Facebook Twitter

საქმე №ას-1455-2023 22 დეკემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.კ–ძე, ე.კ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადაო უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით პ.კ–ძისა და ე.კ–ძის სარჩელი მ.კ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სადავო უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: მოსარჩელეები ცნობილ იქნენ ა.კ–ძისა და ვ.კ–ძის სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ; ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 15 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება დადებული მოპასუხესა და მის აწ გარდაცვლილ მამას ვ. (ვ.) კ–ძეს შორის მოსარჩელეების კუთვნილ 323 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 36კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის ნაწილში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ........; მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ........) საკუთრების ხელშეშლა.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე;

3.2. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

3.3. სსსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, 1. დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. 2. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 3. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები;

3.4. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას;

3.5. სარჩელის ფასი მოსარჩელემ განსაზღვრა 2000 ლარით, აპელანტს (მოპასუხეს) არ გაუხდია სადავოდ დავის საგნის ღირებულება და სააპელაციო საჩივრის ფასად განსაზღვრა 2000 ლარი, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა შეიცავს ინფორმაციას სადავო საგნის სავარაუდო ღირებულების შესახებ;

3.6. კანონი განსაზღვრავს, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს, მოცემულ შეთხევევაში კი დავის საგნის ფასად განსაზღვრულია 2000 ლარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარით არ უნდა განესაზღვრა, რადგან მოსარჩელეებს სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

6. მოპასუხის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების ღირებულება 2 000 ლარს აღემატება, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

7. კერძო საჩივარს ერთვის „ეგრის-აუდიტის“ მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული აუდიტორული დასკვნა ქონების შეფასების შესახებ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად მისი განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

11. სსსკ-ის 365-ე მუხლიდან (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 3.2 პუნქტში) გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ სამართლებრივი ტიპის დავებზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (იხ. სუსგ Nას-347-2020, 18.10.2020წ).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას აქვს საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).

13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განაცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 1 ივნისიდან).

14. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და, თუკი მიიჩნევს, დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად ცნობს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივნის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).

15. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი ლეგიტიმურ კანონის მიზანს ემსახურება.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა კანონმდებლის მიერ ქონებრივსამართლებრივ დავაში დაწესებულია დასაშვებობის იმგვარი წინაპირობა, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერების კიდევ ერთ ინსტანციაში შემოწმება დამოკიდებულია სააპელაციო საჩივრის ღირებულებაზე. ამ ღირებულების განსაზღვრის წესი კი, მოცემულია სსსკ-ის 365-ე მუხლის მეორე წინადადებაში, რომლის თანახმად, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება - 2000 ლარია და სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით (მოსარჩელეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ჰქონიათ) განმარტავს, რომ სარჩელის ფასი 2000 განისაზღვრა (იხ. ტ.1, ს.ფ.120), ხოლო მოპასუხეს დავის საგნის- უძრავი ქონების ღირებულება - შესაგებლით სადავოდ უნდა გაეხადა და თუ იგი სარჩელში მითითებულ ოდენობას არ ეთანხმებოდა, მასვე უნდა წარედგინა უძრავი ქონების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც არ გაუკეთებია (იხ. შესაგებელი- ტ.1, ს.ფ. 104-116). საყურადღებოა ისიც, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მიხედვითაც დავის საგნის ღირებულება არის 2000 ლარი (იხ. ტ.2, სააპელაციო საჩივარი -ს.ფ. 338 და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი- ს.ფ.355), რაც ადასტურებს კერძო საჩივრის მოთხოვნის იურიდიულ დაუსაბუთებულობას და გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას.

19. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: Nას-1284-2022, 5.04.2022წ; Nას-1429-2019, 9.06.2022წ; Nას-87-2022, 15.07.2022წ.; №ას-736-2022, 21.10.2022წ; N ას-1181-2023, 11.12.2023წ.). ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დავის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ სცდება, რის გამოც იგი უსაფუძვლოა და არ არის გაზიარებული.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური