Facebook Twitter

საქმე №ას-736-2023 1 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ნ.ვ.დ–ვა“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „საგანგეო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო შედეგით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე კომპანიას დაევალა ზიანის ანაზღაურება 2 196 ლარი, ასევე პირგასამტეხლო 2021 წლის 22 სექტემბრიდან სარჩელის შეტანამდე შეუსრულებელი ვალდებულების - 2 196 ლარის 0.05%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.09 ლარი.

2. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ უარის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, მათ შორის წითელ მაშუქ ნიშანზე გავლით დამდგარი ზიანი, შეუძლებელია მძღოლის ნებისმიერი წითელზე გავლა, რომელსაც უკან არ უდგას შესაბამისი დასაბუთება, შეფასებულიყო დაზღვეულ რისკად.

3. კასატორის განმარტებით, მძღოლმა თავად მიუთითა, რომ ფილიალში ბრუნდებოდა, შესაბამისად არ იყო უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში რომ მოძრაობის წესები უხეშად დაერღვია და წითელზე გასულიყო, ამდენად, მძღოლი აცნობიერებდა მის ქმედებასთან დაკავშირებულ არათანაზომიერად გადაჭარბებულ რისკებს რა შედეგებიც შეიძლებოდა მოყოლოდა.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

8.1. 2020 წლის 29 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N04/01/20-CON ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 აპრილი. ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა ცენტრის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალება „Fiat Dukato” .........

8.2. ხელშეკრულების 10.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრება პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით;

8.3. შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულება შეადგენდა 491 327.06 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდით.

8.4. 2021 წლის 9 ივლისს ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ისანის“ მიმდებარედ. ქეთევან დედოფლის გამზირზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა, ცენტრის კუთვნილი, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება „Fiat Dukato” ........ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა სსიპ მოსარჩელის მძღოლი გ.კ–ნი;

8.5. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა წერილობით მიმართა შპს „ნ.ვ.დ–ვას“ და მოითხოვა 6 სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. რაზეც, მოპასუხემ 2021 წლის 19 აგვისტოს აცნობა, რომ უარს ამბობდა ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან, დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის, გ.კ–ნის უხეში გაუფრთხილებლობით, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა;

8.6. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების „Fiat Dukato“ ..... ზიანის ოდენობამ შეადგინა 2 196 ლარი, რაც დასტურდება შპს „ს.მ–ის“ მიერ 2021 წლის 7 სექტემბერს გაცემული N152 ინვოისით.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სადაზღვევო რისკის შესახებ კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამავე კომპანიისთვის შემთხვევის ანაზღაურების მართლზომიერების შეფასება.

10. საკასაციო სასამართლო უპირველესად საგზაო მოძრაობის წესებზე გაამახვილებს ყურადღებას, და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიაქცევს ყურადღებას, რომლითაც წითელზე გავლა, და საგზაო მოძრაობის რიგი წესების დარღვევა უხეშ გაუფრთხილებლობადაა მიჩნეული.

11. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მკაფიოთ უნდა ჰქონდეთ რისკის ფარგლები გამიჯნული მაგალითად მარტივ და უხეშ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მარტივ გაუფრთხილებლობაზე იქნება კომპანია პასუხისმგებელი, ამავე მსჯელობით განმარტებულია თუ რა პრინციპით შეიძლება ჩაითვალოს ესა თუ ის ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად, კერძოდ აღნიშნული განჩინების მიხედვით - „საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნიათ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (ას-1306-1226-2015, 1.07.2015); სიჩქარის გადაჭარბებასთან, როგორც გარკვეულ შემთხვევებში უხეში გაუფრთხილებლობის ერთ-ერთ საფუძველთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 829-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე#ას-745-713-2014, 30.04.2015, #ას-943-901-2013, 17.02.2014, #ას-1217-1146-2012, 22.10.2012 და #ას-1510-1425-1212, 18.02.2013).

12. საკასაციო სასამართლო ზემოთმოყვანილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ცენტრის მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ, წითელ შუქნიშანზე გავლის შედეგად, რამაც განაპირობა მის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა. თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა სწორედ იმ რისკების დაზღვევას, რაც გათვალისწინებული იყო „შემსყიდველის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევით, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით, სიჩქარის გადაჭარბებით, წითელ შუქზე გავლის შედეგად გამოწვეული ზიანი, არასწორი პარკირების დროს და გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობით გამოწვეული ზიანი.

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში აიღო სადაზღვევო კომპანიამ საკმაოდ ფართო იყო და აღნიშნული რისკის საზღვრები ვერ დადგინდება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნათა დარღვევის გათვალისწინებით.

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ძირითად არგუმენტს, რომ დაზღვეული ავტომობილის სახელზე გამოძახების არ არსებობდა და წითელ შუქნიშანზე შეუჩერებლად გავლა წარმოადგენდა მოქმედ ნორმათა, მათ შორის ხელშეკრულების ელემენტარული მოთხოვნების უგულებელყოფას, რაც გამორიცხავდა კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული რისკის რეალიზაციას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა კონკრეტული მტკიცებულებებით, მძღოლის მიერ უჩვეულო მაღალი ხარისხის უყურადღებობა.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (იხ. სსკ-ის 799.1 მუხლი). ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოვალეობის უმთავრეს პირობას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა. თუ არ არსებობს სადაზღვევო შემთხევა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც არ არსებობს. მეორე პირობა ამ ნორმის მოთხოვნისა ისაა, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანუ სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან დაზღვევის ინტერესისა და საგნის შესახებ, განისაზღვრება სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა და სხვა, რის შემდეგაც ფორმდება სადაზღვევო ხელშეკრულება.

16. ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციის ზოგადი პირობების, 1 მუხლის ა) პუნქტის თანახმად: წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა) მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; ხოლო ე) პუქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილების ან მის კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი სპეციალური აღჭურვილობის დაზიანება და განადგურება (უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობის მიხედვით); ამავე სადაზღვევო რისკების თ) ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა იყოს „შემსყიდველის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით, სიჩქარის გადაჭარბებით, წითელ შუქზე გავლის შედეგად გამოწვეული ზიანი, არასწორი პარკირების დროს და გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობით გამოწვეული ზიანი.

17. მოცემული საქმის მიზნებისთვის სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის ფაქტობრივად დამდგარ შედეგს. სადაზღვევო რისკი კი ის საფრთხეა, რომლისგანაც დაზღვეულია დამზღვევის ქონება ან პიროვნება. აღსანიშნავია, რომ დამზღვევის რისკი კონკრეტულად უნდა მიეთითოს დაზღვევის ხელშეკრულებაში [იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, თბილისი, 2001, გვ. 107]. თავისთავად რისკი შეიძლება წინასწარ განჭვრეტადი იყოს, მაგრამ მისი შედეგების დადგომის ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან (იხ.: ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 799. www.gccc.ge - ველი 23, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).

18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სახეზეა კომპანიის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

19. საკასაციო სასამართლო, ცენტრის სასარჩელო მოთხოვნაზე, შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებელი ან არაჯეროვანი შესრულების შედეგების აღმოფხვრას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკასაციო სასამართლო, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელეს პირველადი მოთხოვნის საფუძვლიანი უფლება გააჩნდა, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნას საფუძვლიანს ხდის, თუმცა, მხარეთა შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო რაც 0.25-დან დასაბუთებულად შემცირდა 0.05%-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ ...... სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1678185558, გადახდის თარიღი 07/03/2023), 116.3 ლარიდან - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე