საქმე №ას-657-2023 25 იანვარი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჰ.ქ.ჰ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ფ.ი.ი.ს.ვ.თ"; სს ,,ფ.ი.ი.ს.ვ.თ. ფილიალი საქართველოში" (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ.ქ.ჰ–იმ (შემდეგში - დასაქმებული, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა მოპასუხეების: სს ,,ფ.ი.ი.ს.ვ.თ"; სს ,,ფ.ი.ი.ს.ვ.თ-ის ფილიალი საქართველოში" (შემდეგში - დამსაქმებელი, კომპანია, მოპასუხეები) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სს ფ.ი.ს.ვ.თ-ის ფილიალი საქართველოში 30.08.2019 წლის ბრძანება N108 მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ბ) მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისროთ 31.08.2019 წლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 3125 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
2. სასარჩელო მოთხოვნები დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო ბუღალტრის პოზიციაზე 2018 წლის 27 აგვისტოდან. იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს, რის გამოც, მას 2019 წლის 27 თებერვლიდან ხელშეკრულების ვადა გაუგრძელეს 2020 წლის 27 თებერვლამდე, თუმცა, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს უმიზეზოდ დაითხოვეს სამსახურიდან. გათავისუფლების ბრძანება დასაქმებულისთვის დამსაქმებელს არ ჩაუბარებია 2020 წლის ნოემბრამდე. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს სამსახურიდან მის გათავისუფლებას და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სამსახურში აღდგენის ნაცვლად ითხოვს იძულებითი განაცდურის დაკისრებას 2019 წლის 31 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. მოპასუხეებმა წარმოადგინეს როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ასევე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი და, მიუთითეს, რომ დასაქმებული ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, სალარო, საბანკო და საბუღალტრო ოპერაციები არ სრულდებოდა სწორად და დროულად. იგი მუდმივად იღებდა შენიშვნებს და მითითებებს, თუ როგორ უნდა გამოესწორებინა ხარვეზები. ვინაიდან, მოსარჩელემ მიანც ვერ შეძლო გამოესწორებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხი, დამსაქმებელი იძულებული გახდა შეეწყვიტა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება. დამსაქმებელმა ზეპირად აცნობა მოსარჩელეს 2019 წლის 27 აგვისტოს გათავისუფლების შესახებ, რაც დასტურდება ფილიალისათვის ამავე დღეს გაგზავნილი წერილით. იმავე წლის 30 აგვისტოს კი, მოსარჩელს გადასცა წერილობითი შეტყობინება, სადაც მითითებული იყო გათავისუფლების საფუძველი. ამის შემდეგ, მოსარჩელე არცერთი დღე არ გამოცხადებულა სამსახურში, არ მიუღია სახელფასო ანაზღაურება, რაც მოწმობს, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, არასწორია მითითება, რომ მოსარჩელეს 2020 წლის ნოემბრამდე არ ჩაბარებია სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ამასთან, გასულია გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების 1-თვიანი ვადა (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 86-92).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7. მოსარჩელე 27.08.2018 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოს საქართველოს ფილიალში ბუღალტრის პოზიციაზე. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გათავისუფლების დროისათვის დამოკიდებული იყო შესრულებულ სამუშაოს ოდენობაზე და შეადგენდა ერთ საათში 9.33 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ზეგანაკვეთური 1 საათისთვის კი შეთანხმებული იყო 13.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც ყოველთვიურად შეადგენდა დარიცხულ 3125 აშშ დოლარს. მხარეთა 27.02.2019 წლის შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 27.02.2020 წლამდე.
8. დამსაქმებელმა 2019 წლის 30 აგვისტოს ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37.1. მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
9. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 27.08.2019 წლის წერილით, რომლის თურქულენოვანი ტექსტი ხელმოწერილია მოსარჩელის მხრიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს, მ.თ–მა, რომელიც მუშაობს მოპასუხის ადამიანური რესურსების პასუხისმგებელ პირად, სიტყვიერად განუცხადა, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდებოდა 31.08.2019 წლიდან. მოსარჩელე ითხოვდა წერილობით მიეწოდებინათ მისთვის აღნიშნული საფუძველი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მასთან სრული ანგარიშსწორების თანხას ჩარიცხავდნენ მის სახელფასო ანგარიშზე, რომელსაც ამჟამად იყენებდა, ხელს მოაწერდა შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას და მოითხოვდა მასთან საბოლოო ანგარიშსწორების თარიღამდე კუთვნილ ანაზღაურებას.
10. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. აღნიშნული მსჯელობა გაიზიარა სააპელაციო პალატამ და აღნიშნა შემდეგი:
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
12. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს, მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა.
13. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად, ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-988-1021- 2011, 2011 წლის 15 ნოემბერი).
14. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ, გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თ.ჯ., ნ.ჯ. და ი.ჯ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21). სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებას, სადაც საკასაციო სასამართლო განიხილავს რა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების შინაარსს (საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს) განმარტავს შემდეგს: ზემოაღნიშნული ცვლილებების თანახმად, ცალსახაა, რომ კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. აღნიშვნის ღირსია, რომ დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლების მინიჭება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნოვაციაა დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიების გაზრდის მიზნით 2013 წლის ივნისში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის. დასაქმებულის დასახელებული უფლება კანონმდებელმა უზრუნველყო დამსაქმებლის ვალდებულებით შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, დასაქმებულის უფლებაა დამსაქმებლისაგან მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება და, გამომდინარე აქედან, მას იმის უფლებაც აქვს, არ მოითხოვოს დასაბუთება და პირდაპირ მიმართოს სასამართლოს დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის მიზნით (იხ. სუსგ №ას-11-11-2018, 2019 წლის 04 მარტი).
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 30.08.2019 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება, რის ჩაბარებაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. აღნიშნულ ფაქტს არ ეთანხმება აპელანტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ოქმით დგინდება, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა ბრძანების ჩაბარებაზე. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინფორმირებას ისიც ადასტურებს, რომ ამ თარიღის შემდეგ მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადებულა და შრომითი მოვალეობები აღარ შეუსრულებია.
16. მოსარჩელის წარმომადგენელმა 24.10.2019 წელს წერილობით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემა. მოსარჩელის წარმომადგენელს გათავისუფლების ბრძანება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა და ჩაბარდა 30.10.2019 წელს.
17. შესაბამისად, დგინდება, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელესთან ცალმხრივად, ვადაზე ადრე, შრომითი ურთიერთობის 31.08.2019 წლიდან შეწყვეტის შესახებ, წერილობითი ნება გამოავლინა 30.08.2019 წელს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ 27.08.2019 წლით დათარიღებული და ხელმოწერილი წერილით დგინდება, რომ მინიმუმ წერილის შედგენის თარიღისათვის 27.08.2019 წელს მოსარჩელე ინფორმირებული იყო დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 31.08.2019 წლის შემდგომ მოსარჩელე მოპასუხესთან არ გამოცხადებულა და სამუშაო არ შეუსრულებია. ასევე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 27.08.2019 წელს გაგზავნილი წერილით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთება (გთხოვთ წერილობით მომაწოდოთ აღნიშნულის საფუძველი), რაზეც მოპასუხეს არ უპასუხია 7 დღის ვადაში. საქმეში წარმოდგენილი აქტით 30.08.2019 წელს მოსარჩელემ უარი განაცხადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების (ბრძანების) ჩაბარებაზე, რაზედაც შედგენილ იქნა აქტი.
18. დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მხოლოდ 24.10.2019 წელს მიმართა მოპასუხეს გათავისუფლების ბრძანების გადმოცემის მოთხოვნით. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეიტყო სულ მცირე, 27.08.2019 წელს და ამავე რიცხვშივე მოითხოვა დამსაქმებლისაგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთება, მას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 27.08.2019 წლიდან 7 დღის გასვლის შემდეგ 04.09.2019 წლიდან, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის ბოლო ვადა წარმოადგენდა 04.10.2019 წელი. განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 28.09.2021 წელს შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ხანდაზმულია, ვინაიდან დარღვეულია სსკ-ის 38-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლოსათვის მიმართვის სპეციალური ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელი გარემოებაა.
19. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მთავარი პირობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია, ასევე არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოსარჩელე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
22. კასატორი აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იყო დასაქმებული მოპასუხე კომპანიაში 2018 წლის 27 აგვისტოდან. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელეს 2020 წლის 27 თებერვლამდე, თუმცა 2019 წლის აგვისტოს გაათავისუფლეს სამსახურიდან უმიზეზოდ. კასატორი აღნიშნავს, რომ გათავისუფლების ბრძანება მას არ ჩააბარეს 2020 წლის ნოემბრამდე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩელი ხანდაზმულია ბრძანების გასაჩივრების 1-თვიანი ვადის გასვლის გამო. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავა მაშინვე დაიწყო, როგორც კი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩააბარეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს შეუზღუდა მისი კანონიერი უფლებები, რადგან სარჩელის მიღებაზე სხვადასხვა მოტივით უარს ეუბნებოდა, რაც არის უკანონო ქმედება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
26. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის მოთხოვნა, დავის წარმოშობისას მოქმედი სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
27. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
28. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია (სსსკ-ის 407.2 მუხლი) შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
29. მოსარჩელე 27.08.2018 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოს საქართველოს ფილიალში ბუღალტრის პოზიციაზე. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გათავისუფლების დროისათვის დამოკიდებული იყო შესრულებულ სამუშაოს ოდენობაზე და შეადგენდა ერთ საათში 9.33 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ზეგანაკვეთური 1 საათისთვის კი შეთანხმებული იყო 13.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც ყოველთვიურად შეადგენდა დარიცხულ 3125 აშშ დოლარს. მხარეთა 27.02.2019 წლის შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 27.02.2020 წლამდე.
30. დამსაქმებელმა 2019 წლის 30 აგვისტოს ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37.1. მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
31. 27.08.2019 წლის წერილით, რომლის თურქულენოვანი ტექსტი ხელმოწერილია მოსარჩელის მხრიდან, ირკვევა, რომ მოსარჩელეს მ.თ–მა, რომელიც მუშაობს მოპასუხის ადამიანური რესურსების პასუხისმგებელ პირად, სიტყვიერად განუცხადა, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდებოდა 31.08.2019 წლიდან. მოსარჩელე ითხოვდა წერილობით მიეწოდებინათ მისთვის აღნიშნული საფუძველი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მასთან სრული ანგარიშსწორების თანხას ჩარიცხავდნენ მის სახელფასო ანგარიშზე, რომელსაც ამჟამად იყენებდა, ხელს მოაწერდა შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას და მოითხოვდა მასთან საბოლოო ანგარიშსწორების თარიღამდე კუთვნილ ანაზღაურებას.
32. დადგენილია, რომ 30.08.2019 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება, რის ჩაბარებაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. აღნიშნულ ფაქტს არ ეთანხმება აპელანტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ოქმით დგინდება, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა ბრძანების ჩაბარებაზე. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინფორმირებას ისიც ადასტურებს, რომ ამ თარიღის შემდეგ მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადებულა და შრომითი მოვალეობები აღარ შეუსრულებია.
33. მოსარჩელის წარმომადგენელმა 24.10.2019 წელს წერილობით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემა. მოსარჩელის წარმომადგენელს გათავისუფლების ბრძანება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა და ჩაბარდა 30.10.2019 წელს.
34. შესაბამისად, დგინდება, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელესთან ცალმხრივად, ვადაზე ადრე, შრომითი ურთიერთობის 31.08.2019 წლიდან შეწყვეტის შესახებ, წერილობითი ნება გამოავლინა 30.08.2019 წელს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ 27.08.2019 წლით დათარიღებული და ხელმოწერილი წერილით დგინდება, რომ მინიმუმ წერილის შედგენის თარიღისათვის 27.08.2019 წელს მოსარჩელე ინფორმირებული იყო დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 31.08.2019 წლის შემდგომ მოსარჩელე მოპასუხესთან არ გამოცხადებულა და სამუშაო არ შეუსრულებია. ასევე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 27.08.2019 წელს გაგზავნილი წერილით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთება (გთხოვთ წერილობით მომაწოდოთ აღნიშნულის საფუძველი), რაზეც მოპასუხეს არ უპასუხია 7 დღის ვადაში. საქმეში წარმოდგენილი აქტით 30.08.2019 წელს მოსარჩელემ უარი განაცხადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების (ბრძანების) ჩაბარებაზე, რაზედაც შედგენილ იქნა აქტი.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
36. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თუ შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეჩერების თუ შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
38. სამართლებრივი სტაბილურობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ორგანული პოსტულატი, მოითხოვს, რომ მოქალაქეს ჰქონდეს მისთვის მოსალოდნელი შეზღუდვების განჭვრეტისა და ამისათვის სათანადო მომზადების შესაძლებლობა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს განეკუთვნება არა მხოლოდ სამართლებრივი სტაბილურობა, არამედ ასევე მატერიალური სამართლიანობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა კანონმდებელმა აირჩია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ზოგადი ფორმულირება, სასამართლოს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული შემთხვევის შეფასებისა და გადაწყვეტისათვის.
39. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების განზოგადებას დიდი მნიშვნელობა აქვს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართალიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი დასაქმებულის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკი (ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.225.).
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება,“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
47. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას? სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება,ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
48. მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4 I-ელ მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს თავის მხრივ შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას. ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.
51. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
53. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი - ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე ასევე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი).
54. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.
55. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
56. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე.
57. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი ( ხანდაზმულობა) შესაგებელი, კერძოდ, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნებს უსაფუძვლობის გამო, აგრეთვე მიუთითა, რომ მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია სადავო ბრძანება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, შესაბამისდ, მოთხოვნა არის ხანდაზმული ( იხ. ს.ფ.89-92).
58. კასატორის პრეტენზია იმას უკავშირდება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
59. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებათა გამო:
60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელის წარდგენისას, მოპასუხე შესაძლოა სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი).
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა თვითმიზანს. (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).
62. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი. შდრ: სუსგ №ას-1437-1357-2018, 11 მაისი, 2018 წელი).
63. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).
64. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება.
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).
66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აერთიანებს ორ ნაწილს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. რადგან სასარჩელო ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური და არა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი მიჩნეული უნდა იქნეს მატერიალური სამართლის კუთვნილებად კანონმდებლობაში მისი ადგილისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.
67. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).
68. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ: სუსგ №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16).
69. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ვრცელდება სშკ 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი (შდრ: სუსგ №ას-747-715-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).
71. საგულისხმოა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნების გამოვლენა ნამდვილია, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა (შდრ. სუსგ №ას-747-715-2016, 20 იანვარი, 2017 წელი). ხელშეკრულება შეწყვეტილად მეორე მხარისათვის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან ითვლება (დამატებით იხ., საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2016, 247).
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების ვალდებულებას აკისრებს. თუმცა, აღნიშნული ვალდებულება უპირობოდ არ წარმოიშობა. დასაბუთების ვალდებულება დასაქმებულის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის თაობაზე წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლება შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აქვს. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამდენად, გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მითითებული ვადა სასამართლოსათვის მიმართვის ვადაა. აღნიშნული ვადის სიმცირეს შრომის სამართლის თეორიაში თავისი დატვირთვა აქვს, კერძოდ, სადავო ფაქტები მტკიცებადი უნდა იყოს, ასევე დარღვეული უფლების აღდგენა დროის მცირე მონაკვეთში უნდა მოხდეს, რათა შემდგომ, ვითარების ცვლილებამ, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის შეუძლებლობა არ განაპირობოს. მითითებული ვადის სიმცირეს თავის დატვირთვა აქვს ასევე დამსაქმებლის უფლებრივი გადასახედიდანაც. დამსაქმებელი მუდმივად თავდაცვის რეჟიმში არ უნდა იყოს. მას საკადრო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მისი მოლოდინი გათავისუფლებული დასაქმებულისაგან სარჩელის აღძვრის თაობაზე დროის გარკვეული პერიოდით უნდა იყოს შემოსაზღვრული. ამიტომაც, მიიჩნევა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადის ლიმიტით თავის დაცვა, პირველ რიგში, დამსაქმებლის უფლება და მისი შესაგებლის ფარგლებში სამტკიცებელი გარემოებაა. (შდრ: სუსგ №ას-34-2022, 21 ივნისი,2022).
73. როგორც აღინიშნა, სშკ-ის შესაბამისად, დასაქმებულს სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლება აქვს წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 დღის ვადაში. წერილობითი დასაბუთება შესაძლოა ხელშეკრულებით შეწყვეტის შეტყობინებაშიც იყოს მოცემული. თუ წერილობით შეტყობინებაში არ არის მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთება (და რეალურად დამსაქმებელს აღნიშნული არც ევალება), დასაქმებული, შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, უფლებამოსილია მოითხოვოს დამსაქმებლისგან ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება. ლოგიკურია, რომ დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვს წერილობითი დასაბუთება იმ შემთხვევაშიც, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობით შეტყობინება მეტად ან ნაკლებად მოიცავს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთებას. ნებისმიერ შემთხვევაში, დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30 დღიანი ვადით. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30 დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. სშკ-ის არც 38-ე მუხლი და არც სხვა მუხლები არ შეიცავენ იმ მდგომარეობის მომწესრიგებელ ქცევის წესს, თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს დამსაქმებლისაგან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლებაზე მაინც ვრცელდება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019, პ.74; №ას-11-11-2018,04 მარტი, 2019 წ.).
74. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 30.08.2019 წელს მოპასუხემ გამოავლინა ნება მოსარჩელესთან, ცალმხრივად, ვადაზე ადრე შრომითი ურთიერთობის 31.08. 2019 წლიდან შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ.101). მოსარჩელემ (დასაქმებულმა) უარი განაცხადა ბრძანების ჩაბარებაზე, (რაზედაც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი- იხ.ს.ფ.103), თუმცა უდავოა, რომ 31.08.2019 შემდეგ, მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადებულა და სამუშაო არ შეუსრულებია. მოსარჩელემ მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილით მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების (ბრძანების) წერილობითი დასაბუთება - „გთხოვთ წერილობით მომაწოდოთ აღნიშნულის საფუძველი“, რაზეც მოპასუხეს 07 დღის ვადაში არ უპასუხია (იხ. ს.ფ.100). უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა 24.10.2019 მიმართა მოპასუხეს გათავისუფლების ბრძანების გადაცემის მოთხოვნით (იხ.ს.ფ.104). აღნიშნულ მოთხოვნაზე მოპასუხემ 30.10.2019 წლის წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელს აცნობა, რომ „თქვენი 2019 წლის 24 ოქტომბრის წერილის პასუხად, გიგზავნით მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ 2019 წლის 30 აგვისტოს №108 ბრძანებას. ასევე გაცნობებთ, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა აღნიშნული ბრძანების ჩაბარებაზე, რაზედაც შედგა ოქმი“ (იხ. ს.ფ. 105).
75. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, მოსარჩელის მიერ 27.08.2019 წლით დათარიღებული და ხელმოწერილი წერილით დგინდება, რომ მინიმუმ წერილის შედგენის თარიღისათვის 27.08.2019 წელს, მოსარჩელე ინფორმირებული იყო დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ იმის გათვალისწინებითაც, რომ 31.08.2019 წლის შემდგომ მოსარჩელე მოპასუხესთან არ გამოცხადებულა და სამუშაო არ შეუსრულებია. ასევე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 27.08.2019 წელს გაგზავნილი წერილით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთება (გთხოვთ წერილობით მომაწოდოთ აღნიშნულის საფუძველი), რაზეც მოპასუხეს არ უპასუხია 7 დღის ვადაში. საქმეში წარმოდგენილი აქტით 30.08.2019 წელს მოსარჩელემ უარი განაცხადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების (ბრძანების) ჩაბარებაზე, რაზედაც შედგენილ იქნა აქტი. დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მხოლოდ 24.10.2019 წელს მიმართა მოპასუხეს გათავისუფლების ბრძანების გადმოცემის მოთხოვნით, ხოლო სარჩელი კი აღძრული იქნა 2021 წლის 28 სექტემბერს, გასჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
76. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეიტყო 27.08.2019 წელს და ამავე რიცხვშივე მოითხოვა დამსაქმებლისაგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთება, მას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 27.08.2019 წლიდან 7 დღის გასვლის შემდეგ 04.09.2019 წლიდან, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის ბოლო ვადას წარმოადგენდა 04.10.2019 წელი (საკასაციო პალატა აღნიშნავს, იმ დაშვების შემთხვევაშიც, რომ მოსარჩელეს სადავო ბრძანება ჩაბარდა 2019 წლის 30 ოქტომბერს - მოსარჩელის წარმომადგენლისათვის სადავო ბრძანების ჩაბარება, ან 2020 წლის ნოემბერში, როგორც ამას მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს), სარჩელი კი სასამართლოში აღძრულია 28.09.2021 წელს, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, ხანდაზმულია, ვინაიდან დარღვეულია სსკ-ის 38-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელი გარემოებაა.
77. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავა მაშინვე დაიწყო, როგორც კი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩააბარეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს შეუზღუდა მისი კანონიერი უფლებები, რადგან სარჩელის მიღებაზე სხვადასხვა მოტივით უარს ეუბნებოდა, რაც არის უკანონო ქმედება. ( იხ. საკასაციო საჩივარი).
78. საკასაციო პალატა დაუსაბუთებულობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას 2021 წლის 28 სექტემბრამდე აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნით მიმართული და სასამართლო სარჩელის მიღებაზე სხვადასხვა მოტივით უარს ეუბნებოდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღნიშნულის თაობაზე არც სარჩელში მიუთითებია (იხ. ს.ფ.2-15.) და არც აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 01 დეკემბრის გაადწყვეტილების 3.1.7 პუნქტით უდავოდ დაგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველი სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2021 წლის 28 სექტემბერს (იხ. სარჩელი, ს.ფ.2, მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში; მხარეები აღნიშნულს სადავოდ არ ხდიან).
79. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა მოთხოვნის შემაფერხებელი (ხანდაზმულობის) შესაგებლით წარმატებით გაართვა თავის თავის წილ მტკიცების ტვირთს, შესაბამისად, სარჩელი წარუმატებელია, ხოლო კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში). ამასთან, ვინაიდან სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი წარუმატებელია, უსაფუძვლოა იძულებითი განაცდურის ( ზიანის ანაზღაურების) შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც.
80. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
81. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
82. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჰ.ქ.ჰ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ჰ.ქ.ჰ–ის (პ.ნ:......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. ბ–ვას მიერ 06.06.2023-ში N7225 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე