Facebook Twitter

საქმე №ას-1472-2020 17 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „G....“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ჰ.ჰ.ნ.პ.თ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა.ჰ.ჰ.ნ.პ.თ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „G....“-ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 660 141 აშშ დოლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე თურქული კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მოპასუხეს სისტემატურად აწოდებდა სხვადასხვა დასახელების სამეურნეო პროდუქტს სასაქონლო ინვოისების საფუძველზე. ამ პერიოდის მანძილზე მოსარჩელემ მიაწოდა, ხოლო მოპასუხემ მიიღო 2 468 782 აშშ დოლარის სამეურნეო საქონელი. ამ უკანასკნელმა აანაზღაურა მხოლოდ 1 808 641 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 660 141 აშშ დოლარი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2011-2017 წლებში მოსარჩელისაგან მიიღო გარკვეული სახის საქონელი, მაგრამ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მხარეებს შორის სასყიდლიანი გარიგების - ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ვალდებულების მოცულობას, შესრულების დროს და ა.შ. შესაბამისად, შეუძლებელია, განისაზღვროს მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. ამასთან, მოპასუხის აზრით, არასახელმწიფო ენაზე წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციები ასეთად ვერ მიიჩნევა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 660 141 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასაქონლო ინვოისებით, საბაჟო დეკლარაციებითა და საქონლის განბაჟების დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2011-2017 წლებში მიწოდებული საქონლის ღირებულება 2450834,87 აშშ დოლარი და 3007.73 ლარი იყო. საბაჟო დეკლარაცია შეიცავს სასაქონლო ინვოისის მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიწოდებული საქონელი მოექცევა საბაჟო რეჟიმში. ეს მონაცემები, საბაჟო დეკლარაციაში გადატანილია სასაქონლო ინვოისიდან. იმავე ინფორმაციას შეიცავდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 8 თებერვლის აუდიტორიული დასკვნა, რომელიც აუდიტმა მოამზადა შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე. სააპელაციო პალატის მითითებით, ამ ღირებულების საქონლის მიღებას არ უარყოფს მოპასუხე, თუმცა, მისი მტკიცებით, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა არ გამომდინარეობს ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რაც გამორიცხავდა ნასყიდობის საფასურის მოპასუხისათვის დაკისრებას.

8. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ თავის მოთხოვნის დასადასტურებლად შეძლო მოპასუხისთვის პროდუქციის მიწოდების, საკუთრებაში გადაცემის ფაქტის დადასტურება (რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციებით, მხარეთა განმარტებებით), ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ, ნაცვლად ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობისა, მხარეთა შორის არსებობდა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც გამორიცხავდა თანხის გადახდის ვალდებულებას.

9. იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოდავე მხარეები არიან მეწარმე სუბიექტები, რომელთაც სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდათ რამდენიმე წლის მანძილზე, მოსარჩელემ მოპასუხეს მოძრავი ქონება საკუთრებაში არაერთხელ გადასცა, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასყიდლიანი, კერძოდ, ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა.

10. პალატამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმში ასახული მათი განმარტებები და დაადგინა, რომ მოპასუხეს არც შესაგებელში, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ მიუთითებია სარჩელის ნაწილობრივ ხანდაზმულობის თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით აპელანტის მიერ მხოლოდ სააპელაციო განხილვის ეტაპზე მითითება, ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე დაუშვებელი მითითებაა, რაც ვერ გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

კასატორის მოთხოვნა:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

12. მოსარჩელის მტკიცებითვე, მოპასუხეს საქონელი მიაწოდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მოპასუხე აცხადებს, რომ საქონელი არ მიწოდებულა ნასყიდობისსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. მოსარჩელეს არა მხოლოდ კონკრეტული ვალდებულების არსებობა უნდა ემტკიცებინა, არამედ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომაც. მოპასუხე არ აცხადებს, რომ არ დამდგარა ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადა და არც იმას, რომ ნასყიდობის საფასური გადაიხადა. შესაბამისად, მოპასუხეს არ ეკისრება იმის მტკიცება, რაც არ უთქვამს. მოპასუხე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა, ხოლო რა სახის ურთიერთობა იყო, არ ასახელებს. შესაბამისად, გაუგებარია, სასამართლოს რატომ შემოაქვს სამტკიცებლად გარემოებები მხარეთა შორის არსებული სხვა ურთიერთობების შესახებ?

13. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა, რომ მხარეებს შორის სწორედ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. მოსარჩელეს თავად ევალებოდა ცალსახად და უტყუარად ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დადასტურება და სასამართლოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე არ უნდა გადმოეტანა. სააპელაციო სასამართლომ ნასყიდობის ურთიერთობა დადგენილად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს დოკუმენტების - საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე, მაშინ, როდესაც არსებობს სამოქალაქოსამართლებრივი დოკუმეტებიც - ინვოისებიც, რომელიც მოსარჩელემ ქართულ ენაზე არ წარმოადგინა. მხოლოდ საბაჟო დოკუმეტების საფუძველზე კი ვერ დადგინდება, რომ ტვირთი სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მიეწოდა მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლომ ივარაუდა, რომ, რაკი მხარეები მეწარმე სუბიექტები არიან და ხანგრძლივი სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვთ, ხელშეკრულებაც აუცილებლად სასყიდლიანი იქნებოდა, რაც არასწორი მსჯელობაა.

14. რაც შეეხება მტკიცებულებას, მართალია, საქმეში ძალიან ბევრი დოკუმენტია, თუმცა მათი უმრავლესობა მტკიცებულებად არ გამოდგება, რამდენადაც ნაწილი მათგანი არაქართულ ენაზეა შესრულებული, ხოლო ნაწილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებას ურთავს, რომელიც მთავარ სხდომაზე იყო წარმოდგენილი და ისინი დასაშვებად არ არის ცნობილი. ქართულენოვანი დოკუმენტებიდან საქმეს დართული მტკიცებულებებია: საბაჟო დეკლარაციები და აუდიტის დასკვნა. აუდიტის დასკვნა არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცებულებას და სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა. როგორც დასკვნაშია მითთებული, აუდიტი ეყრდნობა ინვოისებს, მაშინ, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი პირველადი მტკიცებულებები - ინვოისები, შეუძლებელია დასაშვებ მტკიცებულებად მივიჩნიოთ ამ ინვოისების თაობაზე აუდიტის დასკვნა. ამასთან, აუდიტის დასკვნაში საუბარია ნივთების ღირებულებაზე და არა - ნასყიდობის ფასზე.

15. მოპასუხე მუდმივად აცხადებდა, რომ მოსარჩელისაგან საქონელი მიიღო და არცერთი თეთრი არ გადაუხდია მისთვის, რადგან მოპასუხეს არაფერი არ ჰქონდა გადასახდელი ნასყიდობის ფასის სახით. გაუგებარია ისიც, რომელი დოკუმენტის საფუძველზე გამოთვალა სასამართლომ, რომ მაინდამაინც 660 141 აშშ დოლარი იყო გადასახდელი.

16. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ხანდაზმულობა არის ფაქტი, მაშინ, როდესაც სამართლებრივი შეფასებაა. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ელექტრონული ფოსტის წერილი იმის დასამტკიცებლად, რომ მოპასუხისათვის გარვეულ დროს მოთხოვნილი ჰქონდა დავალიანების გადახდა. მოპასუხე შეედავა მოსარჩელის მიერ მითითებულ ამ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებას (მოპასუხეს ეს ელექტრონული წერილი არ ჩაჰბარებია). სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა საერთოდ არ განიხილა, რადგან მიიჩნია, რომ მოპასუხე მას არ შეედავა. ეს უკანასკნელი შეედავა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც მოსარჩელე ცდილობდა დამტკიცებას, რომ 3-წლიანი ვადის მიხედვით მოითხოვა დავალიანების დაფარვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. მოძრავი ნივთების ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნასყიდობის საზღაურის დაკისრების შესახებ მოთხოვნა განხორციელებადია, თუკი არსებობს მხარეთა შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ნივთები, ხოლო ამ უკანასკნელს არ გადაუხდია საზღაური.

20. გამყიდველმა უნდა დაამტკიცოს მყიდველისათვის ქონებისა და დოკუმენტების, ისევე - როგორც მასზე საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნივთები გადასცა, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (არ არის უარყოფილი ნივთების გადაცემის ფაქტი). მოპასუხე უარყოფს დავალიანების არსებობას და მიუთითებს, რომ მას ნივთები გადაეცა არა ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, არამედ მოსარჩელესთან სხვა სამართალურთიერთობის ფარგლებში. კასატორის მტკიცებით, იგი არ არის ვალდებული, მიუთითოს ამ ურთიერთობის შესახებ. შესაბამისად, არც რაიმეს დამტკიცება არ ევალება, რადგან, უპირველესად, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ თავდაპირველად მოწმდება, მოსარჩელემ რამდენად დაამტკიცა სარჩელში მითითებული გარემოებები. ვიდრე სასამართლო მტკიცების სტადიაზე გადავა, ამოწმებს მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებას. მოპასუხეს ევალება მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ უარყოფა. თუკი მოპასუხე წარმატებით გაართმევს თავს ე.წ. მეორეული მითითების ტვირთს, შემდეგ ჯერი ისევ მოსარჩელეზე მიდგება, როგორც მოთხოვნის უფლების განმახორციელებელზე, რომ მიუთითოს და დაამტკიცოს გარემოებები, რომელიც მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს გამორიცხავს. ამდენად, შედავება უნდა იყოს სათანადოდ არსებითი, კონკრეტული და არა ზოგადი და აბსტრაქტული, კერძოდ, როდესაც მოპასუხე აღიარებს მოსარჩელისაგან საქონლის მიღებას, თუმცა უარყოფს ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, სწორედ ის არის ვალდებული, მიუთითოს, რა ურთიერთობის ფარგლებში მიიღო საქონელი და რატომ არ არის ვალდებული, გადაიხადოს საქონლის ღირებულება. მოპასუხეს კი, ახსნა-განმარტების გამართულობისათვის საჭირო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებია.

22. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ იმის უარყოფა, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, არ არის საკმარისი შედავება, არამედ მოპასუხეს პოზიტიურად უნდა დაესაბუთებინა საწინააღმდეგო, კერძოდ, რა არის შესრულების სამართლებრივი საფუძველი, რისთვის მიიღო მოსარჩელისაგან ნივთები და რა გამორიცხავს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

23. რაც შეეხება მტკიცების სტადიას, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა. მტკიცების ტვირთის მთავარი პრინციპია – „ის, ვინც ახორციელებს რომელიმე უფლებას, უნდა დაამტკიცოს ამ უფლების დამფუძნებელი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ის, ვინც თავს იცავს უფლების განხორციელებისაგან, ანუ ეწინააღმდეგება ამ უფლებას, უნდა დაამტკიცოს ამ უფლების წარმოშობის ხელშემშლელი ფაქტობრივი გარემოებები“ (იხ.: შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, GIZ, 2013, გვ. 25).

24. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ – ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც მის მიერ ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა. ამდენად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების პრინციპებზე დაყრდნობით, სასამართლო პრაქტიკით სახელშეკრულებო სამართალში მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება: (1) მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; (2) მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა, ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; (3) მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მის მიერ ვალდებულების უფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება ან მოპასუხის ვალდებულება წინმსწრებ რეჟიმში შესრულების მოვალეობის არსებობის შესახებ; (4) მოპასუხემ უნდა ამტკიცოს საპასუხო (ან წინმსწრები) ვალდებულების შესრულების ფაქტი; ან კიდევ (5) მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც მის მიერ ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა (იხ.: ქ. მესხიშვილი, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 102, გვ. 424-425).

25. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, საბაჟო დეკლარაციებითა და აუდიტის დასკვნით დაადგინა გადასახდელი ნასყიდობის საფასური. საკასაციო პრეტენზიის თანახმად, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დავალიანების არსებობის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი სადავო გარემოებას არ ადასტურებდა. პალატა მიუთითებს, რომ მხარე, რომელსაც ეკისრება მტკიების ტვირთი, ვალდებულია, წამოადგინოს ძირითადი მტკიცებულება. ძირითადი მტკიცებულება სათანადოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. პალატა უარყოფს კასატორის არგუმენტს სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის ვალდებულება დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო დადგენილ მოთხოვნებს და ქვემდგომმა სასამართლოებმა მათ საფუძველზე სწორად დაადგინეს სადავო გარემოება. მეორე მხრივ კი, როდესაც მოპასუხე თავს იცავს მოთხოვნისაგან, უფლების დამაბრკოლებელი ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე საპირისპირო მტკიცებულება, რომელიც ხელს შეუშლიდა სასამართლოს დარწმუნებას.

26. ამდენად, რაკი მოსარჩელემ დაამტკიცა ქონებაზე საკუთრების უფლების მოპასუხისათვის გადაცემა და მოითხოვს ნასყიდობის საფასურის გადახდას, შესრულების მიმღებს ეკისრება როგორც მითითების, ისე მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მან ნივთები არა ნასყიდობის, არამედ სხვა ურთიერთობის ფარგლებში მიიღო. ასეთ დროს მოპასუხემ არა მარტო სადავო უნდა გახადოს მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულების მქონე მხარის ახსნა-განმარტება (მოსარჩელის), არამედ კვალიფიციურად წარმოადგინოს მის მიერ მითითებული გარემოებები სხვა სამართალურთიერთობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ მოპასუხე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანდადოდ ვერ შეედავა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სწორია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა - მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობები შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო ამ ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ უარყოფა.

27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია. მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი შესაგებლით უარყოფს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2017, მუხლი 128, გვ. 723). საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის მოტივით მოპასუხე სარჩელს შესაგებლით უნდა შეედავოს. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და არც საქმის მომზადების ეტაპზე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია. სსსკ-ის 219-ე მუხლი კი, ზღუდავს მას შემდგომ მიუთითოს ამ გარემოებაზე (იხ. სუსგ №ას-1536-2018, 14 მაისი, 2020 წელი). ამასთან, კასატორის მიერ მითითებული გარემოება, მან სადავო გახადა მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ მოპასუხეს ელექტრონული წერილით მიმართა დავალიანების გადახდის მოთხოვნით, დაუსაბუთებელია იმიტომაც, რომ ზემოხსენებული გარემოება ხანდაზმულობას არ უკავშირდება, რამდენადაც მოვალისათვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, ხანდაზმულობის შეწყვეტას არ იწვევს.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

29. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „G....“-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე