Facebook Twitter

საქმე №ას-817-2023 18 იანვარი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „კ.ბ–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება, შვებულების თანხის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სს „კ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

2. აღნიშნული განჩინება სასამართლომ მიიღო ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო განჩინებით მიღებული შედეგი 2023 წლის 17 ოქტომბერს მხარეებს ეცნოთ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.

3. 2024 წლის 16 იანვარს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „კ.ბ–ის“ წარმომადგენელმა ლ.ჯ–ძემ, რომელმაც მოითხოვა დამატებითი განჩინების გამოტანა. განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დადგინდა. ასეთი სახის უფლებამოსილება საკასაციო პალატას არ ჰქონდა, ამიტომ საქმეზე განსხვავებული სამართლებრივი შედეგი დადგა. ზემოაღნიშნული განჩინების მე-18 პუნქტში მითითებულია, რომ „მოპასუხე ბანკი არ შედავებია მოსარჩელის არგუმენტს ახლად შეთავაზებული სამუშაო პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით. დამსაქმებლის ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ დასაქმებულმა თავად დაწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე“. განმცხადებლის მითითებით, ასეთი სახის ფაქტობრივი გარემოება არა თუ არ დადგენილა, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც სააპელაციო პალატის მიერ დადგენი ფაქტობრივ გარემოებას, ფაქტების დადგენის უფლებამოსილება კი საკასაციო პალატას არ ჰქონდა. ასევე, საკასაციო პალატის მითითება, რომ კასატორი „...არ შედავებია მოსარჩელის არგუმენტს ახლადშეთავაზებული სამუშაო პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით“ არის არასწორი და ეწინააღმდეგება ქვედა ინსტანციების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოსაზრებით სახეზეა დამატებითი განჩინების გამოტანის აუცილებლობის სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი განცხადების შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „კ.ბ–ის“ წარმომადგენლის, ლ.ჯ–ძის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. 6. ზემოაღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

7. კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი შვიდ დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას უკავშირებს გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადებას. „კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩენს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას“; გამონაკლისის სახით, „თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან... საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისათვის ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის №ას-1558-2022 განჩინება).

8. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სს „კ.ბ–ის“ აღნიშნული განჩინება სასამართლომ მიიღო ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო განჩინებით მიღებული შედეგი 2023 წლის 17 ოქტომბერს მხარეებს ეცნოთ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, შესაბამისად, დამატებითი განჩინების მიღების შესახებ შუამდგომლობის დაყენების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 18 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 25 ოქტომბერს. დამადებითი განჩინების მიღების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია 2024 წლის 16 იანვარს, შესაბამისად დაღვეულია კანონით განსაზღვრული ვადა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს შუამდგომლობაზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობას.

9. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სს „კ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, საქმეზე მიღებული განჩინების შედეგი სახეზეა, შუამდგომლობით კი არ იკვეთება ის კონკრეტული მოთხოვნა, თუ დამატებითი რა სამართლებრივი შედეგის მიღება სურს მხარეს, რომელზეც სასამართლოს არ უმსჯელია. განჩინების სამოტივაციო ნაწილზე მითითება და იმ საკითხებზე ხელახლა მსჯელობის მოთხოვნა, რის შესახებაც სასამართლომ უკვე იმსჯელა, წარმოადგენს არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნას, არამედ არსებული განჩინების/გადაწყვეტილების ხელახალ რევიზიას, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით ვერ საბუთდება სსსკ-ის 261-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებიდან თუნდაც ერთ-ერთი პირობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის, ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „კ.ბ–ის“ წარმომადგენლის, ლ.ჯ–ძის შუამდგომლობა დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ დარჩეს განუხივლელად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე