საქმე №ას-1221-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ზ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - მ.დ–ი
თავდაპირველი მოპასუხე - მ.ბ–ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება თბილისის საქალაქო სასამართლოში
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით ლ.ზ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) და მ.დ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად – „მოპასუხეები“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (რომლითაც ზ.მ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეების მიმართ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის თბილისში, ......., ს/კ ........, გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; პირველი მოპასუხე ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე თბილისში, ......., ს/კ ......., მესაკუთრედ) და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გარიგების მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს; მოსარჩელის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში ბინა აღრიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გაასხვისა მეორე მოპასუხის სახელზე, არ ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებით ხასიათს; ამასთან, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, გარიგების ბათილობას სსკ-ის 54-ე თუ 56-ე მუხლიდან გამომდინარე ითხოვს და გადაწყვეტილებაც არ შეიცავს მოტივაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
3. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის თაობაზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
3.1. პირველი მოპასუხე და მ.ბ–ია იყვნენ 03.11.2016 წელს გარდაცვლილი გ.ბ–ას პირველი რიგის მემკვიდრეები. პირველი მოპასუხე არის მისი მეუღლე, ხოლო მ.ბ–ია - მისი შვილი. ისინი სამკვიდროს გახსნის მომენტიდან რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ გ.ბ–ას საკუთრების უფლებით აღრიცხულ სამკვიდრო ბინაში, თბილისი, ........, ბინა 41, ს.კ. .......;
3.2. პირველმა მოპასუხემ და მ.ბ–იამ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობის წესით მიიღეს. პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში 08.11.2017წ. 13:16 საათზე ბინა აღრიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს 16:24 საათზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - მყიდველის მეორე მოპასუხის სახელზე.
4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას სსკ-ის 56.1. მუხლის თანახმად (მოჩვენებითი გარიგება).
5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის განმარტება, რომ მოპასუხე მ.ბ–ია სასჯელაღსრულების დაწესებულების საბადრაგო სამსახურის მიერ მიყვანილი იქნა სასამართლო შენობაში, თუმცა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ მას საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია; ამასთან, მთავარ სხდომაზე გამოცხადებული იყო ერთ-ერთი მოპასუხე და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სარჩელზე მოპასუხე მ.ბ–იას მიმართ შეწყდა საქმის წარმოება და მოცემულ საქმეში მ.ბ–ია მხარეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, არ იქნა დაკმაყოფილებული მოპასუხე მხარის შუამდგომლობა, რათა სასამართლოს საჩივარი ზეპირი მოსმენით განეხილა, ვინაიდან, მოპასუხის მოსაზრებით, მხარეთა დასწრება სავალდებულო და აუცილებელი იყო;
11.2. მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გარიგების მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს. მოსარჩელის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში ბინა აღრიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გაასხვისა მეორე მოპასუხეზე, არ ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებით ხასიათს. მას ამის უფლებას კანონი აძლევდა. შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი;
11.3. მოცემულ საქმეში მოპასუხედ, როგორც სოლიდარული მოვალე ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, ჩართული იყო ასევე მ.ბ–ია, რომელიც სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იგი მიყვანილი იყო საბადრაგო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, თუმცა იგი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა სხდომის დარბაზში გამოცხადებას, ვინაიდან წარმოადგენს მსჯავრდებულ პირს და მისი მიყვანა უნდა უზრუნველეყო ბადრაგს. სასამართლომ არ მიიღო არანაირი ზომა იმ გარემოების გამოსარკვევად, თუ რატომ არ იყო მიყვანილი სხდომის დარბაზში აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე მ.ბ–ია, ხოლო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო სხდომის გახსნიდან 2 წუთში. ვინაიდან სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის მთავარ სხდომაზე გამოცხადებული იყო ერთ-ერთი მოპასუხე, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო;
11.4. ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ როგორც პირველი მოპასუხე, ასევე - მ.ბ–ია, რომელთა მიმართ ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უძრავი ქონების რეალიზაციას. შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ერთ-ერთი მოპასუხის - მ.ბ–იას მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
11.5. მოსარჩელემ ერთ-ერთ მოპასუხის მ.ბ–იას მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რათა სასამართლოს ჰქონოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო.
12. უპირველესად, საკასაციო სასამართლო უპასუხებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე [თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით] უფლება ჰქონდა სააპელაციო საჩივარი განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. მართალია, პირველი მოპასუხე მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ არ იყო თანახმა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე, თუმცა, სააპელაციო საჩივარში მოცემული დასაბუთება, რომ, მისი მოსაზრებით, მხარეთა დასწრება სავალდებულოა (რა დასაბუთებაც აქვს კასატორს წარმოდგენილი ასევე საკასაციო საჩივარში), საქმის არსიდან გამომდინარე, არ წარმოადგენდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საკმარის საფუძველს. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს მხარეთა თანხმობის არსებობას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისათვის. შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს პირველი მოპასუხის ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
17. სასამართლოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან საქმის განხილვისადმი ინტერესი დაკარგა. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას სსკ-ის 56.1. მუხლის საფუძველზე [ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)].
19. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:
19.1. პირველი მოპასუხე და მ.ბ–ია იყვნენ 03.11.2016 წელს გარდაცვლილი გ.ბ–ას პირველი რიგის მემკვიდრეები. პირველი მოპასუხე არის მისი მეუღლე, ხოლო მ.ბ–ია - მისი შვილი. ისინი სამკვიდროს გახსნის მომენტიდან რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ გ.ბ–ას საკუთრების უფლებით აღრიცხულ სამკვიდრო ბინაში, თბილისი, ........., ბინა 41, ს.კ. .........;
19.2. პირველმა მოპასუხემ და მ.ბ–იამ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობის წესით მიიღეს. პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში 08.11.2017წ. 13:16 საათზე ბინა აღრიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს 16:24 საათზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - მყიდველის მეორე მოპასუხის სახელზე.
20. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მითითებულია ასევე შემდეგი გარემოებები: 2016 წლის 3 დეკემბერს სანოტარო წესით დადასტურებული იქნა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვითაც პირველმა მოპასუხემ და მ.ბ–იამ აღიარეს, რომ მათ ნამდვილად აქვთ მოსარჩელის ვალი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება, რომ ისინი ვალს დააბრუნებდნენ 2017 წლის 03 ივნისის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს კრედიტორის მოთხოვნას, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 2017 წლის 05 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო მოვალეების სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია, მაგრამ ამ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან ვალი არ იყო უზრუნველყოფილი, ხოლო მოვალეების სახელზე ქონება არ ირიცხებოდა. პირველ მოპასუხეს და მ.ბ–იას სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობის წესით მიღებული ჰქონდათ. ამასთან, მოსარჩელის ინფორმაციით, მათ ნოტარიუსთან შეტანილი ჰქონდათ განცხადებები სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაც მოწმობდა, რომ მათ სამკვიდრო მიიღეს, მაგრამ სამკვიდრო მოწმობის აღებას და მის საფუძველზე ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვას თავს არიდებდნენ იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად ქონების რეალიზაცია. ასეთ ვითარებაში მოსარჩელემ 2017 წლის 16 ოქტომბერს სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოვალეთა მიმართ, გარდაცვლილი გ. ბ–ას პირველი რიგის მემკვიდრედ პირველი მოპასუხისა და მ.ბ–იას ცნობის, მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო ქონების მიღებულად და მესაკუთრედ ცნობის, სამკვიდრო ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვისა და სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად ამ ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. სარჩელი წარმოებაშია მიღებული. მოპასუხეებს ჩაბარდათ სასამართლოს გზავნილები, რისი მტკიცებულებაც სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 06 ნოემბერს. პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში, 2017 წლის 8 ნოემბერს ბინა აღრიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს ეს ბინა მოსაჩვენებლად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხა მისი მეზობლის ვითომ მყიდველის მეორე მოპასუხის სახელზე (პირველი მოპასუხის ბინის ნომერია 41, ვითომ მყიდველი კი ცხოვრობს იმავე კორპუსის №38 ბინაში) (იხ. ტ. I, ს.ფ 78-97).
21. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 56.1. მუხლის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (იხ. სუსგ საქმე №ას-862-812-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი).
22. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან, რომ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისინი იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ქმნის პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების სსკ-ის 56.1. მუხლით გათვალისწინებულ ბათილობის საფუძველს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
24. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი