Facebook Twitter

საქმე №ას-1117-2019 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ბ–ძე, მ.ქ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „გამგეობა“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გამგეობის სარჩელი მ.ბ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10001 ლარის გადახდა; მოსარჩელის სარჩელი მ.ქ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10001 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2013-2014 წლებში პირველმა და მეორე მოპასუხეებმა (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობის დაფინანსებით შეასრულეს თემქის უბნის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები. შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შემდგომში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც გამგეობა ცნობილ იქნა დაზარალებულად;

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე N1/215-16) მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

2.3. 2018 წლის 31 ოქტომბერს გამგეობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და დანაშაულით მიყენებული ზიანის სახით, პირველი მოპასუხისათვის - 87135.2 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხისათვის - 19152.8 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

3. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 30920.2. მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მართებულად მიიჩნია ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილად. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი განაჩენი განიხილება, როგორც კონკრეტული გარემოებების ამსახველი წერილობითი მტკიცებულება და მასში ასახულ დასკვნებსა თუ დადგენილ გარემოებებს, სსსკ-ის 106-ე მუხლის შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის პრეიუდიციული ძალა აღარ ენიჭება.

4. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 30917.2. მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად დასაშვები მტკიცებულებაა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, ამასთან, შესაძლებელია იგი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ განაჩენი შეიცავს შესაბამის გაანგარიშებას. იმ შემთხვევაში, თუ განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფაქტს და არ შეიცავს ოდენობის დასაბუთებას, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსარჩელეს ესაჭიროება დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეებმა შესაგებლით სადავოდ გახადეს განაჩენით დადგენილი ზიანის ოდენობა და მიუთითეს, რომ განაჩენი არ შეიცავდა ზიანის დაანგარიშებას და ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ოდენობის გაანგარიშებისათვის საჭირო იყო სისხლის სამართლის საქმიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა და ფინანსური ექსპერტიზის ჩატარება, რაც არ განხორციელებულა.

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ზიანის ფაქტის არსებობისა და მისი მოცულობის დადასტურება. მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით წარმოდგენილია მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი.

7. სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენის შეფასების შედეგად დაადგინა, რომ იგი არ შეიცავს მოპასუხეთა მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამის გაანგარიშებას და შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტულ თანხებზე მითითებით. პალატის დასკვნით, წარმოდგენილი განაჩენი სსსკ-ის 30917.2 მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მიმართ, ჯამში, 106 288 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. სხვა მხრივ კი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ზიანი იქნებოდა დაანგარიშებული და დაადასტურებდა განაჩენში მითითებულ ზიანის ოდენობას.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ და თითოეულ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით დააკისრა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით უდავოდ დადასტურებადი (180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის - 10001 ლარის ანაზღაურება.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. განაჩენის მე-5 გვერდზე განსაზღვრულია, ხოლო მე-6 გვერდზე გაანგარიშებულია დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის ძირითადი ნაწილი. კერძოდ: ი/მ „მ.ბ–ძის“ შემთხვევაში - 2751,94 ლარი (სხვაობა ფორმა 2-ებში) * 31 (ობიექტების რაოდენობა) = 85310,1 ლარი, ხოლო ი/მ „მ.ქ–ძის“ შემთხვევაში - 864,86 (სხვაობა ფორმა 2-ებში) * 6 (ობიექტების რაოდენობა) = 51189,16 ლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქალაქო სასამართლოს მიერ ზოგადსამართლებრივი პრინციპების საფუძველზე დადგენილ და სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარდაჭერილ თანხის ოდენობას. სასამართლოებს არ უნდა მიეთითებინათ სსსკ-ის 30917.2. მუხლზე და განაჩენში არსებული გაანგარიშების გათვალისწინებით უნდა ემსჯელათ მოთხოვნილი თანხის ოდენობის შესაბამისობაზე;

14.2. თუკი წარდგენილი სარჩელი არ აკმაყოფილებდა (არ ჰქონდა დართული მტკიცებულებები) სსსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კოდექსის 30919.2. მუხლი და განჩინებით უარი უნდა ეთქვა სარჩელის მიღებაზე. ასევე, დარღვეულია გამარტივებული წესით საქმის განხილვის ერთთვიანი ვადა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი] და 408.1. [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] მუხლები.

16. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (ე.წ. „გენერალური დელიქტი“).

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, V კარს დაემატა ახალი XXXIV3 თავი – ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი. განხორციელებული ცვლილების პროცესუალურ-სამართლებრივი ანალიზის მიზნებისათვის, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).

18. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (სსსკ-ის 30920.2. მუხლი).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, მიიჩნევა თუ არა დადასტურებულად ზიანის ოდენობა და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს თუ არა ზიანის ოდენობით, როგორც დადასტურებული ფაქტით.

21. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა (სსსკ-ის 30917 მუხლი).

22. მითითებული მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ოდენობა განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ არის დადგენილი, სასამართლო ამ ნაწილში მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე.

23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე N1/215-16) მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, 2018 წლის 31 ოქტომბერს გამგეობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და დანაშაულით მიყენებული ზიანის სახით, პირველი მოპასუხისათვის - 87135.2 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხისათვის - 19152.8 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. და 2.3. ქვეპუნქტები).

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზიანის ოდენობის თაობაზე კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის მისთვის მიყენებული ზიანის (სარჩელით მოთხოვნილი) ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია (განაჩენის მე-6 გვერდზე მითითებულია შემდეგი: საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №004094915 დასკვნით დადგენილია, რომ ი/მ „მ.ბ–ძის“ მიერ ქ. თბილისში, თემქის დასახლებაში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, ლოტკინზე და სამღერეთის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში (სულ 31 ობიექტი) წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ, წარმოებული ხილული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და №2-ებით მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგინა 471104,64 ლარი, რაც წარმოდგენილ ფორმა №2-ებში მოცემულ 473856,58 ლარზე - 2751,94 ლარით ნაკლებია. ი/მ „მ.ქ–ძის“ მიერ ქ. თბილისში, თემქის დასახლებაში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში (სულ - 6 ობიექტი) წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ წარმოებული ხილული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და №2-ებით მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგინა 51833,48 ლარი, რაც წარმოდგენილ ფორმა №2-ებში მოცემულ 52698,34 ლარზე - 864,86 ლარით ნაკლებია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25)).

25. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე N1/215-16) მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებში დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის XXV თავში (რომელიც ასევე მოიცავს 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. შესაბამისად, განაჩენით თითოეული მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 10001 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება, ხოლო 10001 ლარზე ზემოთ, ჯამში, 106 288 ლარის ოდენობით ზიანის განსაზღვრისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი ვერ მიიჩნევა საკმარისად, რადგან მასში არ არის მოცემული კონკრეტული გაანგარიშება. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა მიყენებული ზიანის ოდენობა.

26. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი