Facebook Twitter

№ას-1397-2023

22 იანვარი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ.თ–უ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - პ.ჯ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.თ–უს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; პ.ჯ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ხ.ჯ–ის მიერ დ.თ–უს სახელზე 2021 წლის 2 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში (სანოტარო რეგისტრაციის N210174507) და ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ........ (ს/კ ........) 1/6 ნაწილი აღირიცხა პ.ჯ–ძის სახელზე.

წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით დ.თ–უს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაზეც მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დ.თ–უს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებით დ.თ–უს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დ.თ–უს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და 425 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს და ჩაბარდა ადვოკატის ოჯახის წევრს 2023 წლის 29 ნოემბერს.

2023 წლის 4 დეკემბერს (სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე კასატორის ადვოკატმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის 7 დღით გაგრძელების თაობაზე, იმ მოტივით, რომ კასატორი იმყოფება საზღვარგარეთ და ვერ შეძლო მასთან დაკავშირება და საკასაციო საჩივაზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება.

2023 წლის 8 დეკემბერს კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და აღნიშნა, რომ დ.თ–უს მხრიდან მის მიმართ უნდობლობისა და მის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის გამო, უარს აცხადებს კასატორის ინტერესების დაცვაზე. ადვოკატმა მოითხოვა, რომ 2023 წლის 4 დეკემბერს წარმოდგენილი შუამდგომლობის გათვალისწინებით კასატორს გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა, ხოლო ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინების გაგზავნისა და ჩაბარების საკითხი სასამართლომ შეათანხმოს თავად კასატორთან. რისთვისაც მიუთითა კასატორისა და კასატორის ძმის ტელეფონის ნომრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით დ.თ–უს წარმომადგენლის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის 7 დღით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და 425 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინების კასატორისათვის ჩაბარებამდე, 2024 წლის 17 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დ.თ–უმ და განმარტა, რომ აღარ ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებას, უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და აღარ სურს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დავის გაგრძელება (იხ. განცხადება ტომი 2; ს.ფ. 110-111).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი – დ.თ–უ უფლებამოსილია მომართოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, რაც თავის მხრივ შედეგად იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის - დ.თ–უს განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.თ–უს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს საქმის წარმოება დ.თ–უს საკასაციო საჩივარზე პ.ჯ–ძის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებაზე.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: რევაზ ნადარაია