Facebook Twitter

საქმე №ას-1592-2023 30 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ჩ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ჩ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.კ–იას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა: გამოთხოვილ იქნეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ყაზბეგის რაიონის ........... მდებარე (ს.კ: ......) საცხოვრებელი ბინის მეორე სართულზე განლაგებული ლიტერი „ა-ს“ 2/6 ნაწილი, ლ.ჩ–ის (შემდგომ - ფიზიკური პირი) 1/6-დან 1/3 ნაწილი, რაც შეადგენს მთელი ფართის 39 კვ.მ-ს, ასევე, 17.63 კვ.მ სარდაფი პირველ სართულზე; აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს; აღიკვეთოს უკანონო ხელშეშლა ქონებით სარგებლობაში.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეა. მისი პროტესტის მიუხედავად, მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას. აღნიშნულმა მოსარჩელე აიძულა, სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა და ხელყოფის აღკვეთა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსსკ-ის 268-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა. ( იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-8)

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონება რამდენიმე პირის, მათ შორის, მოდავე მხარეების თანასაკუთრებაა. თანამესაკუთრეთა წილი გამოყოფილი არ არის, რაც არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ წილები განსაზღვრული იქნეს საცხოვრებელი სახლის ყველა მფლობელისათვის. საცხოვრებელი სახლის ლიტერ „ა“, მოსარჩელის გარდა, სხვა თანამესაკუთრეების მფლობელობაშიც არის, ამიტომ 2/6 წილი წარმოადგენს არასწორ მონაცემს. მოსარჩელემ 2017 წლის 5 აპრილს, თვითნებურად განახორციელა მიწის დაზუსტებული რეგისტრაცია და ცნობა-დახასიათებაში მითითებული ფართი შეამცირა, რამაც თანამესაკუთრეთა უფლების დარღვევა გამოიწვია. თანამესაკუთრეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს, სადაც მოსარჩელე წარმოადგენს მესამე პირს. სარჩელი მიღებულია სასამართლოს მიერ წარმოებაში. უსაფუძლოა სარჩელი უკანონო მფლობელობაზე, რადგან მოპასუხის მამკვიდრებლებს სადავო საცხოვრებელი სახლის მე-2-სართულზე საკუთრებაში გააჩნდათ 44,83 კვ.მ ფართი და დამხმარე ფართი 23.8 კვ.მ ( სარდაფი). სარჩელზე დართული მტკიცებულებებით უკანონო მფლობელობა ან ხელშეშლა არ დასტურდება, რადგან საცხოვრებელ სახლში რეალურად არ არის განაწილებული წილები, ხოლო ადმინისტრაციოული დავის დასრულების შემდგომ, როგორც წილები, ისე ფართები, სარდაფი, გადანაწილდება სხვაგვარად.

4. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება მოპასუხის უკანონო მფლობელობა, მაშინ, როდესაც არსებობს საჯარო რეესტრის რეგისტრაცია, რომლის მიმართაც ვრცელდება უტყუარობის პრეზუმფცია, სანამ არ მოხდება შედავება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზს, იგი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან სხვა თანამესაკუთრეების დასწრების გარეშე შედგენილი საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი და მით უფრო გამიჯვნა, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა და ვერ ექნება მტიკებულებითი დატვირთვა. ( იხ. შესაგებელი, ს.ფ.67-74).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ( იხ. ს.ფ.141-151), რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება. ( იხ.ს.ფ.154-166).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები არიან უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები.

8. საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო ქონებიდან აპელანტს ეკუთვნის ლიტერ „ა-დან“ 2/6 ნაწილი და ფიზიკურ პირს - 1/6-დან 1/3 ნაწილი, ხოლო მოპასუხეს - დასახელებული ფიზკური პირის 1/6-დან 2/3 ნაწილი.

9. სადავო ქონების დანარჩენ ნაწილზე რეგისტრირებულია არაიდენტიფიცირებულ პირთა თანასაკუთრების უფლება.

10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მითითებაზე, რომ სადავო ქონებიდან მას ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, კერძოდ, მეორე სართულიდან 39 კვ.მ, ხოლო პირველი სართულიდან - 17,63 კვ.მ ეკუთვნის. სწორედ ამიტომ მოითხოვა მოპასუხისაგან ამ ქონების დაბრუნება.

11. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და 248-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელემ უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვასთან ერთად მისი გამიჯვნაც მოითხოვა, თუმცა მას საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე სარჩელი არ აღუძრავს. სარჩელით, სააპელაციო საჩივრითა და ორივე ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ იგი მოთხოვნილ ქონებას ინდივიდუალური საკუთრების საგნად მიიჩნევს, რაც არასწორია.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში მხარეთა თანასაკუთრებადაა რეგისტრირებული. აპელანტი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია. მეტიც, სადავო ქონების დაყოფის რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართა, თუმცა სააგენტოს 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ამ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. რაც მთავარია, სადავო ქონებაზე მოპასუხის უფლება დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ზემოხსენებული მონაცემები ნამდვილია და მხარეები ქონების თანამესაკუთრეები არიან.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის, 170-ე მუხლის პირველი ნაწილის და 162-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რადგან მოპასუხე სადავო ქონების თანამესაკუთრე, ე.ი. მართლზომიერი მფლობელია, იგი არ არის ვალდებული ნების გარეშე დათმოს მფლობელობა. აპელანტი უფლებამოსილია, სადავო ქონებით თავადაც ისარგებლოს, თუმცა იგი მოპასუხისაგან არა სადავო ქონებით სარგებლობის უფლების მინიჭებას, არამედ კონკრეტულად, 39 კვ.მ-სა და 17,63 კვ.მ-ს დაბრუნებას ითხოვს.

16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებამდე და თითოეული მოწილის ინდივიდუალური საკუთრების საგნის განსაზღვრამდე, აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოა. საყურადღებოა ისიც, რომ სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, რადგან მხარეებს სადავო ქონება ერთობლივად ეკუთვნით, მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით საზიარო უფლებებისათვის დადგენილი წესები ვრცელდება. ამავე კოდექსის 963-ე და 964-ე მუხლები საზიარო უფლების გაუქმების ორ გზას - მის ნატურით გაყოფას ან გაყიდვას ითვალისწინებს. საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნიდან მისი ნაწილის გამოყოფის, ერთ-ერთი მოწილისათვის მიკუთვნების, ხოლო დარჩენილ ქონებაზე საზიარო უფლების შენარჩუნების გზით მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით არის შესაძლებელი. დადგენილია, რომ მოპასუხე საზიარო ქონებიდან სადავო ფართის მოსარჩელისათვის მიკუთვნების წინააღმდეგია. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა მის მიერ მითითებული წესით საზიარო უფლების გაუქმება რომც ყოფილიყო, იგი მაინც უსაფუძვლო იქნებოდა. მით უმეტეს, რომ საქმის მასალების, კერძოდ, შპს „ა–ის“ მიერ შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად, აპელანტის მიერ მოთხოვნილი 39 კვ.მ ოთახი სახლში საერთოდ არ არის.

17. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახლის პირველ სართულზე განთავსებულია 17,63+17,63=35,26 კვ.მ სარდაფი. აპელანტმა მიიჩნია, რომ ეს სარდაფი, შპს „ა–ის“ ნახაზის მიხედვით, უნდა გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად და მას აღმოსავლეთ, ე.ი ეზოს მხარეს არსებული ფართი უნდა მიეკუთვნოს. ნახაზიდან დგინდება, რომ ამგვარი გაყოფის შემთხვევაში, სარდაფის მეორე ნაწილი შესასვლელის გარეშე დარჩება და მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქონება არათანაბარ, არაერთგვაროვან ნაწილებად გაიყოფა. სსკ-ის 963-ე მუხლის თანახმად, კი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ საზიარო საგანი (საგნები) ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკამყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

19. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ვინაიდან მოპასუხეს რაიმე მტკიცებულებით სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის ფაქტი არ დაუდასტურებია.

20. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა მოსარჩელეს, წარედგინა შუამდგომლობა მოსამზადებელ სხდომაზე და დაერთო საქმისათვის საჭირო მტკიცებულებები, რადგან განიხილა საქმე მთავარ სხდომაზე. ასევე, სათანადოდ არ იქნა განხილული წარმოდგენილი მტკიცებულებები.

21. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 1999 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ დადგენილი ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. სსკ-ის 953-ე მუხლის მიხედვით, თითოეულ მესაკუთრეს უფლება აქვს განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება ერთობლივად. სსკ-ის 961-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულ მეწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გამოყოფის ფორმით. საზიარო უფლების შენარჩუნება არღვევს კასატორის საკუთრების უფლებას, რადგან კასატორი ვერ სარგებლობს მის სახელზე რიცხული ქონებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდეგნილი მტკიცებულებებით.

22. საქმეში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტითა და თანდართული გამიჯვნის ნახაზით, რაც გაიცა 2001 წელს ყაზბეგის ტექნიკური ბიუროს მიერ და დამოწმდა ბეჭდით, დასტურდება, რომ საზიარო ქონება მხარეთა შორის გაყოფილია. კასატორის მოსაზრებით, დასახელებულზე მსჯელობას გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს. მხარემ იშუამდგომლა საქმეზე ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, რომლებიც სახლის გაყოფას დაადასტურებდნენ. აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ შეძლო, ხოლო სააპელაციო პალატამ უარი განუცხადა მხარეს მათ მიღებაზე.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში -სსსკ-ი) 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი - დისპოზიციურობა, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, თვითონ მოსარჩელე იღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა სასამართლოს სარჩელით. ამიტომ, საქმის აღსაძვრელად აუცილებელია სარჩელის ( განცხადების) შეტანა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით („ვერ შედგება სასამართლო მოსარჩელის გარეშე“ – „nemo judex sine actore” ან „nemo invitus agree cogitur“ – „სურვილის წინააღმდეგ ვერავინ მიიჩნევა მომჩივნად.)“ სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიმართაცაა სარჩელი აღძრული. შესაბამისად, მოპასუხედ მითითებული პირი აუცილებელია, რომ იყოს ,,პასუხისმგებელი”. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღადგინოს მოსარჩელის დარღვეული სამოქალაქო უფლება.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

30. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

33. მხარეები არიან უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები.

34. საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო ქონებიდან აპელანტს ეკუთვნის ლიტერ „ა-დან“ 2/6 ნაწილი და ფიზიკურ პირს - 1/6-დან 1/3 ნაწილი, ხოლო მოპასუხეს - დასახელებული ფიზკური პირის 1/6-დან 2/3 ნაწილი.

35. სადავო ქონების დანარჩენ ნაწილზე რეგისტრირებულია არაიდენტიფიცირებულ პირთა თანასაკუთრების უფლება.

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

38. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

40. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შდრ: სუსგ-ები: №789-2023, 29 სექტემბერი, 2023 წ; №ას-1005-2013, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-1004-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №766-2023, 05 ოქტომბერი, 2023 წ; №1146-2023, 11 ოქტომბერი, 2023 წ; №997-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წ.).

41. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი - ნინო კალატოზიშვილი).

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ები: №ას-1005-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.,პ.39; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).

43. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.) „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97).

44. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411).

45. „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309). „საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.105).

46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73). როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; § 28). შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ - Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი 2006;). სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად არ წარმოადგინა გადაწყვეტილების დეტალური მიზეზები, უპასუხოს წამოჭრილი საკითხების არსებით ნაწილს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ქვედა ინსტანციის დასაბუთების გაზიარებით (ელე ფინეთის წინააღმდეგ- Helle v. Finland, 19 დეკემბერი 1997, § 60, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII).

47. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილ არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებაზე დაყრდნობით.

50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 102-ე მუხლები).

51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელის დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

52. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად ისევე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

53. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებასდა ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინმტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

54. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

55. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

56. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დამტკიცების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

57. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეს მოპასუხესთან და სხვა პირებთან ერთად. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული თანამესაკუთრეთა წილები არსებობს მხოლოდ იდეალური წილის სახით, საზიარო უფლება (თანასაკუთრება) გაუქმებული არ არის და მოსარჩელის საკუთრება რეალური წილის სახით გამოყოფილი არ არის. სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. კასატორი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია. მეტიც, სადავო ქონების დაყოფის რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართა, თუმცა სააგენტოს 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ამ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სადავო ქონებაზე მოპასუხის უფლება დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (იხ. ს.ფ.88-91), შესაბამისად, ზემოხსენებული მონაცემები ნამდვილია და მხარეები ქონების თანამესაკუთრეები არიან.

58. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები (იხ. სუსგ საქმე №ას-601-2023, 24 ივლისი, 2023 წელი).

59. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოდავე მხარეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს და მათი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია იდეალური წილების სახით. შესაბამისად, სარჩელის ამ ფორმით დაკამყოფილების შემთხვევაში, მისი აღსრულება ვერ მოხდება, რადგან არ არის თვალნათელი, კონკრეტულად რომელ ფართზე შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მფლობელობა უკანონოდ.

60. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის, 170-ე მუხლის პირველი ნაწილის და 162-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რადგან მოპასუხე სადავო ქონების თანამესაკუთრე, ე.ი. მართლზომიერი მფლობელია, იგი არ არის ვალდებული ნების გარეშე დათმოს მფლობელობა. აპელანტი უფლებამოსილია, სადავო ქონებით თავადაც ისარგებლოს, თუმცა იგი მოპასუხისაგან არა სადავო ქონებით სარგებლობის უფლების მინიჭებას, არამედ კონკრეტულად, 39 კვ.მ-სა და 17,63 კვ.მ-ს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას ითხოვს.

61. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

62. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთას. მითითებულ მოთხოვნას მოპასუხემ დაუპირისპირა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ სახლთმფლობელობის კონკრეტულ ნაწილებს მხარეები ფლობენ თანასაკუთრების უფლებით. ამდენად, სახეზე არ გვაქვს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა, რადგან საქმის მასალებით სახლთმფლობელობის წილების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს (მოდავე მხარეები) შორის რეალური წილების განაწილების არარსებობისას, დღის წესრიგში დგება საზიარო ქონების გაყოფის შესახებ საკითხი. აღნიშნული კი, მოცემული დავის საგანს სცდება და საჭიროებს დამოუკიდებელი მოთხოვნის წარდგენას. დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარემ უნდა აღძრას სარჩელი, რადგან ყოველი პირი თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი მისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად.

63. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

64. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფარგლებში, საზიარო უფლების გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის გამო, საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს კასატორის პრეტენზიაზე, რომ საზიარო უფლების შენარჩუნება არღვევს კასატორის საკუთრების უფლებას, რადგან კასატორი ვერ სარგებლობს მის სახელზე რიცხული ქონებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. საკასაციო საჩივარი).

65. როგორც მოსარჩელეს გასაჩივრებული განჩინებით მართებულად მიეთითა, მოცემული დავა შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვასა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებზე, რომელთა დადგენა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა.

66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შდრ: ახალ გარემოებებზე დაგვიანებით მითითებასთან დაკავშირებით სუსგ-ები №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი პ.49).

67. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს, აღნიშნულ ინსტანციაში სსსკ-ის 407-I მუხლის თანახმად, ახალი მტკიცებულების წარდგენა დაუშვებელია და კასატორის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. კასატორმა ვერც იმგვარი საპატიო გარემოების არსებობაზე მიუთითა, რაც მტკიცებულებების ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მათი წარუდგენლობის მიზეზი გახდებოდა.

68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის საშუალებაა ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან (იხ. სუსგ 27.04.2021წ, საქმე Nას-25-2021,).

69. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ-ები: 12.02.2016წ. საქმე №ას-1041-998-2016, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016, 5.07.2019წ. საქმე №ას-778-2019).

70. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სადავო ქონებით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილშიც.

71. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

72. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

76. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 18/12/2023 წელს №61776 ტერმინალზე გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.ჩ–ს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 18/12/2023 წელს №61776 ტერმინალზე გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე