Facebook Twitter

საქმე №ას-1033-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ს.მ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით შპს „მ.ს.მ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (რომლითაც მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამინისტრო“ ან „კასატორი“) სასარგებლოდ დაეკისრა 171 018.52 ლარის გადახდა) და ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2. სააპელაციო პალატის მითითებით, 2018 წლის 15 ივნისს სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე კომპანიის მიმართ, მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 02 მარტს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №141 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს, 171 018.52 ლარის, დაკისრების მოთხოვნით. 2018 წლის 29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხის მიერ სადავოდ არის გამხდარი კომპანიის მისამართის სისწორე (ნამდვილობა). მისი მითითებით, გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. ამასთან, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილია იმდენად შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომ აშკარაა მისი იურიდიული დაუსაბუთებლობა.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები თავდაპირველად გაუგზავნა 02.03.2017 წლის ხელშეკრულებასა და სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, .......... 10.07.2018 წლის უკუგზავნილზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. დადგენილია ასევე, რომ 25.09.2018 წელს მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნა მისამართზე - თბილისი, ..... და 2018 წლის 26 სექტემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ს.ს–ძეს.

5. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მისამართი თავად მოპასუხის მიერ არის მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ განცხადებებზე. ასევე 28.11.2017 წლის ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან მოპასუხის იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია - თბილისი, ....... სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კ.ლ. ქუჩის დღევანდელი სახელწოდებაა კ.ა. ქუჩა.

6. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ კომპანიის იურიდიულ მისამართზე სარჩელი ჩაბარდა ს.ს–ძეს, როგორც ორგანიზაციის თანამშრომელს, რაც სრულიად საკმარისი საფუძველია, რათა გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალოს. მოპასუხის მითითება, რომ ს.ს–ძეს გზავნილი არ გადაუცია ხელმძღვანელი პირისათვის, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია საპატიო გარემოებად, მით უმეტეს, რომ აღნიშნულ ფაქტს მოპასუხე რაიმე მტკიცებულებით ვერ ადასტურებდა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 2321 მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. ამ მხრივ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის პირობებშიც იმსჯელოს მისი გონივრულობის საკითხზე (იხ.: სუსგ საქმე №ას-1125-1072-2014; 29 მაისი, 2015 წელი).

8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ იმსჯელა, იურიდიულად გამართლებული იყო თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სრული მოცულობით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სარჩელის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მიმწოდებელმა საქონელი მიაწოდა ვადის დარღვევით. ხელშეკრულების მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე. აღნიშნული უპირობოდ გულისხმობს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების კანონიერება წარმოადგენს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 232​1 მუხლით [მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით].

18. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

19. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის საკითხი, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.

21. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

22. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

23. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოპასუხისთვის, 171 018.52 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ შეუმოწმებია ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება, კერძოდ, არ უმსჯელია სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო ნიშნავს სხდომას, რომელზეც მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სარჩელის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო

საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც

დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი