბორატორიაში, სადაც ხდებოდა ბეტონის დამატებითი გამოცდა. საგამოცდო ოქმებით გამოირკვა, რომ არ იყო მოწოდებული შეთანხმებული მარკის და ხარისხის ბეტონი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ბეტონი გამოიყენებოდა საძირკვლის მშენებლობის პროცესში, აუცილებელი გახდა სამშენებლო პროცესის დროებით შეჩერება, რაც პირდაპირ დაკავშირებული იყო საზოგადოების ფინანსურ და გაუთვალისწინებელ დანახარჯებთან. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მომწოდებელს მიეცა 2 სამუშაო დღე, მოევლინა უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე შეისწავლიდა არსებულ ვითარებას და მოხდებოდა ორივე მხარის საგამოცდო ოქმების შედარება. მხოლოდ საქმის დეტალური შესწავლა იქნება საფუძველი ნაკლოვანების დროული აღმოფხვრის და დამატებითი ზარალის თავიდან აცილებისათვის (იხ. ტ.1, ს.ფ. 56-58);

2.8. 2018 წლის 26 ივლისს ქ. თბილისში, ......... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საძირკვლიდან აღებული იქნა სინჯები. მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული მიმდინარეობდა ყველა ნორმის და სტანდარტის დაცვით და სინჯის აღებასთან დაკავშირებით მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ. სინჯის ამოჭრა დაიწყო 2018 წლის 25 ივლისს და დასრულდა 2018 წლის 26 ივლისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 59-60);

2.9. ასევე, მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით, 2018 წლის 3 აგვისტოს, 2018 წლის 4 სექტემბერს, 2018 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისში, ......... ქუჩა N1-ში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა ადგილებიდან აღებული იქნა ბეტონის ნიმუშები შემდგომი გამოცდის მიზნით და შედგა შესაბამისი ოქმები. ამასთან, ბოლო ორი ოქმი შედგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მონაწილეობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 61-64);

2.10. მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე შპს „ი. ს–ამ“, პროექტის ავტორის (ნ.ს–ძე) და მთავარი კონსტრუქტორის (ი.უ–ძე) ხელმოწერით, 2018 წლის 10 აგვისტოს გასცა ქ. თბილისში, ......... მდებარე მრავალფუნქციური შენობის მდგომარეობის ანალიზი, კონსტრუქციული მდგომარეობის კუთხით. დასკვნაში აღინიშნა, რომ მოწოდებული ფუნდამენტის ხიმინჯების და როსტვერკის ფილის ბეტონის მარკის შემოწმების შედეგების შესაბამისად, ხიმინჯებში ბეტონის მარკა შეადგენს 27.3-დან 33,8 მპა-მდე. შესაბამისად, ბეტონის კლასი შეადგენს B20-B25. საპროექტო დოკუმენტაციაში კი მოცემულია B35 ბეტონის კლასი, რაც შეესაბამება 45 მპა ბეტონის მარკას. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, ბეტონის მარკის გადახრა საპროექტოდან 40%-მდეა, რაც აღემატება ნორმებით მასალის კოეფიციენტით განსაზღვრულ გადახრის მნიშვნელობებს. შესაბამისად, ხიმინჯების მზიდუნარიანობა საპროექტოზე საგრძნობლად დაბალია. შეკუმშულ ხიმინჯებში დატვირთვა აღემატება 2100 ტონას, შესაბამისად, ხიმინჯების მზიდუნარიანობის ძირითად კომპონენტს ბეტონი (სიმტკიცე კუმშვაზე) შეადგენს, ამის გამო მასში არასაკმარისი მარკა აუარესებს შენობის საძირკვლის მზიდუნარიანობას. დაბალი კლასის ბეტონი ქმნის დიდ რისკს ბეტონის წყლის ზემოქმედებისგან დამცავი ფუნქციის სრულფასოვანი შესრულებისთვის. დაბალი კლასის ბეტონში დამცავმა შრემ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს არმატურის საკმარისი დაცვა წყლის აგრესიული ზემოქმედებისგან, განსაკუთრებით საპროექტო ტერიტორიაზე, სადაც გრუნტში არსებული წყალი ხასიათდება აგრესიული თვისებებით. შენობის სიმაღლისა და გაბარიტული ზომების გათვალისწინებით (ვიწრო და მაღალი) შენობის სივრცითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხიმინჯების ნაწილი C და D ღერძებში იჭიმება, შესაბამისად, არმატურის მუშაობა მნიშვნელოვანია ამ ხიმინჯებში და მისი კოროზიის შემთხვევაში მოხდება ამ ხიმინჯების მუშაობიდან გათიშვა (სეისმური და ქარის ზემოქმედებისგან), რაც დაუშვებელია შენობის მდგომარეობისთვის. მოგვიანებით, საძირკვლის ფილაში ამოღებულმა კერნების კვლევის შედეგებმა აჩვენა ბეტონის მარკა საშუალოდ 31 მპა, ნაცვლად 45 მპა-სი. ფილის დაბალი სიხისტე უარყოფითად მოქმედებს, როგორც საძირკვლის ხიმინჯების, ასევე, სვეტების და მთლიანად შენობის სიმტკიცეზე. ბეტონის კოროზიისგან დამცავი ფუნქცია შესუსტებულია ფილაშიც, სადაც აუცილებელია არმატურის სრულფასოვანი მუშაობა შენობის ექსპლუატაციის განმავლობაში. ასევე, სვეტების და ხიმინჯების თავზე ბეტონი მუშაობს ჭრაზე, შესაბამისად, მისი კლასის 30%-ით შემცირება საგრძნობლად ამცირებს ფილის მუშაობას და შესაბამისად მის მზიდუნარიანობას (იხ. ტ.1, ს.ფ. 55);

2.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 დეკემბრის N5007811918 დასკვნის თანახმად, თბილისში, ......... მდებარე მშენებარე შენობის რკინა-ბეტონის ელემენტებში ბეტონის წყალმედეგობის ხარისხის და მარკის დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ თბილისში, ......... შენობის პირველი ნაწილის საძირკვლიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების საშუალო სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე შეადგენს 36.88 მპას (368.8 კგძ/სმ2, მარკა 350), რაც შეესაბამება ბეტონის B27.5 კლასს. II ნაწილის საძირკველიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების საშუალო სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე შეადგენს 41.97 მპას (419.7 კგძ/სმ2, მარკა 400), რაც შეესაბამება ბეტონის B30 კლასს. ხოლო ბეტონის წყალუჟონადობის მარკაა B8 (იხ. ტ.3, ს.ფ. 82-100);

2.12. შპს „ს.ა-დ.ს. ბ....“-ის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, სექტორი კრწანისი, ......, მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებულია საკმარისი მოცულობით, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად (იხ. ტ.3, ს.ფ. 107-108);

2.13. 2019 წლის შენობის მზიდი კონსტრუქციების საანგარიშო ანალიზის თანახმად, შემოწმებულია შენობის საძირკვლების მზიდი კონსტრუქციების მზიდუნარიანობა ბეტონის ფაქტიური კლასის გათვალისწინებით დამუშავებული პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნის საფუძველზე. გაანგარიშებებში მიღებულია შენობის საძირკვლის ნაწილის (ხიმინჯები, საძირკვლის ფილა) ბეტონის კლასი B25. შენობის გაანგარიშების შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ხიმინჯების მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია დატვირთვების ძირითადი და განსაკუთრებული კომბინაციების გათვალისწინებით. ასევე უზრუნველყოფილია გრუნტის მზიდუნარიანობა ხიმინჯების ძირის ქვეშ. შენობის საძირკვლის ფილის მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია დატვირთვების ძირითადი და განსაკუთრებული კომბინაციების გათვალისწინებით, გაანგარიშებული არმატურის რაოდენობა ძირითადად შეესაბამება საპროექტო მონაცემებს. შემოწმებულია შენობის ქვედა სვეტების მზიდუნარიანობა საძირკვლიდან 0.00 ნიშნულამდე ბეტონის საპროექტო მარკის გათვალისწინებით. ამ სვეტების მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია დატვირთვების ძირითადი და განსაკუთრებული კომბინაციების ზემოქმედებისას. პროექტის მიხედვით, მიღებული ანტისეისმური ნაკერის სიდიდე 20სმ არასაკმარისია სეისმური ნორმის მოთხოვნისა და გაანგარიშებით მიღებული შედეგების საფუძველზე (იხ. ტ. 4, ს.ფ. 46-303);

2.14. სამშენებლო ობიექტების კომპიუტერული ტექნოლოგიებით პროექტირების საინჟინრო ცენტრის შპს „პ–ის“ ტექნიკური დასკვნის თანახმად, კომპიუტერული მოდელირებისა და სპეციალური გათვლებით შემოწმებულია მშენებარე შენობათა საძირკვლების მზიდი კონსტრუქციების მზიდუნარიანობა ბეტონის უკვე დამზადებული და ფაქტიურად არსებული კლასის გათვალისწინებით, ასევე, წარმოდგენილი პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნების საფუძველზე. გაანგარიშებებში მიღებულია შენობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტების: ხიმინჯები, საძირკვლის ფილა და სხვა, ბეტონის კლასი B25. გაანგარიშებები შესრულებულია საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების თანახმად. შენობის პროგრამული კომპლექსი „ლირა საპრ-2018“-ის საფუძველზე შედგენილი კომპიუტერული მოდელის გაანგარიშების შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ხიმინჯების მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია ბეტონის კლასი B25-ის გამოყენების შემთხვევაში (აღნიშნული B25 კლასის ბეტონის გამოყენება დასაშვებია აღნიშნული პროექტით მშენებლობაში) დატვირთების ძირითადი და განსაკუთრებული კომბინაციების გათვალისწინებით;

2.15. შპს „ო.გ.“-ის 2019 წლის 25 ივნისის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის თანახმად, ხიმინჯების მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია ბეტონის კლასი B25-ის გამოყენების შემთხვევაში, დატვირთვების ძირითადი და განსაკუთრებული კომბინაციების გათვალისწინებით. ასევე, უზრუნველყოფილია საყრდენი გრუნტის მზიდუნარიანობა ხიმინჯების წვეროს ქვეშ. შენობის საძირკვლის ფილის მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია დატვირთების ძირითადი და განსაკუთრებული კომბინაციების გათვალისწინებით, გაანგარიშებული არმატურის რაოდენობა ძირითადად შეესაბამება საპროექტო მონაცემებს. შენობის გაანგარიშების შედეგების ანალიზის საფუძველზე, სვეტებისა და შენობის კარკასის მზიდი ელემენტების განივი კვეთის ზომები და მზიდუნარიანობა შესაძლოა უზრუნველყოფილი იქნეს ბეტონის B25 კლასის გამოყენების შემთხვევაშიც, ძირითადად მათი არმირების %-ის გაზრდის ხარჯზე (იხ. ტ.5, ს.ფ. 22-241);

2.16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 12 მარტის დასკვნის შესაბამისად:

2.16.1.საძირკვლის I ფილიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეები კუმშვაზე იცვლება 28,79 მპა (287,9 კგძ/სმ2, მარკა 300)-დან 43.42 მპა (434,2 კგძ/სმ2, მარკა 450)-მდე, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B22,5 და B35 კლასებს, ხოლო საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე შეადგენს 35,61 მპა-ს (351,1 კგძ/სმ2, მარკა 350), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B27,5 კლასს;

2.16.2.საძირკვლის II ფილიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეები კუმშვაზე იცვლება 34,11 მპა (341,1 კგძ/სმ2, მარკა 350)-დან 41,14 მპა (411,4 კგძ/სმ2, მარკა 400)-მდე, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B25 და B30 კლასებს, ხოლო საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე შეადგენს 37,97 მპა-ს (379,7 კგძ/სმ2, მარკა 400), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B30 კლასს;

2.16.3.საძირკვლის III ფილიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეები კუმშვაზე იცვლება 25,37 მპა (253,7 კგძ/სმ2, მარკა 250)-დან 52,99 მპა (529,9 კგძ/სმ2, მარკა 550)-მდე, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B20 და B40 კლასებს, ხოლო საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე შეადგენს 38,75 მპა-ს (387,5 კგძ/სმ2, მარკა 400), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B30 კლასს;

2.16.4.მე-2 სართულის I ბლოკის კედლიდან, სვეტიდან და გადახურვის ფილიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეები კუმშვაზე იცვლება 41,60 მპა (416,0 კგძ/სმ2, მარკა 400)-დან 50,94 მპა (509,4 კგძ/სმ2, მარკა 500)-მდე, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B30 და B40 კლასებს, ხოლო საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე შეადგენს 46,57 მპა-ს (465,7 კგძ/სმ2, მარკა 450), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B35 კლასს;

2.16.5.მე-2 სართულის II ბლოკის კედლიდან, სვეტიდან და გადახურვის ფილიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეები კუმშვაზე იცვლება 35,77 მპა (357,7 კგძ/სმ2, მარკა 350)-დან 42,64 მპა (426,4 კგძ/სმ2, მარკა 450)-მდე, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B27,5 და B35 კლასებს, ხოლო საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე შეადგენს 39,10 მპა-ს (391,0 კგძ/სმ2, მარკა 400), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B30 კლასს;

2.16.6.პირველი სართულის I ბლოკის კედლიდან, სვეტიდან და გადახურვის ფილიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეები კუმშვაზე იცვლება 31,33 მპა (313,3 კგძ/სმ2, მარკა 300)-დან 50,53 მპა (505,3 კგძ/სმ2, მარკა 500)-მდე, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B25 და B40 კლასებს, ხოლო საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე შეადგენს 41,82 მპა-ს (418,2 კგძ/სმ2, მარკა 400), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B30 კლასს;

2.16.7.პირველი სართულის I ბლოკის კედლიდან, სვეტიდან და გადახურვის ფილიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეები კუმშვაზე იცვლება 53,95 მპა (539,5 კგძ/სმ2, მარკა 550)-დან 68,36 მპა (683,6 კგძ/სმ2, მარკა 700)-მდე, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B40 და B50 კლასებს, ხოლო საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე შეადგენს 61,24 მპა-ს (612,4 კგძ/სმ2, მარკა 600), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B45 კლასს;

2.16.8.მე-2 სართულის I ბლოკის კედლიდან, სვეტიდან და გადახურვის ფილიდან ამოკვეთილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეები კუმშვაზე იცვლება 41,76 მპა (417,6 კგძ/სმ2, მარკა 400)-დან 53,82 მპა (538,2 კგძ/სმ2, მარკა 550)-მდე, რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B30 და B40 კლასებს, ხოლო საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე შეადგენს 47,93 მპა-ს (479,3 კგძ/სმ2, მარკა 500), რაც ვარიაციის კოეფიციენტის (13,5%) გათვალისწინებით შეესაბამება ბეტონის B35 კლასს (იხ. ტ. 7, ს.ფ. 5-86).

2.17. მხარეთა შორის 2018 წლის 29 მარტს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 420 601 ლარის ღირებულების ბეტონი. მოსარჩელის მიერ ანაზღაურებულია 205 494 ლარი და გადასახდელია 215 107 ლარი;

2.18. 2020 წლის 06 აპრილის N020-004 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ......... მდებარე შენობების აღდგენა შეუძლებელია და ისინი საჭიროებს დაშლას. დამკვეთის მიერ წარდგენილი დასკვნების თანახმად, აშენებული შენობა-ნაგებობა, სადაც გამოყენებული იქნა უხარისხო ბეტონი, სეისმურად მდგრადობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, ......... არსებული მშენებარე კორპუსის დანახარჯების და უხარისხო ბეტონის გამოყენების შედეგად, მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5 082 700 აშშ დოლარი (იხ. ტ. 7, ს.ფ. 144-179);

2.19. იმავე თარიღის (06.04.2020წ.) ვ.ჩ–ის აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უხარისხო პროდუქციის შედეგად მიყენებული ზარალის საბაზრო ღირებულება 2020 წლის 6 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 9 609 571 ლარს (შენობის მშენებლობაზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯი - 2 297 034.09 ლარი, შენობის დემონტაჟი - 676 808 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 6 360 085 ლარი) (იხ. ტ.7, ს.ფ. 105-143).

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა გამოავლინეს ურთიერთმფარავი ნება ხელშეკრულების არსებით პირობებთან მიმართებით (სსკ-ის 327-ე მუხლი), მათ შორის ხელშეკრულებით შეთანხმდა გადასაცემი ბეტონის კონკრეტული ხარისხი (მარკა), რომლის გადაცემის ვალდებულებაც იკისრა გამყიდველმა. კერძოდ, 2018 წლის 29 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მოსარჩელისათვის მიეწოდებინა B25 და B35W8 მარკის ბეტონი. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ბეტონის საფასურსა და მისი გადახდის პირობებზე. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეძენილი აქვს B35W8 მარკის ბეტონი 2 436,50 მ3-ის ოდენობით, B35 მარკის ბეტონი 409 მ3-ის ოდენობით და B20 მარკის ბეტონი 51 მ3-ის ოდენობით, ჯამში - 420 301 ლარის ღირებულების პროდუქცია.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს სწორედ გადაცემული ბეტონის ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან.

5. სააპელაციო პალატამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა და ექსპერტთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ გამყიდველის მხრიდან არ განხორციელებულა შეთანხმებული მარკის ბეტონის მიწოდება. ამგვარი დასკვნის საფუძველს ქმნის საქმეზე დართული საგამოცდო ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 12 მარტის დასკვნა, რომლითაც დეტალურად შეფასდა თითოეულ სართულთან მიმართებით გამოყენებული ბეტონის სიმტკიცე და, შესაბამისად, განისაზღვრა გადაცემული ბეტონის არათანხვედრა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მარკასთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.16 ქვეპუნქტი), რაც შესაბამისობაშია ექსპერტიზის ჩატარებამდე ბეტონის ორფაზიანი შემოწმების მონაცემებთან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6., 2.6.1., 2.6.2 ქვეპუნქტები).

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე შესაბამის დასკვნებსა და სპეციალისტების განმარტებებზე დაყრდნობით მიუთითებს იმ ზიანზე, რაც კომპანიას მიადგა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, კერძოდ, უხარისხო პროდუქციის მიწოდებით. მოსარჩელე მიუთითებს აშენებული ნაგებობის დანგრევის საჭიროებაზე, ხელახლად არსებულ კონდიციამდე მიყვანაზე, საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე, მერიის მხრიდან დაწესებული ვადების დარღვევასა და იმ მოგების დაკარგვაზე, რომელსაც მიიღებდა მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის დროული დასრულების პირობებში. ხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით მოსარჩელე მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას 46 270 518.33 ლარის ოდენობით, მათ შორის, მატერიალური ზიანის ანაზღაურებას - 5 486 463.85 ლარის ოდენობით, საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - 2 700 000 ლარის ოდენობით და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - 38 084 054.48 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და ზიანის ოდენობა განსაზღვრა მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ა-რ–ის“ დასკვნის (N020-004) შესაბამისად.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის შედავება ეფუძნება სსკ-ის 495-ე მუხლს. მისი მტკიცებით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მიწოდებული ბეტონის მარკა/ხარისხი, მყიდველი ყოველი მიწოდების შემდგომ ახორციელებდა მიღებული საქონლის საგამოცდო შეფასებას და, შესაბამისად, მოსარჩელეს პრეტენზიის არსებობის პირობებში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა გამყიდველისათვის და, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, არ უნდა ეწარმოებინა საძირკვლის მშენებლობა. მოპასუხის მოსაზრებით, მეწარმე სუბიექტის მხრიდან სსკ-ის 495.1. მუხლის მოთხოვნების უგულებელყოფა ართმევს მას უფლებას დააყენოს ნაკლიდან გამომდინარე მეორადი მოთხოვნები, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

8. მეწარმისათვის მიწოდებული საქონლის დაუყოვნებლივ შემოწმების და ნაკლის აღმოჩენის შესახებ მიმწოდებლისათვის გონივრულ ვადაში შეტყობინების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ მიწოდება ხორციელდებოდა პერიოდულად/უწყვეტად და მიწოდებისთანავე ხდებოდა სინჯების აღება, რაც იგზავნებოდა შემოწმებისათვის ხარისხის განსაზღვრის მიზნით. ამდენად, მეწარმე-მყიდველის მხრიდან დაცულია სსკ-ის 495.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება მიღებული საქონლის შემოწმებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნაკლის გამოვლენის მომენტს და ამ ნაკლის შესახებ მიმწოდებლისათვის გონივრულ ვადაში შეტყობინებას, პალატამ აღნიშნა, რომ მიღებული საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ხარისხის დადგენა საჭიროებდა ორეტაპიან შემოწმებას, აღებული ნიმუშის გამოცდა ხდებოდა მე-7 და 28-ე დღის შემდეგ. ამასთანავე, 28-ე დღეს ბეტონი იღებს საბოლოო სახეს და ზუსტად განისაზღვრება მისი ხარისხი. ამდენად, ერთი თვის ვადაში შესაძლებელია განისაზღვროს მიწოდებული ბეტონის ხარისხი, კერძოდ, შეესაბამება თუ არა იგი შეთანხმებულ ხარისხს. აქვე, საგულისხმოა, რომ მხარეებს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიების წარდგენის ვადა და ფორმა ხელშეკრულებით არ განუსაზღვრავთ.

9. პალატის შეფასებით, ვინაიდან მიწოდება ხორციელდებოდა უწყვეტად 2018 წლის აპრილიდან 17 ივლისის ჩათვლით, 20 ივლისს მიმწოდებლისათვის წარდგენილი პრეტენზია საქონლის ხარისხთან დაკავშირებით მიჩნეულ უნდა იქნას გონივრულ ვადაში წარდგენილ პრეტენზიად. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, მე-7 დღის გამოცდების შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით, რომლითაც დგინდებოდა მიწოდებული ბეტონის დაბალი ხარისხი, იგი ინფორმაციას პირადად აწვდიდა მიმწოდებელს და გამოთქვამდა პრეტენზიებს, თუმცა მიმწოდებელი აიმედებდა, რომ მიწოდებული ბეტონი იყო შეთანხმებული ხარისხის, რაც დადასტურდებოდა საბოლოო გამოკვლევის შედეგებით, თუმცა დადასტურებულია, რომ არც საბოლოო ცდების შედეგები იყო დამაკმაყოფილებელი. კერძოდ, 26.07.2018წ, 03.08.2018წ, 04.09.2018წ, 24.10.2018წ შპს „ნ.დ. და ტ.ც–ის“, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით მშენებარე ობიექტიდან აღებული იქნა ბეტონის ნიმუშები (კერნები) მათი გამოცდის მიზნით, რა დროსაც მიმწოდებლის წარმომადგენელს რაიმე პრეტენზია, შენიშვნა არ განუცხადებია, მათ შორის, რომ მათთვის უცნობი იყო ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები. ამასთან, არც კანონით და არც ხელშეკრულებით მხარეებს არ ჰქონდათ განსაზღვრული პრეტენზიის გაცხადების ფორმა, შესაბამისად, მიმღებს შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ზეპირი სახით. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მხარეები ურთიერთობდნენ ზეპირი კომუნიკაციის ფორმით და, გამომდინარე აქედან, პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მისი მხრიდან ზეპირად ეცნობა მიმწოდებელს პრეტენზია ნივთის ნაკლთან მიმართებით და, შესაბამისად, იგი გაცხადებული იყო გონივრულ ვადაში საქონლის თვისებიდან გამომდინარე.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკის ფარგლებში, მოდავე მხარეებს ხელშეკრულებით შეთანხმებული ჰქონდათ პრეტენზიის წარდგენის ვადა და ფორმა. განსახილველ შემთხვევაში კი ხელშეკრულებით არ არის დარეგულირებული პრეტენზიის გაცხადების ფორმა და ვადა. გამომდინარე აქედან, პალატამ არ გაიზიარა მითითებული სასამართლო პრაქტიკა. ამასთან, მყიდველს მშენებლობა უნდა ეწარმოებინა კანონით დადგენილ ვადაში და, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელირება მშენებლობის გაგრძელების გაუმართლებლობაზე. სსკ-ის 361.2. მუხლის შესაბამისად, მყიდველს ჰქონდა გონივრული მოლოდინი, რომ კონტრაჰენტი მას მიაწოდებდა შეთანხმებული ხარისხის ნივთს და არსებულ ვითარებაში პრეტენზიის დროულ განუცხადებლობაზე მითითება, მაშინ როდესაც შეთანხმება პრეტენზიის გაცხადების ვადასა და ფორმასთან მიმართებით არ არსებობდა, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ვერც იმის დადასტურება უზრუნველყო, რომ ნივთის გადაცემის მომენტში მისთვის ცნობილი არ იყო ნივთის უხარისხობის თაობაზე, რაც დამატებით აღნიშნული საფუძვლითაც გამორიცხავდა მის შედავებას.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე გამორიცხავდა მის პასუხისმგებლობას ზიანთან მიმართებით ასევე იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ მოსარჩელე ბეტონს იღებდა სხვა მიმწოდებლებისაგან და, შესაბამისად, საგამოცდო ოქმებით შეფასებული ბეტონი შესაძლოა მიწოდებული ყოფილიყო არა მოპასუხისგან, არამედ - სხვა მიმწოდებლისგან. სახელდობრ, მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ 12.07.2018წ. საგამოცდო ოქმის თანახმად (ტ. 1, ს. ფ. 73), ტესტირებაზე წარდგენილი ბეტონის ნიმუშები მიწოდებული იყო სხვა კომპანიის მიერ, რაც დასტურდება საქმეზე დართული ცხრილით (ტ. 1, ს. ფ. 74), რომლის შესაბამისად, მიწოდება განხორციელებულია 14.06.2018წ., მაშინ როდესაც ივნისის თვეში მოპასუხეს მიწოდება არ განუხორციელებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ, გარდა ხსენებული 14.06.2018წ. მიწოდებისა, ცხრილი ასევე შეიცავს მონაცემებს 02.05.2018წ. და 29.05.2018წ. განხორციელებულ მიწოდებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ცხრილში ასევე შეყვანილია ივნისის თვეში სხვა კომპანიის მიერ მიწოდების ერთი ფაქტი, ეჭქვეშ ვერ დააყენებდა სხვა მონაცემებს, რაც ამ ცხრილში იყო მოყვანილი.

13. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის არგუმენტი, რომ მასთან ერთად B-35 მარკის ბეტონს მოსარჩელეს აწვდიდა სხვა მიმწოდებელი, არ გამორიცხავდა მის პასუხისმგებლობას უშუალოდ მის მიერ მისაწოდებელი ბეტონის სახელშეკრულებო სტანდარტთან შესაბამისობის ნაწილში. სასამართლოს მითითებით, B-35 მარკის ბეტონს მოპასუხე მოსარჩელეს აწვდიდა 02.04.2018წ-დან 29.05.2018წ-მდე, ასევე 06.07.2018წ-დან 17.07.2018წ-მდე (იხ. ტ.1, ს. ფ. 25-45). ამ პერიოდში მოსარჩელეს სხვა კომპანია ბეტონს არ აწვდიდა. ასევე, დადგენილია, რომ შპს „ლ–ა“ B-35 მარკის ბეტონს მოსარჩელეს აწვდიდა 28.11.2017წ-დან 05.03.2018წ-ის ჩათვლით (იხ. ტ.1, ს.ფ. 46-48), ხოლო შპს „მ–ი“ მოსარჩელეს აწვდიდა B-20 მარკის ბეტონს 10.03.2018წ-დან 12.03.2018წ-მდე; ასევე, 14.06.2018წ-დან შპს „ა.კ–ნი“ მოსარჩელეს აწვდიდა მ-450 მარკის ბეტონს, ხოლო შპს „მ–ი“ 21.06.2018წ-დან აწვდიდა B-20 მარკის ბეტონს (იხ. ტ. 1, ს. ფ. 49-51). ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მსჯელობა, რომ მოსარჩელეს B-35 ბეტონს იმავე პერიოდში პარალელურად აწვდიდა სხვა მიმწოდებელი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ „ნედლი“ ბეტონის სინჯები აღებული იქნა სწორედ მოპასუხის მიერ მიწოდებული ბეტონიდან, რაც დასტურდება საგამოცდო ოქმების შინაარსით, სადაც შესაბამის გრაფაში პროდუქციის მიმწოდებლად მითითებულია სწორედ მოპასუხე (იხ. ტ. 1, ს. ფ. 73,75,77,79,82,84,86,88), ხოლო შპს „ნ.დ. და ტ.ც–ის“ ბეტონის ნიმუშების საგამოცდო ოქმებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 90-96), ბეტონის სიმტკიცე და ხარისხი გამოკვლეული იქნა 18.04.18წ, 02.05.18წ, 19.05.18წ, 29.05.18წ მიწოდებულ/ჩამოსხმულ ნიმუშებზე. წარმოდგენილი ცხრილის თანახმად კი, მითითებულ დღეებში ბეტონი მიწოდებული იქნა მხოლოდ მოპასუხის მიერ (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-37). რაც შეეხება საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზისათვის „კერნების“ ამოჭრას შენობის სხვადასხვა ადგილებიდან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ პროცესს ესწრებოდნენ მოპასუხის წარმომადგენლები, რომლებსაც რაიმე პრეტენზიები/შენიშვნები არ გამოუთქვამთ, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ სინჯის აღების ადგილები არ იყო ჩამოსხმული მოპასუხის მიერ მიწოდებული ბეტონით, რასაც ადასტურებს „კერნების ამოჭრის ოქმები“ (ტ.1, ს.ფ. 59-64).

14. სააპელაციო პალატა ბეტონის ხარისხის დადგენის კუთხით დაეყრდნო საქმეზე დანიშნულ/ჩატარებულ (ორივე მხარის მონაწილეობით შედგენილ) ექსპერტიზის დასკვნას - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 12 მარტის დასკვნას (იხ. წინამდებარე განჩინების 2.16 ქვეპუნქტი), რომლითაც დადასტურებულია მშენებლობისათვის გამოყენებული ბეტონის უხარისხობა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ უხარისხო ბეტონის მიწოდებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი და ასევე, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების ბრალეულ დარღვევასა და დამდგარ ზიანს შორის.

15. სააპელაციო პალატამ ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გაითვალისწინა საქმეზე დაკითხული სპეციალისტების/ექსპერტებისა და შენობის მთავარი კონსტრუქტორის მიერ მიცემული განმარტებები. შენობის მთავარმა კონსტრუქტორმა (ი. ურუშაძე) განმარტა, რომ ბეტონის მარკიანობა განისაზღვრა გარკვეული მარაგით, იმის გამო, რომ მშენებლობის წარმოების ადგილზე არის გრუნტის აგრესიული წყლები, ასევე გრუნტი, რომელზეც შენობა უნდა აიგოს, არის ნაყარი მიწა. წერილის შედგენისას მის მიერ გათვალისწინებული იქნა იმ დროისათვის არსებული ყველა კვლევა. შესაბამისად, ვინაიდან ბეტონის სიმტკიცე B-35-ზე საგრძნობლად დაბალი იყო, მშენებლობის გაგრძელება დაუშვებლად მიიჩნია.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, ექსპერტების განმარტების შესაბამისად, საბოლოო ჯამში გამოიკვეთა ის გარემოება, რომ, მართალია, 20-22 სართულის მშენებლობა შესაბამისი არმირების პირობებში, შესაძლებელია განხორციელდეს B-25 მარკის ბეტონითაც, თუმცა, თუ შენობის კონსტრუქტორის მიერ გათვალისწინებულია უფრო მაღალი სიმტკიცის ბეტონი (მოცემულ შემთხვევაში B-35), მაშინ მშენებლობა უნდა წარიმართოს სწორედ უფრო მაღალი სიმტკიცის ბეტონით. სხვა საკითხია, თუ რატომ დაადგინა შენობის კონსტრუქტორმა უფრო მაღალი სიმტკიცე, რაც ცალკე შეფასების საგანია. მოცემულ შემთხვევაში, შენობის მთავარი კონსტრუქტორი აღნიშნულს ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ მშენებლობის ადგილზე არის აგრესიული გრუნტის წყლები და ტერიტორია არის ნაყარი გრუნტით. სწორედ ამიტომ განისაზღვრა მშენებლობის წარმოება B-35 სიმტკიცის ბეტონით.

17. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ოდენობა განსაზღვრა მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ა-რ–ის“ დასკვნის (N020-004) შესაბამისად. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ......... მდებარე შენობების აღდგენა შეუძლებელია და საჭიროებს დაშლას. დამკვეთის მიერ წარდგენილი დასკვნების თანახმად, აშენებული შენობა-ნაგებობა, სადაც გამოყენებული იქნა უხარისხო ბეტონი, სეისმური მდგრადობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. ამავე დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ......... არსებული მშენებარე კორპუსის დანახარჯების და უხარისხო ბეტონის გამოყენების შედეგად, მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5 082 700 აშშ დოლარი, მათ შორის: 1) შენობის დემონტაჟზე გასაწევი თანხის ოდენობა განისაზღვრა 624 750 ლარის ოდენობით; 2) ახალი შენობა-ნაგებობის აღმართვის ხარჯი - 4 659 444 ლარი; და 3) მიუღებელი შემოსავალი - 4 696 425 აშშ დოლარი.

18. სააპელაციო პალატამ ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ნაწილობრივ გაიზიარა მოპასუხის შედავება და შპს „ა-რ–ის“ დასკვნის შესაბამისად ზიანის ოდენობა განსაზღვრა ფაქტობრივად დამდგარი ზიანის მიხედვით, რაც მოიცავს შენობის დემონტაჟისა და ხელახლა, არსებულ კონდიციამდე აშენების ხარჯებს, რაც იძლევა საფუძველს ზიანის სახით მოპასუხეს დაეკისროს 1 325 571.64 აშშ დოლარის ანაზღაურება. პალატამ ხსენებულ დასკვნებზე დაყრდნობით, კონკრეტული მოცემულობით ზიანი განსაზღვრა შემდეგი გაანგარიშებით: 1) შენობის დემონტაჟის ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 187 108.11 აშშ დოლარს (06.04.2020წ. აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებით - 3.1740) ანუ 593 881.15 ლარს; 2) შენობის დემონტაჟის შედეგად ჯართის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 35 939.51 აშშ დოლარს (3.1740 აშშ დოლარის კურსის შესაბამისად - 114 072.01 ლარი); 3) 593 881.15 ლარს – 114 072.01 ლარი = 479 809.14 ლარს; 4) ჩანაცვლებითი ღირებულება (ახალი შენობის იმავე კონდიციამდე აშენება) შეადგენს 1 174 403.04 აშშ დოლარს (3 727 555.25 ლარი); 5) 4 799 809.14 ლარს + 3 727 555.25 ლარი = 4 207 364.39 ლარს, რაც 06.04.2020წ. არსებული კურსის შესაბამისად შეადგენს 1 325 572 აშშ დოლარს.

19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლებით და გაუმართლებლად მიიჩნია მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით არსებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რამეთუ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა სამომავლოდ მოსარჩელეს არ ართმევს შესაძლებლობას განაახლოს საქმიანობა და ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების (შენობის დემონტაჟი და ხელახლა არსებულ კონდიციამდე აშენება) პირობებში გააგრძელოს სამშენებლო საქმიანობა, მათ შორის, ბინების რეალიზაცია. სასამართლოს მითითებით, სახეზე არ არის შემთხვევა, როდესაც დაზარალებული უარს ამბობს მშენებლობის გაგრძელებაზე (მისი შეუძლებლობის გამო), არამედ კომპანია გეგმავს არსებული შენობის დემონტაჟსა და ახალი შენობის აშენებას, შესაბამისად, ბინების გაყიდვას. ამდენად, რეალური ზიანი არის ის, რაც დემონტაჟსა და შენობის ხელახალ აშენებას დასჭირდება (4 სართული). პალატამ მიუთითა, რომ შენობის სრულად აშენების შემდგომ კომპანია მოახერხებს ბინების გაყიდვას და შესაბამისად მიიღებს შემოსავალს. სასამართლოს მოსაზრებით, მიუღებელ შემოსავლად მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს თანხის (მოგების) დროულად მიღების შემთხვევაში, მისგან დამატებითი შემოსავლის მიღება, თუნდაც მინიმალური საბანკო პროცენტის სახით 2-3 წლის (რა ვადითაც შეიძლება გაგრძელდეს მშენებლობა) განმავლობაში, რაზეც მოსარჩელე არ უთითებს და მიუღებელ შემოსავალს უკავშირებს მხოლოდ ბინების გასხვისებას, რის განხორციელებასაც მხარე ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების პირობებში უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ.

20. ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა რა განცდილი ზიანის ოდენობა, ხსენებულ აუდიტორულ დასკვნაზე დაყრდნობით გამართლებულად მიიჩნია მოპასუხისათვის მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

21. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეაფასა ასევე მოპასუხის მოთხოვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასთან მიმართებით. მოპასუხის მტკიცებით, მისი მხრიდან მყიდველისათვის მიწოდებულია 420 601 ლარის ღირებულების ბეტონი, ხოლო მოსარჩელის მიერ ანაზღაურებულია მხოლოდ 205 494 ლარი, შესაბამისად, დარჩენილი დავალიანება შეადგენს 215 107 ლარს. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო ბეტონის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში. 4.2. პუნქტის თანახმად, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0.5%-ის ოდენობით, ყოველი გადაცილებული დღისთვის. მოპასუხის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელეს ერიცხება დავალიანება 215 107 ლარის ოდენობით, მასვე უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც ვადაგადაცილების შესაბამისად შეადგენს 226 936 ლარს. საერთო ჯამში, მოპასუხე მოითხოვს მოსარჩელისათვის 442 043 ლარის დაკისრებას (215 107 + 226 936).

22. შეგებებულ სარჩელთან მიმართებით სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 369-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების, უვარგისი პროდუქციის გადაცემისა და, აქედან გამომდინარე, ზიანის მიყენების ფაქტი, აღნიშნული გამორიცხავს გამყიდველის უფლებას მოითხოვოს ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება. სასამართლოს განმარტებით, გამყიდველის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოშობს მყიდველის საპასუხო ვალდებულებას ანაზღაურებასთან მიმართებით. შესაბამისად, გაუმართლებელია მოპასუხის მოთხოვნა იმ ნივთის ღირებულების ანაზღაურებასთან მიმართებით, რომელიც გამოუსადეგარია მყიდველისათვის. ამასთან, ძირითადი ვალდებულების დაუსაბუთებლობის პირობებში გაუმართლებელია მისგან ნაწარმოები პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო (სსკ-ის 487-488-ე მუხლების შესაბამისად, ნაკლიანი ნივთის მიწოდება) მოსარჩელეს წარმოეშვა მეორადი მოთხოვნის უფლება გასულიყო ხელშეკრულებიდან და მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება (სსკ-ის 491-ე, 494-ე, 352-ე, 405-ე, 394-ე და 408-ე მუხლები), შესაბამისად, აღნიშნულის საპირისპიროდ შეგებებული სარჩელით ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

27. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

29. საკასაციო საჩივრის თანახმად:

29.1. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ეროვნულ ვალუტაში (ლარში), ხოლო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნები საკუთარი ინიციატიცით შეცვალა და გადაწყვეტილებაში გამოსახა უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარში). ამით საკასაციო საჩივრის წარმოდგენის მომენტისთვის სასამართლოს მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების შედეგად კასატორის ზარალი შეადგენს 345 046, 29 ლარს;

29.2. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორის ბრალეულობა და ზიანის დადგომის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კასატორის უშუალო პასუხისმგებლობა მოსარჩელისთვის დამდგარ ზიანთან მიმართებით. არცერთ საგამოცდო ოქმში არ არის პირდაპირ მითითებული, რომ ექსპერტიზისათვის საჭირო ნიმუშების/სინჯების აღება/მოპოვება მოხდა კასატორის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ბეტონიდან. პირიქით კი დასტურდება, რომ მოპასუხესთან ერთად მოსარჩელისათვის ბეტონის მიწოდებას მანამდეც, პარალელურადაც და შემდგომ პერიოდშიც ახორციელებდნენ სხვა კომპანიები;

29.3. 2018 წლის 12 ივლისის დასკვნით ირკვევა, რომ ბეტონირების თარიღად საგამოცდო ოქმში მითითებულია 2018 წლის 14 ივნისი ანუ დრო, როდესაც კასატორი საერთოდ არ აწვდიდა მოსარჩელეს ბეტონს. ბეტონის ხარისხის დასადასტურებლად ბეტონის ნიმუშის/სინჯის ექსპერტიზა და ვერც სხვა ვერაფერი დაადგენს იმ გარემოებას, იყო თუ არა ექსპერტიზა კასატორის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ბეტონის მიმართ ჩატარებული;

29.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა მიწოდების მომენტში ბეტონი ნივთობრივად უნაკლო იყო და შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მარკას, ხოლო მისი ლაბორატორიული გამოცდის შედეგად ბეტონის მარკის შეუსაბამობა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო დამკვეთის მიერ ბეტონის ნაადრევი განყალიბებით, ბეტონის ჩასხმის მომენტში არათანაბარი განაწილებით/არასათანადო ვიბრაციით, სათანადო ტემპერატურული და მშრალი გარემოს დაუცველობით და ა.შ.;

29.5. თუ კასატორმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, მას შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ის პასუხისმგებლობა, რომელიც შესაძლოა პირდაპირ გამომდინარეობდეს ამ კონკრეტული ვალდებულების დარღვევიდან და არაფერი მეტი. კასატორმა იკისრა მხოლოდ შესაბამისი მონაცემების ბეტონის მიწოდება მოწინააღმდეგე მხარისათვის, ხოლო მოსარჩელე რა მიზნით და რაში გამოიყენებდა მიწოდებულ ბეტონს, ეს იყო მხოლოდ მოსარჩელის გადასაწყვეტი;

29.6. მოსარჩელე ვალდებული იყო ბეტონი მიღებისთანავე შეემოწმებინა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ მონაცემებთან შეუსაბამობის გამოვლენისთანავე მაშინვე შეეჩერებინა ბეტონის შემდგომი მიღება და განეცხადებინა მოპასუხისთვის შესაბამისი პრეტენზია. სამოქალაქო კოდექსი მეწარმე სუბიექტს ავალდებულებს დაუყოვნებლივ შეამოწმოს მიღებული პროდუქტი, მოსარჩელე ვალდებული იყო გამოეჩინა ელემენტარული წინდახედულობა და საძირკვლის სამუშაოების დასრულების შემდგომ მაინც შეემოწმებინა მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქტი. მოსარჩელემ, მისივე განმარტებით, კასატორის მიერ მიწოდებული ბეტონის ძირითადი ნაწილი გამოიყენა საძირკვლის მოსაწყობად, ხოლო ნიმუშები იმ დროს აიღო, როდესაც მას უკვე აშენებული ჰქონდა ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ოთხი სართული. აშკარაა, რომ მოსარჩელემ საკუთარი დაუდევრობითა და ელემენტარული წინდახედულობის ნორმების გაუთვალისწინებლობით ხელი შეუწყო ზიანის დადგომას (სსკ-ის 415-ე მუხლი);

29.7. საქმეშია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - მოსარჩელის 2018 წლის 20 ივლისის წერილი (№02/07/18), რომლითაც მან მიმართა მოპასუხეს. ამ უკანასკნელს წერილი გადაეცა 2018 წლის 23 ივლისს, ხოლო მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მოსარჩელე ყოველგვარი გაფრთხილების/პრეტენზიის/შედავების გარეშე ყიდულობდა მოპასუხისგან ბეტონს. როგორც ცნობილია, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ბეტონის ბოლო მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 17 ივლისს, როდესაც მოსარჩელეს სხვა მიმწოდებელებისაგან უკვე დასრულებული ჰქონდა სამივე ბლოკის ფილისთვის ბეტონის მიღება და იმ დროისათვის მიმდინარეობდა სართულებისთვის საჭირო ბეტონის მიწოდება;

29.8. 2018 წლის 23 ივლისამდე მოსარჩელეს პრეტენზია ბეტონის ხარისხთან დაკავშირებით მოპასუხისთვის არ წარუდგენია, მაშინ როცა მოსარჩელის მიერ ბეტონის პირველი შეკვეთის მიღებიდან უკვე გასული იყო ოთხი თვე, ხოლო პირველი სინჯების/შემოწმების შედეგების მიღებიდან და გაცნობიდან - 3 თვე. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთან ჰქონდა რაიმე სახის კომუნიკაცია, თუნდაც ზეპირსიტყვიერი, უხარისხო ბეტონთან დაკავშირებული პრეტენზიის შესახებ;

29.9. განსახილველ საქმეში არ არსებობს არცერთი სათანადო შესაძლებლობის, კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე სუბიექტის მიერ გაცემული მტკიცებულება, რომლითაც პირდაპირ და უტყუარად იქნებოდა დადგენილი აშენებული შენობის დემონტაჟის აუცილებლობა;

29.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ივნისს განხილული საქმე №ას-560-519-2017 ზუსტად შეესაბამება განსახილველ საქმეს და მისი გამოყენება აუცილებელია მოცემული დავის გადასაწყვეტად.

30. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებიდან [სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება].

31. დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მარტს მხარეთა შორის დაიდო ბეტონის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მიეწოდებინა მოსარჩელისათვის B25 და B35W8 მარკის ბეტონი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნქტი).

32. მხარეთა შორის სადავოა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი [სსკ-ის 361.2. მუხლი: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; 487-ე მუხლი: გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი; 488.1. მუხლი: ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის].

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება თუ ზიანის ანაზღაურება.

34. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიწოდებული ნივთის ნაკლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას [494.1. მუხლი: ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით; 394.1. მუხლი: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის; 408.1. მუხლი: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; 409-ე მუხლი: თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება].

35. მოპასუხე საკუთარი პასუხისმგებლობის გამოსარიცხად უთითებს სსკ-ის 495-ე მუხლზე, რომელიც მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით ნაკლიანი ნივთის მიწოდების შემთხვევაში განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობს.

36. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას [სსკ-ის 495-ე მუხლი].

37. კანონმდებლის მიერ საკითხის მსგავსი მოწესრიგება განპირობებულია იმით, რომ მეწარმე კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც თავისი ბუნებით იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს შემდგომში მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა. ზემოაღნიშნული მუხლი მისი გამოყენების წინაპირობად ერთმნიშვნელოვნად მყიდველის მეწარმეობას ადგენს. თუმცა, მისი გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ მაშინ, როდესაც გარიგების ერთ-ერთი ან ორივე მხარე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტია, არამედ - მაშინაც, როდესაც ნივთის შეძენას სამეწარმეო მიზანი გააჩნია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის განმარტებისას მხარის სტატუსს განსაზღვრავს სწორედ მის მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანი (იხ. სუსგ საქმე №ას-486-467-2016, 8 ივნისი, 2017 წელი).

38. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება პირდაპირ არ უნდა განიმარტოს და ის ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. აღნიშნული შეფასება დამოკიდებულია როგორც ნივთის თვისებებზე, ასევე რაოდენობაზე, მყიდველის ობიექტურ შესაძლებლობაზე, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე პირველი ობიექტური შესაძლებლობისთანავე შეამოწმოს ნივთი (იხ. სოფიო ჩაჩავა, www. gccc.ge, სსკ-ის 495-ე მუხლის ელექტრონული კომენტარი, ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016).

39. სსკ-ის 495-ე მუხლი ითვალისწინებს მყიდველის მიერ ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულებას, თუმცა ნაკლის გამო შედავების ვალდებულებას მისი აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში აკისრებს. პრეტენზიის განხორციელებისათვის სპეციალური ფორმა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ჩვეულებრივ დამკვიდრებული კომუნიკაციისათვის მიღებული ნებისმიერი, სწრაფი და ადეკვატური დანახარჯების შემცველი საშუალების გამოყენება მისაღებია. ასეთი შეიძლება იყოს, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინება. პრეტენზია უნდა განხორციელდეს მყიდველის (ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის) მიერ გამყიდველის (ან უფლებამოსილი პირის) მიმართ. ცალკეულ შემთხვევაში, გამართებულია, პრეტენზია ჩაითვალოს დროულად და კანონის შესაბამისად განხორციელებულად, თუ მყიდველი ამისათვის იყენებს ბრუნვაში ჩვეულებრივ მიღებულ კომუნიკაციის საშუალებებს (იხ. სოფიო ჩაჩავა, www. gccc.ge, სსკ-ის 495-ე მუხლის ელექტრონული კომენტარი, ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016).

40. მოპასუხის პრეტენზიის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო ბეტონი მიღებისთანავე შეემოწმებინა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ მონაცემებთან შეუსაბამობის გამოვლენისთანავე მაშინვე შეეჩერებინა ბეტონის შემდგომი მიღება და განეცხადებინა მოპასუხისთვის შესაბამისი პრეტენზია.

41. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მიერ ბეტონის ხარისხის დაუყოვნებლივ შემოწმებასთან მიმართებით, მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. თბილისში, ......... მდებარე ობიექტისათვის, მოპასუხე პერიოდულად, 2018 წლის 2 აპრილიდან 17 ივლისის ჩათვლით აწვდიდა ბეტონს მოსარჩელეს; მოსარჩელე მოპასუხისგან მიღებული ბეტონის მარკის/ხარისხის დადგენის მიზნით აწარმოებდა ორეტაპიან საგამოცდო შეფასებას: შპს „ნ.დ. და ტ.ც–ის“ მიერ მოპასუხისგან მიწოდებული ბეტონის ნიმუშებზე ჩატარებული გამოცდების საფუძველზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. კერძოდ, 2018 წლის 26 აპრილის, 2018 წლის 10 მაისის, 2018 წლის 16 მაისის, 2018 წლის 28 მაისის, 2018 წლის 30 მაისის, 2018 წლის 18 ივნისის, 2018 წლის 26 ივნისის ოქმების თანახმად, ჩატარებული გამოცდების საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ბეტონის საშუალო სიმტკიცე განისაზღვრა 27.3-დან 33,8 მგპა-მდე; სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიიის მიერ 12.07.18წ., 13.07.18წ., 03.08.2018წ., 17.08.2018წ. ჩატარდა ბეტონის ნიმუშების მეორე ეტაპის გამოცდები და საშუალო სიმტკიცე კვლავ განისაზღვრა დაბალი მაჩვენებლით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. და 2.6. ქვეპუნქტები).

42. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს შესრულებული აქვს სსკ-ის 495.1 მუხლით გათვალისწინებული, მიღებული საქონლის შემოწმების ვალდებულება.

43. რაც შეეხება შესყიდული ნივთის ნაკლის გამოვლენისა და ამ ნაკლის შესახებ გამყიდველისათვის პრეტენზიის გონივრულ ვადაში წარდგენის საკითხს, ვინაიდან, ბეტონის მიწოდება ხორციელდებოდა უწყვეტად 2018 წლის აპრილიდან 17 ივლისის ჩათვლით, ამასთან, მიწოდებული ბეტონის ხარისხი შესაძლებელია განისაზღვროს ერთი თვის ვადაში და მხარეებს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიების წარდგენის ვადა და ფორმა ხელშეკრულებით არ ჰქონდათ განსაზღვრული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2018 წლის 20 ივლისს გამყიდველისთვის წარდგენილი პრეტენზია საქონლის ხარისხთან დაკავშირებით მიჩნეული უნდა ყოფილიყო გონივრულ ვადაში წარდგენილ პრეტენზიად. საკასაციო პალატა ეთანხმება ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის განმარტების გაზიარების ნაწილშიც, რომ მე-7 დღის გამოცდების შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით, რომლითაც დგინდებოდა მიწოდებული ბეტონის დაბალი ხარისხი, იგი ინფორმაციას პირადად აწვდიდა მიმწოდებელს და გამოთქვამდა პრეტენზიებს, თუმცა მიმწოდებელი აიმედებდა, რომ მიწოდებული ბეტონი იყო შეთანხმებული ხარისხის, რაც დადასტურდებოდა საბოლოო გამოკვლევის შედეგებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი). ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მყიდველს მშენებლობა უნდა ეწარმოებინა კონკრეტულ ვადებში და მას ჰქონდა ასევე მოპასუხის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების გონივრული მოლოდინი, საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ მყიდველმა გამყიდველს პრეტენზია წარუდგინა გონივრულ ვადაში და ამ მხრივ კასატორის შედავებას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

44. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზიაც, რომ არ არსებობს აშენებული შენობის დემონტაჟის აუცილებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შენობის მთავარი კონსტრუქტორის (ი. ურუშაძე) განმარტებაზე, რომ ბეტონის მარკიანობა განისაზღვრა გარკვეული მარაგით, იმის გამო, რომ მშენებლობის წარმოების ადგილზე არის გრუნტის აგრესიული წყლები, ასევე გრუნტი, რომელზეც შენობა უნდა აიგოს, არის ნაყარი მიწა. წერილის შედგენისას მის მიერ გათვალისწინებული იქნა იმ დროისათვის არსებული ყველა კვლევა. შესაბამისად, ვინაიდან ბეტონის სიმტკიცე B-35-ზე საგრძნობლად დაბალი იყო, მშენებლობის გაგრძელება დაუშვებლად მიიჩნია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტი). ამდენად, კასატორის პრეტენზია დაკისრებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც უსაფუძვლოა.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „კ.ბ.....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „კ.ბ.....“-ს (ს/კ: ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 17 მარტს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი