საქმე №ას-977-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – რ.ა–ძე, მ.შ–ია, ი. (სახელის შეცვლამდე - ვ.) თ–ია (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით რ.ა–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), მ.შ–იას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), ი. (სახელის შეცვლამდე - ვ.) თ–იას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.კ–ვის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 24 ოქტომბრის და 2016 წლის 16 დეკემბრის უძრავი ნივთის, მდებარე წალკის რაიონი, სოფელი ..... (....) (ს.კ. .......), ჩუქების ხელშეკრულებები.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. აღმოსავლეთის რეგიონულ არქივში დაცული წალკის რაიონის ...... სასოფლო საბჭოს სოფელ .... 1976-1979 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერი. გ. კ. ხ–ის ძე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე - ს.კ. პ–ეს ასული, შვილი - ნ.კ.გ–ის ასული (გადახაზულია, გათხოვდა), შვილი - ხ. კ. გ–ის ძე, შვილი - ე.კ. გ–ის ძე, შვილი - ნ.კ. გ–ის ასული. კომლს საკუთრებაში ერიცხება 1961 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 010 ჰა მიწის ფართობი. წალკის რაიონის ... სასოფლო საბჭოს სოფელ ..... 1980-1982, 1983-1985 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერი. გ–ი კ.ხ. ძე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე - ს.კ.პ. ასული, შვილი - ხ.კ. გ–ის ძე, შვილი - ე.კ–ვ გ–ის ძე, შვილი - ნ.კ. გ–ის ასული. კომლს საკუთრებაში ერიცხება 40 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 010 ჰა მიწის ფართობი;
2.2. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფ. ..... გამგებლის რწმუნებულის მიერ 2011 წლის 27 სექტემბერს გაცემული №77 ცნობის საფუძველზე, პირველი მოპასუხე 2011 წლის 04 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა წალკის რაიონი, სოფელ ....... (........) მდებარე სადავო უძრავი ქონების (ს.კ. .....) მესაკუთრედ (ტ.І, ს.ფ. 101);
2.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/22-15) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ...... გამგებლის რწმუნებულის მიერ 2011 წლის 27 სექტემბერს გაცემული №77 ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 04 ოქტომბრის №882011475437-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ზემოთხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 09 მარტს №3ბ/1319-16 განჩინებით;
2.4. 2005 წლის 08 ივლისს ს.კ–ვამ პირველ მოპასუხეზე გასცა მინდობილობა, რომლითაც ს.კ–ვამ პირველ მოპასუხეს მიანიჭა თავისი კუთვნილი სახლის და მიწის ნაკვეთის, მდებარე წალკის რაიონის სოფელ ......, მართვის და განკარგვის უფლება. მინდობილობა გაიცა 5 წლის ვადით;
2.5. 2011 წლის 24 ოქტომბერს პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება აჩუქა მეორე მოპასუხეს, რის საფუძველზეც აღნიშნული ქონება 2011 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად (ტ. І, ს.ფ. 103);
2.6. 2014 წლის 16 დეკემბერს მეორე მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება აჩუქა მესამე მოპასუხეს, რის საფუძველზეც აღნიშნული ქონება 2017 წლის 18 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად (ტ. І, ს.ფ. 105).
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა -მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა სსკ-ის 990.1. მუხლიდან გამომდინარეობს. სასამართლოს განმარტებით, დასაჩუქრებული მესამე პირისაგან ქონების დაბრუნების შესახებ უფლებამოსილი პირის სარჩელის წარმატებულობისათვის უნდა ვლინდებოდეს შემდეგი წინაპირობები: უფლებამოსილი პირის უფლება მესამე პირისათვის გადაცემულ ქონებაზე და არაუფლებამოსილი პირის მიერ ამ ქონების მესამე პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემა.
4. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხეების პრეტენზია, რომ ისინი კეთილსინდისიერ შემძენებს წარმოადგენენ და ქონების უკან დაბრუნება არ ევალებათ, რადგან სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრისგან შეიძინეს. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 990-ე მუხლის წინაპირობების არსებობისას, კეთილსინდისიერებაზე მითითება არასაკმარისი დაცვის მექანიზმია, რადგან მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი შემძენიც ვალდებულია, დაუბრუნოს უსასყიდლოდ მიღებული უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, უსასყიდლო განკარგვისას (როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ნივთების განკარგვის შემთხვევაში) შემძენს არ იცავს სსკ-ის 185-ე და 187-ე მუხლების დანაწესი.
5. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარის არც ის პრეტენზია გაიზიარა, რომელიც მოთხოვნის ხანდაზმულობას უკავშირდება. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე უფლებამოსილი იყო მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე. თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). სასამართლომ, სსსკ-ის 219.1. მუხლზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ მოპასუხეებს სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებიათ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. შესაბამისად, მათ ამ ნაწილშიც არ ჰქონდათ დასაბუთებული პრეტენზია, რაც გულისხმობს იმ საპატიო მიზეზებზე მითითებას, რომლის გამოც მათ დროულად ვერ წარადგინეს ხანდაზმულობის შესაგებელი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე შესაგებელშიც რომ მიეთითებინათ, მაინც უსაფუძვლო იქნებოდა მათი შედავება, ვინაიდან კონდიქციური მოთხოვნებიდან გამომდინარე სასარჩელო ხანდაზმულობაზე საერთო 10-წლიანი ვადა ვრცელდება. ეს ვადა კი, მოცემულ შემთხვევაში, გასული არაა, შესაბამისად, არც სარჩელი არაა ხანდაზმული (შდრ. სუსგ. საქმე №ას-762-730-2016, 16.01.2017წ; №ას-794-794-2018, 11.09.2018წ).
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. სასამართლოს მიერ იგნორირებულ იქნა ჩუქების ხელშეკრულების და მისი გაუქმების მარეგულირებელი ნორმები, ასევე მფლობელობასთან დაკავშირებული ნორმები. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა პირველი მოპასუხის მიერ სადავო ქონების მფლობელობის წარმოშობის საფუძვლებზე;
11.2. სასამართლოების მსჯელობა მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერებაზე უკანონოა;
11.3. მეორე და მესამე მოპასუხეებმა იცოდნენ, რომ ბერძნები ყიდდნენ ბინებს და მიდიოდნენ. მოპასუხეებმა მონასტრის მშენებლობის დროს გაიცნეს ერთმანეთი და მათ შორის არ ყოფილა არც ნათესაური და არც ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ დაწვრილებით სცოდნოდათ ერთმანეთის ქონებრივი მდგომარეობა. მეორე და მესამე მოპასუხეები სადავო სახლში საცხოვრებლად თვითნებურად კი არ შესულან, არამედ - პირველი მოპასუხის ნებართვით. ამ უკანასკნელმა კი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ს.კ–ვასგან შეიძინა და ფლობდა, როგორც საკუთარს, ნებაყოფლობით დაუთმო საცხოვრებლად ახალგაზრდა მორწმუნე და მშრომელ ოჯახს;
11.4. სასამართლომ არ შეაფასა, რას ემსახურებოდა პირველ მოპასუხესა და ს.კ–ვას შორის ნოტარიულად გაფორმებული მინდობილობა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია აღნიშნულ მინდობილობას, როგორც სახლის გადაფორმებისა და ამ სახლის ღირებულების გადახდის თაობაზე მნიშვნელოვან გარემოება-მტკიცებულებას;
11.5. პირველ მოპასუხეს ფულის გადახდის სანაცვლოდ შეძენილი ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და იგი ამ სახლს თვლიდა, როგორც საკუთარს, ამასთან, მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ს.კ–ვამ გაყიდა და პირველმა მოპასუხემ იყიდა სადავო სახლი. პირველმა მოპასუხემ მეორე და მესამე მოპასუხეებს უთხრა, რომ საცხოვრებელი სახლი მისი იყო და, რომ ამ სახლს მათ უსასყიდლოდ ჩუქნიდა.
12. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
13. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა სსკ-ის 990.1. მუხლით, რომლის თანახმად, თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვი. უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.
14. მითითებული ნორმა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნას ეხება, მისი რეგულირების სფეროც მესამე პირზე ნივთის უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევას მოიცავს და აწესრიგებს მოქმედებას დასაჩუქრებული პირის მიმართ მაშინ, როცა უფლებამოსილი პირის ქონებას არაუფლებამოსილი პირი განკარგავს. დასაჩუქრებული მესამე პირისაგან ქონების დაბრუნების შესახებ უფლებამოსილი პირის სარჩელის წარმატებულობისათვის უნდა ვლინდებოდეს შემდეგი წინაპირობები: უფლებამოსილი პირის უფლება მესამე პირისათვის გადაცემულ ქონებაზე და არაუფლებამოსილი პირის მიერ ამ ქონების მესამე პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემა (იხ. სუსგ საქმე №ას-471-471-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი).
15. ამასთან, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულებაზე მისი უსასყიდლო ბუნების გამო კეთილსინდისიერების ინსტიტუტი საერთოდ არ ვრცელდება (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-397-397-2018, 19 აპრილი, 2019 წელი). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით განმტკიცებულია საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ამავე კოდექსის 185-ე მუხლი კი ითვალისწინებს შემძენის ინტერესების დაცვას, რომლის დანაწესით, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 185-ე მუხლში განმტკიცებული დებულება გათვალისწინებულია სასყიდლიანი გარიგებებისათვის (იხ. სუსგ საქმე №ას-491-465-2015, 17 ივნისი, 2015 წელი). ჩუქების ხელშეკრულების, როგორც უსასყიდლო გარიგების, მხარეს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული შემძენის კეთილსინდისიერების ინსტიტუტი არ იცავს. ეს განპირობებულია იმით, რომ სასყიდლიანი განკარგვისაგან განსხვავებით, უსასყიდლო განკარგვა სამართლებრივი დაცვის უფრო ნაკლები ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ არაუფლებამოსილი პირის მიერ უსასყიდლო განკარგვისას, თუნდაც ეს განკარგვა ნამდვილი იყოს უფლებამოსილი პირის მიმართ, ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი შედეგი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს (სსკ-ის 990.1 მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-643-611-2013, 19 ივნისი, 2015 წელი).
16. ამდენად, სსკ-ის 990-ე მუხლის წინაპირობების არსებობისას დასაჩუქრებულის კეთილსინდისიერებაზე მითითება სამართლებრივად არარელევანტურია და შესაბამისად, მოპასუხეთა ძირითადი პრეტენზია, რომელიც მათ კეთილსინდისიერებაზე მითითებას ეფუძნება, არაკვალიფიციურ შედავებას წარმოადგენს.
17. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
18. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 512 ლარის 70% – 358,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ.ა–ძის, მ.შ–იასა და ი. (სახელის შეცვლამდე - ვ.) თ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. რ.ა–ძეს (პ/ნ: .........), მ.შ–იასა (პ/ნ: ........) და ი. (სახელის შეცვლამდე - ვ.) თ–იას (პ/ნ: .......) დაუბრუნდეთ ხ. გ–ის (პ/ნ: .........) მიერ 2019 წლის 5 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 512 ლარის 70% – 358,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი