Facebook Twitter

№ას-1194-2022

08 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ნ.მ–ბა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ო” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს–ომ“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ნ.მ–ბის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 43074.47 ლარისა და პირგასამტეხლოს 50 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 1-17).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს–ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 11512.5 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დამატებით 25000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ნაწილში. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს–ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 25000 ლარის ოდენობით. შპს „ნ.მ–ბის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2017 წლის 17 მარტს შპს „ს–ოსა“ (შემკვეთი) და შპს „ნ.მ–ბას“ (მშენებელი) შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მშენებელმა აიღო ვალდებულება საკუთარი მასალებითა და ძალებით საპროექტო დოკუმენტაციის (დანართი №1), ხარჯთაღრიცხვის (დანართი №2) და სამშენებლო სამუშაოების გეგმაგრაფიკის (დანართი №3) შესაბამისად, შემკვეთის სასარგებლოდ შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, სრულად განეხორციელებინა თბილისში, ....... ქუჩა №23-ის მიმდებარედ (მიწის საკადასტრო კოდი: ........) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაო, გრაფიკით დადგენილ ვადებში, ხოლო შემკვეთმა აიღო ვალდებულება მიეღო ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჯეროვნად შესრულებული სამუშაო და გადაეხადა მშენებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით (3.1 ქვეპუნქტი).

5.2. ხელშეკრულების 4.1 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 767 500 ლარით. სამუშაოები მოიცავდა 6 ეტაპს, რაც მთლიანად უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 30 სექტემბერს. ხელშეკრულების 9.1 ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო შემკვეთთან შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (დანართი №3); ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება მშენებელს უნდა დაეწყო პირველი გადახდიდან 5 დღის განმავლობაში და დაესრულებინა არა უგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა (დანართი №3). ამავე დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების დასრულების ვადა არ მოიცავდა სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მშენებლის მიერ წარდგენისა და მხარეების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების ვადას (9.2 ქვეპუნქტი).

5.3. 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულების 7.4. ქვეპუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად მშენებელმა უნდა წარუდგინოს შემკვეთს ფორმა N2, ფარული სამუშაოების აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული ტექნიკური ექსპერტის მიერ. ხელშეკრულების 7.8 ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემკვეთი მიიჩნევდა, რომ მისთვის წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, ან ხარისხი არ შეესაბამებოდა ამ ხელშეკრულებით, მისი დანართებითა და შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივ მდგომარეობას, მაშინ შემკვეთი არ მოაწერდა ხელს მიღება-ჩაბარების აქტს, წარუდგენდა მოტივირებულ უარს მშენებელს და განუსაზღვრავდა გონივრულ ვადას ნაკლის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში თუ ნაკლი დროულად არ იქნებოდა გამოსწორებული, შემკვეთი უფლებამოსილი იყო აემოქმედებინა ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებები თავისი ინტერესების დასაცავად და ზიანის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5.4. მშენებლობის მესამე ეტაპის თანხის ავანსის - 137 000 ლარის, ჩარიცხვა განხორციელდა 2017 წლის 6 ივლისს. მშენებლობის მესამე ეტაპის სამუშაოები მოიცავდა: კონსტრუქციების დასრულებას, გარე კედლების ამოშენებას, შიდა კედლების ამოშენებას, კარ-ფანჯრების მონტაჟს, ცენტრალური და ავტოფარეხის კარის მონტაჟს, საიდანაც მოპასუხემ კონსტრუქციების დასრულების სამუშაოები სრულად შეასრულა, გარე და შიდა კედლების ამოშენება განახორციელა ნაწილობრივ, ხოლო კარ-ფანჯრების მონტაჟი, ცენტრალური და ავტოფარეხის კარის მონტაჟი არ განუხორციელებია.

5.5. შემოწმების აქტის თანახმად მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები გაგრძელდა 90 დღეზე მეტი, სადაც კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა მხოლოდ კონსტრუქციების დასრულება, გაზობლოკის მოწყობა (არასრული), ტიხრის ბლოკის მოწყობა (არასრული), დარჩენილი სხვა სამუშაოების ჩამონათვალი დარჩა შეუსრულებელი, ამასთან შესრულებული სამუშაოები იყო დაუსრულებელი, რაც ფიქსირდებოდა ფოტოსურათებშიც. მესამე ეტაპით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ფასი შეადგენდა: ბედეგის გარე ბლოკი - 8.870.40 ლარი, შიდა ტიხრების ბლოკი - 3.589.07 ლარი, ლითონის კარის მოწყობა - 3958 ლარი, კარ-ფანჯრების მოწყობა - 26 657 ლარი.

5.6. შპს „ნ.მ–ბა“ როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა, რომ დაასრულა მესამე ეტაპის სამუშაოების ნაწილი და მეოთხე ეტაპის სამუშაოების ნაწილი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხული გ.მ–ას განმარტებით, რომელიც იყო შპს „ნ.მ–ბის“ ქვეკონტრაქტორი და პროექტირებისა და მშენებლობის უშუალო მწარმოებელი, არასწორმა გეგმა-გრაფიკმა გამოიწვია სხვადასხვა ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების გადანაცვლება, პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებისას ნაწილობრივ შესრულდა მესამე ეტაპის სამუშაოები, ხოლო მესამე ეტაპზე ნაწილობრივ მეოთხე ეტაპის სამუშაოები, რაზედაც თავიდანვე ინფორმირებული იყო შპს „ს–ოს“ წარმომადგენლები და თავდაპირველ ეტაპზე ამ საკითხზე მათი მხრიდან პრობლემა არ ყოფილა. მოწმის განმარტებით მშენებლობის შეფერხება გამოიწვია ე.წ. დგარების დაზიანებამ, რასაც მოჰყვა ბეტონის რღვევა და 42 დღით შეფერხდა მშენებლობა, რაც გახდა მიზეზი შპს „ს–ოს“ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სამუშაოების გადანაცვლება არ იწვევდა თანხის გაზრდას, რა თანხებიც იქნა გადმორიცხული მოხმარდა მშენებლობას სრულად და არამიზნობრივად არ დახარჯულა.

5.7. 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილით შპს „ს–ომ“ მესამე ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულება და შემსრულებელს მოსთხოვა მესამე ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების სრულად ანაზღაურება (ბლოკების სამუშაოები, გარე კარ-ფანჯრების მონტაჟი, ცენტრალური და ავტოფარეხის კარების მონტაჟი).

5.8. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსრულებელს სამუშაოები უნდა შეესრულებინა ექვს ეტაპად, სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო შემკვეთთან შეთანხმებული სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად 2017 წლის 30 სექტემბრამდე. მოპასუხემ შეასრულა პირველ ორ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოები, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაოები მას სრულად არ შეუსრულებია. შემკვეთმა ხელშეკრულება შეწყვიტა 2017 წლის 30 ოქტომბერს. აპელანტი შეუსრულებელი სამუშაოების (გარე ბლოკის, შიდა ტიხრების, ლითონის კარისა და კარ-ფანჯრების მონტაჟის) ღირებულების ანაზღაურებას მოითხოვს და აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად მიუთითებდა საქმეში წარდგენილ შემოწმების აქტზე, ფოტოსურათებსა და მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხულ მოწმის ჩვენებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.9. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ რელევანტური მტკიცებულებებით დაადასტურა მესამე ეტაპის სამუშაოების სრულად შეუსრულებლობა, ამ მტკიცებულებათა გაქარწყლება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა. მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, იგი მხოლოდ ზოგადი მითითებებით შემოიფარგლა რომ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ეტაპის სამუშაოები შეასრულა. პალატამ იმსჯელა 2017 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად შპს „ნ.მ–ბამ“ შეასრულა მესამე ეტაპის სამუშაოები სრულად და მეოთხე ეტაპის ნაწილი, სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი შეადგენდა 142 250.07 ლარს. მიღება-ჩაბარების აქტზე ფიქსირდება ორივე მხარის ხელმოწერა, თუმცა აღნიშნული ხელმოწერა სადაო გახადა მოსარჩელემ/აპელანტმა. როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2017 წლის 24 ნოემბერს შპს „ნ.მ–ბამ“ შპს „ს–ოს“ მიმართა წერილით, რომელსაც დაურთო შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 და მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთან, ითხოვა მისი დადასტურება და ხელის მოწერა. აღნიშნულ წერილს ერთვის 2017 წლის 29 ნოემბრით დათარიღებული საფოსტო გზავნილი. გარდა აღნიშნულისა საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 24 ნოემბერს ელ.ფოსტით გაგზავნილი წერილი სადაო მიღება-ჩაბარების აქტის და ფორმა N2-ზე ხელმოწერის მოთხოვნით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად 2017 წლის 27 ოქტომბრით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტზე შეუძლებელია ა.ქ–ძის ხელმოწერის დადგენა გამოსარკვევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი საიდენტიფიკაციო ნიშნების სიმცირის გამო. 2019 წლის 18 აპრილის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ–ის“ დასკვნის თანახმად: ხელმოწერა ა. ქ–ძის გვარით 27.10.2017 წლის მიღება-ჩაბარების N3 აქტის ბოლო სიტყვა „მივიღე“-ს შემდეგ სავარაუდოდ შესრულებულია არა ა.ქ–ძის, არამედ დიდი ალბათობით, შესრულებულია სხვა პირის მიერ ა. ქ–ძის ხელმოწერასთან მიმსგავსებით.

5.10. აღიშნული მტკიცებულებებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე დამატებით ითხოვდა მოსარჩელის მიერ აქტზე ხელმოწერას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მესამე ეტაპის სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი არ იყო ხელმოწერილი და დადასტურებული, რაც გამორიცხავდა იმ გარემოებას, რომ სადავო სამუშაოები განხორცილებული იქნა სრულად მოპასუხე მხარის მიერ. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად, რითაც შემკვეთს მიადგა ზიანი შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების - 43 074,47 ლარის ოდენობით, საიდანაც აპელანტი ითხოვდა 25 000 ლარის ანაზღაურებას.

5.11. აპელანტ შპს „ნ.მ–ბის“ სააპელაციო საჩივართან მიმართებით, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი მიუთითებდა მის არაბრალეულობაზე და განმარტავდა, რომ ვადაგადაცილება გამოწვეული იყო რკინის დგარების დაზიანებით, რაც ფორს-მაჟორული მდგომარეობაა. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, აპელანტის მიერ მითითებული მდგომარეობა - რკინის დგარების დაზიანება, ფორს-მაჟორს არ წარმოადგენდა. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ვალდებულების დროული შესრულების ვადაგადაცილება მოხდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამუშაოების შეჩერების გამო. მართალია გეგმა გრაფიკის დარღვევის მიზეზები იყო მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამუშაოების შეჩერება, დამატებითი სამუშაოების შესრულება, მეზობლად მცხოვრები პირების მიერ ხელის შემშლელი პირობების შექმნა, თუმცა აღნიშნული მიზეზების გამო მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება, რომლითაც არ შეცვლილა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადა და შეიცვალა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის მითითებული გარემოებები, არასწორად დაადგინა, რომ მას სრულად არ შეუსრულებია მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო მეოთხე ეტაპით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოები დატოვა შეფასების გარეშე.

6.2. სასამართლომ ცალმხრივად გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და საპატიოდ არ ჩათვალა მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მეზობლების, ბეტონის რღვევის გამო არსებული შეფერხებები და პირგასამტეხლოს ნაწილში სოლიდური ოდენობით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით და მას მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაზე. შესრულებული სამუშაოების აქტზე ხელმოწერის არსებობა კი არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები არ შესრულებულა, მითუმეტეს, რომ მოწმემ დაადასტურა სამუშაოების შესრულების ფაქტი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე, შპს „ნ.მ–ბის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია მოპასუხის მიერ მესამე ეტაპის სამუშაოების სრულად შესრულების საკითხის გარკვევა. ასევე, მოპასუხის მიერ შესრულების ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა და პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება.

14. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

15. სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. (სუსგ №ას-240-2023, 21.03.2023წ.).

16. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence.

17. სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.“ (სუსგ-ები: №ას-203-2021, 08.04.2021წ.; №ას-275-2020, 16.11.2021წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მოიცავდა 6 ეტაპს, რაც სრულად უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 30 სექტემბერს. მშენებლობის მესამე ეტაპის თანხის ავანსის - 137 000 ლარის ჩარიცხვა განხორციელდა 2017 წლის 6 ივლისს. აღნიშნული ეტაპის სამუშაოები მოიცავდა: კონსტრუქციების დასრულებას, გარე კედლების ამოშენებას, შიდა კედლების ამოშენებას, კარ-ფანჯრების მონტაჟს, ცენტრალური და ავტოფარეხის კარის მონტაჟს, საიდანაც მოპასუხემ კონსტრუქციების დასრულების სამუშაოები სრულად შეასრულა, გარე და შიდა კედლების ამოშენება განახორციელა ნაწილობრივ, ხოლო კარ-ფანჯრების მონტაჟი, ცენტრალური და ავტოფარეხის კარის მონტაჟი არ განუხორციელებია. საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტის თანახმად მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები გაგრძელდა 90 დღეზე მეტი, სადაც კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა შემდეგი სამუშაოები: კონსტრუქციების დასრულება, გაზობლოკის მოწყობა (არასრული), ტიხრის ბლოკის მოწყობა (არასრული), ხოლო სხვა შესასრულებელი სამუშაოები დარჩა შეუსრულებელი. ამასთან, შესრულებული სამუშაოები იყო დაუსრულებელი, რაც ფიქსირდებოდა ფოტოსურათებშიც (იხ. შემოწმების აქტი, ტ.1, ს.ფ. 44). მესამე ეტაპით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ფასი შეადგენდა 43074.47 ლარს (ბედეგის გარე ბლოკი - 8.870.40 ლარი, შიდა ტიხრების ბლოკი - 3.589.07 ლარი, ლითონის კარის მოწყობა - 3958 ლარი, კარ-ფანჯრების მოწყობა - 26 657 ლარი), საიდანაც მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა 25000 ლარის ანაზღაურებას.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ მესამე ეტაპის სამუშაოების შეუსრულებლობისა და ამ საფუძვლით ავანსად გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნების შესახებ მისი მოთხოვნა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაადასტურა, ხოლო, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მოახერხა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უარყოფა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა. მოპასუხე მხოლოდ ზოგადად მიუთითებდა, რომ სხვადასხვა ეტაპის სამუშაოების შესრულება მოუწია, თუმცა სათანადო მტკიცებულებები, კონკრეტულად შესრულებული სამუშაოებისა და მათი ღირებულების შესახებ სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად შპს „ნ.მ–ბამ“ შეასრულა მესამე ეტაპის სამუშაოები სრულად და მეოთხე ეტაპის ნაწილი, სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი შეადგენდა 142 250.07 ლარს. საკასაციო პალატა აღნიშნულ მიღებაზე-ჩაბარების აქტთან მიმართებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე მართალია ფიქსირდება ორივე მხარის ხელმოწერა, თუმცა აღნიშნული ხელმოწერა სადაო გახადა მოსარჩელემ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად, 2017 წლის 27 ოქტომბრით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტზე შეუძლებელია ა.ქ–ძის ხელმოწერის დადგენა გამოსარკვევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი საიდენტიფიკაციო ნიშნების სიმცირის გამო. 2019 წლის 18 აპრილის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ–ის“ დასკვნის თანახმად კი, ხელმოწერა ა. ქ–ძის გვარით 27.10.2017 წლის მიღება-ჩაბარების N3 აქტის ბოლო სიტყვა „მივიღე“-ს შემდეგ სავარაუდოდ შესრულებულია არა ა.ქ–ძის, არამედ დიდი ალბათობით, შესრულებულია სხვა პირის მიერ ა. ქ–ძის ხელმოწერასთან მიმსგავსებით. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს, შპს „ნ.მ–ბამ“ შპს „ს–ოს“ მიმართა წერილით, რომელსაც დაურთო შესრულებული სამუშაოს ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტი და ითხოვა მისი დადასტურება და ხელის მოწერა. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2017 წლის 24 ნოემბერს ელ.ფოსტით გაგზავნილი წერილი სადაო მიღება-ჩაბარების აქტის და ფორმა N2-ზე ხელმოწერის მოთხოვნით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2017 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტზე მოსარჩელის მიერ სათანადო ხელმოწერის არსებობის შემთხვევაში, შპს „ნ.მ–ბას“ აღარ ექნებოდა საჭიროება 2017 წლის 24 ნოემბერს წერილითა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიემართა მოსარჩელისთვის და ეთხოვა უკვე ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურება და ხელმოწერა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა მესამე ეტაპის სამუშაოების სრულად შესრულება.

20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა და საპატიოდ არ ჩათვალა მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მეზობლებისა და ბეტონის რღვევის გამო არსებული შეფერხებები და პირგასამტეხლოს ნაწილში არაგონივრული ოდენობით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, საკასაციო პალატა კასატორის აღნიშულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს სამუშოების დასრულების ვადა (არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა). 2017 წლის 25 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა N1 შეთანხმება, უკვე გაფორმებულ ნარდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით ირკვევა, რომ დაირღვა გეგმა-გრაფიკი, რაც განაპირობა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამუშაოების შეჩერებამ, დამატებითი სამუშაოების (მიწის) შესრულებამ და მეზობლად მცხოვრები პირების მიერ ხელის შემშლელი პირობების შექმნამ. თუმცა, აღნიშნული შეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ მას, როგორც ძირითადი ხელშეკრულებით, ასევე დამატებითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და უზრუნველეყო მათი დასრულება არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა. პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი შეთანხმების გაფორმების დროს მხარეებს ასევე შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ აღნიშნული ხელისშემშლელი გარემოებები და საჭიროების შემთხვევაში განესაზღვრათ დამატებითი ვადები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

21. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, კასატორი მას სადავოდ ხდის ვადის გადაცილების საპატიო გარემოებების არსებობის საფუძვლით და მიუთითებს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მეზობლებისა და ბეტონის რღვევის გამო არსებული შეფერხებებით გამოწვეული ვადის გადაცილება უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს და პირგასამტეხლოს იმ ოდენობით დაკისრებაზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა (11 512.5 ლარი), უარი უნდა ეთქვა.

22. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

23. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

24. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნარდობის ხელშეკრულებითა და გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის დაგვიანების შემთხვევისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა 11 512.5 ლარამდე. კასატორის პრეტენზიაზე ვადის გადაცილების საპატიოობის შესახებ პალატამ უკვე იმსჯელა და არ გაიზიარა, შესაბამისად, აღნიშნულზე მითითება ვერ გახდება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეცვლის საფუძველი, ხოლო სხვა გარემოების შესახებ, რომელიც პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას დაადასტურებდა, კასატორს არ მიუთითებია. ამდენად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ადეკვატური და გონივრულია.

25. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება დ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1826 ლარის 70% – 1278.20 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ.მ–ბის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ნ.მ–ბის“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1826 ლარის (საგადახდო დავალება N14694154956, გადახდის თარიღი 05.10.2022) 70% – 1278.20 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე