Facebook Twitter

საქმე №ას-247-2019 15 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ტ...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს.ტ... “-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამინისტრო“ ან „კასატორი“) სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2006 წლის 15 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №05-12/3 ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ, სამინისტრო (შემდგომში - „შემსყიდველი“) და, მეორე მხრივ, მოპასუხე კომპანია, გენერალური დირექტორის გ.ყ–ის სახით (შემდგომში - „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, მიმწოდებლისაგან მიიღო სატენდერო წინადადება მე-17 ლოტზე, გორის №3 საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანხაზე - 994 915.00 ლარზე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №2, ფორმა №3);

2.2. 2006 წლის 15 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №05-13/03 ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ, სამინისტრო (შემდგომში - „შემსყიდველი“) და, მეორე მხრივ, მოპასუხე კომპანია, გენერალური დირექტორის გ.ყ–ის სახით (შემდგომში - „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება მე-19 ლოტზე, ქარელის №1 საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანხაზე - 819804.00 ლარზე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესრულების ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო, შემსყიდველისათვის მე-3 მუხლის 3.3. პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №2, ფორმა №3);

2.3. 2006 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №05-67/3 ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ, სამინისტრო (შემდგომში - „შემსყიდველი“) და მეორე მხრივ, მოპასუხე კომპანია, გენერალური დირექტორის გ.ყ–ის სახით (შემდგომში - „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება 21-ე ლოტზე, ხაშურის №3 საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანხაზე - 433 892.00 ლარზე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო შემსყიდველისათვის მე-3 მუხლის 3.3. პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №2, ფორმა №3);

2.4. 2006 წლის 04 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №12-419/3 ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ, სამინისტრო (შემდგომში - „შემსყიდველი“) და, მეორე მხრივ, მოპასუხე კომპანია, გენერალური დირექტორის გ.ყ–ის სახით (შემდგომში - „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, „შემსყიდველმა“ მიიღო მიმწოდებლისაგან წინადადება ქ. ხაშურის №9 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე, შემდეგ თანხაზე - 114822,00 ლარზე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ №1 დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესრულების ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ სამუშაოს შესრულების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც გაფორმდებოდა სამუშაოს დასრულების აქტი (ფორმა №2, ფორმა №3);

2.5. 2006 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების №11 აქტით, ერთი მხრივ, მიმწოდებელი - სამინისტროს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ კონსულტანტის ა.კ–ის სახით და მეორე მხრივ, მიმღები - მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი ი.ო–ძის სახით, ადასტურებენ, რომ მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო მიმღებმა მიიღო 22 587,75 ლარის ღირებულების მასალები (ს.ფ. 60);

2.6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დასახლებული 22 587,75 ლარის ღირებულების მასალები მოპასუხეს გადაეცა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, საკუთრების უფლების გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით, კერძოდ, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად;

2.7. მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა შეწყდა 2006 წლის სამუშაოს დასრულების აქტებით, ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სამინისტრომ შესრულება მიიღო და გადაუხადა მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი შეთანხმებული საზღაური.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და სრულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა; მხარეებს შორის 2006 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (ასევე 2006 წლის მაისში დადებული ხელშეკრულებები) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა; შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებოა და სამინისტროს მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ გამომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 629-ე, 646-ე, 316-ე, 317-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე. მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ჩაატარა ნაკისრი სარემონტო სამუშაოები. დადგენილია, რომ შემსრულებელმა სრულად მიიღო ჩატარებული სამუშაოების ტოლფასი ანაზღაურება; გარდა ამისა, მხარეთა მიერ ხელმოწერილია 2007 წლის 02 აგვისტოს N1/197 (ს.ფ. 61), 2007 წლის 10 ივლისის N1/196 (ს.ფ. 71), 2006 წლის 09 ნოემბრის N1/45 (ს.ფ. 90), 2006 წლის 09 ნოემბრის N1/144 (ს.ფ. 94) სამუშაოს შესრულების აქტები, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოები შესრულებულია სრულად და განსაზღვრულია მათი ღირებულება; ამასთან, მითითებულია სამუშაოთა სრული ჩამონათვალი, გახარჯულ და გასახარჯ მასალებთან დაკავშირებით მითითებას კი აღნიშნული აქტები არ შეიცავს.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 427-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა შეწყდა სამუშაოს დასრულების აქტებით. ამასთან, სამინისტრომ შესრულება მიიღო და გადაუხადა მოპასუხე კომპანიას შესრულებული სამუშაოს შესაბამისი შეთანხმებული საზღაური.

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა არა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე საფუძვლებს, არამედ - სსკ-ის 976.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, მოპასუხე კომპანიას სამშენებლო მასალა გადაეცა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უსაფუძვლო გამდიდრებით სამართალურთიერთობის შეფასებისთვის კი აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე და პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

7. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებიან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, გადაცემული მასალების თაობაზე პირობას ითვალისწინებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1. პუნქტი, ხოლო საკითხის სამართლებრივი რეგულაცია მოცემულია სსკ-ის 646-ე მუხლში. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი არა -კონდიქციური, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულებაა.

8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებებიდან, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 138-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ „შემსყიდველმა“ - სამინისტრომ პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ დაფინანსების ფარგლებში ტენდერი ჩაატარა. სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით მიმწოდებლისგან - მოპასუხე კომპანიისგან სატენდერო წინადადება მიიღო შემდეგ ლოტებზე: მე-17 ლოტზე, გორის №3 საჯარო სკოლა, ხელშეკრულების ღირებულება 994 915.00 ლარით განისაზღვრა; 21-ე ლოტზე, ხაშურის №3 საჯარო სკოლა, ხელშეკრულების ღირებულება 433 892.00 ლარით განისაზღვრა; მე-19 ლოტზე, ქარელის №1 საჯარო სკოლა, ხელშეკრულების ღირებულება 819 804.00 ლარით განისაზღვრა; ქ. ხაშურის №9 საჯარო სკოლაზე, ხელშეკრულების ღირებულება 114822.00 ლარით განისაზღვრა. მხარეთა შორის 2006 წლის 15 მაისს №05-13/3, 2006 წლის 15 მაისს №05-12/3, 2006 წლის 29 მაისს №05-67/3 და 2006 წლის 04 დეკემბერს №12-419/3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. მოპასუხის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად მხარეთა შორის 2006 წლის 23 ოქტომბერს მიღება-ჩაბარების აქტი №11 გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ მოპასუხეს საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადასცა 22587,75 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. 2006 წელს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 05-13/3, 05-12/3, 05-67/3 ხელშეკრულებების „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებისა და 12-419/3 ხელშეკრულების „დ“ ქვეპუნქტის, ასევე მე-3 მუხლის თანახმად, შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა, ასევე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სარემონტო სამუშაოებს მორჩენილიყო შეთანხმებული გრაფიკითა და ვადაში. ამავე ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების 5.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ სამუშაოს შესრულების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო მე-3 მუხლში მითითებული მოცულობის შესაბამისად შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №2 და ფორმა №3).

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხემ შეასრულა და მხარეთა შორის შედგა სამუშაოს დასრულების აქტები, რომლებიც თარიღდება 09.11.2006, 10.07.2007 და 02.08.2007 წლით. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოპასუხემ შეასრულა სამინისტროს წინაშე ზემოთ მითითებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები და თავადვე მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნულის დასტურად საქმეში წარმოდგენილია თითოეულ სკოლასთან დაკავშირებით სამუშაოს დასრულების აქტები; მოსარჩელის განცხადებით, სწორედ ამავე აქტებიდან დგინდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ გამოუყენებია სრულად ის სამშენებლო მასალები, რაც მას გადაეცა სამინისტროს მიერ 2006 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით; აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებიდან, ასევე თავად სასარჩელო განცხადებიდან გამომდინარე, ნათლად იკვეთება ის გარემოება, თუ როდის წარმოეშვა მხარეს მის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული მასალის თაობაზე პრეტენზიის (აუთვისებელი მასალის დაბრუნების ან მისი შესაბამისი ღირებულების გადახდის) წარდგენის უფლება, რაც სწორედ ამ აქტების შედგენის დროს (ბოლო აქტის შედგენის თარიღია 2007 წლის აგვისტო) უკავშირდება.

12. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამინისტროს სარჩელი (ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ და მიზნობრივად გადაცემული აუთვისებელი მასალის ღირებულების დაკისრების თაობაზე) მოპასუხისათვის უნდა წარედგინა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით (ბოლო აქტის შედგენიდან - 2007 წლის 02 აგვისტოდან ამ ვადის ათვლის შემთხვევაშიც, სარჩელი ხანდაზმულია). განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2015 წლის 10 აგვისტოს, ხოლო მანამდე - 2015 წლის 02 ივლისს (ს.ფ. 121-124-ზე წარმოდგენილია გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ივლისის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ), რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია სამ წელზე მეტი, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

18. საკასაციო საჩივრის თანახმად:

18.1. სასამართლომ განსახილველ სამართალურთიერთობაზე არასწორად გაავრცელა 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და არ იხელმძღვანელა სსკ-ის 976.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით;

18.2. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 128.3. მუხლი, რომლის მიხედვით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, ვინაიდან მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო;

18.3. სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოყენება, მაშინ როდესაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ვალდებულების შესრულებით, არასწორია და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, ვინაიდან ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემული სამშენებლო მასალები მოპასუხის ხელში აღმოჩნდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

19. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ვალდებულების შესრულებით (სსკ-ის 427-ე მუხლი) და სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებიდან (სსკ-ის 976-ე მუხლი) გამომდინარეობს.

20. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ მუხლის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი.

22. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 629.1 მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას - აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გადაცემული, გამოუყენებელი მასალის ღირებულების ანაზღაურების შესახებ [სსკ-ის 646.2. მუხლი: მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა], სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, რაზეც სპეციალური სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.

23. რაც შეეხება კასატორის მითითებას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-794-794-2018, 11 სექტემბერი, 2018 წელი). კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა) (იხ. სუსგ საქმე №ას-774-723-2017, 11 ოქტომბერი, 2017 წელი).

24. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

25. ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ [სსკ-ის 130.1. მუხლი].

26. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხემ 2006-2007 წლებში შეასრულა და მხარეთა შორის შედგა სამუშაოს დასრულების აქტები, რის შემდეგაც მოსარჩელეს მასალის დაბრუნების ან მისი შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. სარჩელი კი წარდგენილია 2015 წელს. შესაბამისად, გასულია სსკ-ის 129.1. მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს სამ წელს. ამდენად, მოპასუხეს შეუძლია სსკ-ის 144.1. მუხლის საფუძველზე [ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე], უარი თქვას სამინისტროს მოთხოვნის შესრულებაზე ხანდაზმულობაზე მითითებით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი