Facebook Twitter

საქმე №ას-809-2023 25 დეკემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ნ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.თ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.თ–ძის სარჩელი გ.ნ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა შესაგებლის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული კერძო საჩივარი.

აღნიშნული განჩინების ასლი, კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაბარდა 2023 წლის 8 ივლისს.

2023 წლის 13 ივლისს, კერძო საჩივრის ავტორმა მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებულ კერძო საჩივრის ნაწილში ვადის გაგრძელება მოითხოვა.

2023 წლის 24 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა დამაყოფილდა და ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 3 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი გ.ნ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 8 აგვისტოს.

2023 წლის 11 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, კერძო საჩივრის ავტორმა მომართა უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა საპროცესო ვადის 3 დღით გაგრძელება, ვინაიდან წარმომადგენელი არ იმყოფება ქალაქში და განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსწორებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.

აღნიშნული განჩინების ასლი, კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაბარდა 2023 წლის 29 სექტემბერს.

2023 წლის 4 ოქტომბერს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და წარმოადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ნ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა 2023 წლის 29 სექტემბერს.

დადგენილია, რომ 2023 წლის 4 ოქტომბერს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და წარმოადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ნ.ჭ–თვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 30 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის2 ოქტომბერს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის2 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან მაშინ მომართა სასამართლოს, როცა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა უკვე გასული იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ნ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ნ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. გ.ნ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება №30478686, გადახდის თარიღი 2023 წლის 12 ივლისი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი