Facebook Twitter

საქმე №ას-316-2023 15 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ–ია, ე. ა–ძე, ი. ა–ძე (მოსარჩელე)

მესამე პირები - ე.კ–ია, ო. კ–ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2004 წლის 25 ოქტომბერს, ერთი მხრივ, სს სასტუმრო „ა–ას“ გენერალური დირექტორის, თ.უ–ვას წარმომადგენელსა და, მეორე მხრივ, ო. კ–იას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ო. კ–იამ და მისმა ოჯახმა დაკავებული №403 ოთახი (ლუქსი) გამოათავისუფლა ერთჯერადი თანხის 14000 აშშ დოლარის, თითოეულ ოთახზე 7 000 აშშ დოლარის, გაცემის სანაცვლოდ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპენსაციით დაკმაყოფილებულად მიჩნეულ იქნენ სასტუმროს №403 (ლუქსი) ოთახში რეგისტრირებული პირები - ო. კ–ია, ე. კ–ია, გ. კ–ია, მ. კ–ია, თ. კ–ია, მ.კ–ძე, ე. ა–ძე, ი. ა–ძე.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 23 აპრილს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში „გამყიდველი“) და, მეორე მხრივ, ე.კ–იას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე. კ–იას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, წყნეთი, ........, მე-2 სართული, 43.8 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ე. კ–ია ვალდებულია მ. კ–ია, ე. ა–ძე და ი. ა–ძე უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში, ხოლო 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, არ არიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გადასცეს მყიდველს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდება მყიდველის საკუთრების უფლება გადაცემულ ქონებაზე.

3. 2009 წლის 23 აპრილს, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ......... (საკადასტრო კოდი: №.......) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე.კ–იას სახელზე.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის №05-01/06/15155 გადაწყვეტილებით მ. კ–იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: ,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 13.4. მუხლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფი. გრძელვადიანი საცხოვრებელით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი და დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, 2004 წელს სასტუმრო „ა–ადან“ გამოსახლების შემდგომ, ოჯახის წევრებთან ერთად, მ. კ–ია უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით და 2009 წელს, განმეორებით დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ე.კ–იასათვის საკუთრებაში გადაცემული - დაბა წყნეთი, ........, ფართით 43.80 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ფარგლებში.

5. სასარჩელო მოთხოვნა:

5.1. მ. კ–იამ, ე. ა–ძემ და ი. ა–ძემ (შემდგომში მოსარჩელეები) ადმინისტრაციული წესით სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო, მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) (სამივე მათგანი ერთად ტექსტში მოხსენებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვეს: ა) ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის №05-01/06/15155 გადაწყვეტილება; ბ) მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი 2004 წლის 25 ოქტომბერს, ს/ს „სასტუმრო ა–ას“ გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე, ო. კ–იას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება და 2009 წლის 23 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს - ე. კ–იას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; გ) სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ცვლილება შევა დევნილთა მონაცემთა ბაზაში და კომპენსაციის შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში მოსარჩელეები მითითებულნი იქნებიან არაკომპენსირებულ დევნილ პირებად.

6. მოპასუხეთა შესაგებელი:

6.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

7. საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმეში მესამე პირების ჩართვის შესახებ

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე. კ–ია და ო. კ–ია (შემდგომში მესამე პირები).

8. მესამე პირთა შესაგებელი

8.1. მესამე პირებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი ცნეს.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 25 ოქტომბერს, ს/ს „სასტუმრო ა–ა“-ს გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე - ო. კ–იას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, 2009 წლის 23 აპრილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს - ე. კ–იას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის №05-01/06/15155 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდებოდა დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა და კომპენსაციის შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში მოსარჩელეები მითითებულნი იქნებოდნენ არაკომპენსირებულ დევნილ პირებად.

10. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი:

10.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საოქმო განჩინება:

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადაეცა საქმე მოსარჩელეთა მოთხოვნის - 2004 წლის 25 ოქტომბერს სს „სასტუმრო ა–ას“ გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე ო. კ–იას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის - ნაწილში.

11.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ ვინაიდან 2004 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულება სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე გაფორმებულია კერძო სამართლის სუბიექტებს შორის - სს ,,სასტუმრო ა–ას“ გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე ო. კ–იას შორის, შესაბამისად იგი წარმოადგენს სამოქალაქო ხელშეკრულებას და მოთხოვნა ამ ნაწილში განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება და საქმე 2004 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მესამე პირები ე. კ–ია და ო. კ–ია შესაბამის მხარეებს (სამოქალაქო სამართლებრივი წესით) არ წარმოადგენდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მათი მხარეებად ჩართვა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან. გარდა ამისა, დადგენი., რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, საქმის განხილვისას არ მონაწილეობდა ასევე სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების მხარე - სს „სასტუმრო ა–ა“.

12.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მესამე პირებს არ მიეცათ შესაძლებლობა მხარეების სტატუსით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მიეღოთ მონაწილეობა დავის განხილვაში, სააპელაციო განხილვის ეტაპზე საქმეში ჩართვა მათ უზღუდავდა უფლებას პირველი ინსტანციის სასამართლოში წარედგინათ სარჩელები-შესაგებლები, დაეყენებინათ შუამდგომლობები და საქმეზე დასართავად წარედგინათ მტკიცებულებები, რაც დაუშვებელია. ამრიგად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე აღნიშნული დავის არსებითად განხილვის შემთხვევაში, მხარეები დაკარგავენ შესაძლებლობას ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული და შესწავლილი საქმის როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი გარემოებები, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

13. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1.1.სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას უგულებელყო უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც მსგავსი ტიპის სარჩელების ადმინისტრაციული წარმოებით განხილვას ითვალისწინებს. სადავო საკითხის სამოქალაქო წესით განსახილველად გამოყოფა საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურება.

13.1.2.მიუხედავად იმისა, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო ხელშეკრულებად, ვინაიდან ხელშეკრულების არსი გამომდინარეობს ადმინისტრაციული დაპირებიდან და ხელშეკრულების მიზანსაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათი ვალდებულების შესრულება წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებაც ადმინისტრაციული წესით უნდა აღსრულდეს.

13.1.3.ამასთან, საქმის გარემოებები არ იძლევა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას არც ადმინისტრაციული და არც სამოქალაქო წესით საქმის განხილვისას, ვინაიდან სააგენტოს მოსარჩელეთა მიმართ ვალდებულება შესრულებული აქვს.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად;

14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საპროცესო სამართლის ნორმები და ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხი შეაფასა სამოქალაქო სამართლის ნორმათა ფარგლებში.

16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის მართებულად გადასაწყვეტად სწორად უნდა იქნეს მოძიებული მოთხოვნის განმაპირობებელი სამართლებრივი საფუძვლები.

17. ამ თვალსაზრისით კი, საკასაციო პალატამ პირველ რიგში, უნდა იმსჯელოს წარმოადგენდა თუ არა მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნულ მუხლში კონკრეტულად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები და დადგენი., თუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობი. იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს - ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სსსკ-ის მე-11 მუხლი კი, შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. ხსენებული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლი. ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს.

19. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იმსჯელა სასამართლო კოლეგიებს შორის განსჯადობის საკითხზე, განმარტა, რომ „დავის კატეგორიის განსაზღვრისათვის არსებითია სწორედ ნორმატიული კომპონენტი - დავის გამომდინარეობა ამა თუ იმ სამართლის კანონმდებლობიდან (იხ., სუსგ #ბს-1479-1411 (გ-09), 09 თებერვალი, 2010 წელი). გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება. კონკრეტულად კი, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის განსაზღვრისათვის კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად კომპონენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობი. იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, სახეზე იქნება სამოქალაქო სამართლის იურისდიქციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმე“.

20. განსახილველ დავაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირები - დევნილები.

21. მითითებული კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხლი 2.) ამავე კანონის პირველივე მუხლით კი, განსაზღვრულია დევნილთა სხვადასხვა სახის, სოციალურ-ეკონომიკური და ა.შ საჭიროებების სახელმწიფო ორგანოთა მეშვეობით მოგვარების აუცილებლობა (საქართველოს სახელმწიფო ორგანოები იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად; მუხლი 1).

22. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელეები, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირები, ითხოვენ სს „სასტუმრო ა–ის“ დირექტორსა და ო. კ–იას შორის გაფორმებული იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც ისინი, სხვა იძულებით გადაადგილებულ პირებთან (დევნილებთან) ერთად, მიჩნეულ იქნენ „კომპენსაციით დაკმაყოფილებულ პირებად“ (კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ო. კ–იამ და მისმა ოჯახმა დაკავებული №403 ოთახი (ლუქსი) გამოათავისუფლა ერთჯერადი თანხის 14000 აშშ დოლარის, თითოეულ ოთახზე 7 000 აშშ დოლარის, გაცემის სანაცვლოდ და კომპენსაციით დაკმაყოფილებულად მიჩნეულ იქნენ სასტუმროს №403 (ლუქსი) ოთახში რეგისტრირებული პირები - ო. კ–ია, ე. კ–ია, გ. კ–ია, მ. კ–ია, თ. კ–ია, მ.კ–ძე, ე. ა–ძე, ი. ა–ძე). სწორედ ამ საფუძვლით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოსარჩელეებს უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის №05-01/06/15155 გადაწყვეტილება). ამრიგად, სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობით მოსარჩელეთა საბოლოო მიზანია, მოიპოვონ „არაკომპენსირებული დევნილი პირების სტატუსი“ და შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები (საცხოვრებელი ფართი), რასაც, თავის მხრივ, სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა ფარგლებში, უზრუნველყოფენ ადმინისტრაციული ორგანოები.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება განმარტებულია როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

24. მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების საჯარო-სამართლებრივად მიჩნევისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების მიზანს. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ბს-31-27(კ-13), 26 დეკემბერი, 2013 წელი).

25. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და განმარტებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ 2004 წლის 25 ოქტომბერს დადებულ სადავო ხელშეკრულებას გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათი, ვინაიდან მისი წარმოშობის მიზანი და საფუძველი საჯაროსამართლებრივია. ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა კი გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-559-530-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

26. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსი., განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი, ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26) და ითვალისწინებს დავის განხილვასა და გადაწყვეტას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა იმსჯელოს განსჯადობის შესახებ დავის დაწყების საკითხზე.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე