საქმე №ას-1350-2023 16 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „C.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ო.შ–ია, ლ.ჭ–ი, ნ.თ–ძე, ლ.ე–ია, ხ.ფ–ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „C.”-მ (შემდგომში – „მოსარჩელე”, „აპელანტი“, „კომპანია“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო.შ–იას, ლ.ჭ–ის, ნ.თ–ძის, ლ.ე–იასა და ხ.ფ–ას (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინებით წინამდებარე საქმეზე ზეპირი განხილვა დაინიშნა 2023 წლის 17 მაისს 11:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით; აპელანტის წარმომადგენელმა, მ.ჭ–მა 2023 წლის 16 მაისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა, ხოლო 2023 წლის 17 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე შეუძლებელი იყო მოსარჩელის წარმომადგენლის, ვ.გ–ის მონაწილეობა, ვინაიდან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო თავად საქმეში წარმომადგენლად ახალი ჩართული იყო და საქმის მასალების გასაცნობად დრო ესაჭიროებოდა (იხ. ტ. 3, 17.05.2023წ. სხდომის ოქმი); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით სასამართლო სხდომა, მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიის მიუხედავად, გადაიდო 2023 წლის 31 მაისს 15:00 საათზე, რაც ხელმოწერით დაადასტურეს მხარეებმა. იმავე სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ საგანგებოდ განემარტა, რომ მომდევნო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ჩაითვლებოდა არასაპატიოდ და სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანდა; 2023 წლის 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა, თ.ვ–ძემ და აცნობა მის მიერ მ.ჭ–ის მიმართ 16.05.2023წ. გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე. მან განცხადებას დაურთო 30.05.2023წ.-ით დათარიღებული სანოტარო აქტი მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმების შესახებ; ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 31 მაისს 11:55 საათზე განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, ვ.გ–მა, რომელსაც დაურთო საავადმყოფო ფურცლის ასლი და იშუამდგომლა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და პროცესის სხვა დროისთვის გადანიშვნის თაობაზე; 2023 წლის 31 მაისს სააპელაციო პალატის სხდომა გაიხსნა 15:22 საათზე, თუმცა სხდომაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადებულა, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.1, 387.3, 229-ე, 275.1.გ, 215.3 მუხლებით და მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანად, ხოლო აპელანტის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები. ამასთან, სასამართლომ აპელანტის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 31 მაისის განცხადებაში მითითებული გარემოება - რომ ჰქონდა მაღალი სიცხე და იყო შეუძლოდ, არ მიიჩნია სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტის წარმომადგენელმა, მ.ჭ–მა, რომელსაც კომპანიის დირექტორმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა პროცესამდე ერთი დღით ადრე (16.05.2023წ.), 2023 წლის 17 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება ითხოვა იმ მოტივით, რომ კომპანიის ძირითადი წარმომადგენელი - ვ.გ–ი არ იმყოფებოდა საქართველოში (მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არც პროცესზე და არც შემდგომ წარუდგენია), ხოლო თავად ვერ მოასწრო საქმის მასალების გაცნობა; პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდგომ, აპელანტის წარმომადგენლს საგანგებოდ განემარტა მომდევნო სხდომაზე გამოცხადების აუცილებლობის თაობაზე; თუმცა, პროცესამდე ერთი დღით ადრე - 2023 წლის 30 მაისს მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაწოდა ინფორმაცია მ.ჭ–ის მიმართ გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე; ხოლო, მომდევნო დღეს, 2023 წლის 31 მაისს, პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, ვ.გ–მა, რომელსაც დაურთო საავადმყოფო ფურცლის ასლი და იშუამდგომლა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და პროცესის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე; აღნიშნულ საავადმყოფო ფურცელში მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ვ.გ–ი „დაავადების“ გამო 30.05.2023წ.-დან იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე, დოკუმენტის სათანადო გრაფა - „რეჟიმი“ კი (რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ კომპანიის წარმომადგენელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ შეეძლო 2023 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება), საერთოდ შეუვსებელია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნული დოკუმენტი სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია.
9. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა გამოცხადდნენ ადგილზე ან, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დისტანციურად მიიღონ მონაწილეობა სასამართლო სხდომებში. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის მიღების მიზნით, აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოსთან კომუნიკაციის მცდელობა არ ჰქონია, რამაც სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, სააპელაციო სასამართლოს გაუმყარა ეჭვი იმის თაობაზე, რომ აპელანტი საქმის წარმოების განზრახ გაჭიანურებას ცდილობდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
11. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
11.1. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება პირის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. ამასთან, კანონმდებელი განმარტავს, რომ მხარეს უფლება აქვს ჰყავდეს ადვოკატი, რომელიც შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს, თუკი ადვოკატის ინტერესები, ანუ საქმისადმი მიდგომა არ დაემთხვევა მიმნდობი პირის ინტერესებს. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს, რომ მოსარჩელის ადვოკატი, მ.ჭ–ი სასამართლოს მხრიდან კატეგორიულად იქნა გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ თუკი მომდევნო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდებოდა, სასამართლოს მხრიდან არ იქნებოდა გათვალისწინებული არცერთი გარემოება. ანუ, სასამართლომ წინასწარ განაცხადა, რომ საპატიო თუ არასაპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, პროცესს არ გადადებდა, რაც საპროცესო ნორმის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რადგან წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, პროცესის გადადების აუცილებლობის განმაპირობებელი რა გარემოება შეიძლება დადგეს, კონკრეტულად კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
11.2. სასამართლომ მოსარჩელეს არასაპატიოდ და კანონის დარღვევად ჩაუთვალა ის გარემოება, რომ მან ადვოკატ მ.ჭ–ს გაუუქმა რწმუნებულება. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ მ.ჭ–მა სათანადოდ ვერ შეისწავლა საქმის მასალები და გარემოებები, რადგანაც იგი მონაწილეობას არ იღებდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომებში. შესაბამისად, როდესაც მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა შენიშნა მისი საქმისადმი დამოკიდებულება, მისთვის რწმუნებულების გაუქმება გადაწყვიტა, რადგან იყო დიდი ვარაუდი იმისა, რომ მას პროცესი წაეგო. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მ.ჭ–ის მიმართ გაცემული რწმუნებულების გაუქმების საფუძველი;
11.3. რაც შეეხება ვ.გ–ის გამოცხადების საკითხს, თ.ვ–ძე დარწმუნებული იყო, რომ იგი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მისგან დამოუკიდებელი და დაუძლეველი მიზეზით გახდა ავად და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო. მას მქონდა მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და ძლიერი თავის ტკივილი, რამაც უუნარო გახადა, არ შეეძლო გადაადგილება და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება;
11.4. ექიმმა გახსნა საავადმყოფო ფურცელი, ე.წ ბიულეტენი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს არ შეუძლია სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება და იგი უნდა იყოს ან სტაციონარში ან ბინაზე. შესაბამისად, აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო სარჩელის განუხილველად დატოვების მიზეზი;
11.5. აპელანტის წარმომადგენელს მისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ თ.ვ–ძისათვის არ უცნობებია, რადგან ის ვერაფერს შეცვლიდა და პროცესზე მის გამოცხადებას აზრი არ ექნებოდა, ვინაიდან მას არ აქვს სათანადო იურიდიული განათლება, რომ კომპანიის ინტერესები დაეცვა;
11.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად შეისწავლა და შეაფასა აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობაში აღწერილი ჩივილებით და და მიიღო უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ მისი წარმომადგენელი, ვ.გ–ი საპატიო მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა 2023 წლის 31 მაისს სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე. კერძოდ, მას ჰქონდა სიცხე, თავბრუსხვევა და ძლიერი თავის ტკივილი, რის გამოც, გადაადგილება და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო; ხოლო, აპელანტის მეორე წარმომადგენლის, მ.ჭ–ის მიმართ გაცემული მინდობილობა გაუქმდა იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელის საქმისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მარწმუნებელს შეექმნა ვარაუდი იმისა, რომ იგი დავას ვერ მოიგებდა.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
19. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი და ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა ითხოვდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალურ წინაპირობას.
20. ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების დადგენის შემდეგ, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
22. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები. კერძოდ, სადავო არ არის, რომ აპელანტს 2023 წლის 31 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ იმავე სხდომაზე იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების არსებობის ფარგლებში, არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სახეზე იყო სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
24. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
25. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელი, ვ.გ–ი 2023 წლის 31 მაისის განცხადებაში სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებდა, კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპელანტის წარმომადგენელს ჰქონდა მაღალი სიცხე და იყო შეუძლოდ.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნული გარემოების შეფასების თვალსაზრისით ყურადღებას მიაქცევს 2023 წლის 31 მაისამდე წინამდებარე საქმეში განვითარებულ შემდეგ მოვლენებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინებით წინამდებარე საქმეზე დაინიშნა ზეპირი განხილვა 2023 წლის 17 მაისს 11:00 საათზე; სადავო არ არის, რომ აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით; 2023 წლის 16 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, მ.ჭ–მა და საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ მ.ჭ–ის მიმართ რწმუნებულება გაიცა სასამართლო სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე, 2023 წლის 16 მაისს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 308-310); ამასთან, მ.ჭ–მა 2023 წლის 17 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე შეუძლებელი იყო მოსარჩელის წარმომადგენლის, ვ.გ–ის მონაწილეობა, ვინაიდან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო თავად ახალი ჩართული იყო საქმეში წარმომადგენლად და საქმის მასალების გასაცნობად დრო ესაჭიროებოდა (იხ. 17.05.2023წ. სხდომის ოქმი). მ.ჭ–ს ვ.გ–ის საქართველოში არყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით აპელანტი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომა გადაიდო 2023 წლის 31 მაისს 15:00 საათზე, რაც მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს; აპელანტი კომპანიის დირექტორმა 2023 წლის 30 მაისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აცნობა მ.ჭ–ის მიმართ გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე. აღნიშნულ განცხადებაზე დართული სანოტარო აქტის თანახმად, მინდობილობა გაუქმდა სასამართლო სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე, 2023 წლის 30 მაისს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 318). საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ როგორც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება, ისე მისი გაუქმება, მხარის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხია, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, მ.ჭ–ის მიმართ მინდობილობის გაცემისა და გაუქმების თარიღებისა და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გარემოებები აპელანტმა საფუძვლად დაუდო სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობებს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მ.ჭ–ის მიმართ გაცემული მინდობილობა ამ უკანასკნელის მიერ საქმისადმი არასათანადო დამოკიდებულების გამო გაუქმდა; სწორედ აღნიშნულის შემდგომ, 2023 წლის 31 მაისს, სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე (11:35სთ) მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, ვ.გ–მა სააპელაციო სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით, რაზეც მას სააპელაციო სასამართლომ უარი განუცხადა.
27. ზემოაღნიშნული გარემოებების ქრონოლოგია და ერთობლიობაში შეფასება საკასაციო სასამართლოს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ აპელანტის ქმედებები ემსახურებოდა არა მხარის უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის, არამედ საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს, რაც სცილდება მართლმსაჯულების და, მით უფრო, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - „იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ“), დასაშვებად მიიჩნევს გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. სუსგ საქმე Nა-998-ა-7-2011, 19 მაისი, 2011 წელი; Nას-732-685-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი).
29. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე აპელანტის წარმომადგენლის 2023 წლის 31 მაისის განცხადებაზე დართული საავადმყოფო ფურცელი სასამართლოში წარდგენილია ასლის სახით. ამასთან, მასში მითითებულია მხოლოდ შრომისუუნარობის ზოგადი სახეობა „დაავადება“, თუმცა დოკუმენტის გრაფა „რეჟიმი“ საერთოდ შეუვსებელია. საავადმყოფო ფურცელში არ არის მითითებული პაციენტის ანამნეზის ან/და კონკრეტული დაავადების შესახებ, რასაც, ზემოთ დასახელებული გარემოებების არსებობის მიუხედავად, შესაძლოა სასამართლოსათვის შეექმნა მყარი შინაგანი რწმენა, რომ აპელანტის წარმომადგენელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ შეეძლო 2023 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ერთი წარმომადგენელი - ვ.გ–ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მეორე წარმომადგენელს, მ.ჭ–ს პროცესამდე ერთი დღით ადრე გაუუქმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და არც თავად გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ვ.გ–ს მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ აპელანტი კომპანიის დირექტორისათვის არ უცნობებია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ადვოკატის ვალდებულებას კლიენტის წინაშე მის მიერ ნაკისრ მოვალეობებს მოეკიდოს სათანადო გულისხმიერებით, კერძოდ, კლიენტის უფლებების დაცვისა და რეალიზებისათვის იზრუნოს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი მისი პროფესიის მქონე ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და იმოქმედოს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კლიენტისათვის (იხ. სუსგ საქმე Nას-835-801-2016, 30 ნოემბერი, 2016 წელი). შესაბამისად, ადვოკატის ვალდებულებას წარმოადგენდა მოეხდინა მარწმუნებლის დროული და სრული ინფორმირება საქმის მიმდინარეობისა და მისი საპროცესო უფლება-მოვალეობების, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.
31. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ შეექმნა იმის შინაგანი რწმენა, რომ აპელანტის 2023 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. შესაბამისად, აპელანტს მართებულად ეთქვა უარი სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ხოლო, ვინაიდან სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები, სააპელაციო სასამართლომ ის ასევე მართებულად დატოვა განუხილველად.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „C.“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი