05 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1222-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „ვ.ს–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ჯ-ა“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „ვ.ს–ი“-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ“-ს მიმართ, 18 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მან თავის მხრივ შეგებებული სარჩელი წარადგინა შ.პ.ს. „ვ.ს“-ს მიმართ 142 880.45 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
3. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით - შ.პ.ს. „ვ.ს“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 18 000 ლარის გადახდა დაეკისრა. შ.პ.ს. „ჯ“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. „ვ.ს“-ს შ.პ.ს. „ჯ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა ნარდობის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის - 142 880.45 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ვ.ს“-მ, მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:
5.1. მოსარჩელეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2009 წლის 13 თებერვალს გაცემული #000007 ლიცენზიის საფუძველზე, გააჩნია კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლება.
5.2. მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში 2018-2019 წლებში აწარმოებდა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის (მათ შორის კმ. 0+000 - კმ. 12+400 მონაკვეთზე) გარე განათების მოწყობის სამუშაოებს.
5.3. 2018 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო დაცვითი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად:
5.3.1. დაცვითი საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ობიექტის დაცვა, რაც გულისხმობდა დამკვეთის საკუთრების დაცვას მესამე პირების ხელყოფისაგან (ქურდობა, ძარცვა, დაზიანება და სხვა) (1.1. პუნქტი).
5.3.2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, დამქირავებელი ავალებდა, ხოლო დაცვა ყოველდღიურად განახორციელებდა დამქირავებლის ობიექტზე (ქობულეთის შემოვლით გზაზე 00+000 კმ. - 12+400 კმ. პიკეტზე) მიმდინარე სამუშაოების (განათება) საზოგადოებრივი წესრიგისა და მასზე ჩაბარებული მატერიალური ქონების დაცვას (1.2. პუნქტი).
5.3.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ობიექტის დაცვას შემსრულებელი განახორციელებდა პატრულირების გზით, ერთი ავტომანქანითა და სამი მცველით, 24 საათის განმავლობაში, გრაფიკის შესაბამისად (1.3. პუნქტი).
5.3.4. დაცვის ობიექტის მისამართია: ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალი: ა) მდ. ჩოლოქის ხიდიდან მდ. შავღელეს ხიდამდე; ბ) ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალიდან, ნატანები-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა (1.4. პუნქტი).
5.3.5. დაცვის ობიექტზე არსებული მასალებია: ელ. კაბელები, ანკერები, სანათები, ლითონის ბოძები, ელ. გაყვანილობის აქსესუარები და სხვა (1.5. პუნქტი).
5.3.6. დაცვა ვალდებული იყო მოქმედი კანონმდებლობისა და აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად განეხორციელებინა ობიექტის დაცვა მხარეებს შორის შეთანხმებული პირობებით (2.1. პუნქტი).
5.3.7. ხელშეკრულების თანხა თვეში შეადგენდა 3000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (4.1. პუნქტი).
5.3.8 დაცვის ბრალეულობით გამოწვეული ზარალი სრულად ანაზღაურდებოდა კანონით დადგენილი წესით (6.5. პუნქტი).
5.3.9. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში უნდა განხორციელებულიყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით და დადასტურებულიყო უფლებამოსილი პირების ხელმოწერით (7.2. პუნქტი).
5.4. 2019 წლის 21 იანვარს მხარეთა შორის, ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით 2018 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების 1.3., 1.4. და 4.1. პუნქტებში შევიდა ცვლილებები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
„1.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ობიექტის“ დაცვას შემსრულებელი განახორციელებდა პატრულირების გზით, ორი ავტომანქანითა და ექვსი მცველით 24 საათის განმავლობაში, გრაფიკის შესაბამისად.
1.4. დაცვის ობიექტის მისამართია: ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალი: ა) მდ.ჩოლოქის ხიდიდან მდ.შავღელის ხიდამდე; ბ) ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალიდან, ნატანები-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა; გ) N11 A ბოძიდან N19 A ბოძის ჩათვლით; დ) N40 A ბოძიდან N41 A ბოძის ჩათვლით; ე) N54 A ბოძიდან N61 A ბოძის ჩათვლით; ვ) N304 A ბოძიდან N339 A ბოძის ჩათვლით; ზ) N8-1 C ბოძიდან N8-34 C ბოძის ჩათვლით, ცენტრალური მაგისტრალიდან ქობულეთი ნატანების შემოვლითი გზა.
4.1. ხელშეკრულების თანხა თვეში განისაზღვრა 6000 ლარით, დღგ-ის ჩათვლით.“
5.5. 2019 წლის 06 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება 23.12.2018 წ. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის საფუძველზე ხელშეკრულების 1.4. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „დაცვის ობიექტის მისამართია: ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალი 00+000 კმ. - 12+400კმ.“
5.6. 2019 წლის თებერვლის ბოლოს ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალის 00+000 კმ. - 12+400კმ. მონაკვეთზე მოპასუხის ობიექტზე დაიკარგა ტრანშეაში მოწყობილი, გოფრირებულ მილებში გატარებული 4x16 მმ2 განივი კვეთის, ჯამში 3427 მეტრი სპილენძის სადენი, რაზეც შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოიება სისხლის სამართლის საქმეზე, ელექტრო სადენების ქურდობის ფაქტზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით). მოპასუხე ცნობილი იქნა დაზარალებულად. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად, 3427 გრძივი მეტრი, 4/16მმ განივი კვეთის, იზოლირებული ელექტროსადენის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 51 405 ლარით. მოპასუხემ მიყენებული ზიანის ოდენობა, წინასწარი დაანგარიშებით, განსაზღვრა 130 650.23 ლარით.
5.7. მოპასუხემ 2019 წლის მარტის თვეში განმეორებით აწარმოა ქობულეთის შემოვლითი გზის განათების სამუშაოები 0+000 კმ. – 12+400 კმ. გზის მონაკვეთზე. კერძოდ, ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალის 00+000 - კმ. 12+400 კმ. მონაკვეთზე, ხელახლა მოეწყო სპილენძის ელექტროსადენი საერთო სიგრძით - 3427 გრძივი მეტრი. შ.პ.ს. ,,თ.ა“-ს შეფასების ანგარიშის თანახმად, 3427 მეტრი NYY 4x16 იზოლირებული სპილენძის ელექტროსადენის მოპარვისა და ქობულეთის შემოვლითი გზის გარე განათების სამუშაოების განმეორებით შესრულების შედეგად, მოპასუხისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა განისაზღვრა 142 880,45 ლარით. წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის მიხედვით, „ქობულეთის შემოვლითი გზის განათების 0+000 კმ. - 12+400 კმ. სამუშაოების ფარგლებში“ მოპასუხე საამშენებლო კომპანიის მიერ, 2019 წლის თებერვალში მიმდინარეობდა სპილენძის ელექტრო კაბელის NYY 4x16 მმ. პროექტით გათვალისწინებული რაოდენობის სრული ოდენობით მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოპარული იქნა უკვე დამონტაჟებული 3427 მეტრი იზოლირებული ელ. სადენი. მოპასუხეს განათების სისტემის თავდაპირველ მდგომარეობაში აღსადგენად, კაბელის შეძენის გარდა, (რომლის ღირებულება შეადგენს 51 405 ლარს), დასჭირდა მიწის სამუშაოების ხელით შესრულება (მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების თავიდან ასაცილებლად მექანიზაციის გამოყენება შესაძლებელი არაა), სადენების გოფრირებულ მილში გატარება, უკუყრილის მოწყობა დატკეპნით და სხვა, საერთო ღირებულებით - 142 880,45 ლარი. ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2019 წლის საბაზრო ფასებითა და მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად.
5.8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა.
5.9. პალატამ დაადგინა, რომ მომსახურების არაჯეროვნად გაწევის მტკიცების ტვირთი ამ ნაკლზე მიმთითებელ პირს, შემკვეთს ეკისრებოდა, რაც მის მიერ უტყუარად დადასტურდა.
5.10. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ დაადგინა, რომ სახეზე იყო მენარდის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რის შედეგადაც შემკვეთს მიადგა ზიანი.
5.11. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების დარღვევისას კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება,
5.12. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ვინაიდან შეუძლებელი იყო მომხდარი ფაქტის გამორიცხვა, სახეზე არ იყო მისი ბრალეულობა და შესაბამისად არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობა შემკვეთის კუთვნილი ობიექტის და მასალების დაცვის ინტერესში მდგომარეობდა. ვინაიდან, დაკარგული მასალები სამ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ იყო განთავსებული, მისი ფარულად დაუფლება მოითხოვდა გარკვეულ დროს, მენარდეს კი 24 საათის განმავლობაში რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, დაცვის თანამშრომლების უწყვეტი პატრულირებით ევალებოდა ობიექტის დაცვა, სახელშეკრულებო ვალდებულების გულმოდგინედ და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების თავიდან არიდება.
5.13. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზიანის 142880.45 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა.
5.14. ზიანის ოდენობაზე აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება - აუდიტის დასკვნა, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლითაც ელექტრო სადენის და მისი მონტაჟისათვის შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეფასებული იქნებოდა განსხვავეული ოდენობით, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 142 880.45 ლარი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, მისი პასუხისმგებლობა დამდგარ ზიანში, ვინაიდან, დანაშაული გაუხსნელია და სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ არის, არ არსებობს მტკიცებულება, იმისა რომ მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიადგა ზიანი შემკვეთს. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ სახეზეა ქურდობის ნაცვლად მითვისება, გაფლანგვა ან შემკვეთის დაუდევრობა, გამოირიცხება კასატორის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არა უტყუარ მტკიცებულებებზე, არამედ ვარაუდებზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის დანაწესს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული ძალა არ აქვთ.
6.2. შემკვეთმა ვერ იკისრა თავისი წილი მტკიცების ტვირთი. მას არ წარმოუდგენია ზიანის მიყენების და მისი ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხოლოდ მითითება, რომ მენარდე პატრულირებდა ობიექტზე, არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. შესაბამისად, ვინაიდან არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, გამოირიცხება მისი პასუხისმგებლობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მომსახურების ხელშეკრულებიდან, რაც თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები და მიუთითა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის 7 მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
12. საკასაციო პრეტენზიის ძირითადი ნაწილი მიემართება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება კასატორის ბრალეულობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შემკვეთისათვის მიყენებულ ზიანში. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ არის ვალდებულების დარღვევა, გამოირიცხება კასატორის პასუხისმგებლობა დამდგარ ზიანში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანია მენარდის მიერ მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შემკვეთისათვის მიყენებული ზიანის - 142880.45 ლარის ანაზღაურების მართლზომიერება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (ს.უ.ს.გ. №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ). ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ძლიერიშვილი ზ. ,,ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ.288).
14. ზიანი სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის გაგებით, არის ის დანაკლისი, რომელიც პირის კანონით დაცულ სიკეთეს მეორე მხარის ქმედების შედეგად მიადგა. ქონებრივი სახის ზიანის გამოთვლა ხორციელდება იმ პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, რომელიც წარმოიშვა მეორე მხარის ქმედების შედეგად.
15. მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცებისტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ არასწორად დადგინდა მისი პასუხისმგებლობა დამდგარ ზიანში, დანაშაული გაუხსნელია და სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან და მისი დამფუძნებელი ნორმები არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 394-ე და 408.1 მუხლები, რომელთა ფარგლებშიც მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულად მიიჩნევა, თუკი დადგინდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოვალის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
17. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის მიხედვით, შ.პ.ს. ,,ვ.ს–ი“ იღებდა ვალდებულებას დაეცვა დამკვეთის საკუთრება მესამე პირების ხელყოფისგან (ქურდობა, ძარცვა, დაზიანებები და სხვა) 24 საათის განმავლობაში. ხელშეკრულებით განიმარტა, თუ რას მოიცავდა დაცვის ობიექტი და ფარგლები. ხელშეკრულებაში 2019 წლის 06 თებერვალს განხორციელებული ცვლილებით (1.4. პუნქტი) დაცვის ობიექტის მისამართი განისაზღვრა _ ,,ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალი 00+000 კმ. - 12+400კმ.“ 6.5-ე პუნქტის მიხედვით, დაცვის ბრალეულობით გამოწვეული ზარალი სრულად ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით (სამოქალაქო კოდექსი). პალატა ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების შინაარსსა და მის მიმართ მხარეთა ინტერესებზე, კერძოდ, რომ შემკვეთის მოლოდინი იყო დაცვის გამართული მუშაობა და საფრთხის თავიდან აცილება, ხოლო მენარდის ვალდებულება - დაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირება და ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
18. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, 2019 წლის თებერვლის ბოლოს, ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალის 00+000 კმ. - 12+400კმ. მონაკვეთზე, მოპასუხის ობიექტზე, დაიკარგა ტრანშეაში მოწყობილი, გოფრირებულ მილებში გატარებული 4x16 მმ2 განივი კვეთის, ჯამში 3427 მეტრი სპილენძის სადენი, რაზეც შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოიება სისხლის სამართლის საქმეზე, ელექტრო სადენების ქურდობის ფაქტზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით). მოპასუხე ცნობილი იქნა დაზარალებულად.
19. 2018 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების არაჯეროვნად გაწევის მტკიცების ტვირთი ამ ნაკლზე მიმთითებელ პირს, შემკვეთს ეკისრებოდა და იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად შ.პ.ს. ,,ჯ“-მ წარადგინა მტკიცებულებები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დაცვის ობიექტზე ზიანის დადგომის და ზიანის ოდენობის შესახებ (სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული დადგენილება, აუდიტის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების და ზიანის დადგომაში მისი არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი გადავიდა მენარდის მხარეს, რომელმაც ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებებით საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და გამოირიცხება ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 7144.02 ლარის 70% – 5000.81 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „ვ.ს“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ვ.ს“-ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 7144.02 ლარის (საგადასახადო დავალება №1697627312, გადახდის თარიღი: 18.10.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 5000.81 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი