საქმე №ას-1566-2023 30 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ლ.ბ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონოდ დარიცხული და ჩამოჭრილი პროცენტის - 850.10 ლარის, ასევე, 2021 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით სესხზე უკანონოდ დარიცხული და ჩამოჭრილი პროცენტის - 526.08 ლარის დაბრუნების შესახებ.( იხ. 2023 წლის 19 აპრილის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 16 ივლისს მოპასუხისაგან ისესხა 5040 ლარი. სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, სესხის სრულად დაფარვის თარიღი იყო 2022 წლის 14 დეკემბერი. 2019 წლის 12 სექტემბერს სესხი ნაწილობრივ წინსწრებით დაიფარა, რის შემდეგ დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 4600,59 ლარი.
3. მოპასუხემ, პანდემიის პირობებში, სამჯერ შესთავაზა შეღავათი საპენსიო სესხით მოსარგებლე პირებს და გადაუვადა ყოველთვიური დავალიანების გადახდა, კერძოდ, 2020 წლის აპრილის, მაისის, ივნისის და დეკემბრის - როგორც ძირის, ისე პროცენტის გადახდა, ხოლო 2021 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში ჩამოაჭრა მხოლოდ პროცენტი. ძირი თანხის გადახდა/გადავადება უნდა მომხდარიყო გრაფიკით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცხადება მოსარჩელემ გაავრცელა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. 2022 წლის იანვარში მოსარჩელემ გადაწყვიტა, გადაემოწმებინა ინფორმაცია არსებული დავალიანების შესახებ და აღმოჩნდა, რომ მისი დავალიანება სრულდება არა 2022 წლის დეკემბერში, არამედ 2026 წლის დეკემბერში, ასევე აღმოჩნდა, რომ ის ე.წ. საშეღავათო პერიოდში გადასახდელი თანხა 2021 წლის ივნისში, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, დაემატა არსებულ დავალიანებას ანუ სესხის ძირს და სესხის საერთო მოცულობამ შეადგინა 4482,19 ლარი.
5. მოსარჩელის სესხი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ ნორმატიული აქტის, ფიზიკური პირის „დაკრედიტების წესების შესახებ“ მითითებული პირობების თანახმად, გაცემულია კლებადი გრაფიკით, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვიური გადასახადიდან თავდაპირველად დიდი ნაწილი მიემართება სესხის პროცენტის დასაფარად, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი - სესხის ძირის დასაფარად, სესხის ვადის დინებასთან ერთად, მცირდება ყოვეთვიურ გადასახადში გათვალისწინებული მოპასუხისათვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა და იზრდება დასაფარი ძირი. მოპასუხემ თვითნებურად ააგო ახალი გრაფიკი მოპასუხის სესხზე, შესაბამისად, თავიდან დაიწყო ყოველთვიური თანხის ჩამოჭრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ხელახლა დააკისრა იმ თანხით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდა, რომელიც მას უკვე გადახდილი ჰქონდა. მოსარჩელეს თანხმობა ახალი გრაფიკის შედგენაზე არ განუცხადებია, ისევე როგორც არ დასთანხმებია სესხის პირობების ცვლილებას. ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მას გადაუგზავნა სტანდარტული საინფორმაციო სმს შეტყობინება, არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმეს დასტურად, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის ბრძანების თანახმად, მსესხებლის მხოლოდ ინფორმირება არ არის საკმარისი, დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობებზე მსესხებლის თანხმობა სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის N32/4 ბრძანების მე-3 მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად, ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება დასაშვებია, თუ საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხორციელდება მომხმარებლის სასარგებლოდ.
6. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია, ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის საფინანსო პროდუქტის პირობებზე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და ხელშეკრულების დადება. დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე, შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღება. მტკიცების ტვირთი, რომ შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობა იყო გამოთქმული, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან მიმართებით ხელშეკრულების პირობების ცვლილება განხორციელდა მხარესთან გაფორმებული ძირითადი ხელშეკრულების, სტანდარტული პირობებისა და გადავადების სტანდარტული პირობების მიხედვით. თვითნებურად არ მომხდარა სოციალური ანგარიშის მომსახურების არცერთი ეტაპი, ყველა ცვლილება შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებსა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 373-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 374-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმება მოსამართლის მიერ ხდება ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად კი, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
11. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების სრულად გაუქმება, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს: 1) სესხზე უკანონოდ დარიცხული და ჩამოჭრილი პროცენტის 850.10 ლარის დაბრუნება; 2) 2021 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით სესხზე უკანონოდ დარიცხული და ჩამოჭრილი პროცენტის - 526.08 ლარის დაბრუნება.
12. აღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 1376.18 ლარს, რაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ, მართალია, მოცემული დავის საგანი 2000 ლარს არ აღემატება, თუმცა დავა შეეხება სპეციფიკურ საკითხს. მოპასუხემ მოსარჩელეს უკანონოდ დაარიცხა თანხა და საურავი, რითაც ზიანი მიაყენა მას.
15. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი შეტყობინება არ იყო გასაგები. ამდენად, მოსარჩელემ ონლაინ მიღებული ინფორმაცია ვადის გაგრძელების შესახებ არ ჩათვალა კანონიერად, ოფერტის შინაარსის ბუნდოვანების გამო. უცნობია სასამართლოს საბოლოო შეფასება ოფერტზე მოწვევის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დავის სამართლებრივად შეფასების შემთხვევაში შეიძლება გაზრდილიყო დავის ფარგლებიც და მისი საგნის ღირებულებაც. გასათვალისწინებელია მსგავსი დავების სიხშირე, როდესაც არაერთი მოქალაქე დაზარალდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიმართ დავას საერთოდ დაუკარგა აზრი. აღნიშნული კი გავლენას იქონიებს სხვა დავებზეც (იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ.285-286).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
18. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ №ას-506-2021, 12 ნოემბერი, 2021 წელი).
20. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
21. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, მოპასუხისათვის სესხზე უკანონოდ დარიცხული და ჩამოჭრილი პროცენტის 850.10 ლარის, ასევე, 2021 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით სესხზე უკანონოდ დარიცხული და ჩამოჭრილი პროცენტის - 526.08 ლარის დაბრუნება. საქმის მასალებიდან ირკვევა და არც კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 1376.18 ლარს.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.
23. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა სსკ-ის 365-ე მუხლთან მიმართებით და კანონიერად დატოვა იგი განუხილველად აღნიშნული საფუძვლით (შდრ: სუსგ -ები: №ას-482-2023, 13 ივლისი, 2023 წ; №ას-806-2023, 11 ივლისი, 2023 წ; №ას- 1229-2023, 02 ნოემბერი, 2023 წელი, №ას-1457-2023, 18 იანვარი, 2024 წელი)
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით.
25. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე აღემატებოდა 2000 ლარს.
26. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას დავის მატერიალურ-სამართლებრივ მხარეზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხები მსჯელობის საგანი გახდებოდა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში.
27. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე