Facebook Twitter

საქმე №ას-201-2023 24 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.თ.გ. ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2022 წლის 07 ნოემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „გ–მა“(შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.თ.გ ჯგუფის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს: საიჯარო ქირის დავალიანების - 180 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანებისთვის პირგასამტეხლოს სახით, 58 880,17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; კომუნალური მომსახურების საფასურის დავალიანების გადაუხდელობით მიყენებული ზიანის - 11 570,45 ლარის ანაზღაურება; 2021 წლის 22 თებერვლიდან 2021 წლის 08 ივნისამდე უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........., (ნაკვ. 62/6), შენობა-ნაგებობა N1 და N2, საერთო ფართით 1 603,25 კვ.მ, ს.კ. ......., მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შეფერხებისთვის 141 333,33 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და იჯარის ხელშეკრულებაზე უარის თქმისთვის 2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: კომუნალური მომსახურების საფასურის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის - 11 570,45 ლარისა და ფართის გადაცემის შეფერხებისათვის 70 666,66 აშშ დოლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 155,50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

3. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.

4. ამასთან, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კერძოდ, მოითხოვა ყადაღა დაედოს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ....... ქ. თბილისი, .........., (ნაკვ. .....), ს.კ. N ........, განთავსებულ მოპასუხის კუთვნილ შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. 6 ჟარონიანი კონვექციური ღუმელი (Mechanical) 6M, ღირებულება 5 423,73 ლარი; 2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა DW – 1000, ღირებულება 4 237,29 ლარი; 3. ცომსაზელი HHY-15M, ღირებულება 1 271,19 ლარი; 4. პიცის მაგიდა-მაცივარი TM2GN pizza, ღირებულება 2 203,39 ლარი; 5. მაგიდა მაცივარი TM2GN-G, 2 ცალი, ღირებულება ჯამში 4 406,78 ლარი; 6. მაგიდა მაცივარი TM3GN-G, ღირებულება 2 881,36 ლარი; 7. CV 38/2 მტვერსასრუტი, 2 ცალი, ღირებულება ჯამში 2 864,41 ლარი; 8. T 15/1 new მტვერსასრუტი, ღირებულება 1 186,43 ლარი; 9. Inter-M P A – 240 ტრანსფორმატორული გამაძლიერებელი, 3 ცალი, ღირებულება ჯამში 2 605,93 ლარი; 10. DAS AUDIO ACR024T კედლის ტრანსფორმატორული დინამიკი, 4 ცალი, ღირებულება ჯამში 1 796,6 ლარი; 11. კამერა ST-IP 860 2.2, 15 ცალი, ღირებულება ჯამში 2 160 ლარი; 12. ვიდეოარქივატორი, 3 ცალი, ღირებულება ჯამში 2 526 ლარი; 13. ქსელის კომუტეტორი ST-poe08c, 5 ცალი, ღირებულება ჯამში 1 355 ლარი; 14. სახანძრო საკონტროლო პანელი IFS7002 1Sloop, ღირებულება 1 182,2 ლარი; 15. საწოლი დარბილებული, 41 ცალი, ღირებულება ჯამში 9 872,88 ლარი; 16. მატრასი ზამბარებით GRANADA (2) 180/200/28 სმ, ერთიანი, თურქეთი, MON-218112,12 ცალი, ღირებულება ჯამში 7 216,3 ლარი; 17. დივანი ფირუზისფერი ბარხატი, 2 ცალი, ღირებულება ჯამში 2 288,13 ლარი; 18. სავარძელი მწვანე, 19 ცალი, ღირებულება ჯამში 2 898,31 ლარი; 19. მატრასი ზამბარებით, GRANADA (1), 90/200/28 სმ, ერთიანი, (თურქეთი), MON-218102, 34 ცალი, ღირებულება ჯამში 11 093,23 ლარი; 20. სავარძელი ნაცრისფერი (ოქროსფერი ფეხით), 8 ცალი, ღირებულება ჯამში 1 355,93 ლარი; 21. მარმიტი, 2 ცალი, ღირებულება ჯამში 1 864,41 ლარი; 22. D1500Remington - თმის საშრობი, 30 ცალი, ღირებულება ჯამში 1 322,03 ლარი; 23. LG 32LJ610V, 30 ცალი, ღირებულება ჯამში 16 016,95 ლარი; 24. სეიფი სასტუმროსი, ელ. საკეტით და გასაღებით, 30 ცალი, ღირებულება ჯამში 4 322,03 ლარი; 25. აბაზანა ZS 9018 1620X710X220, ღირებულება 1 498,3 ლარი; 26. აბაზანა ZS 9021(9027) WHITE 1690X750X720, ღირებულება 1 354,24 ლარი; 27. გალვ. ფოლადის ასაწყობი ავზი 6 კუბ. მეტრი, ღირებულება 2 711,86 ლარი; 28. სავარძელი, 12 ცალი, ღირებულება ჯამში 1 627,12 ლარი; 29. საათი, 27 ცალი, ღირებულება ჯამში 1 155 ლარი; 30. 155*215 საბანი, 41 ცალი, ღირებულება ჯამში 2 170,85 ლარი; 31. 215*235 საბანი 300 GSM, 16 ცალი, ღირებულება ჯამში 1 025,08 ლარი; 32. ქოლგა იატაკზე დასადგამ-დასაკეცი, 3 ცალი, ღირებულება ჯამში 1 088,13 ლარი; 33. დამლაგებლის ურიკა, 2 ცალი, ღირებულება ჯამში 1 118,64 ლარი; 34. ტელეფონის აპარატი პანასონიკი, 35 ცალი, ღირებულება ჯამში 1 038,14 ლარი; 35. ქოლგა, 4 ცალი, ღირებულება ჯამში 1 004,24 ლარი; 36. სლაისერი, ღირებულება 720,34 ლარი; 37. ელ. გრილი 2151, ღირებულება 550,86 ლარი; 38. ფრიტურნიცა, ღირებულება 600,85 ლარი; 39. ნიჟარა 1200*600 KS-120, 4 ცალი, ღირებულება ჯამში 1 186,44 ლარი; 40. ხორცსაკეპი, ღირებულება 474,58 ლარი; 41. ბლენდერი BRAUN, შავი, 4 ცალი, ღირებულება 745,76 ლარი; 42. ხანგრძლივი მუშაობის On-line Smart UPS Tower, ღირებულება 675 ლარი; 43. გარე კამერა, 12 ცალი, ღირებულება ჯამში 3 084 ლარი; 44. Posiflex BOX TX 4200-B Black, 2 ცალი, ღირებულება ჯამში 1 583,05 ლარი; 45. საწოლი დარბილებული დიდი, 3 ცალი, ღირებულება ჯამში 635,59 ლარი; 46. მატრასი ორმაგი, შეფუთული ზამბარებით, ალოე ვერას ზედაპირით, ღირებულება 601,69 ლარი; 47. ბენჩი (ყვითელი), 3 ცალი, ღირებულება ჯამში 457,63 ლარი; 48. მყარი დისკი HDD 4TB ST 4000VX000, 2 ცალი, ღირებულება ჯამში 632,2 ლარი; 49. სკამი, ISO ნაჭრის ზედაპირით, მეტალის ფეხით, შავი, 5 ცალი, 177,79 ლარი; 50. სავარძელი ვარდი, 5 ცალი, 889,83 ლარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 271-ე, 191.1, 198.1, 198.2.ბ მუხლებით და მიიჩნია, რომ განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნის განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება მოსარჩელის კუთვნილი ობიექტიდან ნივთების გატანის შესახებ და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია და უდავოა, რომ მოპასუხემ საიჯარო ფართი მეიჯარეს (მოსარჩელეს) გადასცა 2021 წლის 08 ივნისს, რის შემდგომაც გაუქმდა იჯარის უფლების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი. ამდენად, ამ ეტაპისთვის მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ნივთები იმყოფება მოსარჩელის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებულ ფართში. ამასთან, განმცხადებელს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა აღნიშნული მოძრავი ქონების მოპასუხის მიერ გასხვისების ან/და გატანის ფაქტს.

7. მოსარჩელემ საააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 215 952,60 ლარი. თუ სასამართლო დაუშვებს ვარაუდს, რომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება არ დაკმაყოფილდეს მოცემულ ნაწილში, მიღებული გადაწყვეტილება იქნება აღსრულებითი ხასიათის - დამოკიდებული მოპასუხის ნებაზე. თუმცა, სასამართლოს აღნიშნული ვარაუდი არც დაუშვია, ისე განახორციელა მტკიცებულებათა შეფასება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მოთხოვნებს;

8.2. დაუსაბუთებელი და გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული განმარტება, ვინაიდან ის გარემოება, რომ ამჟამად საიჯარო ფართს ფლობს მოსარჩელე (საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიუხედავად იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა, მოპასუხის მიერ ფართის დაბრუნება არ მომხდარა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე და განხორციელდა ბევრად უფრო გვიან) და აღნიშნული მოძრავი ნივთები განთავსებულია მის მფლობელობაში არსებულ ფართში, არ ართმევს მოპასუხეს მათი ნებისმიერ დროს გატანის შესაძლებლობას;

8.3. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის დაკვეთით გაკეთებულ შეფასების ანგარიშში, რომელიც ერთვის 04 ოქტომბრის განცხადებას, სხვა ნივთებთან ერთად მითითებულია ელექტრო ქურა PE 8040 – 2 ცალი, ღირებულება ჯამში 3 559,32 ლარი და ელექტროქურა PE 8120H-01 - ღირებულება 1 059,32 ლარი, რომელთა დაყადაღებაც მხოლოდ და მხოლოდ იმ საფუძვლით არ მოითხოვა მოსარჩელემ, რომ დასახელებული ნივთები მოპასუხემ უკვე გაიტანა. შესაბამისად, გაურკვეველია, რა მტკიცებულებებს ითხოვს სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით;

8.4. საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნული თანხის ოდენობა გაიზრდება. ნივთების ღირებულება, რომელთა დაყადაღებასაც განმცხადებელი ითხოვს, ჯამში, 2021 წლის 26 იანვრის დასკვნის შესაბამისად, შეადგენს 123 157,72 ლარს და არ არის გათვალისწინებული ამორტიზების პერიოდი და ცვეთა. ანუ, ბევრად ნაკლებია დაკმაყოფილებულ მოთხოვნასთან მიმართებით. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე გაიტანს და გაასხვისებს მის საკუთრებაში რიცხულ ნივთებს, რისი შესაძლებლობაც მას ამჟამად დაუბრკოლებლად გააჩნია, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი;

8.5. გარდა ამისა, დაუსაბუთებელია ასევე განჩინებაში არსებული მსჯელობა „მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის“ თაობაზე, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ მოხდება, გასაჩივრებული განჩინებით სრული უფლებამოსილება მიენიჭება მოწინააღმდეგე მხარეს, გაიტანოს აღნიშნული მოძრავი ნივთები და გაასხვისოს დაუბრკოლებლად. მოპასუხის საკუთრებაში კი არ ირიცხება სხვა ისეთი ქონება, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 271-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საჩივარში ასახული მსჯელობები და გარემოებები ვერ ასაბუთებენ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის კუთვნილი ნივთები იმყოფება საჩივრის ავტორის მფლობელობაში; ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ მათი გასხვისების ან/და გატანის ფაქტი; რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას ელექტროქურებთან დაკავშირებით, საქმეში წარდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათი გასხვისების ან/და გადამალვის ფაქტს. შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნულ განჩინებაზე მხარეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები, რომლებიც მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

12. მოსარჩელემ საჩივარზე დამატებით წარადგინა განცხადება, სადაც განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/33901-22) მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის მიმართ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ნივთები. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცალსახად უსვამს ხაზს წინამდებარე საქმეში გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების გამოყენების გადაუდებელ საჭიროებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ხოლო, იმავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

22. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.

23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით წინამდებარე საქმეზე სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: კომუნალური მომსახურების საფასურის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის - 11 570,45 ლარისა და ფართის გადაცემის შეფერხებისათვის 70 666,66 აშშ დოლარის ანაზღაურება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 155,50 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხარეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები, რომლებიც მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

24. საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე ითხოვს მის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ......... ქ. თბილისი, ........, (ნაკვ. ........), ს.კ. N ......, განთავსებულ მოპასუხის კუთვნილ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებას. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული მოძრავი ნივთების ღირებულება ჯამში 123 157,72 ლარს შეადგენს (საქმეში წარდგენილ 26.01.2021წ. დასკვნაზე დაყრდნობით), რაც არ აღემატება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას. საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი, ვინაიდან მოპასუხე აღნიშნულ ნივთებს გაასხვისებს; მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში განთავსებული მისი კუთვნილი მოძრავი ნივთებიდან რამდენიმე ნივთი უკვე გაასხვისა.

25. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია მოძრავ ნივთებზე, რომელთა მოსარჩელის კუთვნილი ფართიდან გატანა და გასხვისება მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეუძლია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები. საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

26. შესაბამისად, მოსარჩელის საჩივარი დასაბუთებულია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ყადაღა უნდა დაედოს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, .......... ქ. თბილისი, ........, (ნაკვ. .....), ს.კ. N......., განთავსებულ მოპასუხის კუთვნილ, წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ მოძრავ ნივთებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971-ე, 271-ე, 191-ე, 194-ე, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2022 წლის 07 ნოემბრის განჩინებები;

3. შპს „გ–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს „გ–ის“ (ს.ნ. .......) კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ........ ქ. თბილისი, ......, (ნაკვ. 62/6), ს.კ. N........, განთავსებულ შპს „გ.თ.გ ჯ–ის“ (ს.ნ. ........) კუთვნილ შემდეგ მოძრავ ნივთებს:

- 6 ჟარონიანი კონვექციური ღუმელი (Mechanical) 6M;

- ჭურჭლის სარეცხი მანქანა DW – 1000;

- ცომსაზელი HHY-15M;

- პიცის მაგიდა-მაცივარი TM2GN pizza;

- მაგიდა მაცივარი TM2GN-G – 2 ცალი;

- მაგიდა მაცივარი TM3GN-G;

- CV 38/2 მტვერსასრუტი - 2 ცალი;

- T 15/1 new მტვერსასრუტი;

- Inter-M P A – 240 ტრანსფორმატორული გამაძლიერებელი - 3 ცალი;

- DAS AUDIO ACRO24T კედლის ტრანსფორმატორული დინამიკი - 4 ცალი;

- კამერა ST-IP 860 2.2 – 15 ცალი;

- ვიდეოარქივატორი - 3 ცალი;

- ქსელის კომუტეტორი ST-poe08c - 5 ცალი;

- სახანძრო საკონტროლო პანელი IFS7002 1SLoop;

- საწოლი დარბილებული – 41 ცალი;

- მატრასი ზამბარებით GRANADA (2) 180/200/28 სმ, ერთიანი, თურქეთი, MON-218112 -12 ცალი;

- დივანი ფირუზისფერი ბარხატი - 2 ცალი;

- სავარძელი მწვანე - 19 ცალი;

- მატრასი ზამბარებით, GRANADA (1), 90/200/28 სმ, ერთიანი, (თურქეთი), MON-218102 - 34 ცალი;

- სავარძელი ნაცრისფერი (ოქროსფერი ფეხით) – 8 ცალი;

- მარმიტი - 2 ცალი;

- D1500 Remington - თმის საშრობი, 30 ცალი;

- LG 32LJ610V - 30 ცალი;

- სეიფი სასტუმროსი, ელ. საკეტით და გასაღებით - 30 ცალი;

- აბაზანა ZS 9018 1620X710X220;

- აბაზანა ZS 9021(9027) WHITE 1690X750X720;

- გალვ. ფოლადის ასაწყობი ავზი 6 კუბ. მეტრი;

- სავარძელი - 12 ცალი;

- საათი - 27 ცალი;

- 155*215 საბანი - 41 ცალი;

- 215*235 საბანი 300 GSM - 16 ცალი;

- ქოლგა იატაკზე დასადგამ-დასაკეცი - 3 ცალი;

- დამლაგებლის ურიკა - 2 ცალი;

- ტელეფონის აპარატი პანასონიკი - 35 ცალი;

- ქოლგა - 4 ცალი;

- სლაისერი;

- ელ. გრილი 2151;

- "ფრიტურნიცა";

- ნიჟარა 1200*600 KS-120 – 4 ცალი;

- ხორცსაკეპი;

- ბლენდერი BRAUN, შავი - 4 ცალი;

- ხანგრძლივი მუშაობის On-line Smart UPS, Tower;

- გარე კამერა - 12 ცალი;

- Posiflex BOX TX-4200-B Black - 2 ცალი;

- საწოლი დარბილებული დიდი - 3 ცალი;

- მატრასი ორმაგი, შეფუთული ზამბარებით, ალოე ვერას ზედაპირით;

- ბენჩი (ყვითელი) – 3 ცალი;

- მყარი დისკი HDD 4TB ST 4000VX000 – 2 ცალი;

- სკამი ISO ნაჭრის ზედაპირით, მეტალის ფეხით, შავი, 5 ცალი;

- სავარძელი ვარდი, 5 ცალი;

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი