Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-66-31-გ-03 16 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

ფინანსთა სამინისტრომ 2003წ. 22 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა და სსკ-ს 192-ე, 198-ე მუხლების შესაბამისად სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფის 2003წ. 16 აპრილის ¹01/04-392 საინკასო დავალების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 აპრილის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს განცხადება განსჯადობით განსახილველად ამავე სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2003წ. 16 აპრილის ¹01/04-392 საინკასო დავალება ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენდა, იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად იყო განხორციელებული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ დავების კატეგორიას არ განეკუთნებოდა. ამასთან, სარჩელის ფასი 500000 ლარს აღემატებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა აღნიშნულ მოსაზრებას, მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს განცხადება ადმინისტრაციული ორგანოს (სააღსრულებო ბიუროს) უკანონო მოქმედების აღკვეთის უზრუნველსაყოფად იყო მიმართული, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა და 2003წ. 2 ივნისის განჩინებით განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ბიურო ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს. სააღსრულებო სამსახური წარმოადგენს სააღსრულებო დაწესებულებას და შედის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ამასთან, სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია სააღსრულებო ბიუროები, რომლებიც სასამართლო აღმასრულებელთა მეშვეობით აღასრულებენ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული საინკასო დავალება, ისევე როგორც სააღსრულებო ბიუროსა და აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად განხორციელებული ყველა ქმედება, მართალია, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, მაგრამ ამასთან, არის ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიაყენოს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. საგულისხმოა ისიც, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი უშვებს აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრებას სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე. ამ ნორმის თანახმად, აღნიშნული კოლეგიის განსჯადია ადმინისტრაციული დავები ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 პუნქტებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს განცხადება განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებაროს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.