Facebook Twitter

საქმე №ას-1389-2023 30 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა.პ.მ.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე კ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ინდივიდუალურმა მეწარმე კ.კ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.პ.მ.კ–იის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მხარეებს შორის 2022 წლის 30 მარტს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №26 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისთვის გადასახდელი თანხიდან, პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 4 490,88 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 30 მარტს მხარეთა შორის, აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ....... ქუჩაზე, ბათუმის №.. საფოსტო განყოფილების მიმდებარედ მდებარე 5111 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ.......) საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

3. ხელშეკრულების 6.3. პუნქტით, მომსახურების გაწევა დადგინდა სამ ეტაპად: I ეტაპი - ტერიტორიის, საკადასტრო ინფორმაციის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში ტოპოგრაფიული და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, პირველადი ინფორმაციის მოპოვება/დამუშავება არსებულ საინჟინრო ქსელებთან დაკავშირებით, ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის და გეგმარებითი ნაწილის შემსყიდველთან შეთანხმება, ობიექტის ყველა საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე საჭირო მასალების წარმოდგენა შესაბამისი სამსახურებიდან - ხელშეკრულების გაფორმებიდან - 30 კალენდარული დღე; II ეტაპი - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეტალური სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება, შესაბამისი შენობა-ნაგებობის კლასისათვის განსაზღვრული ყველა სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარება, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესთან“ შესაბამისობაზე, ფასთა წარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე; III ეტაპი - სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობა - დაპროექტებული შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლამდე პერიოდი.

4. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-6 პუნქტის 6.3.1. და 6.3.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებელს აკისრებს ჯარიმას ერთჯერადად 4 000 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე.

5. ხელშეკრულების 6.3.1. პუნქტში მითითებული პირველი ეტაპით სავალდებულო მომსახურება, მოსარჩელემ სრულად და დროულად წარადგინა. ამავე პუნქტით განსაზღვრული საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და შესაბამისი სამსახურებიდან ობიექტის ყველა საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე საჭირო მასალების წარდგენა კი პირველ ეტაპზე არ მომხდარა, რადგან ამის საჭიროება არ იდგა. ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირებმა შესაბამისი პასუხის მიწოდებაც დააგვიანეს. ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებული იქნა 2-3 დღის დაგვიანებით.

6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი და მეორე ეტაპი დასრულდა დადგენილ ვადაზე ადრე. შემსყიდველმა თანხა აანაზღაურა, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ დაუკავა მოსარჩელეს ერთჯერადი პირგასამტეხლო - 4000 ლარი და ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2% - 490,88 ლარი.

7. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები და დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ შესრულების ვადის გადაცილებას, მაშინ სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლი 44, 18 ლარამდე, მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო 4000 ლარის ოდენობით, ხოლო საურავი უნდა შემცირდეს 0,02 % მდე, ამასთან საურავი დაანგარიშებული უნდა იქნეს არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან, არამედ პირველი და მეორე ეტაპის შესრულებისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან (იხ. სარჩელი, ს.ფ.2-18).

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მოხდა პირგასამტეხლოს 4490,88 ლარის დაკავება, რადგან მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია (იხ. ს.ფ.74-85).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის პირველი მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის 2022 წლის 30 მარტს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №26 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხიდან პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 4041,88 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ.144-160).

10. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა (იხ.ს.ფ.163-172).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით (იხ. ს.ფ.213-220) მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლით და მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§29-30).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

14. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

15. 2022 წლის 30 მარტს მხარეთა შორის, აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 5111 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

16. ხელშეკრულების 6.3. პუნქტით, მომსახურების განხორციელება განისაზღვრა სამ ეტაპად. 6.3.1-6.3.3. ქვეპუნქტების შესაბამისად, I ეტაპი მოიცავდა - ტერიტორიისა და საკადასტრო ინფორმაციის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში, ტოპოგრაფიულ და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, პირველადი ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებას არსებულ საინჟინრო ქსელებთან დაკავშირებით, ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის და გეგმარებითი ნაწილის შემსყიდველთან შეთანხმებას, ობიექტის ყველა საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე საჭირო მასალების წარმოდგენას შესაბამისი სამსახურებიდან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში; II ეტაპი - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეტალური სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებას და შესაბამისი შენობა-ნაგებობის კლასისათვის განსაზღვრული ყველა სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებას, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესთან“ შესაბამისობაზე, ფასთა წარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზას ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღეში; III ეტაპი - სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას - დაპროექტებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლამდე პერიოდში.

17. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-6 პუნქტის 6.3.1. და 6.3.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებელს აკისრებს ჯარიმას ერთჯერადად 4 000 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

18. 2022 წლის 29 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და წარუდგინა მხარეთა შორის 2022 წლის 30 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის მასალები. მასალებს არ ახლდა შპს „ს.კ.გ–სა“ და სს „ს–ის“ პასუხები საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე. მასალების წარდგენა, მოხდა 4 დღის დაგვიანებით. მეორე ეტაპის სამუშაოები მოსარჩელემ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე. მხარეთა შორის 2022 წლის 26 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და განხორციელდა ანგარიშსწორება.

19. მოპასუხემ მოსარჩელეს პირგასატმეხლო - 4490,88 ლარი დაუკავა.

20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.

21. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით, არ არსებობდა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 449 ლარამდე შემცირების საფუძვლები.

22. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა. იგი წარმოადგენს ძირითადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდების ვადა 4 დღით გადაცილა, რის გამოც არსებობს პირგასატეხლოს დაკისრების წინაპირობები. შემკვეთის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არის გამოანგარიშებული, თუმცა სასამართლომ იგი შეაფასა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და შეამცირა.

24. მართალია, მხარეთა შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-6 პუნქტის 6.3.1. და 6.3.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებელს აკისრებს ჯარიმას ერთჯერადად 4 000 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე.

25. პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

26. აპელანტის მოთხოვნიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობით პირგასამტეხლო გონივრულია თუ არა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება, მაგრამ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის მოცულობა მცირეა, დარღვევის სიმძიმე - უმნიშვნელო, რადგან ვადაგადაცილებას კრედიტორისათვის რაიმე საფრთხის გამომწვევი არ ყოფილა. იმ პირობებში, როდესაც მენარდემ ვადა გადააცილა მხოლოდ 4 დღით და ისიც - პირველი ეტაპის სამუშაოს შესრულების ვადა, შემდეგი ეტაპის სამუშაო კი დროულად შეასრულა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას ვერ ადასტურებს.

27. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციის გათვალისწინებით, მცირედი ვადაგადაცილება, თავისი არსით, მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობას არ ქმნიდა და მისი ოდენობის გაზრდის წინაპირობები არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

29. კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ-ები: №ას-1451-1371-2017 (2018-11-13), №ას-848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016) და საკასაციო პალატის განმარტებზე, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.

30. ზემოაღნიშნულის საფუძველზე კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაბუთებისათვის მნიშვნელოვანია ორი გარემოება: მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ზემოთაღნიშნულ (საჯარო) ელექტრონულ ტენდერებში, წარმოდგენილი იყო ადვოკატით და, რაც მთავარია, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხელო სულაც არ არის შეუსაბამოდ მაღალი.

31. კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხელოს გამოყენებისას (როდესაც დამკვეთი სახელმწიფოა, ფორმა - ელექტრონული ტენდერი, შემსრულებელი - მეწარმე სუბიექტი) აღნიშნული საქმე სასამართლო პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მომავალში სხვა ანალოგიურ პირობებში აღნიშნულმა პრეცედენტმა შეიძლება, ხელი შეუწყოს არაჯანსაღ მეწარმეებს ბოროტად ისარგებლოდან სასამართლოს მხრიდან ასეთი დათქმით, რითაც შეილახება ასევე საჯარო ინტერესი.

32. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მოსარჩელესთან გაფორმდა მას შემდეგ, რაც მან გაიმარჯვა საჯარო ელექტრონულ ტენდერში. მხარის მიერ სადავოდ გამხდარი პირობები სწორედ ელექტრონული ტენდერის პირობებია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელისათვის მიუღებელი იყო პირგასამტეხელოს პირობები, მას არ უნდა მიეღო მონაწილეობა ტენდერში და გაიმარჯვებდა კომპანია, რომლისთვისაც ეს პირობები მისაღები იქნებოდა და გულისყურით მიუდგებოდა სადავო საკითხს.

33. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ყველანაირი პირობა ნათელი იყო მხარისათვის. პირგასამტეხლო და ჯარიმა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების პროექტით, რომელსაც მოსარჩელე იცნობდა როგორც მიღება-ჩაბარების აქტის, ასევე, ხელშეკრულების გაფორმებამდე, ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში სწორედ პირგასამტეხელოს მიზნებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის მიღებული იქნა გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.2%-ით.

34. კასატორის განმარტებით, წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება - მხარეთა შორის 2022 წლის 30 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.3.1 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის მასალების წარდგენა მოპასუხის მიერ 4 დღის დაგვიანებით. შემდგომ მიუთითა, რომ „იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აღიარებს ვადაგადაცილების ფაქტს, ხოლო სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებულია სრულად, რაზეც შემსყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალსწინებული პირგასამტეხლო დამკვეთს უნდა აუნაზღაურდეს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობით, 449 ლარით. მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა სრულად უზრუნველყოფს შემკვეთის ძირითადი ინტერესების დაკმაყოფილებას.“ ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რას ეფუძნება სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე აღიარებს ვადაგადაცილების ფაქტს, როცა მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა პირგასამტეხელოს გაუქმება სრულად, იმიტომ, რომ მისი მოსაზრებით ვადაგადაცილების ფაქტი არ დაფიქსირებულა (იხ. საკასაციო საჩივარი).

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

38. 2022 წლის 30 მარტს მხარეთა შორის, აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 5111 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

39. ხელშეკრულების 6.3. პუნქტით, მომსახურების განხორციელება განისაზღვრა სამ ეტაპად. 6.3.1-6.3.3. ქვეპუნქტების შესაბამისად, I ეტაპი მოიცავდა - ტერიტორიისა და საკადასტრო ინფორმაციის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში, ტოპოგრაფიულ და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, პირველადი ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებას არსებულ საინჟინრო ქსელებთან დაკავშირებით, ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის და გეგმარებითი ნაწილის შემსყიდველთან შეთანხმებას, ობიექტის ყველა საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე საჭირო მასალების წარმოდგენას შესაბამისი სამსახურებიდან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში; II ეტაპი - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეტალური სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებას და შესაბამისი შენობა-ნაგებობის კლასისათვის განსაზღვრული ყველა სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებას, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესთან“ შესაბამისობაზე, ფასთა წარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზას ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღეში; III ეტაპი - სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას - დაპროექტებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლამდე პერიოდში.

40. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-6 პუნქტის 6.3.1. და 6.3.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებელს აკისრებს ჯარიმას ერთჯერადად 4 000 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

41. 2022 წლის 29 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და წარუდგინა მხარეთა შორის 2022 წლის 30 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის მასალები. მასალებს არ ახლდა შპს „ს.კ.გ–სა“ და სს „ს–ის“ პასუხები საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე. მასალების წარდგენა, მოხდა 4 დღის დაგვიანებით. მეორე ეტაპის სამუშაოები მოსარჩელემ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე. მხარეთა შორის 2022 წლის 26 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და განხორციელდა ანგარიშსწორება. შემსყიდველს შესრულებულ სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტნზია არ გააჩნია. ასევე არ დადასტურდა პირველი ეტაპის მასალების დაგვიანებით წარდგენის გამო, რაიმე ზიანის წარმოშობის ფაქტი.

42. მოპასუხემ მოსარჩელეს დაუკავა პირგასამტეხლოს სახით 4490,88 ლარი.

43. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას არ დაეთანხმა და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენების წინაპირობები.

44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.

45. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

47. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება, სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

48. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).

50. სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. (შდრ: სუსგ №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10).

51. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

52. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

53. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

54. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).

55. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

56. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2022 წლის 29 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და წარუდგინა მხარეთა შორის 2022 წლის 30 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის მასალები. მასალებს არ ახლდა შპს „ს.კ.გ–სა“ და სს „ს–ის“ პასუხები საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე. მასალების წარდგენა, მოხდა 4 დღის დაგვიანებით. შესაბამისად გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის, მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

57. კასატორის პრეტნზიასთან მიმართებით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, ასევე შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:

58. სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სსკ-ის 319-I მუხლის თანახმად კი, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს. (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.). იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

62. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03 დეკემბერი, 2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წ.).

63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

64. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. (შდრ. სუსგ-ებს: № ას-827-2021, 03 დეკემბერი, 2021წ; № ას-384-2020, 28 მარტი, 2022წ; № ას-51-2021, 01 აპრილი, 2022წ; № ას-1098-2021, 26 ივლისი, 2022წ; № ას-626-2023, 7 ივლისი, 2023 წ.). მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-400-2023, 20 ოქტომბერი, 2023 წ; №ას -626-2023, 7 ივლისი, 2023წ; №ას-941-2022, 31 ოქტომბერი, 2022წ; № ას-51-2022, 22 ივლისი, 2022წ; №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წ; № ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წ; № ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015წ.).

65. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ-ები: №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022, პ.74; №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020; №ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019; №ას-581-2019, 31 ივლისი, 2019; №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016).

66. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-774-2023, 12 სექტემბერი, 2023 წელი).

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ს მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

69. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.

70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (იხ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12; დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ.83, 92-95).სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

71. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება. მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (იხ. ალექსანდრე იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54).ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (იხ: ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118).რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების კორექტირებას (მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი), ანუ ხელშეკრულების ადაპტაციას, მან უნდა ასახოს მხარეთა ის ნება, რომელიც კონტრაჰენტებს ექნებოდათ შეცვლილი გარემოებების ხელშეკრულების დადების ეტაპზე ცოდნის შემთხვევაში (ვრცლად იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შერულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებით ანალიზი), თბილისი, 2015).

72. საკასაციო პალატას მიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის შედავების ფარგლებში განმსაზღვრელია სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება და არა მარტოოდენ პირგასამტეხლოს მოთხოვნა.

73. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების 6.3. პუნქტით, მომსახურების განხორციელება განისაზღვრა სამ ეტაპად. I ეტაპი მოიცავდა - ტერიტორიისა და საკადასტრო ინფორმაციის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში, ტოპოგრაფიულ და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, პირველადი ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებას არსებულ საინჟინრო ქსელებთან დაკავშირებით, ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის და გეგმარებითი ნაწილის შემსყიდველთან შეთანხმებას, ობიექტის ყველა საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე საჭირო მასალების წარმოდგენას შესაბამისი სამსახურებიდან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში; II ეტაპი - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეტალური სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებას და შესაბამისი შენობა-ნაგებობის კლასისათვის განსაზღვრული ყველა სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებას, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესთან“ შესაბამისობაზე, ფასთა წარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზას ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღეში; III ეტაპი - სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას - დაპროექტებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლამდე პერიოდში. 2022 წლის 29 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და წარუდგინა მხარეთა შორის 2022 წლის 30 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის მასალები. მასალებს არ ახლდა შპს „ს.კ.გ–სა“ და სს „ს–ის“ პასუხები საინჟინრო კომუნიკაციის თაობაზე. მასალების წარდგენა, მოხდა 4 დღის დაგვიანებით. მეორე ეტაპის სამუშაოები მოსარჩელემ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე. მხარეთა შორის 2022 წლის 26 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და განხორციელდა ანგარიშსწორება. შემსყიდველს შესრულებულ სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტნზია არ გააჩნია. ასევე არ დადასტურდა პირველი ეტაპის მასალების დაგვიანებით წარდგენის გამო, რაიმე ზიანის წარმოშობის ფაქტი. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის 4 დღით დაგვიანებას, არ უმოქმედია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების ვადაზე.

74. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლოვობა, ვალდებულების დარღვევის შედეგების სიმძიმე ან სხვა სახის გარემოების არსებობა, განაპირობებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მართებულობას. (იხ. სუსგ: №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წ.).

75. კასატორის პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს, „როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“. (იხ. სუსგ №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წ.). „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს“ (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

76. კასატორის განმარტებით, წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება - მხარეთა შორის 2022 წლის 30 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.3.1 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის მასალების წარდგენა მოპასუხის მიერ 4 დღის დაგვიანებით. შემდგომ მიუთითა, რომ „იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აღიარებს ვადაგადაცილების ფაქტს, ხოლო სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებულია სრულად, რაზეც შემსყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალსწინებული პირგასამტეხლო დამკვეთს უნდა აუნაზღაურდეს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობით, 449 ლარით. მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა სრულად უზრუნველყოფს შემკვეთის ძირითადი ინტერესების დაკმაყოფილებას.“ ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რას ეფუძნება სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე აღიარებს ვადაგადაცილების ფაქტს, როცა მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა პირგასამტეხელოს გაუქმება სრულად, იმიტომ, რომ მისი მოსაზრებით ვადაგადაცილების ფაქტი არ დაფიქსირებულა (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.34.).

77. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო:

78. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები და დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ შესრულების ვადის გადაცილებას, მაშინ სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლი 44, 18 ლარამდე, მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო 4000 ლარის ოდენობით, ხოლო საურავი უნდა შემცირდეს 0,02 % მდე, ამასთან საურავი დაანგარიშებული უნდა იქნეს არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან, არამედ პირველი და მეორე ეტაპის შესრულებისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან (იხ. სარჩელი, ს.ფ.15, წინამდებარე განჩინების პ.7.).

79. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ასევე ვალდებულების დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, დაკისრებული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ადეკვატურ, გონივრულ და სამართლიან ოდენობას.

80. საკასაციო პალატას მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, ხოლო მოპასუხემ კი ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის სრულად განხორციელების გამორიცხვა, შესაბამისად, კასატორმა ვერ დარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

81. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

82. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

83. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

84. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

85. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

86. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 13/11/2023 წელს №5740357 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.პ.მ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ა.პ.მ.კ–იას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 13/11/2023 წელს №5740357 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე