საქმე №ას-1131-2019 09 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ.რ–ის უფლებამონაცვლე ნ.ლ–ძე, ნ.ბ– (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ვ–ძე, ზ.ვ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იპოთეკის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ა.ვ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და ზ.ვ–ძის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქობულეთი, სოფელი ......., კოდი......., ნ.ბ–სა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ლ.რ–ის (შემდგომში - „,მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სასარგებლოდ, 2014 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული იპოთეკის უფლება (იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის N140379652, დამოწმების თარიღი 17/04/2014, ნოტარიუსი თ.ე–ი).
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2011 წლის 8 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით პირველმა მოსარჩელემ კ.ხ–ისა და თ.გ–ძისაგან 3 თვის ვადით ისესხა 11 000 აშშ დოლარი (კ.ხ–ისაგან - 9000 აშშ დოლარი, თ.გ–ძისაგან - 2 000 აშშ დოლარი). სესხის სარგებელი განისაზღვრა თვეში 5%-ით. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთი, ......., 1554 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა (კოდი.......);
2.2. 2014 წლის 17 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მეორე მოსარჩელემ 6 თვის ვადით ისესხა 9000 აშშ დოლარი პირველი მოპასუხისაგან, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით, ხოლო მეორე მოპასუხისაგან - 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი........ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეების იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სესხის რეალურად გადაცემა არ მომხდარა, ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 8 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, ხოლო მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი შესრულებას განახორციელებდა თ.გ–ძის მიმართ, რომელიც არის იპოთეკარების ოჯახის წევრი;
2.3. სესხის ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მეორე მოსარჩელის წარმომადგენელი ნ.ჩ–ძე, იპო თეკარების მითითებით, თანხას პერიოდულად რიცხავდა თ.გ–ძის საბანკო ანგარიშზე. სადავო არ არის გარემოება, რომ საბანკო ანგარიშზე სესხის ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი სრულად არის ჩარიცხული;
2.4. 2018 წლის 2 ივნისს ნოტარიუს თ.გ–ის მიერ შედგენილია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ფულის მიღების ოქმი, რომლის მიხედვით, მოპასუხეების მიმართ 2014 წლის 17 აპრილს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეორე მოსარჩელის ვალდებულების შესასრულებლად, თანხის გადამცემის - ნ.ჩ–ძისაგან მიღებულია 2250 აშშ დოლარი. ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა არის 2014 წლის 17 აპრილს დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი სრულად;
2.5. 2018 წლის 15 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხეების სასარგებლოდ 2014 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად შესრულებულია და აღარ არსებობს სესხის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და სარგებლის სრულად დაფარვის ფაქტს, თუმცა მიაჩნია, რომ იპოთეკის უფლება არ უნდა გაუქმდეს იქამდე, სანამ მოსარჩელე არ შეასრულებს ასევე შესრულების ვადის დარღვევის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს შემოწმების საგანია 2014 წლის 17 აპრილის სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების არსებობის კანონიერება.
4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი.......) იპოთეკის უფლება უნდა გაუქმდეს.
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 286.1., 427-ე და 434.2. მუხლებით და განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავად არის ჩამოთვლილი იპოთეკის უფლების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, გარდა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის ან იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემისა, იპოთეკის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია ძირითადი ვალდებულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული ზოგადი საფუძვლები: ვალდებულების შესრულება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ვალის პატიება და ა.შ.; არსებითი მნიშვნელობისაა საკითხი, რომ იპოთეკა არის აქცესორული უფლება და დამოუკიდებლად, შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე არ არსებობს ანუ მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე სრულად გადაიხადა 2014 წლის 17 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი და სარგებელი (დეპონირებით) - 2250 აშშ დოლარი. ამდენად, უდავო გარემოებაა, რომ 2014 წლის 17 აპრილს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა №........ საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ქონება, შეწყდა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. აღნიშნული გარემოება კი იპოთეკის მიზნის და იპოთეკის უფლების აქცესორული ბუნების გათვალისწინებით, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძველია, უზრუნველყოფილი ვალდებულების არარსებობის (შეწყვეტის) გამო. პალატამ მიიჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობებში, ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობდა.
7. რაც შეეხება პირგასამტეხლოს საკითხს, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელი მსესხებლისათვის 2014 წლის 17 აპრილის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ წარმოუდგენია. მოპასუხემ მხოლოდ შესაგებლის ფაქტობრივ საფუძვლებში მიუთითა, რომ მოსარჩელეებს შეუსრულებელი აქვთ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და უფრო კონკრეტულ პოზიციას ამასთან დაკავშირებით წარადგენენ შეგებებულ სარჩელში (იხ. თავდაპირველი და დაზუსტებული შესაგებელი), თუმცა მოპასუხეს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. უფრო მეტიც, მას არც დამოუკიდებელი სარჩელი აღუძრავს აღნიშნული მოთხოვნით (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის პირობებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებასა და მის ოდენობაზე მსჯელობა სცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და არღვევს მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც დაუშვებელია. მოცემულ დავაში სასამართლომ ისე იმსჯელა მოპასუხის მოთხოვნის წარმოშობისა და დადასტურების წინაპირობებზე, რომ დაარღვია ორივე მხარის უფლება - მოსარჩელისა იმგვარად, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და ამ მხრივ მოსარჩელის უფლება შეზღუდა, რომელსაც ექნებოდა შესაგებლის წარდგენის უფლება მოპასუხის შეგებებული სარჩელის არსებობის პირობებში (მოპასუხის უფლების დადასტურება მხოლოდ შეგებებული სარჩელის, ანუ მოთხოვნის ფარგლებში შეიძლება ყოფილიყო განხორციელებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ), ხოლო მოპასუხისა იმ კუთხით -, რომ მას მომავალში მოუსპო პირგასამტეხლოს სხვა ოდენობით მოთხოვნისა და დასაბუთების შესაძლებლობა (მოცემულ დავაში სასამართლომ თავად შეამცირა მოპასუხის მიერ მითითებული, სამომავლოდ მოსათხოვნი პირგასამტეხლოს ოდენობა).
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი - ნ.ლ–ძე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. 2014 წლის 17 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს კასატორებისათვის 6 თვეში უნდა დაებრუნებინა ნასესხები ძირითადი თანხა, ჯამურად 12000 დოლარი, ხოლო პროცენტი, ჯამურად, 2250 დოლარი ანუ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2014 წლის 17 ოქტომბრისათვის. იმავე ხელშეკრულებით მსესხებელი ვალდებული იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გამსესხებლებისათვის გადაეხადა 0,2% ძირითადი გადასახდელი თანხიდან;
15.2. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულების შესრულება დაიწყო 2016 წლის 04 ივლისიდან, 20 თვის დაგვიანებით, ხოლო სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი სრულად გადაიხადა 2018 წლის 03 ივნისს ანუ ვალდებულება სრულად შეასრულა 43 თვის დაგვიანებით;
15.3. იპოთეკით უზრუნველყოფილია არა მარტო გასესხებული თანხა და სარგებელი, ასევე - ყველა ის მოთხოვნაც, რომელიც შეიძლება კანონიერად გაუჩნდეს კრედიტორს სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, მით უმეტეს, როდესაც მოცემული ხელშეკრულების მე-4 პუნქტში დაფიქსირებულია, რომ იპოთეკა უზრუნველყოფს არა მარტო სესხს და დარიცხულ სარგებელს, ასევე - პირგასამტეხლოსაც ანუ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი იყო ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოც;
15.4. ხელშეკრულების მე-4 პუნქტისა და სსკ-ის 403-ე, 417-ე მუხლების საფუძველზე კასატორებს სრული უფლება აქვთ მოითხოვონ პირგასამტეხლოს გადახდევინება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციით და იპოთეკის გაუქმებით სასამართლომ უსაფუძვლოდ მოუსპო კასატორებს კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის საშუალება.
16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალების - იპოთეკის გაუქმების კანონიერება წარმოადგენს.
17. იურიდიულ ლიტერატურასა და კანონმდებლობაში ცნობილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საშუალებებია. ისინი უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებად იყოფიან. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს მიეკუთვნება გირავნობა და იპოთეკა. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების თავისებურება ისაა, რომ ისინი გარანტირებულს ხდიან ვალდებულების შესრულებას მისი დარღვევის შემთხვევაში და სწორედ ამ მიზანმიმართულებით ხასიათდებიან (იხ. სუსგ საქმე №ას-1345-2018, 15 მარტი, 2019 წელი).
18. სსკ-ის 286.1. მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
19. განსახილველი ნორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი - „ნივთის დატვირთვა ვალდებულებით უნდა ემსახურებოდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, ხაზს უსვამს იპოთეკის ინსტიტუტის იურიდიულ ბუნებას - მისი ნამდვილობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-2019, 12 ივლისი, 2021 წელი). საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სსკ-ის 153.1. მუხლზე, რომლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.
20. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე სრულად გადაიხადა 2014 წლის 17 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა - 12 000 აშშ დოლარი და სარგებელი (დეპონირებით) - 2250 აშშ დოლარი. ამდენად, 2014 წლის 17 აპრილს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა №........ საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ქონება, შეწყდა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) (სსკ-ის 427-ე მუხლი: ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); სსკ-ის 434-ე მუხლი: თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან). შესაბამისად, ცალსახაა, რომ ძირითადი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკა იქნა გამოყენებული, შესრულებულია და იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, მიზანი ამოწურულია.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობებში, აღარ არსებობს ამ ვალდებულების უზრუნველყოფის წინაპირობა მოსარჩელის ქონების ხარჯზე [სსკ-ის 170.1. მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას].
22. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.რ–ის უფლებამონაცვლე ნ.ლ–ძისა და ნ.ბ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ლ.რ–ის უფლებამონაცვლე ნ.ლ–ძესა (პ.ნ. .....) და ნ.ბ–ს (პ.ნ .....) დაუბრუნდეთ პ.ჯ–ას (პ.ნ. .........) მიერ 2019 წლის 04 ივლისს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი