საქმე №ას-1252-2022 15 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერის შედეგის საფუძველზე, 2019 წლის 17 მაისს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში სააგენტო, მოსარჩელე ან დაზღვეული) და სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (შემდგომში სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №CT051701 (BNL1900147) ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება ან დაზღვევის ხელშეკრულება), რომლითაც შეთანხმდა შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებებითა და ტარიფებით.
2. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24 საათიდან 2019 წლის 31 დეკემბრის 24 საათამდე;
3. სადაზღვევო პირობები შეთანხმდა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით (შემდეგში სადაზღვევო პირობები), დაზღვევის ხელშეკრულებით და 2019 წლის 20 მაისს გაცემული ავტომფლობელთა დაზღვევის პოლისით.
4. ხელშეკრულების 5.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, მოპასუხე ვალდებული იყო მომხდარი შემთხვევის განხილვის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოებისა თუ სხვა მესამე პირებისგან გონივრულ ვადაში მოეპოვებინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, დეფექტური აქტი, აღნიშნულიდან 5 სამუშაო დღეში ეღიარებინა შემთხვევა, როგორც სადაზღვევო შემთხვევა და შეედგინა აქტი ზარალის ანაზღაურების შესახებ (სადაზღვევო შემთხვევის აქტი) ან დასაბუთებული უარი განეცხადებინა აღიარებაზე; ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და სადაზღვევო პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს სადაზღვევო ანაზღაურება შესაბამისი სერვისცენტრის ანგარიშზე უნდა გადაერიცხა მზღვევლსა და დამზღვევს შორის გაფორმებული სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღეში. ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და სადაზღვევო პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდება საგარანტიო პირობები, შეფასდებოდა/შეკეთდებოდა შესაბამისი მარკის სერვის ცენტრში, ხოლო ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც არ ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, შეფასდებოდა/შეკეთდებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვის-ცენტრებში.
5. სადაზღვევო პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებისას, დამზღვევი და მზღვეველი განსაზღვრავენ იმ სერვის-ცენტრების ჩამონათვალს, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად უნდა მოხდეს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეფასება/შეკეთება/აღდგენითი სამუშაოები.
6. სადაზღვევო პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივ დაზიანების ან/და მისი ნაწილების დაკარვის/დაზიანების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის საჭირო თანხები.
7. დაზღვევის ხელშეკრულების მე-9 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის მიერ წარდგენილი უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.
8. ხელშეკრულების მე-10 მუხლით შეთანხმდა ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობები.
9. ხელშეკრულების დანართის (ფასების ცხრილი) მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ 25 სატრანსპორტო საშუალებას შორის ერთ-ერთი დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებაა - FORD TRANZIT (სარეგისტრაციო ნომერი - GN ....., გამოშვების წელი 2016, ქარხნული (მოდიფიცირების გარეშე)), რომლის მიმდინარე საბალანსო ღირებულება შეადგენდა 52 299 ლარს, ხოლო 2019 წლისთვის საბალანსო ცვეთის გათვალისწინებით – 43 999 ლარს (ეს თანხა ხელშეკრულების 1.24 მუხლისა და ავტომფლობელთა დაზღვევის პოლისის თანახმად, წარმოადგენს სადაზღვევო თანხას);
10. 2019 წლის 17 მაისს გარანტმა - სს „ვ.ბ.ჯ–ამ“ გასცა საბანკო გარანტია 532 000 ლარზე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნით თანხა არ გადაუხდია.
11. 2019 წლის 22 მაისს მომხდარი საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება - FORD TRANZIT (ფურგონი (სატვირთო მიკროავტობუსი), სარეგისტრაციო ნომერი GN ...).
12. შპს „ჯ.მ.ს–ის“ 2019 წლის 13 სექტემბრის № 4046 ინვოისის („დეფექტური აქტი“) მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად გასაცემი თანხა - შესაცვლელი ნაწილების და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ჯამი 26 283 ლარია.
13. ინვოისის („დეფექტური აქტი“) საფუძველზე 2019 წლის 13 სექტემბერს მოპასუხემ შეადგინა ზარალის დარეგულირების აქტი 1759/19, რომლის მიხედვით, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება და ასანაზღაურებელი ზარალი განისაზღვრა 26 283 ლარით.
14. 2019 წლის 18 სექტემბერს მოპასუხემ შპს „ჯ.მ.ს–ს“ ჩაურიცხა ზარალის დარეგულირების აქტით განსაზღვრული თანხა, 26 283 ლარი.
15. შპს „ჯ.მ.ს–ი“ წარმოადგენს პროვაიდერ კომპანიას და მხარეები შეთანხმებული იყვნენ მისთვის მიემართათ სატრანსპორტო საშუალებების ზიანის შეფასებისა და შეკეთების მიზნით.
16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 5 მარტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილი FORD TRANZIT (ფურგონი (სატვირთო მიკროავტობუსი), სარეგისტრაციო ნომერი GN ....) ტექნიკურად გაუმართავია და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის.
17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, საორიენტაციოდ შეადგენს 55 000 ლარს.
18. მოსარჩელის მოთხოვნა
18.1. სააგენტომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სადაზღვევო კომპანიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის სახით 55 000 ლარისა და პირგასამტეხლოს, 11 722.22 ლარის დაკისრება.
18.2. მოსარჩელის განცხადებით, 2019 წლის 22 მაისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რის თაობაზეც, ცხელი ხაზის მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობა მოპასუხეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე დადგენილების მიღების შემდეგ, მოპასუხესა და პროვაიდერ კომპანიას, შპს „ჯ.მ.ს–ს“ შორის შემდგარი დეფექტური აქტის საფუძველზე, ზარალი შეფასდა 26 283 ლარით და განისაზღვრა სარემონტო სამუშაოების ვადები, კერძოდ: ნაწილების მიწოდების ვადად 12 სამუშაო დღე და სარემონტო სამუშაოს შესრულების ვადად - 15 სამუშაო დღე. თუმცა, ამ დრომდე არ შეკეთებულა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება. მიუხედავად სააგენტოს წერილობითი მოთხოვნისა, რომ ხელშემკვრელ მხარეს გონივრულად მოკლე ვადებში შეეკეთებინა ავტომობილი და ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დღემდე ავტომობილი არ არის გამართული და სააგენტო ვერ იყენებს მას. 2020 წლის 15 იანვარს და 2020 წლის 6 მარტს შედგა ავტომობილის დათვალიერების აქტები და დადგინდა, რომ არ ჩატარებულა ის სარემონტო სამუშაოები, რაც უზრუნველყოფდა მოპასუხის მიერ ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით კი დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალების შეკეთება მიზანშეუწონელია. ამდენად, მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზარალი.
19. მოპასუხის პოზიცია
19.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი წინამდებარე საქმეში არასათანადო მოპასუხეა. მზღვეველმა სადაზღვევო მომსახურება გაწია ჯეროვნად და სრულად. ზარალის დარეგულირების აქტში მითითებულია, რომ ასანაზღაურებელი თანხა უნდა გადარიცხულიყო აღდგენითი სამუშაოების შემსრულებლის, შპს „ჯ.მ.ს–ის“ საბანკო ანგარიშზე და ამ აქტში მითითებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ დამზღვევს მზღვეველთან პრეტენზია აღარ ექნებოდა. მითითებული თანხა მოპასუხემ გადარიცხა აღნიშნული კომპანიის ანგარიშზე, რის შემდგომაც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო გარანტიას, სადაც ბენეფიციარია მოსარჩელე ხოლო პრინციპალი მოპასუხე, ისე გაუვიდა ვადა, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია საბანკო გარანტიის თანხა, რაც ასევე მოწმობს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებას. არც სადაზღვევო ხელშეკრულება და არც დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები არ ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ვალდებულებას. მოპასუხემ ავტომანქანის აღდგენის ღირებულება გადარიცხა მოსარჩელის მიერ მითითებული პროვაიდერი კომპანიის ანგარიშზე და თუ რაიმე პრეტენზია გააჩნდა, მას სარჩელი უნდა აღეძრა არა სადაზღვევო კომპანიის, არამედ შემკეთებელი კომპანიის მიმართ.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
20.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
21. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
21.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 55 000 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
22.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-17 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე, 821-ე, 823-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის - მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
22.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მითითება ზარალის დარეგულირების აქტზე და ამ აქტში გაკეთებულ დათქმაზე იმის შესახებ, რომ დამზღვევს/მოსარგებლეს მასში მითითებული ზიანის ანაზღაურების შემდგომ პრეტენზია აღარ ექნება, არ წარმოშობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. მითითებული „ზარალის დარეგულირების აქტი“ წარმოადგენს მოპასუხის მიერ ცალმხრივად ნაწარმოებ და სტანდარტულ დოკუმენტს, ამასთან, მასში საუბარია აღდგენითი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ზარალის ოდენობაზე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღდგენითი სამუშაოები არ განხორციელებულა და სარჩელის განხილვის დროისათვის ავტომანქანა არ შეკეთებულა/აღდგენილა, მეტიც, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. წარმოდგენილი სარჩელით კი, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის არა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დაკისრება, არამედ დაზიანებული ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურება. პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა არ აღდგენილა, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო, შესაბამისად, მოპასუხის მითითება ზარალის დარეგულირების აქტზე, რომლითაც შეფასებული იყო აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დგინდება, რომ ზარალის დარეულირების აქტი მოიცავს აღდგენითი სამუშაოების შეფასებას, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია დაზიანებული ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურება (ვინაიდან მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის), ამავე აქტში მითითებული დათქმა დამზღვევის/მოსარგებლის მხრიდან პრეტენზიის გამორიცხვის შესახებ, წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში არარელევანტურია და გაზიარებული ვერ იქნება.
22.4. რაც შეეხება, მოპასუხის მითითებას იმის შესახებ, რომ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი ვალდებულება ამოიწურა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების ავტოსახელოსნოსათვის გადარიცხვით, სააპელაციო პალატამ არც აღნიშნული გაიზიარა და აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ მოპასუხე იყო ვალდებული ემტკიცებინა მისი ვალდებულებების არარსებობის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.
22.5. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და აღნიშნა, რომ დაზიანებული ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება ამავდროულად გამორიცხავს მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.
23. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
23.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
23.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა დაზიანებული ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურება. სასამართლო საკითხის გადაწყვეტისას არასწორად დაეყრდნო საექსპერტო დასკვნას, რომელიც ჩატარებულია არა თავდაპირველად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ, შემთხვევიდან საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ, რაც სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ავტომანქანის ერთ ადგილას დგომით გაზრდიდა ავტომობილის უვარგისობის ნიშნულს. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა მოპასუხეს თანხა, რომლის გადახდა მას სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში საერთოდ არ ევალებოდა.
24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
24.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
24.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
27. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია მზღვეველისთვის სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის მოპასუხისთვის დაკისრების კანონიერება.
28. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
29. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
30. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).
31. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ საქმე №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
32. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნას და მოპასუხეს დააკისრა თანხა, რომლის გადახდა მას სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში საერთოდ არ ევალებოდა.
33. წარმოდგენილი საკასაციო შედავების მართებულობის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: №ას- 15-29-1443-2012; №ას-973-1208-04; № ას- 664-635-2016).
34. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
34.1. 2019 წლის 17 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ დააზღვია მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24 საათიდან 2019 წლის 31 დეკემბრის 24 საათამდე;
34.2. სადაზღვევო პირობები შეთანხმდა როგორც სადაზღვევო ხელშეკრულებით, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით და 2019 წლის 20 მაისს გაცემული ავტომფლობელთა დაზღვევის პოლისით, განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები და ზიანის ანაზღაურების წესი (ხელშეკრულების 5.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, მოპასუხე ვალდებული იყო მომხდარი შემთხვევის განხილვის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოებისა თუ სხვა მესამე პირებისგან გონივრულ ვადაში მოეპოვებინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, დეფექტური აქტი, აღნიშნულიდან 5 სამუშაო დღეში ეღიარებინა შემთხვევა, როგორც სადაზღვევო შემთხვევა და შეედგინა აქტი ზარალის ანაზღაურების შესახებ (სადაზღვევო შემთხვევის აქტი) ან დასაბუთებული უარი განეცხადებინა აღიარებაზე; ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და სადაზღვევო პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს სადაზღვევო ანაზღაურება შესაბამისი სერვისცენტრის ანგარიშზე უნდა გადაერიცხა მზღვევლსა და დამზღვევს შორის გაფორმებული სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღეში; ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და სადაზღვევო პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდება საგარანტიო პირობები, შეფასდებოდა/შეკეთდებოდა შესაბამისი მარკის სერვის ცენტრში, ხოლო ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც არ ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, შეფასდებოდა/შეკეთდებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვის-ცენტრებში; სადაზღვევო პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივ დაზიანების ან/და მისი ნაწილების დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებული იყო უზრუნველეყო სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის საჭირო თანხების ანაზღაურება);
34.3. ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის მიერ წარდგენილი უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით;
34.4. 2019 წლის 17 მაისს სს „ვ.ბ.ჯ–ამ“ გასცა საბანკო გარანტია 532 000 ლარზე;
34.5. 2019 წლის 22 მაისს მომხდარი ავტოსაგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება - FORD TRANZIT (ფურგონი (სატვირთო მიკროავტობუსი), სარეგისტრაციო ნომერი GN ...));
34.6. 2019 წლის 13 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერმა შემკეთებელმა კომპანიამ, შპს „ჯ.მ.ს–მა“ (შემდგომში შემკეთებელი კომპანია) გასცა ე.წ დეფექტური აქტი, ინვოისი №4046, რომლითაც შეფასდა დაზიანებული ავტომობილი, განისაზღვრა მისი შეკეთებისთვის შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხა და ზიანის ასანაზღაურებლად გასაცემ თანხად - შესაცვლელი ნაწილების და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად - მიეთითა 26 283 ლარი;
34.7. მითითებული დეფექტური აქტის საფუძველზე, იმავე დღეს (2019 წლის 13 სექტემბერს) მოპასუხემ შეადგინა ზარალის დარეგულირების აქტი, რომლითაც აღდგენითი სამუშაოების ღირებულება და ასანაზღაურებელი ზარალი განისაზღვრა 26 283 ლარით. ამავე აქტში აღინიშნა, რომ მითითებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ არანაირი პრეტენზია აღარ ექნებოდა. აქტი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ;
34.8. 2019 წლის 18 სექტემბერს მოპასუხემ შემკეთებელ კომპანიას გადაურიცხა დეფექტური აქტით განსაზღვრული თანხა, 26 283 ლარი;
34.9. 2019 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელემ #221/3113 წერილით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და სთხოვა უმოკლეს ვადაში მიეღო ზომები დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად;
34.10. სადაზღვევო კომპანიამ მითითებული წერილის პასუხად განმარტა, რომ მან ყველა მის ხელთ არსებული რესურსი გამოიყენა ზარალის დასარეგულირებლად - ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეაფასა და დაიანგარიშა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი, ასევე უმოკლეს ვადაში ჩაურიცხა პროვაიდერ შემკეთებელ კომპანიას ავტომანქანის აღდგენისთვის საჭირო თანხა და აქტიურადაა ჩართული მომსახურების სრულად და ჯეროვნად ჩაბარების პროცესის დასრულებაშიც;
34.11. სადაზღვევო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2019 წლის 31 დეკემბერს;
34.12. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნით თანხა არ გადაუხდია;
34.13. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, 2020 წლის 15 იანვარს მოსარჩელისა და მოპასუხე კომპანიების წარმომადგენლების, ასევე პროვაიდერი შემკეთებელი კომპანიის დირექტორისა და მოწვეული სპეციალისტების თანდასწრებით შედგა დაზიანებული ავტომანქანის დათვალიერების აქტი, შემკეთებელ კომპანიასთან შეთანხმდა სამუშაოების დასრულების ვადა და იგი განისაზღვრა 2020 წლის 1 თებერვლით;
34.14. 2020 წლის 6 მარტს მოსარჩელე კომპანიის მოწვეულმა სპეციალისტებმა კვლავ შეადგინეს დაზიანებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტომანქანა ამ დრომდე შეუკეთებელია და არ არის ჩატარებული შესაბამისი სამუშაოები;
34.15. თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 29 იანვარს მოსარჩელემ მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დასკვნის გაცემა ექსპერტის წინაშე დასმულ შემდეგ კითვაზე: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მოსარჩელის კუთვნილი დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება - FORD TRANZIT (ფურგონი (სატვირთო მიკროავტობუსი), სარეგისტრაციო ნომერი GN ...) რამდენად ექვემდებარებოდა აღდგენას, ასევე აღდგენის შემთხვევაში, რამდენად მიზანშეწონილი იყო მისი შემდგომი ექსპლუატაცია;
34.16. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 5 მარტის #5001268121 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილი FORD TRANZIT (ფურგონი (სატვირთო მიკროავტობუსი), სარეგისტრაციო ნომერი GN ...)) ტექნიკურად გაუმართავია და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.
35. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით დასტურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
36. მზღვევლის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მტკიცების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს სადაზღვევო ურთიერთობის დასაწყისი და დასასრული, ასევე გაირკვეს, კონკრეტულად რა ვალდებულებები გააჩნდა სადაზღვევო კომპანიას დაზღვეულის მიმართ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეასრულა თუ არა ისინი.
37. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დადგენილია და სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 17 მაისს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტოსაგზაო შემთხვევა კი, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი, მოხდა 2019 წლის 22 მაისს.
38. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც სადაზღვევო ხელშეკრულებით, არც დაზღვევის მომსახურების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციითა და არც 2019 წლის 20 მაისს გაცემული ავტომფლობელთა დაზღვევის პოლისით სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრებოდა სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ან შეკეთებაზე ზედამხედველობის ვალდებულება. ხელშეკრულების 5.1 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მითითებულია შემდეგი: „მიმწოდებელი ვალდებულია მომხდარი შემთხვევის განხილვის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოებისა თუ სხვა მესამე პირებისაგან გონივრულ ვადაში მოიპოვოს ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, დეფექტური აქტი და აღნიშნულიდან 5 სამუშაო დღეში აღიაროს შემთხვევა, როგორც სადაზღვევო შემთხვევა და შეადგინოს აქტი ზარალის ანაზღაურების შესახებ (სადაზღვევო შემთხვევის აქტი), ან დასაბუთებული უარი განაცხადოს აღიარებაზე. აქტი ზარალის ანაზღაურების შესახებ დამოწმებული უნდა იყოს მზღვეველისა და დამზღვევის ხელმოწერით; სადაზღვევო ანაზღაურების გადარიცხვა შესაბამისი სერვისცენტრის ანგარიშზე განახორციელოს მზღვეველსა და დამზღვევს შორის გაფორმებული სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში“. ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეფასება/შეკეთების ადგილი - „იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის ვრცელდება საგარანტიო პირობები, განხორციელდება შესაბამისი მარკის სერვის-ცენტრში, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც არ ვრცელდება საგარანტიო პირობები, განხორციელდება მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვის-ცენტრ(ებ)ში“.
39. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ხელშეკრულების პირობების ურთიერთშეჯერებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიას ეკისრებოდა შემთხვევის აღიარების, ზარალის ანაზღაურების შესახებ დეფექტური აქტის გაცემისა და ავტომანქანის შეკეთებისთვის საჭირო თანხის შესაბამის სერვის-ცენტრში გადარიცხვის ვალდებულება.
40. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მოსარჩელემ დროულად აცნობა სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიმართა პროვაიდერ შემკეთებელ კომპანიას, შედგა ე.წ „დეფექტური აქტი“ (ინვოისი), ამ აქტის საფუძველზე კი, მზღვეველსა და დამზღვევს შორის გაფორმდა სადაზღვევო შემთხვევის აქტი სწორედ იმ თანხაზე, რაც მითითებული იყო ინვოისში. სადავო არ არის ისიც, რომ ზარალის დარეგულირების აქტის გაფორმებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (სამ სამუშაო დღეში) დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი სამუშაოებისთვის განსაზღვრული თანხა (26 283 ლარი) მზღვეველმა გადარიცხა შემკეთებელი კომპანიის ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიის არცერთი ქმედება მოსარჩელეს არ გაუპროტესტებია. მეტიც, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებმა ერთობლივი ხელმოწერით დაადასტურეს შეთანხმება, სადაც მითითებულია, რომ ზარალის დარეგულირების აქტში ასახული თანხის, 26 283 ლარის შემკეთებელი კომპანიისთვის გადარიცხვის შემდეგ დამზღვევს მზღვეველთან პრეტენზია აღარ ექნებოდა (იხ. ს. ფ 63).
41. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. ამ დასკვნას ამყარებს ისიც, რომ სს „ვ.ბ.ჯ–ას“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია გარანტიის მოქმედების ვადაში არ გამოყენებულა.
42. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქმეზე წარდგენილი 2021 წლის 5 მარტის #001448721 საექსპერტო დასკვნით დადასტურებულია დაზიანებული ავტომობილის ამ დრომდე შეუკეთებლობა (2021 წლის 10 მარტის #001564221 დასკვნით კი დაანგარიშებულია დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება), არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა.
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი, პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
44. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ან შეკეთებაზე ზედამხედველობის ვალდებულებას არ აკისრებდა სადაზღვევო კომპანიას და მოპასუხის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შემთხვევის აღიარებითა და ავტომანქანის შეკეთებისთვის საჭირო თანხის შემკეთებელი კომპანიისთვის გადარიცხვით შემოიფარგლებოდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მტკიცების მიზნებისთვის, დაზიანებული ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ან/და საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ საექსპერტო დასკვნების გამოყენება მიზანშეუწონელია. თუმცა, თუნდაც იკვეთებოდეს წინამდებარე დავის გადაჭრისას ამ სახის დასკვნის შეფასების აუცილებლობა, იგი მაინც ვერ მიიჩნევა ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ რელევანტურ მტკიცებულებად, ვინაიდან მომზადებულია არა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ერთ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ (ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2019 წლის 31 დეკემბერს, ხოლო დასკვნა შედგენილია 2021 წლის მარტში), რაც ასევე საფუძვლიანს ხდის კასატორის მოსაზრებას ავტომანქანის დიდი ხნით ერთ ადგილას დგომით მისი უვარგისობის ნიშნულის გაზრდის შესახებ.
45. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). ამასთან, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
46. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა, რაც ასევე უსაფუძვლოს ხდის მის მოთხოვნას ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
47. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციოო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
49. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაკმაყოფილდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) კასატორის (მოპასუხის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 996 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
3. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (...) სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (.....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2 996 ლარი;
4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე