ბს-653-23-გ-04 15 სექტემბერი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი მოპასუხე მ. გ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 11 ივნისის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე მ. გ-ის შეგებებულ სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 29 ივლისის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული.
2004წ. 28 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას მ. გ-მა განცხადებით მიმართა და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინებების ბათილად ცნობა მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა _ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ არ გაითვალისწინა და კანონის დარღვევით მიიღო განჩინება საქმეზე ისე, რომ სასამართლო სხდომას იგი, როგორც ძირითადი მოპასუხე და მისი მეუღლე, ვის სახელზეც სადავო ბინა იყო აღრიცხული, არ ესწრებოდნენ. განმცხადებელმა, აქვე, მოცემული განცხადების განხილვამდე ქარელის რაიონის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 მაისის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული განცხადება, სსკ-ის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მ. გ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ განმცხადებელი _ მ. გ-ი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 29 ივლისისა და უზენაესი სასამართლოს 2004წ. 31 მარტის განჩინებების ბათილად ცნობას მოითხოვს. ამასთან, იგი განცხადებაში მხოლოდ იმ გარემოებებზე აპელირებს, რომ სააპელაციო პალატამ მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ გაითვალისწინა და საქმე მისი დასწრების გარეშე განიხილა, რაც, მისი მოსაზრებით, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, განჩინების ბათილობის საფუძველია. ნიშანდობლივია, რომ მ. გ-ი საკასაციო სასამართლოში ყველა სასამართლო პროცესს ესწრებოდა.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობას სააპელაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის საფუძველზე ითხოვს. ამდენად, მოცემული განცხადება საკასაციო სასამართლოს განსჯადი ვერ გახდება, რადგან სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადება იმ სასამართლომ უნდა განიხილოს, რომლის ბათილად ცნობასაც განმცხადებელი მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი განცხადება სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს, რადგან საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ბათილად ვერ ცნობს. საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის საფუძველზე კი მხარე არ მიუთითებს.
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არამართებულად გამოიყენა სსკ-ის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მოცემული ნორმა სხვა შემთხვევას ეხება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 422-ე და 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაექვემდებაროს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.