საქმე №ას-623-2019 14 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ-ი…“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ი-...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ–ი - ....“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „დ–ი - ...“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21 129.30 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა 3000 ცალი ბამბის ლეიბი, ხოლო ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა შესაბამისი ღირებულება 66 750 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა საქონლის მიწოდების ვადა - ეტაპობრივად, მოთხოვნის მიხედვით, 30/10/2015 წლამდე, ასევე - ანგარიშსწორების წესი: უნაღდო გადარიცხვა, საქონლის მიწოდებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში;
2.2. მოსარჩელემ საქონელი მიაწოდა ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში;
2.3. სარჩელის თანახმად, მოპასუხეს სრულად არ გადაუხდია საქონლის ღირებულება. შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 21 129.30 ლარს.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს სადავო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 2015 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელისათვის, საერთო ჯამში, გადარიცხული ჰქონდა 101 680 ლარი, რაც არსებითად აღემატებოდა ხელშეკრულების ფასს (66 750 ლარს). შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, 2015 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასი მოსარჩელისათვის სრულად ჰქონდა გადახდილი, რაც გამორიცხავდა სარჩელის საფუძვლიანობას.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ იყო გამხდარი 2015 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების დაანგარიშების ნაწილში. კერძოდ, მოსარჩელის მოსაზრებით, სასამართლომ ვალდებულების შესრულების დაანგარიშების პერიოდად არასწორად განსაზღვრა ხელშეკრულების დადების (2015 წლის 25 ივნისის) შემდგომი პერიოდი, რადგან 2015 წლის 25 ივნისის შემდეგ დარიცხული თანხები (101 680 ლარი), გარდა სადავო ხელშეკრულებისა, მოიცავდა ასევე, სხვა - წინა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებების დაფარვისათვის გადახდილ თანხებს, რადგან, გარდა 2015 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებისა, მხარეთა შორის არსებობდა კიდევ სხვა ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მოსარჩელე მოპასუხეს ეტაპობრივად აწვდიდა ლეიბებს, რა დროსაც ანგარიშსწორება გადარიცხვით ხდებოდა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილ ანგარიშფაქტურებსა და საბანკო ამონაწერებზე, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ საპირისპირო მტკიცებულებებით არ იყო გაქარწყლებული.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის არის ის უდავო გარემოება, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 8881 ერთეული ბამბის ლეიბი, რომლის ღირებულებამაც 192 437.30 ლარი შეადგინა. ასევე უდავო გარემოებაა, რომ აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშსწორების გზით გადახდილია მხოლოდ 171 308 ლარი. წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ არის გამხდარი სწორედ შესასრულებელ (192 437.30) და შესრულებულ (171 308 ლარი) ვალდებულებას შორის სხვაობა - 21 129.30 ლარი. ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებისა და სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე მხარეს (მოვალეს) წარმოეშვა 21 129.30 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის ფაქტის მტკიცების ტვირთი.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე სადავო ვალდებულების (21 129.30 ლარის გადახდის) შესრულების დადასტურებას მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით ახორციელებს, რაც ვერ მიიჩნევა კვალიფიციურ მტკიცებად.
7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ფულადი ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი. ფულადი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებს სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები, რაც ვალდებულების შესრულების თაობაზე მოპასუხის მტკიცების საფუძვლიანობას გამორიცხავს (სუსგ საქმე №ას-965-926-2014).
8. გ.პ–ძეზე 12 000 ლარის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოწმე გ.პ–ძე არ უარყოფს აღნიშნული თანხის მიღებას, თუმცა განმარტავს, რომ მითითებული თანხის გადაცემა სხვა პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოხდა და მას არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიებს შორის არსებულ ანგარიშსწორებასთან. პალატის მითითებით, ასეთ ვითარებაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ.პ–ძე არის არა კომპანიის დირექტორი (როგორც ამას მოპასუხე განმარტავდა), არამედ - კომპანიის დირექტორის და პარტნიორის მეუღლე, იგი არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიღებაზე უფლებამოსილ პირს, რის გამოც მასზე თანხის გადაცემა ვერ ჩაითვლება კრედიტორი კომპანიის წინაშე ვალდებულების შესრულებად.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული 192 437.30 ლარის შესრულებიდან მან სრულად დაფარა სადავოდ გამხდარი 21 129.30 ლარი, თუმცა მოპასუხემ ასეთი მტიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. მოსამართლე გასცდა მოთხოვნის ფარგლებს. მხარეს გასაჩივრებული აქვს მხოლოდ 2015 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 66750 ლარის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა. სასამართლო უნდა დაინტერესებულიყო მხოლოდ იმ საკითხით, მოხდა თუ არა ამ ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში;
15.2. გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები 2015 წლის 15 დეკემბერს დადებული ხელწერილი, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. ხელწერილზე ხელმოწერების ნამდვილობა პროცესზე დაადასტურეს მოსარჩელემ და მისმა ბუღალტერმა. მხარეები აღიარებენ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მთლიანობაში არ შეესაბამება სინამდვილეს და თანხა შეადგენს 6000 ლარს. ხელწერილის ბოლო წინადადებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს ბანკში სესხისთვის სჭირდებოდა ეს მიღება-ჩაბარების აქტი, რათა ბანკისთვის ეჩვენებინა, თანხა მაქვს მისაღებიო;
15.3. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის არცერთი მტკიცებულება - გადარიცხვები, რომლებიც ადასტურებენ მოპასუხის მიერ 2015 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებას და მოწმეთა ჩვენებები არ მიიღო;
15.4. გ.პ–ძეს ჰქონდა რეალური ძალაუფლება კომპანიაში და ამიტომ, ყველა, არამარტო მოპასუხე, საქმეს აწარმოებდა მასთან, როგორც მოსარჩელე კომპანიის მეპატრონესთან.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
18. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1. მუხლი].
19. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. აღნიშნული ნორმით შეიძლება დადგენილი იყოს ასევე ზოგადი სტანდარტისაგან განსხვავებული მტკიცების წესი.
21. სსკ-ის 429.1. მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (იხ. სუსგ საქმე №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი).
23. სსსკ-ის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებათა დასაშვებობის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, გარემოებანი, რომლებზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შეიძლება დამტკიცდეს თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისას იცვლება კონკრეტული წესით, რადგან მტკიცებულების არჩევის შესაძლებლობას ამ შემთხვევაში თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (სსკ-ის 429-ე მუხლი) ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცებისას, ამ წესის თანახმად, სხვადასხვა მტკიცებულებებს შორის უპირატესობა კრედიტორის მიერ გაცემულ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას - დოკუმენტს ენიჭება.
24. განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტების წინააღმდეგ, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 8881 ერთეული ბამბის ლეიბი, რომლის ღირებულებამაც 192 437.30 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშსწორების გზით გადახდილია მხოლოდ 171 308 ლარი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტის, კერძოდ, 21 129.30 ლარის გადახდის, სათანადო წესით დადასტურება, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.
25. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1056,46 ლარის 70% – 739,52 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „დ–ი-.....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „დ–ი-...“-ს (ს/კ: ....) დაუბრუნდეს გ. ე–ძის (პ/ნ: .....) მიერ 2019 წლის 10 მაისს №7921522669 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1056,46 ლარის 70% – 739,52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი