Facebook Twitter

საქმე №ას-1296-2020 8 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.გ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) მუშაობდა სს „ს.რ–აში“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მე-5 თანრიგის ლიანდაგის მონტიორად.

2. მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 2001 წლის 02 აგვისტოს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის საფუძველზეც, მოპასუხემ დასაქმებულს დაუნიშნა ყოველთვიური სარჩო.

3. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მოსარჩელეს განესაზღვრა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, მიღებული შრომითი დასახიჩრების გამო, 60%-ით პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის დაკარგვით, 2015 წლის 05 ნოემბრამდე. ხოლო, 07.11.2016წ. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეს საწარმოო ტრავმის გამო პროფესიული შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა დაუდგინდა 60%-ით, უვადოდ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.04.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა გადაანგარიშებული წესით, მოქმედი მე-5 თანრიგის ლიანდაგის მონტიორის ხელფასის გათვალისწინებით, 625 ლარის 60%-ის - 375 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, 2015 წლის 01 მარტიდან - 2015 წლის 05 ნოემბრამდე, ანუ ჯანმრთელობის შემდგომ გადამოწმებამდე. იმავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთობლივად მიუღებელი სარჩოს სხვაობის გადახდა 6 177,2 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

5. სადავო პერიოდში მოპასუხე კომპანიაში მე-5 თანრიგის ლიანდაგის მონტიორის სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრებოდა 625 ლარით, რომლის 60% შეადგენს - 375 ლარს.

6. 24.04.2015წ. გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღის შემდგომ, 2015 წლის ნოემბრიდან მოსარჩელე სარჩოს სახით იღებდა 201,2 ლარს, ნაცვლად 375 ლარისა.

7. მოსარჩელეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საპენსიო ასაკი შეუსრულდა 2018 წლის 09 აპრილს (დაბადებულია 09.04.1953 წელს).

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: 2018 წლის 01 თებერვლიდან ყოველთვიურად 375 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდის დაკისრება, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; ასევე, 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 4 692,6 ლარის ოდენობით.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 4 692,6 ლარის ოდენობით; ხოლო, 2018 წლის 01 თებერვლიდან იმავე წლის 09 აპრილამდე დროის მონაკვეთში სარჩოს ანაზღაურება თვეში 375 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

10. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და 408-ე მუხლის მე-2 ნაწილს, თუმცა ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, წარმატებული ვერ იქნება, რადგანაც არ არის დასაბუთებული ამ შედეგის განაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 65 წელი პენსიის დანიშვნის საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე 1953 წლის 09 აპრილს დაიბადა, შესაბამისად, მას საპენსიო ასაკი 2018 წლის 09 აპრილს შეუსრულდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ერთ შემთხვევაში 65 წლამდე დაზარალებულის მუშაობის პრეზუმფცია მოქმედებს და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს სახით აუნაზღაუროს მას ზიანი; საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით

15. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ საპენსიო ასაკს გადაცილებულ პირს სარჩო გადაუხადონ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სხვა იმავე ასაკის პირები დასაქმებულები არიან კონკრეტულ დარგში და ხანდაზმული ასაკი არ არის ამ სფეროში საქმიანობისთვის დამაბრკოლებელი გარემოება. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მას ზიანის არარსებობის პირობებში შეეძლო შეესრულებინა მონტიორის ფუნქციები იმგვარად, რომ დამსაქმებელთან შეენარჩუნებინა მისთვის ამ მიმართულებით სამუშაო ადგილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და ის მართებულად არ დაკმაყოფილდა.

16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე კომპანიის დირექტორთა საბჭოს 18.09.2015წ. N9/43 დადგენილებით დამტკიცებულია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასასაქმებელთა და დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნები, რომლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრომონტიორების ჯგუფის მუშაკები პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან - 45 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ, შემდეგ წელიწადში ერთხელ. ამდენად, დადგენილია, რომ შესაბამის პოზიციაზე მუშაობა (რა თანამდებობაც ეკავა მოსარჩელეს) მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებსა და ჯანმრთელობას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე იმუშავებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე და მიიღებდა ხელფასს გაზრდილი ოდენობით. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასა და განმარტებებთან.

17. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მართალია მოსარჩელემ განიცადა საწარმოო ტრავმა, რამაც შეამცირა მისი შრომისუნარიანობა უვადოდ, 60%-ით, თუმცა უვადო ხასიათით შრომისუნარიანობის შემცირება არ განაპირობებს დასაქმებულისათვის საპენსიო ასაკს ზევით სარჩოს გადახდის ვალდებულებას, არამედ დამსაქმებელს სარჩოს გადახდა ეკისრება საპენსიო ასაკამდე, ანუ სავარაუდო შრომისუნარიანობის პერიოდამდე. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ შესასრულებელია სპეციფიკური სამუშაო, რომელიც შესაბამის ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვს და, თავის მხრივ, პირის ასაკთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, საპენსიო ასაკს მიღწეული დასაქმებულისათვის დამსაქმებელს ვერ დაეკისრება განუსაზღვრელი ვადით სარჩოს გადახდის ვალდებულება.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

19. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

19.1. უზენაესი სასამართლოს 21.04.2021წ. განჩინებით (საქმე Nას-172-162-2017) დაუშვებლად იქნა ცნობილი მოპასუხის საჩივარი ანალოგიური კატეგორიის საქმეზე და საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, არ მომხდარა მისთვის სარჩოს გადახდის შეზღუდვა; 29.09.2017წ. განჩინებით საკასაციო პალატამ (საქმე Nას-826-773-2017) არ დაუშვა განსახილველად მოპასუხის საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილებაზე, რომლითაც 64 წლის ყოფილ მემანქანეს გადაუანგარიშდა და უვადოდ დაენიშნა მომატებული ყოველთვიური სარჩო; ამასთან, უკვე ერთი წელია საკასაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო ბადრი გოგიტიძის საკასაციო საჩივარი (მოსამართლე ნ. ბაქაქური), რითაც მასაც მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიეცა სარჩოს მიღების საშუალება;

19.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელემ 2001 წლის 02 აგვისტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც წაერთვა შრომის უნარი და ამ მიზეზით ვეღარ გააგრძელა მუშაობა. თავდაპირველად მოსარჩელეს ყოველწლიური გადამოწმებით უდგინდებოდა შრომის უნარის დაკარგვა, ხოლო 2016 წლის 07 ნოემბერს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით კასატორს უვადოდ დაუდგინდა შრომის უნარის 60%-ით დაკარვის ფაქტი, მიღებული შრომითი დასახიჩრების გამო. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მიზეზით არ ექვემდებარება აღდგენას და მისი ასეთი მძიმე მდგომარეობა ვერავითარ შემთხვევაში იქნება დაკავშირებული მის საპენსიო ასაკთან. საექსპერტო კომისიას კასატორისთვის შრომის უნარისა და ჯანმრთელობის დაკარგვის პერიოდი 65 წლამდე არ დაუდგენია;

19.3. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის ბრალით დასახიჩრებულმა მოსარჩელემ უნდა მიიღოს სარჩო მის თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასის გათვალისწინებით, ვინაიდან კასატორს წაერთვა ყველანაირი შრომის უნარი და გაიზარდა მისი მოთხოვნილებები, რომელიც ვერ ექნება თუნდაც მისი ასაკის პირს, რომელიც 65 წლის მიღწევის შემდეგ გავიდა პენსიაში.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სარჩოს დაკისრების ხანგრძლივობა, კერძოდ, ის საკითხი თუ რა დრომდე არის საწარმო ვალდებული გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია.

23. კასატორი დავობს, რომ სარჩოს მიღების ვადის საპენსიო ასაკამდე შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება.

24. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 58-ე მუხლის (კანონის ძველი რედაქციის 44-ე მუხლი) თანახმად, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი მითითებითია, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.

25. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ საქმე Nას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (იხ. სუსგ საქმე Nას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

28. საგულისხმოა თავად უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მოთხოვნის ფარგლებიც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ საქმე Nას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; Nას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; Nას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი).

30. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ საქმე Nას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი, Nას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; Nას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; Nას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი; Nას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი).

31. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიის მე-5 თანრიგის ლიანდაგის მონტიორად; მან 2001 წლის 02 აგვისტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, განესაზღვრა მნიშვნელოვანად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი 60%-ით პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის დაკარგვით, 2015 წლის 05 ნოემბრამდე; ხოლო, 2016 წლის 07 ნოემბრის დასკვნის მიხედვით კი, დაუდგინდა პროფესიული შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა 60%-ით, უვადოდ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა - მოქმედი მე-5 თანრიგის ლიანდაგის მონტიორის ხელფასის გათვალისწინებით, 625 ლარის 60%-ის - 375 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, 2015 წლის 01 მარტიდან - 2015 წლის 05 ნოემბრამდე, ანუ ჯანმრთელობის შემდგომ გადამოწმებამდე.

32. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა თვეში 375 ლარის ოდენობით 2018 წლის 01 თებერვლიდან 2018 წლის 09 აპრილამდე პერიოდში, ანუ მოსარჩელის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე (მოსარჩელე დაბადებულია 09.04.1953 წელს), რაც ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (შედარებისთვის იხ. სუსგ საქმე Nას-812-763-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; Nას-1304-1224-2015, 05 თებერვალი, 2016 წელი; Nას-742-710-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი; Nას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი; Nას-826-773-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი). შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 01 თებერვლიდან (უვადოდ) სარჩოს ანაზღაურება თვეში 375 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

36. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის [სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე] საფუძველზე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის [დავის საგნის ფასი განისაზღვრება უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით] შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 13 500 ლარს (375x12 თვეზე x 3 წელზე).

39. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 405 ლარის (13 500 ლარის 3%) გადახდა; სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 540 ლარისა (13 500 ლარის 4%) და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 675 ლარის (13 500 5%) გადახდა.

40. ამგვარად, საბოლოო ჯამში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1620 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ა.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;

4. სს „ს.რ–ას“ (ს/კ: ........) ა.გ–ძის (პ/ნ: ........) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 1 თებერვლიდან (უვადოდ) სარჩოს ანაზღაურება თვეში 375 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;

5. სს „ს.რ–ას“ (ს/კ: .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს 1620 (ერთი ათას ექვსას ოცი) ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი