Facebook Twitter

საქმე №ას-1180-2023 11 დეკემბერი, 2023 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს.ფ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ვ.ტ.დ." (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს.ფ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი შპს „ვ.ტ.დ“-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კომპანია) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელზე ასაღები - 40 525 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადების გარეშე).

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტი) მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 972.57 გადახდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, 2021 წლის 10 აგვისტოს, მოსარჩელის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის თანახმად მოსარჩელეს მიენიჭა კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ყველა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში, სასამართლოში, საჯარო რეესტრში, საგადასახადო ორგანოში, არქივებში. ... ასევე მიენიჭა უფლებამოსილება, ,,მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში კომპანიის სახელით წარდგენილ განცხადებასთან ან საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში და ისარგებლოს მხარის ყველა იმ უფლებით რაც დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით’’;

3.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 14 აგვისტოს დაიდო აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

3.3. აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ,,დამკვეთის მოთხოვნით კანონიერი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში/სასამართლოში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის N081-261 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) თაობაზე საგადასახადო დავის წარმოების პროცესში“;

3.4. 2021 წლის 22 ივლისის საგადასახადო N081-261 მოთხოვნის თანახმად მოპასუხეს გადასახდელად დაერიცხა 1 714 990.93 ლარი, საიდანაც 878 972 ლარი არის გადასახადი (დღგ -120 334 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 758 638 ლარი), 450 916 - ლარი ჯარიმა, 385 102,93 ლარი კი საურავი;

3.5. მოსარჩელემ 2021 წლის 23 აგვისტოს მოპასუხე კომპანიის სახელით შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში წარადგინა საჩივარი 2021 წლის 22 ივლისის N081-261 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ არამართლზომიერების თაობაზე. მოსარჩელემ 2021 წლის 10 სექტემბერს საჩივრის ონლაინ განხილვაში მიიღო ;

3.6. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის N29438 ბრძანებით მოპასუხე კომპანიის 2021 წლის 23 აგვისტოს საჩივარი, რომელიც წარდგენილი იყო მოსარჩელის მიერ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კომპანიას მიეცა წინადადება, დამატებით წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება;

3.7. მოსარჩელემ 2021 წლის 29 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი ,,შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის N29434 ბრძანების კომპანიის 2021 წლის 23 აგვისტოს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’ შესაბამისად დაკისრებულ დავალებებზე;

3.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტს დაესვა კითხვა: აუდიტორული მომსახურების შესახებ 2021 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების დედნის სამ გვერდზე დაფიქსირებული მრგვალი ბეჭდის გამოსახულების ნაწილები ერთად აღებული თუ ქმნის მთლიანი ბეჭდის გამოსახულებას და ხომ არ არის დარღვეული ბეჭდის მთლიანობა;

3.9. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 27 ოქტომბრის N5007419122 დასკვნის თანახმად: ,,გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე აუდიტორული მომსახურების შესახებ (დათარიღებული 14 აგვისტო 2021 წლით, 3 ფურცლად), სამივე გვერდის მარჯვენა ნაპირზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდის ნაწილები წარმოადგენს ერთ მთლიანობას“;

3.10. აუდიტორული მომსახურების შესახებ 2021 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი: 2.1 მუხლის თანახმად ,,დამკვეთი“ ,,შემსრულებელს“ მომსახურებისათვის გადაუხდის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის N081-261 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დარიცხული მთლიანი თანხიდან (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) საგადასახადო დავის შედეგებით შემცირებული მთლიანი თანხის (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) 3%-ს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ამასთან, მომსახურებისათვის ,,შემსრულებელს“ წინასწარ ავანსის სახით გადაუხდის 3000 ლარს, რომელიც შემდგომში ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაში;

3.11. აუდიტორული მომსახურების შესახებ 2021 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების მეორე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად ,,დამკვეთმა’’ ავანსის სახით მომსახურების ღირებულების ნაწილი - 3 000 ლარი გადაიხადა, ხოლო დანარჩენი ნაწილის - საგადასახადო დავის შედეგად შემცირებული თანხის 3%-ის გადახდა უნდა განხორციელებულიყო დავის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში ,,შემსრულებლის’’ პირად ანგარიშზე;

3.12. 2021 წლის 22 ივლისის N081-261 საგადასახადო მოთხოვნით კომპანიისათვის გადასახდელად დარიცხული თანხა 1 714 990.93 ლარი შემცირდა 1 450 865,33 ლარით. 2021 წლის 22 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა N081-261-ის თანახმად, კომპანიას გადასახდელად დაერიცხა 1 714 990.93 ლარი, საიდანაც 878 972 ლარი არის გადასახადი (დღგ - 120 334 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 758 638 ლარი), 450 916 - ლარი ჯარიმა, 385 102,93 ლარი კი საურავი. 2022 წლის 29 მარტის N081-39 საგადასახადო მოთხოვნით კომპანიას გადასახდელად დაერიცხა 264 125,60 ლარი, საიდანაც 124 039 ლარი არის გადასახადი (დღგ - 120 334 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 3 705 ლარი), 73 430 ლარი - ჯარიმა, 66 656,60 ლარი კი საურავი;

3.13. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 მარტის N 7859 ბრძანების საფუძველზე კომპანიას შეუმცირდა სულ 1 132 419 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 75 49 33 ლარი, ჯარიმა - 37 7486 ლარი;

3.14. 2021 წლის 29 სექტემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მონაწილეობა აქვს მიღებული დისტანციურად საჩივრის განხილვაში;

3.15. აუდიტორული მომსახურების შესახებ 2021 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების 1.3.1 ქვეპუნქტის თანახმად ,,დამკვეთის“ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა შემსრულებლისთვის მოთხოვნისთანავე გადაეცა დავის საწარმოებლად საჭირო მთელი დოკუმენტაცია, მათ შორის საბუღალტრო მონაცემები, ხოლო ამავე ხელშეკრულების 1.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი“ ვალდებული იყო საკუთარი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე დამოუკიდებლად განესაზღვრა და დაეცვა საგადასახადო დავის წარმოების ზოგადი პროცედურული ნორმები;

3.16. საქმეში განთავსებულია მოსარჩელის მიმართვა კომპანიის დირექტორის სახელზე აუდიტორული მომსახურების სანაცვლოდ თანხის - 40 525 ლარის დაფარვის თაობაზე;

3.17. აღნიშნული შეტყობინების პასუხად საქმეში წარმოდგენილია, ასევე, კომპანიის დირექტორის მინდობილი პირის პასუხი ადრესატისათვის, სადაც აღნიშნულია, რომ მისი მომართვა შესწავლილი იქნება საზოგადოების დამფუძნებლების და წარმომადგენლების მიერ, რის შემდგომაც წერილობით დასაბუთებულად ეცნობება მათი პოზიცია მიმართვასთან დაკავშირებით. პასუხში აღნიშნულია ასევე, რომ მომართვის განხილვის პროცესში გათვალისწინებული იქნება, როგორც გაწეული სამუშაოს მოცულობა, ასევე გაწეული სამუშაოს დროს მის მიერ გაცხადებული რიგი დეტალები სადავო საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით.

4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრება გამომდინარეობს დავალების მარეგულირებელი ნორმებიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 709-710-ე მუხლები), რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან.

5. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო, მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მოვალის მხარეზე მონაწილეობს.

6. დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას (სუსგ Nას-497-477-2016, 21.04.2017 წ.), რაც სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე.

7. გარდა ამისა, მომსახურების საფასური (ჰონორარი) არის მხარეთა შორის განსაზღვრული რწმუნებულის მიერ გასაწევი მომსახურების შესაბამისი ანაზღაურება, რისთვისაც აუცილებელია კლიენტსა და შემსრულებელს შორის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ პირობად მიჩნეული იქნება ჰონორარზე შეთანხმება. კლიენტისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი შესასრულებელი სამუშაოსათვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა და გადახდის წესი.

8. განსახილველ შემთხვევაში, გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება და მისი ოდენობა შეთანხმდა მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით.

9. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1-2.3 პუნქტების თანახმად, ამ ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ ,,დამკვეთი" "შემსრულებელს" მომსახურებისათვის გადაუხდის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის N081 - 261 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დარიცხული მთლიანი თანხიდან (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი), საგადასახადო დავის შედეგების შემცირებული მთლიანი თანხის (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) 3%-ს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ამასთან მომსახურებისათვის ,,შემსრულებელს" წინასწარ ავანსის სახით გადაუხდის 3 000 (სამიათას) ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც შემდგომში ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაში.

10. ამ ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ ,,დამკვეთის" მიერ, ,,შემსრულებლისათვის" მომსახურების გამწევისათვის ანაზღაურება მოხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით - ,,შემსრულებლის" პირად ანგარიშზე. მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 კალენდარულ დღეში ,,დამკვეთი" ავანსის სახით მომსახურების ღირებულების ნაწილს - 3 000 (სამი ათასი) ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადაუხდის შემსრულებელს, ხოლო დანარჩენი ნაწილის - ამ ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობის (საგადასახადო დავის შედეგად შემცირებული თანხის 3%-დან) დავის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავოა მხარეთა მიერ აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი.

12. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 40 525 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე გამომდინარეობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თავის მხრივ, მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხემ კი, ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და მოსარჩელეს გადაუხადა თანხის (ჰონორარის) ნაწილი - 3 000 ლარი. დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 40 525 ლარს, რომელსაც მოპასუხე დღემდე არ იხდის.

13. მოპასუხემ სადავო გახადა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულების სრული მოცულობით შესრულება და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მონაწილეობა დარიცხული თანხის კორექტირებაში იყო მინიმალური და მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხა სრულად გადახდილია.

14. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მოთხოვნილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ 2021 წლის 22 ივლისის N081-261 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, კომპანიას გადასახდელად დაერიცხა 1 714 990.93 ლარი, საიდანაც 878 972 ლარი არის გადასახადი (დღგ -120 334 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 758 638 ლარი), 450 916 ლარი - ჯარიმა, 385 102,93 ლარი კი საურავი.

15. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 მარტის N 7859 ბრძანების საფუძველზე კომპანიას 1 714 990.93 ლარი შეუმცირდა 1 132 419 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 75 49 33 ლარით, ჯარიმა - 37 7486 ლარით.

16. სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების თანახმად მომსახურებისათვის წინასწარ ავანსის სახით მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 3 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც შემდგომში უნდა ჩათვლილიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაში.

17. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები იმის შესახებ, რომ მის მიერ განხორციელებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც კლიენტს (მოპასუხეს) მისთვის ჰონორარის გადახდის ვალდებულებას წარმოუშობდა.

18. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით განმარტა, რომ სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომ, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა.

19. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სასამართლოს მითითებით ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტებს ამოწმებს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია აქვს: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. მიზანი კი სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

20. იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 22 ივლისის N081-261 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად კომპანიას გადასახდელად დაერიცხა 1 714 990.93 ლარი, არსებული საგადასახადო დავალიანება შეუმცირდა 1 132 419 ლარით, რომლის 3% არის 33 972 57 ლარი, საიდანაც ავანსის სახით მოპასუხის მიერ 3000 ლარი გადახდილია, მხარეთა შორის გაფორმებული 2021 წლის 14 აგვისტოს აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გადასახდელად დარჩენილია 30 972, 57 ლარი, ხოლო მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ეს შედეგი (დარიცხული თანხების შემცირება) გამოიწვია სხვა პირთა და არა მოსარჩელის მომსახურებამ, არ წარმოუდგენია.

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლის კლიენტმა მიაღწია მიზანს, რადგან მოპასუხეს ნაცვლად 1 714 990 93 ლარისა, 582,551.93 ლარამდე შეუმცირდა გადასახადი. ვინაიდან შედეგის (დარიცხული თანხების შემცირება) მიღწევაში წარმომადგენლის (მოსარჩელის) როლი მნიშვნელოვანია, მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების 2.1-2.3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედება.

22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულება მოიცავს მკაფიო მოწესრიგებას ჰონორარის გადახდის წესის თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ პროფესიული ეთიკური ვალდებულება და დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა შესრულებულია, რაც უსაფუძვლოს ხდის აპელანტის პრეტენზიას სარჩელის უარყოფის შესახებ.

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტი) მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30 972.57 ლარის ანაზღაურება.

24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

24.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა, რომ ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხის საააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოპასუხე კომპანიის სააპელაციო მოთხოვნა.

24.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი ნორმები უგულებელჰყო და თავისი გადაწყვეტილებით დარჩენილი საგადასახადო დავალიანების ოდენობას საფუძვლად დაუდო მხოლოდ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 მარტის N7859 ბრძანება (სადაც მხოლოდ მითითებულია შემცირებული თანხის ნაწილი ძირითადი გადასახადის და ჯარიმის თანხების სახით) და არ გაითვალისწინა ამ ბრძანების საფუძველზე იმავე დღეს გამოცემული შესაბამისი კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა N081–39, სადაც მითითებულია კორექტირების (შემცირების) შემდეგ გადასახდელად დარჩენილი თანხა - ძირითადი გადასახადის, ჯარიმის და საურავის ჩათვლით, ანუ საგადასახადო დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ კომპანიისათვის შემოწმებით თავდაპირველად ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დარიცხული 1 714 990 ლარიდან, კომპანიას დარჩა საგადასახადო დავალიანება რომელიც შეადგენს 264 125,60 ლარს და არა 582 551,93 ლარს, რაზეც სააპელაციო სასამართლო აშკარად არასწორად მიუთითებს.

24.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81)

28. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019,07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ; N ას-754-2023, 20.10.2023წ; N ას-667-2023, 16.11.2023წ; N ას-1082-2023, 17.11.2023წ.).

29. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის აუდიტორული მომსახურების საფასურის დაკისრებაა. მოთხოვნა გამომდინარეობს, როგორც აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულებიდან, ასევე, დავალების მარეგულირებელი ნორმებიდან (სსკ-ის 709-710-ე მუხლები). სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.

30. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე (სუსგ Nას-254-2021, 26.07.2022წ.).

31. განსახილველ შემთხვევაში აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის ოდენობა, გადახდის წესი შეთანხმებული იყო მხარეებს შორის და ხელშეკრულება მოიცავდა მკაფიო მოწესრიგებას (იხ. ამ განჩინების 3.10 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაა, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებს მოპასუხე კომპანიისათვის დასაკისრებელი თანხის შემცირებული თანხიდან წარმომადგენლის ხარჯის გამოთვლის თაობაზე და სამართლებრივ მსჯელობას ნების გამოვლენის თაობაზე. კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი იყო, რომ დამკვეთი შემსრულებელს მოპასუხე კომპანიისათვის დაკისრებული საგადასახადო დავალიანების შემცირებული მთლიანი თანხის 3%-ს გადაუხდიდა, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ ეს თანხა 1 132 419 ლარია, რომლის 3%-იც 33 972.57 ლარია, რასაც მართებულად გამოაკლდა მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი 3 000 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მოპასუხისათვის 30 972.57 ლარის დაკისრების თაობაზე. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 მარტის N 081-39 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც მითითებულია კორექტირების (შემცირების) შედეგად მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 მარტის N 7859 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხა შემცირდა 1 132 419 ლარით. საქმის მასალებშია შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა N 081-261, რომელთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 21 სექტემბერს გამოსცა N 29438 ბრძანება (ს.ფ.31; 43-47); ასევე საქმეშია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 მარტის საგადასახადო მოთხოვნა N 081-39 და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 მარტის N 7859 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე და 268-ე მუხლების თანახმად, რომლის საფუძველზე მოსარჩელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელები მათი სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით, რაც საბოლოოდ, დამატებით დასარიცხი/შესამცირებელი თანხების ჯამით- 1 132 419 ლარით განისაზღვრა (იხ. ს.ფ.57-60).

32. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს.ფ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 477,65 ლარის (საგადახდო დავალება N18033147236, გადახდის თარიღი 2023 წლის 31 ივლისი), 70% – 334,35 ლარი და ზედმეტად გადახდილი 477,65 ლარი (საგადახდო დავალება N19076656193, გადახდის თარიღი 2023 წლის 23 ოქტომბერი);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური