Facebook Twitter

საქმე №ას-1392-2023 25 იანვარი, 2024 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.თ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.თ–ამ (შემდეგში - დასაქმებული ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში - დამსაქმებელი, მოპასუხე ბანკი, კასატორი) მიმართ, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2022 წლის 22 მარტის N23კ ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნით 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 4 460 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე).

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე 2018 წლის 02 ნოემბრიდან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოპასუხე ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება ბოლო 6 თვის განმავლობაში შეადგენდა 4 460 ლარს.

3. 2022 წლის 11 აპრილს, დასაქმებულს წერილით ეცნობა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის საფუძველზე, დამსაქმებელმა წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-8 და მე-9 პუნქტების არაჯეროვანი შესრულება, ასევე, დაირღვა კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.1.14, 2.1.9 და 2.1.11 პუნქტები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას არ დაურღვევია შრომითი ვალდებულებები, იგი პირნათლად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა მცირე და საშუალო დაკრედიტების მსურველი კლიენტებისაგან დაკრედიტებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული წარმოსადგენი დოკუმენტებისა და ინფორმაციების მიხედვით, რასაც შემდგომში აწვდიდა კომიტეტს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 4 წლის განმავლობაში იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობებს, მისი კლიენტები არ ყოფილან ვადაგადაცილებაში, მოპასუხეს არ ჰქონია სადავო შემთხვევები, გამოცხადებული ჰქონდა არაერთი მადლობა.

4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია იმ ,,კორპორაციული სახელმძღვანელო“ დოკუმენტის შესახებ, რომლის დარღვევასაც ედავება დამსაქმებელი, ხოლო შრომის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს დამსაქმებლის მიერ 14.04.2022 წლის წერილობით დასაბუთებაში ჩამოთვლილ პუნქტებს. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ კომიტეტს მიეწოდა კლიენტის მხრიდან წარდგენილი ინფორმაცია როგორც უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულების, ისე ფართის შეძენის მიზნობრიობისა და სამომავლო იჯარის ოდენობის შესახებ. ე.მ–ი ფართს ყიდულობდა მისი შემდგომი იჯარის გაცემის მიზნით, 390 000 აშშ დოლარად, თუმცა, ნასყიდობა ფორმდებოდა 290 000 აშშ დოლარზე (ნაკლები დღგ-ს გადახდის მიზნით) სხვაობა კი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, უნდა გადაეხადა ხელზე. ქონების რეალურ ღირებულებაზე ეჭვის არსებობის პირობებში, შიდა შეფასების პირობებში, სესხი მაინც დამტკიცდა და მოსარჩელის განზრახი მოქმედება ფაქტების დამახინჯების მხრივ არ დგინდება. 3 თვის საიჯარო ქირის გადახდის პირობებში, არ დასტურდება სამომავლო იჯარის თანხის განზრახ გაზრდილი ოდენობით მიწოდებაც. ამასთან, სესხის დამტკიცებისას ბანკმა გაითვალისწინა არა იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, არამედ კონტრაქტორი კომპანიის შეფასება 12 000 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა არაერთი ქონებაც, რომელთა ღირებულება აჭარბებდა კრედიტის თანხას, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებაც, რაც იჯარის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, ბანკისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს გამორიცხავდა. თავდებობის მოგვიანებით გაფორმება კი იყო იურიდიული საკითხი, სცილდებოდა მოსარჩელის შრომით მოვალეობებს და გამოწვეული იყო რისკ-მენეჯერის მხრიდან პირობის შეცდომით სხვა გრაფაში ჩაწერით. მოსარჩელის მითითებით, ბრძანების საფუძვლად არსებული შიდა მოკვლევის დასკვნა დაფუძნებულია ყალბ ინფორმაციას, საკითხის მოკვლევის მიზნით მითითებულ თარიღში არ მომხდარა მსესხებელ ე.მ–თან, ასევე, მასთან იჯარის ხელშეკრულებაში მყოფ რ.ბ–თან კომუნიკაცია, სხვა მტკიცებულებების არარსებობისას კი დასკვნაში გადმოცემული მსჯელობა ფართის მიზნობრიობაზე, ფასსა და საიჯარო თანხის ოდენობაზე არ არის ნამდვილი და ობიექტური.

5. მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთება არ შეიცავს მითითებას, თუ რატომ იყო მოპასუხის მიერ დასახელებულ ე.წ. დარღვევა/ გადაცდომაზე მოსარჩელის გათავისუფლება მიზანშეწონილი, მართლზომიერი და “Ultima Ratio”-ს პრინციპის გამოყენებით, რატომ არ შეიძლება გამოყენებულიყო დისციპლინური სახდელის უფრო მსუბუქი ღონისძიება. ( იხ. სარჩელი, ტ.1.ს.ფ.2-15).

6. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს ბანკის შიდა კონტროლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, რომლის შემდეგაც დადგინდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესების ჯგუფის მიერ გაცმული სესხების დამუშავების/გაცემის პროცედურებში ბანკის თანამშრომლების მხრიდან დაშვებულია არაერთი, მიზანმიმართული გადაცდომები, რომელთა ზედამხედველობა უშუალოდ მოსარჩელის ვალდებულებას განეკუთვნებოდა. კერძოდ, შპს ,,მ–ზე“ სესხის გაიცა შემდეგი დარღვევებით: 1. დამალულ იქნა კომერციული ფართის შეძენის რეალური მიზნობრიობა - შიდა კონტროლის მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად მსესხებელთან განხორციელებული კომუნიკაციით დადასტურდა, რომ კომერციული ფართის შეძენის რეალური მიზანი იყო პარტნიორების მიერ მისი შეძენა და არა მისი შემდგომი გაქირავება და საიჯარო ქორის მიღება. 2. შესაძენი ქონების რეალური ღირებულების გაზრდილი მოცულობით მიწოდება - ნასყიდობის ნაჩვენები ფასი არის 390 000 აშშ დოლარი, საიდანაც 100 000 აშშ დოლარი არის თანამონაწილეობის თანხა, რისი შეტანაც ფიქსირდება საბანკო ამონაწერით, თუმცა არ არის გადარიცხული გამყიდველთან, არამედ გატანილია ანგარიშიდან. შესაძენი ქონების რეალური ღირებულება გაცილებით ნაკლებია და ხელოვნურად მოხდა გადაწყვეტილების მიმღები საკრედიტო კომიტეტის წინაშე ნასყიდობის ფასის გაზრდილი მაჩვენებლის წარმოდგენა. 3. კომიტეტისათვის არასრული და სამომავლო იჯარის თანხის განზრახ გაზრდილი ოდენობით მიწოდება - კომიტეტისათვის მომზადებული პროექტის თანახმად, სამომავლო იჯარის ღირებულება იყო 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომელიც საკრედიტო რისკების მოთხოვნის შემდეგ შიდა შემფასებლის მიერ დაკორექტირდა 12 000 ლარამდე. აღნიშნული მაჩვენებლის გადამოწმება მარტივად შეიძლებოდა როგორც პროექტზე მომუშავე ჯგუფის მიერ - არსებული იჯარა და კლიენტის შემოთავაზებული ვერსია გადამოწმებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. იჯარის თანხის ოდენობის რეალურობის დასამტკიცებლად, კომიტეტისათვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ თითქოსდა, დამქირავებელი არსებულ ფართში უკვე იხდიდა 10 000 აშშ დოლარს. მიწოდებული მცდარი ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტმა ირიბად მაინც გაითვალისწინა მიწოდებული იჯარის ოდენობა 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დასტურდება ორი სპეციალური პირობის მითითებით: სესხი გაცემულიყო მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნებოდა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო არანაკლებ 5 წლის ვადით, ავტომატურად გაგრძელებადი. იჯარის ხელშეკრულებაში უნდა ყოფილიყო განსაზღვრული ფართის მდგომარეობა. იჯარის ფასი უნდა ყოფილიყო განსაზღვრული არანაკლებ 7 000 აშშ დოლარით. მეორე ტრანშის გაცემამდე კლიენტის მიერ უნდა გადარიცხულიყო საბანკო ანგარიშზე მინიმუმ ერთი თვის იჯარის თანხა. სესხის გაცემისას მოსარჩელის მიერ მოხდა როგორც ფორმალური ასევე შინაარსობრივი ხასიათის დარღვევები, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია სესხის გაცემაზე. კერძოდ სესხი უნდა გაცემულიყო თავდებობით, რაც განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ რაც რისკის მენეჯერმა აღმოაჩინა, რომ ხელშეკრულებაში არ იყო დაფიქსირებული თავდებობა, ასევე, ტრანში გაიცა რისკ მენეჯერის დასტურის გარეშე. შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ დაირღვა შრომის ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილის, თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-8 და მე-9 პუნქტები, ასევე კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.1.14; 2.1.9 და 2.1.11 პუნქტები და სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. მოსარჩელის მიერ გამოჩენილმა უხეშმა დაუდევრობამ თუ მიზანმიმართულმა ქცევამ გამოიწვია ბანკისათვის მაღალი რისკის შემცველი სესხის გაცემა, გამოვლენილი დარღვევის სიმძიმიდან და დასაქმებულის მიერ დაკავებული მენეჯერული პოზიციიდან გამომდინარე გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება - გათავისუფლება, წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას.

7. ამასთან, იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტს ბონუსის შრომის ანაზღაურების სავალდებულო, ყოველთვიურ გასაცემელზე და აღნიშნა, რომ დასაქმებულის ფიქსირებულ სახელფასო ოდენობას (გადასახადების ჩათვლით) შეადგენდა 3 600 ლარი (იხ. შესაგებელი, ტ.1. ს.ფ. 81-100; 149-169).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2022 წლის 22 მარტს მიღებული ბრძანება N23-კ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი. სარჩელი პირვანდელ სამუშაოზე პოზიციაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაბეგრილი - 2808 (ორი ათას რვაას რვა) ლარის ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა 2022 წლის 23 მარტიდან ყოველთვიური ბონუსის გადახდის დაკისრებაზე. ( იხ. ტ.2.ს.ფ.344-388).

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით. მოსარჩელემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის სრულად უარყოფა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებლის 2022 წლის 22 მარტის N23-კ ბრძანებით, მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის მცირე და საშუალო ბიზნესის უფროსი - მოსარჩელე, გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური შრომის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე და შრომითი ურთიერთობის ბოლო თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 23 მარტი.

12. 2022 წლის 14 აპრილს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც გულისხმობს ,,კორპორაციული სახელმძღვანელოს“ 2.1.14 (ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებლის ქონებას ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები) და 2.1.11 პუნქტებით (არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილ განცხადებებსა და ქმედებებში) განსაზღვრული ნორმის დარღვევა, ასევე ,,მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების N5 და N9 პუნქტების არაჯეროვანი შესრულება (8. კლიენტის ბიზნესის ანალიზი; 9. კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა).

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნაზე, რომ ადგილი არ ჰქონია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევას.

14. სააპელაციო სასამართლომ აქვე განმარტა, რომ კანონი არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ვალდებულების უხეშ დარღვევად, ქმედების შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, დარღვევის სიმძიმის, სიხშირის, შედეგის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით.

15. ამ თვალსაზრისით, დადგენილია, რომ 2021 წლის ივლისის თვეში მოპასუხე ბანკს სესხის დამტკიცების განცხადებით მიმართა შპს „ტ.მ–ის“ დამფუძნებელმა და 100% წილის მფლობელმა ე.მ–მა. სესხის განაცხადის თანახმად, სესხის აღების მიზნობრიობას წარმოადგენდა სს თ.ბ–ში არსებული ვალდებულების დაფარვა, ასევე ავტოსატრანსპორტო ნაწილების შეძენა. განაცხადი დასამუშავებლად გადაეცა გ.ე–ს, 2021 წლის 02 აგვისტოს ე.მ–ს დაუმტკიცდა სესხი 30 000 ევროსა (სს თ.ბ–ის სესხის გადაფარვის მიზნით) და 173 000 ევროს ოდენობით (ავტონაწილების შეძენის მიზნით); სესხის გაცემისას მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსს წარმოადგენდა მოსარჩელე.

16. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „მ–ი“ დარეგისტრირდა 2021 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მისი 100%- იანის წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა - ე.მ–ი.

17. 2021 წლის სექტემბრის თვეში, ე.მ–მა, როგორც შპს მ–ის დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, ახალი სესხის აღების სურვილით მიმართა ბანკს. მსესხებელი ოფიციალურად გადმომისამართდა კორპორატიული ბანკირის ი.გ–ის მიერ.

18. ე.მ–ის მიერ სასურველი ფართის შეძენის პროცესში მოძიებულ იქნა მრავალი სხვადასხვა ღირებულების მქონე უძრავი ქონება.

19. სესხის განაცხადი დაეწერა გ.ე–ს, რომელმაც მისი დამუშავება დაიწყო 2021 წლის 28 სექტემბერს. შესასყიდ ქონებად ე.მ–ის მიერ მიეთითა უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ......., ფართი 485.69. კვ.მ. კომიტეტისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კომერციული ფართის შესყიდვის მიზანს წარმოადგენდა მისი შემდგომი გაქირავება ფიტნეს დარბაზისათვის, კლიენტი ფართს ყიდულობდა 390 000 აშშ დოლარად, თუმცა, ნასყიდობა ფორმდებოდა 290 000 აშშ დოლარზე (ნაკლები დღგ-ს გადახდის მიზნით), სხვაობა 100 000 აშშ დოლარი კლიენტს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის ხელზე. რისკ-მენეჯერის მოთხოვნით ჩატარებული შიდა შეფასებით უძრავი ნივთის ღირებულებად განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარი. განმეორებით ჩატარებული შეფასების თანახმად, უძრავი ქონების რეკომენდირებული ღირებულება განისაზღვრა 650-700 აშშ დოლარით 1 კვ.მ-ზე.

20. ნ.ა–ძე არ ეთანხმებოდა ბანკირისა და ჯგუფის უფროსის განსხვავებულ პოზიციას ნივთის რეალურ შესასყიდ ფასთან დაკავშირებით, რის გამოც, საბოლოოდ ოქმით მოითხოვა 100 000 აშშ დოლარის ანგარიშზე დაფიქსირება.

21. კომიტეტისათვის მიწოდებული ინფორმაციით კლიენტი ფართს იღებდა იჯარით ი/მ რ.ბ–ისგან, ფიტნეს დარბაზის გახსნის მიზნობრიობით. რისკ- მენეჯერისთვის ცნობილი იყო, რომ ხსენებულ პირს უკვე ჰქონდა ფიტნეს დარბაზი ისანში, ფ–ოს შენობაში და აპირებდა მის ახალ ფართში გადმოტანას, ბანკის დაფინანსებით. იჯარის ღირებულებად ფიქსირებული იყო 7 000 აშშ დოლარი. რისკ-მენეჯერმა არარეალურად მიიჩნია თანხის ოდენობა, რ.ბ–ის ფინანსებთან დაკავშირებით (იჯარების გადახდა, შემოსავლები) მოითხოვა დოკუმენტაცია, თუმცა უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ფინანსურებში გაითვალისწინეს ბანკის შემფასებლების მიერ მითითებული თანხა. სს ს.ბ–ის აქტივების შეფასებისა და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის შეფასებით უძრავი ქონების ყოველთვიური იჯარის ქირა საშუალოდ შეადგენდა 12 000 ლარს.

22. 2021 წლის 13 ოქტომბერს ბანკმა ე.მ–ს დაუმტკიცა ფართის შეძენის დაფინანსება, საკრედიტო კომიტეტის ოქმით დადგინდა სპეციალური პირობებიც: 1. რემონტის სესხის გაცემისას (20 000 ევრო) - კლიენტი საკუთრებაში გადაიფორმებს ქონებას პირველი ტრანშის გაცემამდე; სესხის ტრანშის გაცემა დადასტურდეს რისკ მენეჯერის მიერ; 2. ქონების შესასყიდი სესხის გაცემისას (214 000 ევრო) - სესხი გაიცეს მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება იჯარის ხელშეკრულება სავალდებულო პირობებით: მოიჯარე რ.ბ–ი, იჯარის ვადა არანაკლებ 5 წელი, ფართის მდგომარეობა, იჯარის ფასი - არანაკლებ 7000 აშშ დოლარი; სესხის გაცემამდე თანამონაწილეობის თანხის - 100 000 აშშ დოლარის დაფიქსირება კლიენტის კუთვნილ ანგარიშზე; სესხის ტრანშის გაცემა დადასტურდეს რისკ-მენეჯერის მიერ.

23. რისკ მენეჯერმა დამატებით მოითხოვა, ასევე, შპს ,,ტ.მ–ის“ თავდებობა, თუმცა, პირობა მიუთითა არა უზრუნველყოფის გრაფაში, არამედ, გენერალურ პირობებში მიაწერა ხელით. ე.მ–ისათვის სესხის გაცემასთან დაკავშირებით სს ,,ს.ბ–ის“ შიდა საკომუნიკაციო პროგრამაში 2021 წლის ივლისის, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში ფიქსირდება მიმოწერა გ.ე–სა და ჯგუფის უფროსს, მოსარჩელეს შორის. ბანკის მითითებით სესხი გაიცა შემდეგი შინაარსობრივი და ფორმალური დარღვევებით: კომერციული ფართის შეძენის რეალური მიზნობრიობის დამალვა; კომიტეტისათვის არსებული და სამომავლო იჯარის თანხის განზრახ გაზრდილი ოდენობით მიწოდება; შესაძენი ქონების რეალური ღირებულების გაზრდილი მოცულობით მიწოდება. ასევე, სესხებზე თავდებობის მხოლოდ რისკის მენეჯერის მხრიდან აღმოჩენის შემდეგ გაფორმება, სესხის ტრანშის გაცემა რისკ მენეჯერის დასტურის გარეშე.

24. მოსარჩელემ სადავო გახადა შესაგებელში მითითებული შინაარსობრივი სახის დარღვევებიც, მიუთითა რა, რომ კომიტეტზე წარედგინა უშუალოდ მსესხებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როგორც შესაძენი ქონების ღირებულების, ისე ფართის შეძენის მიზნისა და სამომავლო იჯარის თანხის თაობაზე. რაც შეეხება სესხის გაცემისას დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის თავდებობის მოგვიანებით გაფორმებას, სესხი გაიცა უფლებამოსილი პირის, იურისტის მომზადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო თავდებობის მოთხოვნა რისკ მენეჯერის მიერ არ იყო დაფიქსირებული შესაბამის გრაფაში, მიწერილი იყო ხელით.

25. მოპასუხე უთითებდა სესხის გაცემის მიზნით პასუხისმგებელ პირთა მხრიდან განზრახ, ერთობლივ, არაკეთილსინდისიერ მოქმედებაზე, რაც გამოიხატა მათ შორის კომერციული ფართის შეძენის რეალური მიზნობრიობის დამალვასა და კომიტეტისათვის არსებული და სამომავლო იჯარის თანხის განზრახ გაზრდილი ოდენობით მიწოდებაში. მოპასუხის მტკიცებით უძრავი ნივთის შეძენის რეალური მიზანი იყო პარტნიორების, ე.მ–ისა და რ.ბ–ის მხრიდან მისი შეძენა და არა მისი შემდგომი დაქირავება რ.ბ–ის კუთვნილი კომპანიის მიერ, აღნიშნული ფაქტი კი იმთავითვე ცნობილი იყო დასაქმებულისათვის, თუმცა, არც ამგვარი ფაქტის და არც მით უფრო, ბანკირის მხრიდან მისი ცოდნის ობიექტური და სარწმუნო მტკიცებულება, საქმეში არ წარმოდგენილა.

26. მოპასუხე მიუთითებდა შიდა კონტროლის დეპარტამენტის 2022 წლის 01 მარტის თარიღით შედგენილ დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, მოსარჩელის განზრახ ერთობლივი მოქმედება ბანკის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ქმედება მიემართება ე.მ–ის დაფუძნებულ შპს ,,მ–ის“ მიმართ სესხის გაცემის მიზნით ბიზნეს ანალიზის ჩატარებასა და პროექტის მომზადებას იმ სახით, რომ დაკმაყოფილებულიყო კრედიტის გაცემის ყველა აუცილებელი კრიტერიუმი. ფაქტების დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებად კი დეპარტამენტი მიუთითებდა მათ შორის, 2021 წლის 28 დეკემბერს მსესხებელ რ.ბ–თან სატელეფონო და ამავე დღეს ე.მ–თან პირად გასაუბრებებს. მოწმეებმა ხსენებულ თარიღში კომუნიკაცია უარყვეს. ჩანაწერის ამსახველი რაიმე სახის მტკიცებულება კი დასკვნას თან არ ერთვის. რ.ბ–ი მიუთითებს, რომ ადგილი ბანკის მხრიდან საკითხის გამორკვევას, კითხვების დასმას, არ ჰქონია, ხოლო ე.მ–ის ჩვენებით ბანკის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს მაისის შემდგომ პერიოდში, სხვა სესხთან დაკავშირებით პირადი ინიციატივით შეხვედრისას. შესაბამისად, ტრანზაქციებში ჩართულ პირებთან კომუნიკაციისა და საკითხის ამ მხრივ გამოკვლევის გარეშე, შედავებულ, საკმაოდ მძიმე დარღვევების შერაცხვა დასაქმებულისათვის, სხვა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს მოსაზრებით, არამართებულია.

27. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შრომით დავებში არსებული მტკიცების სპეციალური წესიდან გამომდინარე, დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენდა დაედასტურებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება, წარმოედგინა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა კომერციული ფართის რეალური მიზნობრიობის, ასევე, იჯარის თანხის განზრახ გაზრდილი ოდენობით მიწოდების სქემის შემუშავება, ასევე ამ მხრივ, რაიმე მცდარი ინფორმაციის მიწოდება მოსარჩელის მხრიდან დამსაქმებლისათვის. ამგვარ გარემოებას არცერთ, მათ შორის, არც საგამოძიებო ეტაპზე არ ადასტურებენ მოწმეებიც.

28. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენება იჯარის ხელშეკრულებასა და მასში მითითებულ ოდენობაზეც, არ არის წინააღმდეგობრივი და გადმოცემულია ფაქტობრივი გარემოებები დეტალური თანმიმდევრობით. მოწმეები ე.მ–ი და რ.ბ–ი გადმოსცემენ იდენტურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იყვნენ ნაცნობები, შეხვდნენ კვების ობიექტში, სადაც საუბრისას ცნობილი გახდა, რომ რ.ბ–ი იჯარით ფლობდა სატრენაჟორო დარბაზს ფ–ოს კუთვნილ ფართში, მას უწევდა ქონების დაცლა და ეძებდა ალტერნატიულ ფართს დარბაზის გადატანის მიზნით. ე.მ–მა რ.ბ–ს შესთავაზა, რომ თავად იყიდდა საბანკო კრედიტით კომერციულ ფართს, გაარემონტებდა სასურველი პირობებით და იჯარით გასცემდა მასზე ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარის გადახდის პირობით, რაზედაც შედგა შეთანხმება. პარტნიორობა კი გადაწყდა მოგვიანებით, ფართის ყიდვისა და იჯარის რამდენიმე თვის გადახდის შემდეგ. მოწმეთა ჩვენება ქონების შეძენის რეალურ მიზანსა და საიჯარო ქირის ოდენობაზე თანხვედრაშია მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის ოქმებში გაცემულ ინფორმაციასთანაც. მოწმეები ადასტურებენ ბანკისათვისაც სწორედ ამგვარი ინფორმაციის მიწოდებას. მტკიცებულება იმისა, რომ ხსენებული პირები სესხის განაცხადის შევსებამდე განზრახ არასწორ ფაქტებს აწვდიდნენ სესხის გამცემ ორგანიზაციას და მოსარჩელეს მაღალი ალბათობით უნდა დაეშვა საპირისპიროს არსებობა, საქმეში არ წარმოდგენილა.

29. საკრედიტო კომიტეტმა შიდა შემფასებელთა მხრიდან მითითებული საიჯარო ქირის ოდენობა საკმარისად ჩათვალა, რაც დასტურდება რისკ მენეჯერის წერილითა და სესხის დამტკიცებით, რაც შეეხება იჯარის ხელშეკრულების წერილობით გაფორმების მოთხოვნას, პალატამ მიიჩნია, რომ იგი წარმოადგენდა დამატებით, სესხის უფრო მეტად დაცვის მიზნით განხორციელებულ ქმედებას. ამ პირობებში კი სხვა ღონისძიებებისადმი მიუმართაობა, მით უფრო, ამ მხრივ სხვა პირისადმი ზედამხედველობის განუხორციელებლობა, განზრახ, არაკეთილსინდისიერი ფორმით, სხვა პირებთან შეთანხმებით ვალდებულების უხეშ დარღვევად, ვერ შეფასდება.

30. 2022 წლის 22 მარტისათვის დამსაქმებლის ხელთ არსებული სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება, რაც დაასაბუთებს გარემოებას, რომ მოსარჩელემ იცოდა ან მაღალი ალბათობით უნდა შექმნოდა იჯარის ხელშეკრულების მონაწილეთა შორის სხვაგვარი სქემის არსებობის ვარაუდი, წარმოდგენილი არ არის.

31. ამგვარი გეგმის მსესხებლისათვის წინასწარ მიწოდებაც მოსარჩელის მხრიდან, არ დგინდება. სამოქალაქო ურთიერთობათა მონაწილეებს კი კერძო ავტონომიის ფარგლებში აქვთ თავიანთი მატერიალური უფლებების თავისუფლად განკარგვის, გარიგებათა სახის არჩევისა თუ შემდგომში მისი ცვლილების უფლება, რაც მესამე პირთათვის იმთავითვე შეიძლება არც იყოს ცნობილი. იჯარის მონაწილე მხარეთა შეთანხმება შემდგომ პარტნიორობაზე, ვერ მიიჩნევა დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების რაიმე ფორმით დარღვევის საფუძვლად.

32. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის განზრახი ქმედება შესაგებელ პოზიციაში მითითებულ სესხის გაცემის პროცედურებში დაშვებულ გადაცდომებთან (ტრანშის გაცემა რისკ მენეჯერის დასტურის გარეშე და თავდებობის მოგვიანებით, კრედიტის გაცემის შემდეგ გაფორმება) დაკავშირებითაც.

33. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გათავისუფლების დასაბუთებისას დამსაქმებელი დავობს ,,მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების მხოლოდ N5 (კლიენტის ბიზნესის ანალიზი) და N6 (კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა) პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე. წერილობით დასაბუთებაში ზედამხედველობის, სესხის გაცემისა თუ სხვა თანამშრომელთა კონტროლის მოვალეობის დამდგენი პუნქტები, დარღვევად არ არის შერაცხული. თუმცა დასაბუთებაში ამგვარი შედავების არსებობის პირობებშიც, პროცედურულ ნაწილში დასაქმებულის განზრახი, მიზანმიმართულად არაკეთილსინდისიერი ქმედება, არ დგინდება.

34. უდავოა, რომ თავდებობის შესახებ მოთხოვნა ჩაიწერა არა შესაბამის გრაფაში, არამედ მინაწერი გაკეთდა ხელით, რამაც შექმნა რისკი მისი შეუსრულებლობისა. ტრანშის გაცემის საბოლოო დადასტურებაზეც, კონკრეტულად მოსარჩელის შესასრულებელი მოქმედების აღწერილობა, წარმოდგენილი არ არის.

35. ამასთან, მხოლოდ აღნიშნული დარღვევები, ქმედების სისწორეზე მოსარჩელის სრული პასუხისმგებლობის დადასტურების შემთხვევაშიც, სესხის სხვა დამატებითი ღონისძიებებით უზრუნველყოფებისა და დარღვევათა იმავე დღეს გამოსწორების პირობებში, არ ქმნიდა მათი უხეშ დარღვევად შეფასებისა და დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

36. სააპელაციო პალატამ მიუთითა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქმედების აკრძალვის ვალდებულების ან ამგვარი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა, მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობრივი პოზიციისა, უნდა შეფასდეს მისი სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. არც ერთი თანამდებობა თუ შესასრულებელი ფუნქცია, მათ შორის მენეჯერული თუ ხელმძღვანელობითი ხასიათის, არც ერთი ტიპის დაწესებულებაში, იმთავითვე, ინდივიდუალური გარემოებების კვლევა/შეფასების გარეშე, არ უშვებს ვალდებულების დარღვევისას მის უხეშ გადაცდომად მიჩნევის პრეზუმპციას. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მხრიდან დარღვევის ჩადენისას, გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი,რაც შედეგობრივად, გარად იმისა, რომ დამრღვევს პასუხისმგებლობას დააკისრებს, მას და სხვა დასაქმებულებს უკეთეს შრომის მოტივაციას შეუქმნის.. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ცაითვალოს, აუცილებელია, იყოს ისეთი დარღვევა, როდესაც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (ის. სუსგ-ები: №ას-295-279-2017, 19 მაისი, 2017 წ; №ას-658-2020, 04 დეკემბერი, 2020 წ; №ას-997-2020, 10 თებერვალი, 2021 წ.). შესაბამისად,შრომის სამართალში მოქმედი “Ultima Ratio”-ს პრინციპი მოითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თავლსაზრისით, დარღევასა ( გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსისი დაცულობას.

37. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა შპს „მ–ზე“ სესხების გაცემის პროცესში მოსარჩელის მიერ ფორმალური და შინაარსობრივი ხასიათის დარღვევები, რაც გამოიხატა სესხის გაცემაში მონაწილე პირების მიერ შეთანხმებულად განხრახ, სესხის გაცემის გამარტივების მიზნით მსესხებლის სწორი ფინანსური ინფორმაციის დაფარვაში, მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ქონების განზრახ არასწორი საფასურის მითიტებაში, არასრული და სამომავლოდ გაზრდილი იჯარის ოდენობის და მსესხებლისა და მისი კონტრაქტორის/პარტნიორის შესახებ კომიტეტისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში.

38. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 22 მარტის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს.

39. რაც შეეხება მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციას, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 მუხლების მიხედვით, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

40. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია. სშკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

41. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სს ს.ბ–ის ცენტრალურ ფილიალში მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიცია არ არის ვაკანტური. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაბეგრილი - 2808 (ორი ათას რვაას რვა) ლარის ოდენობით.

42. აპელანტი (მოსარჩელე) გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად დაკისრებული ხელფასის ოდენობის ნაწილში და მიუთითებდა, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 4460 ლარს. მასში შედიოდა საბონუსე ანაზღაურებაც 1500-1600 ლარის ოდენობით, რომელსაც იღებდა შრომითი ანაზღაურების სახით. ბონუსი გაიცემოდა ყოველთვიურად, ყოველ კალენდარულ თვეში, გამოტოვების გარეშე. შესაბამისად, ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება სასამართლოს მოპასუხისთვის უნდა დაეკისრებინა 4460 ლარის ოდენობით, აღნიშნული არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ იმაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ყოველთვიური ფიქსირებული დარიცხული ხელფასის ოდენობად მითითებულია 3600 ლარი.

43. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების Nე დანართის 2.1 პუნქტით, დასაქმებულს შესაძლოა მიეცეს წლიური ბონუსი ფულადი სახით, რომლის ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ. ფულადი ბონუსის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება დამსაქმებლის და დამსაქმებლის ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური შედეგები და დასახული გეგმების შესრულების ხარისხი საანგარიშო წლის განმავლობაში, ასევე დასაქმებულის საქმიანობის შეფასების შემდეგი კრიტერიუმები: დასაქმებულის მუშაობის ხარისხი/დადგენილი მიზნების და გეგმების შესრულება, პროფესიული ცოდნა და უნარები, კორპორატიულობა, კოლეგიალობა, გუნდური მუშაობის უნარი, მენეჯერული უნარები და დამსაქმებლის შეფასების სისტემით დადგენილი სხვა კრიტერიუმები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან ბონუსის გაცემა დამოკიდებული იყო დასაქმებულის მიერ სამუშაოს გარკვეული ხარისხით შესრულებაზე და დამსაქმებლის ნებაზე. ამდენად, იგი არ წარმოადგენდა აუცილებელ გასაცემს, არ შედიოდა კომპანიის ვალდებულებაში, რის გამოც, მიუღებელი შემოსავლის სახით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მთლიან პერიოდზე და იძულებითი განაცდურის დადგენის მიზნებისათვის, მისი გათვალისწინება, საფუძველს მოკლებულია. ამდენად, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის პრეტენზია ვერ გახდება მოპასუხისთვის დაკისრებული ყოველთვიური განაცდურის ოდენობის გაზრდის საფუძველი. დანარჩენ ნაწილში პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა გონივრულია და სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

45. ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა მის მიერ გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2022 წლის 14 ნოემბრისთვის, ბანკი არ იყო ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეში. ბანკი დაზარალებულად ცნობილი იქნა 2023 წლის 13 მარტს. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის შემდეგ მისთვის ხელმისაწვდომი იყო სისხლის სამართლის საქმის მასალები. სააპელაციო სამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის დადგენილება, გამოკითხვის ოქმი. აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინებით დაერთო საქმეს. ამდენად, მხარის მიერ წარმოდგენილია მისთვის სასურველი მტკიცებულებები და 2022 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი აღარ არსებობს.

46. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა შემდეგი დასაბუთებით:

47. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით, დამსაქმებელს გაუმართლებელი და დაუძლეველი მტკიცების ტვირთი დაეკისრა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა ნამდვილობას მოპასუხე წარდგენილი მტკიცებულებებით გამორიცხავდა. სასამართლომ არ იმსჯელა მტკიცებულებებზე, რომლებიც დასაქმებულის არაკეთილსინდისიერ ქცევას და დამსაქმებლის აშკარა მოტყუების ფაქტს ადასატურებდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ საბანკო სისტემაში დასაქმებული პირების მაღალ პასუხისმგებლობას და იმ რისკებს, რაც თანამშრომელთა არაკეთილსინდისიერებას შეიძლება მოჰყვეს. სასამართლოებმა განხორციელებული მსჯელობით, ფაქტობრივად მიუთითეს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ფაქტობრივად მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ დამსაქმებელი ტრანზაქციასთან შეხებაში მყოფ პირებთან კომუნიკაციის უკანონო ჩაწერით შექმნიდა მტკიცებულებებს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოებმა დაადასტურეს მოსარჩელის მიერ დარღვვების ჩადენის ფაქტები, კერძოდ, რომ მოსარჩელე ფლობდა ინფორმაციას ე.მ–ის მიერ შეძენილი უძრავი ქონების რეალური ღირებულების თაობაზე და რომ 100 000 აშშ დოლარის შეტანა ანგარიზე განხორციელდა თითქოს როგორც მსესხებლის ე.მ–ის გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად და არა ტრანზაქციაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამავდროულად, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო დოკუმენტალური მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევები, რომლის დამსაქმებლის მიერ ვითარების მინიმალური წინდახედულობის სტანდარტით შეფასების შემთხევაშიც კი გამორიცხული იყო შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა. კასატორი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე განახორციელა შემდეგი მოქმედებები: შეისწავლა ბანკის თანამშრომელთა მიერ შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისათვის მიწოდებული ინფორმაცია დასაქმებულის მიერ შესაძლო დარღვევის თაობაზე; დამსაქმებელმა არაერთი კითხვა დაუსვა სადავო ტრანზაქციასთან შემხებლობაში მყოფ პირებს, უშუალოდ გაესაუბრა მსესხებლებს, რომლებთანაც მიიღო ზეპირი განმარტება, გამოიკითხვა უშუალოდ დასაქმებული, დეტალურად შეისწავლა დასაქმებულას და დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შორის შიდა სამსახურებრივი საკომუნიკაციო სისტემაში განხორციელებული მიმოწერა, ბანკმა შეიმუშავა დასკვნა, რომელშიც ქრონოლოგიურად აღწერა სადავო ტრანზაქციები. შესაბამისად, კასატორისათვის გაუგებარია რა დამატებითი მტკიცებულებების საჭიროებაზე მიუთითებს სასამართლო.

48. კასატორი მიუთითებს, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ უძრავი ქონების მყიდველს პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მოსარჩელესა და მის თანამშრომელთან, შესაბამისად, მოსარჩელემ და მისმა თანამშრომელმა ზუსტად იცოდნენ საადვო ქონების რეალური ღირებულება.

49. კასატორი მიუთითებს, რომ დადგენილი სასამართლო პრატიკის მიხედვით, ძალზედ მნიშვნელოვანია დასაქმებულის მიმართ ნდობის დაკარგვის ფაქტი (იხ. სუსგ №ას-557-2021, 24 მარტი, 2022 წ.). გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს საქმიანობის სპეციფიკა, როდესაც საუბარია საბანკო-საფინანსო სექტორში დასაქმებულ პირზე. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დასაქმებულის კეთილსინდისიერების მომეტებული ვალდებულება, რათა ამ უკანასკნელმა არ გადააჭარბოს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. ამგვარი ქცევის ნაკლებად მძიმე გადაცდომად შერაცხვა და დასაქმებულის წინსმწრები დარღვევების არარსებობას ან/და რეალიზებული ზიანის დადგომასთან დაკავშირება, საფინანსო სექტორის წარმატებულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.

50. კასატორი მიუთითებს, სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ სადავო ტრანზაქციის განხორციელებაში ჩართულ პირთაგან კლიენტისაგან მიღებული ფაქტების სწორად მიწოდების ვალდებულება დასაქმებულს ეკისრებოდა. ის, რომ კონკრეტული ფაქტების მიწოდების პროცესში ინფორმაციის ტექნიკურად რაიმე ფორმით ასახვა სხვა პირთა ვალდებულებების საფეროსაც განეკუთვნება, სადავო არცერთ ეტაპზე გამხდარა, თუმცა ფაქტების სწორად მიწოდების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომლის უშუალო პასუხისლმგებლობასაც აღნიშნული განეკუთვნება, უფრო მკაცრი ღონისძიების განმაპირობებელია და მტკიცებას არ საჭიროებს.

51. კასატორი შუამდგომლობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვით დანიშვნაზე, რაც კასატორის მოსაზრებით, განპირობებულია საკითხის სიღრმისეული კვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის აუცილებლობით, ასევე გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ დავას ექნება პრეცედენტული მნიშვნელობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების სტანდარტისა და მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხთან მიმართებით (იხ. საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

53. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ( შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება კანონდარღვევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;

54. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

55. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ საადვოდაა გამხდარი შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი.

56. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

59. საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - სშკ-ი) პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამდენად, ის ურთიერთობები, რომლებიც განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული სპეციალური სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონით, ექცევა სშკ-ის მოქმედების სფეროში (იხ. დამატებით: ლეონიდე ადეიშვილი, დავით კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა 6/2003-1, გვ.10; ზაქარია შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.25,26).

60. სშკ-ი მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

61. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).

62. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თუ შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან (იხ. სუსგ №ას-252-2023, 08 ივნისი, 2023 წ.).

63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ-ები: №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წ; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).

64. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ,„იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება,“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

66. სამართლებრივი სტაბილურობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ორგანული პოსტულატი, მოითხოვს, რომ მოქალაქეს ჰქონდეს მისთვის მოსალოდნელი შეზღუდვების განჭვრეტისა და ამისათვის სათანადო მომზადების შესაძლებლობა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს განეკუთვნება არა მხოლოდ სამართლებრივი სტაბილურობა, არამედ ასევე მატერიალური სამართლიანობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა კანონმდებელმა აირჩია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ზოგადი ფორმულირება, სასამართლოს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული შემთხვევის შეფასებისა და გადაწყვეტისათვის.

67. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების განზოგადებას დიდი მნიშვნელობა აქვს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართალიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი დასაქმებულის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკი (იხ: ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, თბ., 2017წ., გვ.225.).

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21.).

69. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის და უფლებრივი რესტიტუციის მოთხოვნა სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითიხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ანსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) და 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

70. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმებს მოსარჩელესთან მოპასუხის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებას, რაც შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ: სუსგ-ები: №ას-975-2023, 10 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-252-2023, 08 ივნისი, 2023 წ; №ას-861-861-2018, 25 სექტემბერი, 2018 წ., №ას-499-499-2018, 08 ივნისი, 2018 წ; №ას-416-399-2016, 29 ივნისი, 2016 წ; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (შდრ: სუსგ-ები: №ას-887-854-2016, 08 თებერვალი, 2019წ; №ას-252-2023, 08 ივნისი, 2018 წ.).

71. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე (იხ.ტ.1.ს.ფ.31).

72. იმ ვითარებაში, როდესაც სადავოა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების კანონიერება, გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურება, რაც დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილებაში მდგომარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზია აქვს წარმოდგენილი კასატორს, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლომ დამსაქმებელს გადაულახავი მტკიცების ტვირთი დაეკისრა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო:

73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

74. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

75. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259.).

77. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დამსაქმებელია (მოპასუხე) ვალდებულია სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს დასაქმებულის (მოსარჩელე) მიერ, მასზე ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, მისთვის, როგორც დამსაქმებელისთვის მტკიცების ტვირთის გაუმართლებელი და გადაულახავი სტანდარტით დაკისრების ნაწილში (იხ., კასატორის პრეტენზია - ამ განჩინების პ. 47).

78. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, დადგენილია,რომ:

79. 2018 წლის 02 ნოემბრის N2018110201008034391 უვადოდ შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხე ბანკში ეკავა სხვადასხვა პოზიცია. 02.05.2018 წლიდან-13.05.2019 წლამდე პერიოდში იგი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტში უფროსი SME ბანკირი, 13.05.2019 წლიდან -01.07.2020 წლამდე მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტში მცირე და საშუალო ბიზნესის უფროსი ბანკირი, 01.07.2020 წლიდან 02.11.2020 წლამდე ამავე დეპარტამენტში მცირე და საშუალო ბიზნესის პერსონალური ბანკირი, ხოლო 02.11.2020 წლიდან გათავისუფლებამდე იკავებდა მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციას.

80. მოსარჩელის ყოველთვიური ფიქსირებული დარიცხული ხელფასი შეადგენდა 3600 ლარს. მოსარჩელე მუშაობის პერიოდში ყოველთვიურ ფიქსირებულ ხელფასთან ერთად იღებდა ბონუსსაც. შრომის ხელშეკრულების Nე დანართით, დასაქმებულს შესაძლოა მიეცეს წლიური ბონუსი ფულადი სახით, რომლის ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ერთპიროვნულად.

81. შრომის ხელშეკრულების 2.16 პუნქტის თანახმად, შინაგანაწესი წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების პოლიტიკებისა და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენენ ხელშეკრულების შემადგენელ/განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ მასთან ერთად და რომლებიც აუცილებელი წესით მოიცავენ: ,,თანამშრომლების კორპორატიულ სახელმძღვანელოს“. ,,მექრთამეობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას“, ინტერესთა კონფლიქიტის პოლიტიკას“, ,, შეტყობინების მართვის პოლიტიკას“, იმ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებას, ინსტრუქციას, მეთოდოლოგიას ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტს, სადაც საქმიანობს დასაქმებული და ნებისმიერ სხვა დებულებას თუ სახელმძღვანელოს, რომელიც აუცილებელია შესასრულებლად დასაქმებულის მიერ. შრომის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს შრომის შინაგანაწესი, ხელშეკრულების დანართები, თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამდებობრივი ინსტრუქცია.

82. მოპასუხე ბანკის ,,თანამშრომელთა კორპორატიული სახელმძღვანელო“-ს 2.1.14. პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებელს ქონებრივი ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები;ამავე სახელმძღვანელოს 2.1.9. პუნქტის თანახმად, არ დაუშვას არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური ქმედება; ამავე რეგულაციის 2.1.11. პუნქტის მიხედვით, არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილი განცხადებებსა და მოქმედებებში; საქმეში არ არის წარმოდგენილი უშუალოდ კორპორატიული სახელმძღვანელოს მოსარჩელისათვის გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელის ხელმოწერით.

83. მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის ფუნქციებს, მათ შორის წარმოადგენს: კლიენტის ბიზნესის ანალიზი; კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა.

84. 2021 წლის ივლისის თვეში მოპასუხეს სესხის დამტკიცების განცხადებით მიმართა შპს „ტ.მ–ის“ დამფუძნებელმა და 100% წილის მფლობელმა ე.მ–მა. სესხის განაცხადის თანახმად, სესხის აღების მიზნობრიობას წარმოადგენდა სს თ.ბ–ში არსებული ვალდებულების დაფარვა, ასევე ავტოსატრანსპორტო ნაწილების შეძენა. განაცხადი დასამუშავებლად გადაეცა გ.ე–ს, 2021 წლის 02 აგვისტოს ე.მ–ს დაუმტკიცდა სესხი 30 000 ევროსა (სს თ.ბ–ის სესხის გადაფარვის მიზნით) და 173 000 ევროს ოდენობით (ავტონაწილების შეძენის მიზნით); სესხის გაცემისას მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსს წარმოადგენდა მოსარჩელე.

85. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „მ–ი“ დარეგისტრირდა 2021 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მისი 100%-იანის წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა - ე.მ–ი. 2021 წლის სექტემბრის თვეში, ე.მ–მა, როგორც შპს „მ–ის“ დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, ახალი სესხის აღების სურვილით მიმართა მოპასუხე ბანკს. მსესხებელი ოფიციალურად გადმომისამართდა კორპორატიული ბანკირის ი.გ–ის მიერ.

86. ე.მ–ის მიერ სასურველი ფართის შეძენის პროცესში მოძიებულ იქნა მრავალი სხვადასხვა ღირებულების მქონე უძრავი ქონება. სესხის განაცხადი დაეწერა გ.ე–ს, რომელმაც მისი დამუშავება დაიწყო 2021 წლის 28 სექტემბერს. შესასყიდ ქონებად ე.მ–ის მიერ მიეთითა უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........, ფართი 485.69. კვ.მ. კომიტეტისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კომერციული ფართის შესყიდვის მიზანს წარმოადგენდა მისი შემდგომი გაქირავება ფიტნეს დარბაზისათვის, კლიენტი ფართს ყიდულობდა 390 000 აშშ დოლარად, თუმცა ნასყიდობა ფორმდებოდა 290 000 აშშ დოლარზე (ნაკლები დღგ-ს გადახდის მიზნით), სხვაობა 100 000 აშშ დოლარი კლიენტს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის ხელზე.

87. რისკ-მენეჯერის მოთხოვნით ჩატარებული შიდა შეფასებით უძრავი ნივთის ღირებულებად განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარი. განმეორებით ჩატარებული შეფასების თანახმად, უძრავი ქონების რეკომენდირებული ღირებულება განისაზღვრა 650-700 აშშ დოლარით 1 კვ.მ-ზე. ნ.ა–ძე არ ეთანხმებოდა ბანკირისა და ჯგუფის უფროსის განსხვავებული პოზიციას ნივთის რეალურ შესასყიდ ფასთან დაკავშირებით, რის გამოც საბოლოოდ ოქმით მოითხოვა 100 000 აშშ დოლარის ანგარიშზე დაფიქსირება.

88. კომიტეტისათვის მიწოდებული ინფორმაციით კლიენტი ფართს იღებდა იჯარით ი/მ რ.ბ–ისგან, ფიტნეს დარბაზის გახსნის მიზნობრიობით. რისკ-მენეჯერისთვის ცნობილი იყო, რომ ხსენებულ პირს უკვე ჰქონდა ფიტნეს დარბაზი ისანში, ფ–ოს შენობაში და აპირებდა მის ახალ ფართში გადმოტანას, ბანკის დაფინანსებით. იჯარის ღირებულებად ფიქსირებული იყო 7 000 აშშ დოლარი. რისკ-მენეჯერმა არარეალურად მიიჩნია თანხის ოდენობა, რ.ბ–ის ფინანსებთან დაკავშირებით (იჯარების გადახდა, შემოსავლები) მოითხოვა დოკუმენტაცია, თუმცა უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ფინანსურებში გაითვალისწინეს ბანკის შემფასებლების მიერ მითითებული თანხა. სს ს.ბ–ის აქტივების შეფასებისა და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის შეფასებით უძრავი ქონების ყოველთვიური იჯარის ქირა საშუალოდ შეადგენდა 12 000 ლარს.

89. 2021 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხე ბანკმა ე.მ–ს დაუმტკიცა ფართის შეძენის დაფინანსება, საკრედიტო კომიტეტის ოქმით დადგინდა სპეციალური პირობებიც: 1. რემონტის სესხის გაცემისას (20 000 ევრო) - კლიენტი საკუთრებაში გადაიფორმებს ქონებას პირველი ტრანშის გაცემამდე; სესხის ტრანშის გაცემა დადასტურდეს რისკ მენეჯერის მიერ; 2. ქონების შესასყიდი სესხის გაცემისას (214 000 ევრო) - სესხი გაიცეს მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება იჯარის ხელშეკრულება სავალდებულო პირობებით: მოიჯარე რ.ბ–ი, იჯარის ვადა არანაკლებ 5 წელი, ფართის მდგომარეობა, იჯარის ფასი - არანაკლებ 7000 აშშ დოლარი; სესხის გაცემამდე თანამონაწილეობის თანხის - 100 000 აშშ დოლარის დაფიქსირება კლიენტის კუთვნილ ანგარიშზე; სესხის ტრანშის გაცემა დადასტურდეს რისკ-მენეჯერის მიერ.

90. რისკ მენეჯერმა დამატებით მოითხოვა ასევე შპს ,,ტ.მ–ის“ თავდებობა, თუმცა პირობა მიუთითა არა უზრუნველყოფის გრაფაში, არამედ გენერალურ პირობებში მიაწერა ხელით.

91. ე.მ–ისათვის სესხის გაცემასთან დაკავშირებით მოპასუხე ბანკის შიდა საკომუნიკაციო პროგრამაში 2021 წლის ივლისის, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში ფიქსირდება მიმოწერა გ.ე–სა და ჯგუფის უფროსს - მოსარჩელეს შორის.

92. ი.მ რ.ბ–ს 2019 წლის 25 აპრილის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ფ.შ.ც–გან“ დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...... ს.კ. ......... შენობა II-ში განთავსებული ფართიდან 374 კვ.მ. ყოველთვიური საიჯარო ქირა წერილობითი ხელშეკრულების მიხედვით შეადგენდა 2 618 აშშ დოლარს.

93. რ.ბ–ს, „ფ–ოს“ შენობაში მდებარე ფიტნეს დარბაზის გადატანის მიზნით, მოპასუხე ბანკში უკვე შემოტანილი ჰქონდა ანალოგიური სესხის განაცხადი 320 000 დოლარის ღირებულებით კომერციული ფართის შესყიდვაზე. განაცხადი შეავსო ბანკირმა ნ.ზ–ძემ. შიდა კონტროლის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 01 მარტს გაცემულ დასკვნაში დამსაქმებელი აღნიშნავს, რომ სესხის დამუშავების პროცესში ნ.ზ–ძემ არ ჩაატარა სრულყოფილი ბიზნეს ანალიზი, არ განახორციელა ბიზნეს ობიექტზე ვიზიტი, პირადად არ შეუმოწმებია ფიტნეს დარბაზების არსებობა და მათი რეალური მდგომარეობა, ბანკირი დაეყრდნო მხოლოდ გამოგზავნილ სურათებსა და ექსელის ფაილით წარმოდგენილ მონაცემებს. გაიცა რეკომენდაცია ნ.ზ–ძის მიმართ საყვედურის გამოცხადების შესახებ.

94. რ.ბ–ის N12424603 და ე.მ–ის N12488042 სესხის განაცხადების ორივე პროექტი მოამზადა ერთი და იმავე ანალიტიკოსმა - ი.ძ–ამ დროის ერთი და იმავე პერიოდში, სადაც მონაცემი (იჯარის თანხის ოდენობა) დააფიქსირა განსხვავებულად. შპს ,,მ–ის“ ფინანსური ინფორმაციაში 2021 წლის 12 ოქტომბერს რ.ბ–ი უთითებს, რომ კომერციული ფართის იჯარაში ,,ფ–ოს“ უხდიდა 2618 აშშ დოლარს, ხოლო წინა დღეს - 11 ოქტომბერს მეორე სესხზე ე.მ–ის შპს ,,მ–ის“ ფინანსურ ინფორმაციაში რ.ბ–ისგან იჯარის სახით მისაღებ შემოსავლად დაფიქსირებულია 3870 აშშ დოლარი. დასკვნით გაიცა რეკომენდაცია ი.ძ–ას მიმართ სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ.

95. სესხის გაცემამდე ე.მ–სა და რ.ბ–ს შორის უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ....... ს.კ.......... შენობა II , ფართით 374 კვ.მ, გაფორმდა წერილობითი იჯარის ხელშეკრულება, ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარის საიჯარო ქირის გადახდის პირობით. გარიგების საფუძველზე მოხდა 1 თვის იჯარის საფასურის წინასწარ ჩარიცხვა. სესხის გაცემის წინ ე.მ–მა 100 000 აშშ დოლარი, როგორც თანამონაწილეობის თანხა, დროებით განათავსა სს ,,ს.ბ–ში“ არსებულ ანგარიშზე.

96. რისკ მენეჯერის საბოლოო დადასტურების გარეშე 2021 წლის 13 ოქტომბერს ე.მ–ზე გაიცა ორი სესხი. რემონტის მიზნით სესხი გაიცა ქონების კლიენტის საკუთრებაში გაფორმებამდე, არა ნასყიდობის დასრულების შემდეგ, არამედ დაჩქარებული წესით ნასყიდობის ხელშეკრულების ჩაშვებისთანავე. 1 საათში ნასყიდობა დარეგისტრირდა და რაიმე სახის ზიანი არ დამდგარა. შპს ,,ტ.მ–ის“ თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა არა სესხის გაცემამდე, არამედ გაცემის შემდეგ, იმავე დღეს.

97. საქმეში წარმოდგენილ 2021 წლის 13 ოქტომბრის წერილობით ხელშეკრულებით შპს ,,ჯ–ის“ და შპს ,,მ–ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ......... ს.კ. ...... ფართით 485.69 კმ. ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 290 000 აშშ დოლარით.ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს ,,მ–ის“ საკუთრებად.

98. შესყიდული კომერციული ფართის გარემონტების მიზნით ე.მ–მა 2021 წლის 2 ნოემბერს კვლავ მიმართა მოპასუხე ბანკს და მოითხოვა ახალი სესხი, რაც მოპასუხე ბანკის მიერ გაიცა.

99. მოპასუხე ბანკში დასაქმებულმა რისკების უფროსმა მენეჯერმა ნ.ა–ძემ 2021 წლის 20 დეკემბერს შიდა კონტროლის დეპარტამენტს მისწერა ინფორმაციული მეილი ე.მ–ის (შპს მ–სის) მიერ სესხის აღებისას მიმდინარე, მისი მოსაზრებით საეჭვო გარემოებებთან მიმართებით შემდეგი საკითხების დადგენის მიზნით: არსებობს თუ არა კავშირი/კვეთა რ.ბ–ს, ე.მ–ს და შესაბამისად მათ ბიზნესებს შორის; რატომ გაიცა პარალელურად ერთიდაიგივე მიზნობრიობით 2 სესხი რისკ მენეჯერების ინფორმირების გარეშე; იყო თუ არა ბანკის თანამშრომლების დაინტერესება აღნიშნულ სქემაში;

100. მოსარჩელეს შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელმა 2022 წლის 21 იანვარს ჩამოართვა წერილობითი ახსნა-განმარტება ე.მ–ზე გაცემულ სესხებთან დაკავშირებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 183-184).

101. 2022 წლის 11 მარტის მდგომარეობით შპს მ–ის 50% წილის მესაკუთრეა ე.მ–ი, ხოლო 50%-ის - რ.ბ–ი.

102. 2021 წლის 21 დეკემბერს, სს ს.ბ–ის შიდა კონტროლის დეპარტამენტმა განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო მოკვლევა, მცირე და საშუალო ბიზნესის ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ შპს ,,მ“-სა და შპს ,,მ–სზე“ გაცემული სესხების დამუშავების/გაცემის პროცედურებში ს.ბ–ის თანამშრომლების მხრიდან მომხდარი სავარაუდო გადაცდომის ფაქტებზე, რაზეც მომზადდა შესაბამისი დასკვნა.

103. შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მოკვლევის შედეგად მიზანშეწონილად მიიჩნია SME ბანკირ გ.ე–თან და მცირე და საშუალო ბიზნეს ჯგუფის უფროს დ.თ–ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვან ბანკირ ნ.ზ–ძესთან და კორპორატიული ბანკირი ი.ძ–ასთან მიმართებაში სასტიკი საყვედურის გამოცხადება, ხოლო კორპორატიული ბანკირი ი.გ–თან მიმართებაში გაფრთხილების გამოყენება.

104. დასკვნის მიხედვით მასში აღწერილი ფაქტები დასტურდება: რისკების უფროსი მენეჯერის ნ.ა–ძის 2021 წლის 20 დეკემბრის წერილით; ნ.ზ–ძის მიერ შიდა კონტროლის დეპარტამენტისათვის მიცემული 2021 წლის 29 დეკემბრის ახსნა-განმარტებით; 2021 წლის 28 დეკემბერს მსესხებელ რ.ბ–თან სატელეფონო და ამავე დღეს ე.მ–თან პირადი გასაუბრებებით; ი.გ–ის მიერ მიცემული 2022 წლის 12 იანვრის ახსნა-განმარტებით; 2021 წლის 29 დეკემბერს გ.ე–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით; 2021 წლის 30 დეკემბერს ი.ძ–ასა და 2022 წლის 22 იანვარს დ.თ–ას მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით; კომუნიკაციის ამსახველი მასალებით; საკრედიტო კომიტეტის ოქმით, საბანკო ანგარიშის ამონაწერით, სასესხო ფაილინგითა და სხვა დოკუმენტაციით;

105. მოპასუხის 2022 წლის 22 მარტის ბრძანებით, მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის მცირე და საშუალო ბიზნესის უფროსი - მოსარჩელე, გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური შრომის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე და შრომითი ურთიერთობის ბოლო თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 23 მარტი.

106. 2022 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის განმარტება და შრომის შინაგანაწესი. 2022 წლის 14 აპრილს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც გულისხმობს ,,კორპორაციული სახელმძღვანელოს“ 2.1.14 (ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებლის ქონებას ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები) და 2.1.11 პუნქტებით (არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილ განცხადებებსა და ქმედებებში) განსაზღვრული ნორმის დარღვევა, ასევე ,,მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების N5 და N9 პუნქტების არაჯეროვანი შესრულება (8. კლიენტის ბიზნესის ანალიზი; 9. კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა);

107. მოსარჩელის მიმართ მუშაობის პერიოდში, ასევე არც ე.მ–ისათვის სესხის გაცემის შემდეგ 2022 წლის 22 მარტამდე, არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება.

108. 2022 წლის 07 ივლისის მოპასუხე ბანკის განცხადების საფუძველზე, შპს „მ–სის“ მიერ კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება (დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით), რომელზეც გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის, ნ.ა–ძე, ნ.ზ–ძე, ი.გ–ი, დ.თ–ა, გ.ე–ი, ე.მ–ი, რ.ბ–ი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის.

109. მოპასუხე ბანკის ცენტრალურ ფილიალში მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიცია არ არის ვაკანტური; მოსარჩელეს გათავისუფლების შემდეგ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი წლის სექტემბრის ჩათვლით, არ უფიქსირდება.

110. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა ნამდვილობას მოპასუხე წარდგენილი მტკიცებულებებით გამორიცხავდა. სასამართლომ არ იმსჯელა მტკიცებულებებზე, რომლებიც დასაქმებულის არაკეთილსინდისიერ ქცევას და დამსაქმებლის აშკარა მოტყუების ფაქტს ადასატურებდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ საბანკო სისტემაში დასაქმებული პირების მაღალ პასუხისმგებლობას და იმ რისკებს, რაც თანამშრომელთა არაკეთილსინდისიერებას შეიძლება მოჰყვეს. სასამართლოებმა განხორციელებული მსჯელობით, ფაქტობრივად მიუთითეს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ფაქტობრივად მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ დამსაქმებელი ტრანზაქციასთან შეხებაში მყოფ პირებთან კომუნიკაციის უკანონო ჩაწერით შექმნიდა მტკიცებულებებს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოებმა დაადასტურეს მოსარჩელის მიერ დარღვვების ჩადენის ფაქტები, კერძოდ, რომ მოსარჩელე ფლობდა ინფორმაციას ე.მ–ის მიერ შეძენილი უძრავი ქონების რეალური ღირებულების თაობაზე და რომ 100 000 აშშ დოლარის შეტანა ანგარიზე განხორციელდა თითქოს როგორც მსესხებლის ე.მ–ის გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად და არა ტრანზაქციაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამავდროულად, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო დოკუმენტალური მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევები, რომლის დამსაქმებლის მიერ ვითარების მინიმალური წინდახედულობის სტანდარტით შეფასების შემთხევაშიც კი გამორიცხული იყო შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა. კასატორი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე განახორციელა შემდეგი მოქმედებები: შეისწავლა ბანკის თანამშრომელთა მიერ შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისათვის მიწოდებული ინფორმაცია დასაქმებულის მიერ შესაძლო დარღვევის თაობაზე; დამსაქმებელმა არაერთი კითხვა დაუსვა სადავო ტრანზაქციასთან შემხებლობაში მყოფ პირებს, უშუალოდ გაესაუბრა მსესხებლებს, რომლებთანაც მიიღო ზეპირი განმარტება, გამოიკითხვა უშუალოდ დასაქმებული, დეტალურად შეისწავლა დასაქმებულას და დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შორის შიდა სამსახურებრივი საკომუნიკაციო სისტემაში განხორციელებული მიმოწერა, ბანკმა შეიმუშავა დასკვნა, რომელშიც ქრონოლოგიურად აღწერა სადავო ტრანზაქციები. შესაბამისად, კასატორისათვის გაუგებარია რა დამატებითი მტკიცებულებების საჭიროებაზე მიუთითებს სასამართლო. კასატორი მიუთითებს, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ უძრავი ქონების მყიდველს პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მოსარჩელესა და მის თანამშრომელთან, შესაბამისად, მოსარჩელემ და მისმა თანამშრომელმა ზუსტად იცოდნენ სადავო ქონების რეალური ღირებულება (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.47-48.)

111. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მტკიცებულების სახეზე, როგორიცაა მოწმის ჩვენება. სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

112. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, რადგან არ არსებობს სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოწესრიგების გამოყენების საჭიროება, შესაბამისად, სადავო გარემოებების დასადასტურებლად დასაშვებია მოწმის ჩვენება, თუმცა ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი.

113. საკასაციო პალატა განმარტავს, მოწმე იმით განსხვავდება პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებისაგან, რომ მას არ გააჩნია საქმის შედეგის მიმართ იურიდიული დაინტერესება. ამდენად, მოწმე არის საქმის მიმართ იურიდიული ინტერესის არმქონე პირი. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და Schuler-Zgraggen v. Switzerland, გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66, https:/hudoc.echr.coe.int).

114. სსსკ-ის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო სამართლებრივ დავებზე, თბილისი, 2020 წ., გვ. 77.).

115. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწმედ დაკითხული რ.ბ–ი ბანკის მხრიდან საკითხის გამორკვევის მიზნით ამგვარ კომუნიკაციას სრულად უარყოფს, რაც შეეხება მოწმედ დაკითხულ ე.მ–ს, იგი ადასტურებს პირად გასაუბრებას, თუმცა დეტალურად და გარკვევით ასახელებს სხვა თარიღსა და გარემოებებს. მოწმე გადმოსცემს, რომ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, მაისის თვის შემდგომ, ვარაუდობდა რა, რომ ვერ შეძლებდა შეთანხმებული გრაფიკით პირველად გამოტანილი სესხის დაფარვას, თავად დაუკავშირდა მოპასუხე ბანკს დათქმული ვადების შეცვლის თხოვნით. ბანკის წარმომადგენელმა იგი დაიბარა ცენტრალურ ფილიალში, სადაც დაუსვეს კითხვები არამხოლოდ პირვანდელ, არამედ უკვე შპს ,,მ–ის“ სესხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოწმის მიერ დასახელებული საუბრის დრო არა მხოლოდ დღეებით, არამედ თვეებითაა აცდენილი შიდა კონტროლის დეპარტამენტის მიერ მითითებულ კომუნიკაციის თარიღს. მოწმის ჩვენების საპირისპირო მტკიცებულება, დასკვნაში მითითებულ დროს, 2021 წლის 28 დეკემბერს ხსენებულ პირებთან საუბრის დასტურად, წერილობითი ოქმის ან ტექნიკური ფორმით ჩანაწერის სახით, საქმეში არ წარმოდგენილა.

116. საკასაციო პალატა დაუსაბუთებულობის გამო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება წინამდებარე განჩინების პ. 110-ში მითითებული გარემოება, რომ უძრავი ქონების მყიდველს პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მოსარჩელესა და მის თანამშრომელთან, შესაბამისად, მოსარჩელემ და მისმა თანამშრომელმა ზუსტად იცოდნენ სადავო ქონების რეალური ღირებულება (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.47-48.).

117. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს, დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (იხ:სუსგ: №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022 წელი; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

118. მოპასუხის 2022 წლის 22 მარტის ბრძანების მიხედვით, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი. მითითებული ნორმა ადგენს, დამსაქმებლისლის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

119. საკასაციო პალატა მიუთითებს, თუ რა მიიჩნევა ვალდებულების უხეშ დარღვევად, კანონი არ განსაზღვრავს. ქმედების შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, დარღვევის სიმძიმის, სიხშირის, შედეგის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით (იხ: სუსგ №ას-252-2023, 08 ივნისი,2023 წ.).

120. განსახილველ შემთხვევაში გათავისუფლების შესახებ დასაბუთება ემყარება კორპორაციული სახელმძღვანელოსა და ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი ინსტრუქციის რამოდენიმე პუნქტის დარღვევას, ფაქტობრივი საფუძველი დაკონკრეტდა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით, რომლითაც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევად და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების წინაპირობად მიჩნეული გარემოებების არსებობა, 2022 წლის 22 მარტს, მოსარჩელის გათავისუფლების მომენტისათვის, საქმის მასალებით არ დგინდება. საკითხის დამსაქმებლის მხრიდან მოკვლევის მტკიცებულებად წარმოდგენილია შიდა კონტროლის დეპარტამენტის დასკვნა, სადაც მოპასუხე მოსარჩელეს ედავება სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად ბანკის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ ჯგუფურად მოქმედებაში, რაც გამოიხატა ბიზნეს ანალიზის ჩატარებასა და კომიტეტზე მისაწოდებელი პროექტის იმ სახით მომზადებაში, რაც საკმარისი იქნებოდა სესხის გაცემის ყველა აუცილებელი კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, დამსაქმებელი მიუთითებს დასაქმებულის მხრიდან არამხოლოდ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, არამედ მოვალეობის დარღვევას არაკეთილსინდისიერი და მიზანმიმართული, განზრახ, მოპასუხის შეცდომაში შემყვანი ქმედებებით, სხვა პირებთან შეთანხმებით არასწორი, მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასმაართლოს დასკვნას, რომ ამგვარ მძიმე გადაცდომათა შერაცხვისას დამსაქმებლის მტკიცების ტვირთი კიდევ უფრო მომეტებულია. ფაქტის დასტურად პირდაპირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ასევე გათავისუფლების დროისათვის ირიბად არსებული მყარ და სარწმუნო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რაც არამხოლოდ დამსაქმებელს, არამედ ნებისმიერ მესამე პირს, ობიექტურ დამკვირვებელს მისცემდა დასაქმებულისათვის ბრალად შერაცხულ ქმედებათა არსებობის მაღალი ვარაუდის დაშვების საფუძველს, საქმის მასალებით არ იკვეთება.

121. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ შიდა კონტროლის დეპარტამენტის დასკვნა ეხმიანება რისკ -მენეჯერის ნ.ა–ძის წერილს, სადაც საუბარია მხოლოდ გარკვეულ ეჭვებზე. 2021 წლის დეკემბრის თვისათვის ბანკის მხრიდან საკითხის მოკვლევის მიზნით კომუნიკაციას კი, რასაც ძირითადად ეყრდნობა დასკვნა, კომერციული ფართის სხვა მიზნობრიობით შეძენისა თუ ქონების რეალური ღირებულების გაზრდილი მოცულობით მიწოდების შესახებ, არც მსესხებელი ე.მ–ი, არც იჯარის გარიგების მონაწილე რ.ბ–ი არ ადასტურებს. საუბრის ამსახველი აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, ან/და წერილობით შედგენილი ოქმი, დასკვნას თან არ ერთვის. იჯარის ხელშეკრულება მოთხოვნის შესაბამისად, წერილობით გაფორმდა, ჩაირიცხა საიჯარო ქირაც, გეგმის თანახმად გაიხსნა დარბაზიც, მომდევნო პერიოდში იჯარის ხელშეკრულების მხარეთა შეცვლილი ნება კი, შემდგომი პარტნიორობის შესახებ, დამატებით რაიმე სარწმუნო მტკიცებულების გარეშე, არ მოდის წინააღმდეგობაში სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირთა უფლებებთან კერძო ავტონომიის ფარგლებში დადონ და შემდგომ შეცვალონ გარიგების სახე თუ მისი შინაარსი. გარიგების მონაწილე პირები ამგვარ ფაქტს უარყოფენ სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროსაც, თუმცა რომც დავუშვათ მათი მხრიდან ამგვარი გეგმის არსებობა, მოსარჩელის მხრიდან ამგვარი ინფორმაციის სუბიექტურად ცოდნა ან ამგვარი ცოდნის მაღალი ალბათობით დაშვება, არ დგინდება. ნ.ა–ძის წერილი ადასტურებს მოსარჩელის განმარტებას მასთან მიმართებით, რომ სესხის გაცემისას კომიტეტმა გაითვალისწინა არა გარიგებაში დაფიქსირებული 7000 აშშ დოლარი, არამედ სარეკომენდაციო იჯარა. ასევე, მიუხედავად უძრავი ქონების ნასყიდობის რეალურ ფასზე არსებული ეჭვებისა, კრედიტის გაცემას საფუძვლად დაედო მისი შიდა შემფასებლით დადგენილი ღირებულება, კრედიტის სხვა არაერთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, რაც იყო საკმარისი სესხის გაცემისთვის და დამატებით საკითხის მოკვლევის აუცილებლობა, აღარ იდგა დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ მხრივ დასაქმებულისათვის მომეტებული პასუხისმგებლობის დაკისრება და დამატებით მოკვლევის ჩატარების დავალდებულება, არა მართებულია. რაც შეეხება უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას, კომიტეტისათვის წინასწარვე ცნობილი იყო ნაწილი თანხის უნაღდო, ხოლო ნაწილის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის პირობა, მათ შორის 100 000 აშშ დოლარის ანგარიშზე დროებით განთავსებასთან დაკავშირებით. სესხი დამტკიცდა ამ პირობებით, დამატებით შიდა შემფასებლის მიერ მითითებული ღირებულების გათვალისწინებით. ნ.ა–ძის წერილში სხვა არსებითი ახალი გარემოება არ იკვეთება. არ დასტურდება ბანკის მხრიდან 2022 წლის 22 მარტამდე ტრანზაქციაში ჩართულ პირებთან საკითხის მოკლვევის მიზნით კომუნიკაცია (მყიდველი, გამყიდველი), შესაბამისად, მარტოოდენ თანამშრომლებს შორის შიდა მიმოწერა, გარიგებაში ჩართული პირების გამოკითხვის გარეშე, არ ქმნიდა ბანკის მხრიდან მოსარჩელისათვის დარღვევად შერაცხული ქმედების დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობებს. ე.მ–ის მიერ სასურველი ფართის შეძენის პროცესში მოძიებულ იქნა მრავალი სხვადასხვა ღირებულების მქონე უძრავი ქონება, რაც ასახულია შიდა სამსახურებრივი კომუნიკაციის ამონაწერში. ამ ფონზე კი, თუგინდ სესხზე განაცხადის შევსების წინა დღეებში, მორიგ უძრავ ქონებაზე საუბარი, რომლის რეკვიზიტებიც მითითებული არ არის, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა გამოკითხვის, დამატებითი კვლევის ჩატარების და დასტურების გარეშე, გათავისუფლების დასაბუთებაში მითითებული ბრალდების დადასტურებისათვის, საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. რაც შეეხება სხდომაზე დაკითხულ პირთა ჩვენებას, იგი დამსაქმებლისათვის ობიექტურად ცნობილი 2022 წლის 22 მარტს გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნებოდა, შესაბამისად, მას ვერც მიღებული ბრძანება დაეფუძნებოდა, რის გამოც ვერც ნების გამოვლენის მართლზომიერების საფუძვლად მიიჩნევა. დამსაქმებელი გადაწყვეტილებას იღებს არსებული მტკიცებულებების, და არა სამომავლოდ, თუგინდ შემდგომი სამართალწარმოების პროცესში საალბათოდ მისაღები დადასტურების შესაბამისად. ამასთან, სხდომაზე დაკითხული მოწმეები, მართალია განსხვავებულ ინფორმაციას გადმოსცემენ ნასყიდობის ფასის თაობაზე, თუმცა მსესხებელი არც კონკრეტულად მოსარჩელეს არ ასახელებს ბანკის იმ წარმომადგენლად, ვისგანაც მისივე თქმით მიიღო რჩევა აღნიშნულ საკითხზე. შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც დაეყრდნო 2022 წლის 22 მარტისათვის დამსაქმებელი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

122. რაც შეეხება უშუალოდ სესხის გაცემის პროცესში არსებულ გადაცდომებს, ასევე, ზედამხედველობასა და კონტროლს, საგულისხმოა, რომ შედავებული საკითხები ბრძანებაში დარღვევად მითითებულ ფუნქცია-მოვალეობებით (N5, N6) არ არის გათვალისწინებული, საქმეში არ წარმოდგენილა რაიმე სახის აღწერილობები რისკ-მენეჯერის, იურისტის, ბანკირის თუ ჯგუფის უფროსის ინდივიდუალურად შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებდა იურისტის მიერ საბოლოოდ გაცემული დასტურის შესაბამისად, თავდებობის გაფორმება კი გამორჩა არამხოლოდ მას, არამედ ყველა სხვა პასუხისმგებელ პირს, რაც განაპირობა მოთხოვნის შეუსაბამო გრაფაში აღნიშვნამ. რისკ მენეჯერმა მართალია დამატებით მოითხოვა ასევე შპს ,,ტ.მ–ის“ თავდებობაც, თუმცა პირობა მიუთითა არა უზრუნველყოფის გრაფაში, არამედ გენერალურ პირობებში მიაწერა ხელით. პროცედურული დარღვევები სესხის გაცემის დღესვე აღმოიფხვრა და მას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია. რაიმე განზრახი ქმედება ამ მხრივ, მოსარჩელის მხრიდან არ დასტურდება.

123. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმას უკავშირდება, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს საქმიანობის სპეციფიკა, როდესაც საუბარია საბანკ--საფინანსო სექტორში დასაქმებულ პირზე. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დასაქმებულის კეთილსინდისიერების მომეტებული ვალდებულება, რათა ამ უკანასკნელმა არ გადააჭარბოს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. ამგვარი ქცევის ნაკლებად მძიმე გადაცდომად შერაცხვა და დასაქმებულის წინსმწრები დარღვევების არარსებობას ან/და რეალიზებული ზიანის დადგომასთან დაკავშირება, საფინანსო სექტორის წარმატებულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.49.).

124. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ქმედების აკრძალვის ვალდებულების და ამგვარი ვალდებულების დარღვევის დადასტურების შემთხვევაშიც კი, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა, მიუხედავად მის მიერ დაკავებული პოზიციისა, უნდა შეფასდეს მისი სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. არც ერთი თანამდებობა თუ შესასრულებელი ფუნქცია, მათ შორის მენეჯერული თუ ხელმძღვანელობითი ხასიათის, არც ერთი ტიპის დაწესებულებაში, იმთავითვე, ინდივიდუალური გარემოებების კვლევა/შეფასების გარეშე, არ უშვებს ვალდებულების დარღვევისას მის უხეშ გადაცდომად მიჩნევის პრეზუმფციას (შდრ: სუსგ №ას-1327-2018, 03 ივნისი, 2019 წ.). შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, იყოს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (იხ. სუსგ №ას-499-499-2018, 08 ივნისი, 2018 წ.). დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში „Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას (იხ. სუსგ-ები: №ას-1101-2022, 17 ნოემბერი, 2022; №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019წ;

125. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მოსარჩელის განმარტებას, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთება არ შეიცავს მითითებას, თუ რატომ იყო მოპასუხის მიერ დასახელებულ ე.წ. დარღვევა/ გადაცდომაზე მოსარჩელის გათავისუფლება მიზანშეწონილი, მართლზომიერი და “Ultima Ratio”-ს პრინციპის გამოყენებით, რატომ არ შეიძლება გამოყენებულიყო დისციპლინური სახდელის უფრო მსუბუქი ღონისძიება (იხ. სარჩელი, ტ.1.ს.ფ.2-15, წინამდებარე განჩინების პ.5.).

126. კასატორი მიუთითებს, რომ დადგენილი სასამართლო პრატიკის მიხედვით, ძალზედ მნიშვნელოვანია დასაქმებულის მიმართ ნდობის დაკარგვის ფაქტი (იხ სუსგ №ას-557-2021, 24 მარტი, 2022 წ.).

127. საკასაციო პალატა ზოგადად იზიარებს კასატორის შეფასებას, რომ მნიშვნელოვანია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და რომ ამ ნდობის დაკარგვას, შესაძლოა მოყვეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. თუმცა საკასაციო პალატა არარელევანტურობის გამო, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით სუსგ №ას-557-2021, 24 მარტი,2022 წ. დადგენილი სამართლებრივი შედეგის (გათავისუფლების ბრძანების კანონიერად ცნობა) გამოყენებასთან მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

128. საქმეზე №ას-557-2021 დადგენილია, რომ „ მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიის სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე და მის ფუნქციას წარმოადგენდა დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, სერვისცენტრისთვის დადგენილი გაყიდვების გეგმების კონტროლი, გაყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მონიტორინგი, მომსახურების დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი, დაქვემდებარებული პერსონალის მოკლევადიანი სამუშაო მიზნების განსაზღვრა და კოორდინაცია, დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება, გაყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი და ა.შ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაკავებულის თანამდებობიდან და ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებით, ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვით ევალებოდა ფილიალის მართვა. სადავო საკითხის შეფასებისას, გამოყენებული უნდა იყოს სისტემური მიდგომა, საქმიანობის კომპლექსური ანალიზის გარეშე დასაქმებულის ქცევა სხვაგვარად ვერ შეფასდება, რადგან მენეჯმენტი და მისი უზრუნველყოფა, წარმოადგენს დამსაქმებელის მიზნების შესრულების საუკეთესო გზას. ამასთან, რამდენადაც ხსენებული თანამდებობისათვის აუცილებელია მართველის უნარ-ჩვევები, რაც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობას გულისხმობს, მოსარჩელე იყო პასუხისმგებელი მოპასუხე კომპანიის შესაბამისი ფილიალის გამართულად ფუნქციონირებაზე. საკასაციო პალატა დაეთანხმა მსჯელობას, რომ შრომითი ვალდებულების დარღვევის ჩადენის სიმძიმის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შეფასება შედეგობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, თანაზომიერი იყო თუ არა დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის მხრიდან დარღვევის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა. თუმცა, დარღვევა, რომლის შედეგი ნდობის დაკარგვაა, არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე მატერიალური ზიანი. დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარღვევა იყო არსებითი და მნიშვნელოვანი. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და შედეგის გათვალისწინებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებაა. მოსარჩელის ამგვარი საქციელი დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. შესაფასებელი ქმედება არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოსწორდეს იმგვარად, რომ დამსაქმებელმა არ დაკარგოს მუშაკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. აღნიშნული კი, დასაქმებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა და, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქმნიდა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს“ (შდრ: №ას-557-2021, 24 მარტი, 2022წ.).

129. საკასაციო პალატა კასატორის ყურადრებას მიაქცევს მის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, უნდა დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად ხდება. ამასთან, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საგანია, რაც ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით ფასდება, პირველ რიგში კი, სამსახურის დანიშნულებისა და დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებით (იხ: სუსგ №ას-557-2021, 24 მარტი, 2022 წ., პ.31.).

130. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება საპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა შპს ,,მ–ზე“ სესხების გაცემის პროცესში მოსარჩელის მიერ ფორმალური და შინაარსობრივი ხასიათის ისეთი დარღვევები, რაც გამოიხატა სესხის გაცემაში მონაწილე პირების მიერ შეთანხმებულად განზრახ, სესხის გაცემის გამარტივების მიზნით მსესხებლის სწორი ფინანსური ინფორმაციის დაფარვაში, მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ქონების განზრახ არასწორი საფასურის მითითებაში, არასრული და სამომავლოდ გაზრდილი იჯარის ოდენობის და მსესხებელსა და მისი კონტრაქტორის/პარტნიორის შესახებ კომიტეტისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში. დამსაქმებელმა, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოსარჩელის გათავისუფლებისას მის დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დადასტურება, სათანადო წესით ვერ განახორციელა, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერია.

131. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბრძანების კანონიერების ნაწილში კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია და ვერ შეძლო დამსაქმებელზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების იმგვარ უხეშ დარღვევას, რაც უპირობოდ წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

132. საკასაციო პალატა ყურაღებას მიაქცევს, რომ კასატორს სადავოდ არა აქვს გამხდარი გადასახდელად დაკისრებული კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ოდენობა, აგრეთვე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გადახდის დაწყების თარიღი (2022 წლის 23 მარტი), შესაბამისად, საკასაციო პალატა სსსკ-ის 409-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, ამ ნაწილში შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება.

133. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

134. საკასაციო პლატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს), საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12 ნოემბერი, 2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29 ნოემბერი, 2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ა-1915-ბ-8-2015 , 22 ივლისი, 2015წ.; №ას-1150-2020, 29 ნოემბერი, 2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (№ას-806-2021, 22 თებერვალი, 2022 წ, პ.8).

135. საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს, სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1098-2023, 04 დეკემბერი, 2023 წ; №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წ, პ.55; №ას-1142-2020, 20 აპრილი, 2021 წ; №ას-102-2021, 31 მარტი, 2021წ; №ას-968-2020, 21 დეკემბერი, 2020 წ; №ას-670-2020, 15 სექტემბერი, 2020 წ; №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019 წ.). ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; (ECHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32). ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად, სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89, ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991.

136. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზეც, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს; საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს (იხ., სუსგ №ას-211-2023, 27 ივნისი, 2023 წელი).

137. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

138. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.

139. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

140. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. სს „ს.ბ–ს“ (ს.კ:.....) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 24/10/2023-ში N19078 საგადახდო დავალებით გადახდილი 2,868.00 ლარის 70% – 2,007.6 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე