საქმე №ას-1334-2023 22 დეკემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – გ.ბ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ლ–ძე, ნ.ლ–ძე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
II კასატორი - გ.ლ–ძე, ნ.ლ–ძე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ერთობლივი საქმიანობის აღიარება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა, საზიარო უფლების გაუქმება, მიუღებელი შემოსავლის დაკისრება(ძირითად სარჩელით); ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა(შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით გ.ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) სარჩელი გ.ლ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი, შეგებებული სარჩელით პირველი მოსარჩელე, მეორე კასატორი) და ნ.ლ–ძის (მეორე მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მეორე მოსარჩელე, მოსარჩელის და, მესამე კასატორი) წინააღმდეგ, ერთობლივი საქმიანობის შედეგად ქონების თანამესაკუთრედ ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ხელშეშლის აღკვეთის, საზიარო უფლების გაუქმების და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა ლანჩხუთის რაიონის სოფელ .......... მდებარე ..........ს.კოდის მქონე, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2 წილის მესაკუთრედ და ასეთად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. დადგინდა გ.ბ–სა (პ/ნ..........) და გ.ლ–ძეს (პ/ნ ..........) შორის, 2012 წლის მაისის თვიდან 2018 წლის იანვრის თვის ჩათვლით ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, საწესჩვეულებო დარბაზის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის შეძენის, მშენებლობის და დარბაზის ფუნციონირების თაობაზე. აღიკვეთა გ.ლ–ძის (პ/ნ ..........) და ნ.ლ–ძის (პ/ნ ..........) მხრიდან გ.ბ–ისათვის (პ/ნ..........) ქ.ზესტაფონში, ....... მდებარე N........ ს/კოდის მქონე, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 644.85 კვ.მ შენობა - ნაგებობის (საწესჩვეულებო დარბაზის) ფლობის ხელშეშლა. გაუქმდა ნ.ლ–ძის (პ/ნ ..........) და გ.ბ–ის (პ/ნ..........) თანასაკუთრებაში არსებულ - ქ.ზესტაფონში, ....... მდებარე N.......... ს/კოდის მქონე მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საზიარო უფლება, საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეთა შორის კუთვნილი წილების პროპორციულად. გ.ლ–ძეს (პ/ნ ..........) და ნ.ლ–ძეს (პ/ნ ..........) გ.ბ–ის (პ/ნ..........) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავალის, 2018 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდზე - 14 181. 52 ლარის გადახდა, ასევე, გადაწყვეტილების გამოტანიდან ყოველთვიურად 2000 ლარის გადახდა, მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის დარბაზის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთამდე, ან ქონების აუქციონზე რეალიზაციამდე. გ.ლ–ძის და ნ.ლ–ძის შეგებებული სარჩელი, გ.ბ–ის მიმართ, ქონების თანამესაკუთრედ ცნობის, ქონების მესაკუთრედ ცნობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ 2006 წლის 27 ოქტომბერს ერთობლივი თანხებით შეიძინეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ .......... მდებარე 300 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი (ს.კ. .......), რომელიც გაფორმდა პირველი მოპასუხის სახელზე.
3.2. მოსარჩელე და პირველი მოპასუხე 2012 წელს ზეპირად შეთანხმდნენ საერთო თანხებით შეეძინათ მიწის ნაკვეთი და მასზე აეშენებინათ შენობა-ნაგებობა საწესჩვეულებო დარბაზისთვის, აემუშავებინათ დარბაზი და მიღებული მოგება გაენაწილებინათ თანაბრად. ამ მიზნით, 2012 წლის 25 მაისს, მათ ერთობლივად, ერთობლივი თანხებით სახელმწიფოსგან შეიძინეს ქალაქ ზესტაფონში, ........ქუჩაზე მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ........). მხარეთა შეთანხმებით ელექტრონულ აუქციონში უშუალოდ მონაწილეობას იღებდა მხოლოდ პირველი მოპასუხე და აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში მის სახელზე აღირიცხა.
3.3. ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო თანხების მოპოვების მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, სს „თ.ბ–დან“ პირველი მოპასუხის სახელზე გამოტანილი იქნა სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 27 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა შეძენილი მიწის ნაკვეთი ს.კ........... და მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება ს.კ. ........; სესხის დასაფარად თანხებს მხარეები დარბაზის მოგებიდან იხდიდნენ გრაფიკის შესაბამისად.
3.4. 2018 წლის 1 თებერვლიდან, სესხის თანხას ყოველთვიურად 2550,96 ლარს იხდიდა პირველი მოპასუხე, ბოლო შენატანი 8039,33 ლარი განხორციელდა 2020 წლის 25 სექტემბერს და ამით აღნიშნული სესხისრულად დაიფარა.
3.5. მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ, ერთობლივი და სესხად აღებული თანხებით, 2012 წლის 25 მაისს შეძენილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. .......) ააშენეს შენობა-ნაგებობა - საწესჩვეულებო დარბაზი, რომელიც ექსპლოატაციაში შევიდა 2015 წელს. შეიძინეს დარბაზისთვის საჭირო ინვენტარი და 2015 წლიდან 2018 წლის თებერვლამდე ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას და ინაწილებდნენ მოგებას.
3.6. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის, 2016 წლის 2 მარტს უძრავი ქონების ½ წილზე (ს.კ. ........; ზესტაფონი ........), დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა ორივეს თანასაკუთრებად (ვინაიდან ქონების შეძენისა და დარბაზის მშენებლობისთვის ორივე მხარემ თანაბარწილად გაიღო ხარჯები).
3.7. მომხდარი კონფლიქტის გამო, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეეწყვიტათ ერთობლივი საქმიანობა 2018 წლის 1 თებერვლიდან და 2019 წლის თებერვლამდე დარბაზში ემუშავა მხოლოდ პირველ მოპასუხეს, შემდეგ - ერთი წელი მოსარჩელეს და ასე მონაცვლეობით.
3.8. მხარეთა შორის არსებული ერთობლივი საქმიანობა 2018 წლის 1 თებერვლიდან შეწყდა. მოსარჩელემ დარბაზი გადააბარა პირველ მოპასუხეს. აღნიშნული თარიღიდან დარბაზს ამუშავებდა მხოლოდ პირველი მოპასუხე. 2019 წლის თებერვალში მან დარბაზი არ გადასცა მოსარჩელეს და დღემდე ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
3.9. პირველმა მოპასუხემ, 2019 წლის 10 აპრილს ქ. ზესტაფონში, ......... მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. N ........) კუთვნილი წილი გააჩუქა და საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის მეუღლეზე - მეორე მოპასუხეზე (რომელიც მოსარჩელის და არის).
3.10. მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ- 2018 წლის თებერვლიდან, საწესჩვეულებო დარბაზს მთლიანად ფლობენ პირველი და მეორე მოპასუხეები და დღემდე ხელს უშლიან მოსარჩელეს ქ. ზესტაფონში, ........ მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 644.85 კვ.მ შენობა - ნაგებობის (საწესჩვეულებო დარბაზის; ს.კ. N........) კუთვნილი წილის ფლობასა და სარგებლობაში. მოპასუხეები არც რაიმე თანხას უხდიან ქონების თანამესაკუთრეს.
3.11. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პირველი მოპასუხის შემოსავლებმა საწესჩვეულებო დარბაზის მუშაობის შედეგად, 2020 წლის იანვარში შეადგინა - 2000 ლარი, თებერვალში - 2000 ლარი, მარტში - 100 ლარი, დეკემბერში - 2000 ლარი. სხვა პერიოდის შემოსავლების შესახებ მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.
3.12. უძრავი ქონების საიჯარო ქირის შესახებ შპს „ე.ა–ი ..“-ის აუდიტის დასკვნის თანახმად, ქ. ზესტაფონში, ........ მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 644.85 კვ.მ შენობა - ნაგებობის (ს.კ. N........) საწესჩვეულებო დარბაზის გაქირავების შემთხვევისათვის საიჯარო ქირა შეადგენდა 4000 ლარს.
3.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქ. ზესტაფონში, ......... მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. N........; მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) ორ თანაბარ ერთგვაროვან იზოლირებულ ნაწილებად გაყოფა, მისი ფუნქციონალური ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია.
3.14. 2017 წლის 26 ოქტომბერს, პირველმა მოპასუხემ აუქციონის წესით შეიძინა ქ. ზესტაფონში, ....... ქუჩაზე მდებარე 533 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. N ........) და საჯარო რეესტრში თავის სახელზე დაარეგისტრირა. აღნიშნული ქონება მან აჩუქა თავის მეუღლეს - მეორე მოპასუხეს. შესაბამისად ქონება რეესტრში აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად.
3.15. მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი (ს.კ. N.......), რომელზეც საკუთრების მოწმობა გაიცა 2016 წლის 28 აგვისტოს, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად. 2018 წლის იანვარში მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაყო ორ ნაწილად 38 კვ.მ (ს.კ N..........) და 262 კვ.მ (ს.კ N..........).
3.16. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულმა საგანგებო მდგომარეობამ, მიმოსვლასა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვამ გამოიწვია პირველი მოპასუხის მფლობელობაში არსებული საწესჩვეულებო დარბაზის ფუნქციონირების შეჩერება, 2020 წლის მარტიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტები არ დავობდნენ:
4.1. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნების თაობაზე (რომ მხარეთა შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობა - სსკ 930-940- ე მუხლები).
4.2. მოსარჩელის მიერ ლანჩხუთის რაიონის სოფელ .......... მდებარე .......... ს.კოდის მქონე, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე (ვინაიდან ამ ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს).
4.3. ქ.ზესტაფონში, ........ მდებარე N......... ს/კოდის მქონე მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საზიარო უფლების, საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესთან დაკავშირებით.
5. მხარეთა შორის სადავოა და სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა:
5.1. მოპასუხეების მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მიმართ, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს.კ N........) სარგებლობის ხელშეშლას. აღნიშნულის შემთხვევაში, რა ოდენობის იყო ხელშეშლის პერიოდში მისაღები სავარაუდო შემოსავალი, რომელიც ვერ მიიღო მოსარჩელემ და რომელიც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ.
5.2. მიიღო თუ არა მონაწილეობა ქ.ზესტაფონში, .......... ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთის (ს.კ. N .........) შეძენაში მოსარჩელემ და უნდა იქნეს თუ არა ცნობილი ამ ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ.
5.3. არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული 262 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის (ს.კ. ...........) და 38 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ........) მოპასუხეების საკუთრებად რეგისტრაციის საფუძვლები.
6. მოპასუხეების მტკიცებით, ისინი სამეწარმეო საქმიანობას საკუთარ ½ ნაწილში ეწეოდნენ, მათ არასდროს აუკრძალავთ მოსარჩელისთვის დარბაზში მისვლა და საკუთარი საქმიანობის წარმოება 2018 წლის 1 თებერვლიდან დღემდე. მათი განმარტებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან მხარეთა შეთანხმებით შეწყდა ერთობლივი საქმიანობა, მოსარჩელემ ნებაყოფლობით გადააბარა პირველ მოპასუხეს საწესჩვეულებო დარბაზის კუთვნილი ინვენტარი და მოდავე მხარეები (ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტაზე შეთანხმების მოშლის შემდეგ) არ შეთანხმებულან სამომავლოდ საწესჩვეულებო დარბაზის წელიწადმონაცვლეობით ფლობისა და სარგებლობის თაობაზე.
7. დადგენილია, რომ 2017 წლის აგვისტოსდან, მხარეებს შორის დაწყებული კონფლიქტის გამო, მოსარჩელე და პირველი მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ შეეწყვიტათ ერთობლივი საქმიანობა. 2018 წლის 1 თებერვლიდან და 2019 წლის თებერვლამდე დარბაზში ემუშავა მხოლოდ პირველ მოპასუხეს. მართალია, მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითეს, რომ ასეთი მონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების (გ.გ–ძის, ხ.ე–ძის, თ.ბ–ის, ნ.ბ–ის, ე.ბ–ძის, ჯ.გ–ძის) განმარტებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელემ 2018 წლის თებერვალში პირველ მოპასუხეს გადააბარა დარბაზი და 2019 წლის იანვრის მეორე ნახევრამდე არ ჰქონია დარბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩარევის ან მონაწილეობის მცდელობა.
8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აღნიშნული არ მიიჩნევა როგორც მოსარჩელის მხრიდან თავისი წილი საკუთრებისა და შემოსავლის წყაროს ფაქტობრივი მიტოვება, რადგან მომდევნო წელს (2019 წლის იანვარ-თებერვალში) დარბაზში მისული მოსარჩელის მიმართ, განაჩენით დადასტურებული ფიზიკური დაპირისპირება ადასტურებს, რომ პირველი მოპაუხე ხელს უშლიდა მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. მოპასუხეთა არგუმენტაცია, რომ მოსარჩელე არ იყო შეზღუდული მონაწილეობა მიეღო დარბაზის ფუნქციონირების სამეწარმეო პროცესში, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს. მოპასუხეებმა ვერ მიუთითეს გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რის გამოც მოსარჩელე თავის საკუთრებაში აღარ უნდა დაბრუნებულიყო თუნდაც 2019 წლის 1 თებერვლის შემდეგ.
9. მეორე აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის (2018 წლის 1 თებერვალი) შემდეგ მხარეთა შორის რაიმე შეთანხმებას არ ჰქონია ადგილი, ვინაიდან მოსარჩელემ მიითვისა ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში ორივეს (მოსარჩელისადა პირველი მოპასუხის) კუთვნილი რესტორნის საბრუნავი თანხა (21000 ლარი, საიდანაც მოსარჩელემ აღიარა 15000 ლარის დავალიანების არსებობა, რაც დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმებით) და პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს განუცხადა, რომ მხოლოდ 21000 ლარის დაბრუნების შემდეგ შეეძლო სამუშაოდ დარბაზში დაბრუნება .
10. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მეორე აპელანტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულ წინააღმდეგობას უწევდა მოსარჩელეს (პირველ აპელანტს), რითაც ხელს უშლიდა მას საკუთრებაში არსებული ½ ნაწილით ფლობასა და სარგებლობაში ისე, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ ვინაიდან ადგილი არ ჰქონდა ხელშეშლას, მათ არ უნდა დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის სახით) მოსარჩელის სასარგებლოდ. თუმცა მოპასუხეები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს, 2018 წლის 1 თებერვლიდან არ მიუღია თანასაკუთრებად რეგისტრირებული ქონებიდან სავარაუდო შემოსავალი.
11. დადგენილია, რომ მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება (მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი ½ ნაწილი) წარმოადგენდა სამეწარმეო დანიშნულების ფართს, სადაც მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, მისივე კუთვნილ წილობრივ ფართზე, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა მეორე მოპასუხე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლის თებერვლიდან, საწესჩვეულებო დარბაზს მთლიანად ფლობდნენ მოპასუხეები კანონიერი საფუძვლის გარეშე და დღემდე ხელს უშლიან მოსარჩელეს (ქ.ზესტაფონში, .......... მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 644.85 კვ.მ შენობა - ნაგებობის ს.კ.N.........) თავისი კუთვნილი წილის ფლობასა და სარგებლობაში. შესაბამისად, მხარეთა სააპელაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე (იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა მიერ არ არის გასაჩივრებული საზიარო საგნის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება) არსებობდა 2018 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდზე, ასევე, გადაწყვეტილების გამოტანიდან ყოველთვიურად, მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის დარბაზის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთამდე, ან ქონების აუქციონზე რეალიზაციამდე, ზიანის - მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრების საფუძვლები.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება, რომ საკუთრებად რეგისტრირებული ½ ნაწილის მოპასუხეთა მხრიდან უკანონო ფლობიდან და სარგებლობიდან გამომდინარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სამეწარმეო ფართის დანიშნულებისამებრ (სულ მცირე, გაქირავებით) გამოყენების შეუძლებლობის გამო 2018 წლის 1 თებერვლიდან მოსარჩელემ დაკარგა ყოველთვიურად 2000 ლარის შემოსავლის (საიჯარო ქირის) მიღების შესაძლებლობა, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
13. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სარიტუალო დარბაზის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი 4000 ლარს შეადგენდა. სასამართლომ სწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავალი 2000 ლარი, თუმცა არასწორად შეამცირა დასაკისრებელი თანხა. კოვიდ პანდემიის დაწყების გათვალისწინებით მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება უნდა მომხდარიყო 2018 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 20 მარტამდე ჩათვლით - 26 თვე და თვეში მიუღებელი შემოსავლის ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო 2000 ლარი, ჯამში კი 52 000 ლარი.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2018 წლის 1 თებერვლიდან მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობენ და სარგებლობენ მოსარჩელის კუთვნილი დარბაზის ½ წილს, არ აძლევენ ქონების კუთვნილი 1/2 წილით სარგებლობის შესაძლებლობას, რის გამოც მოსარჩელე ვერ იღებს შემოსავალს. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ე.ა–ი .....“-ის აუდიტის დასკვნით დადგენილია, რომ უშუალოდ მესაკუთრეთა მიერ უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის სათანადოდ გამოუყენებლობის პირობებშიც კი, ქონების მხოლოდ გაქირავებით მიღებული შემოსავალი იქნება 4000 ლარი, რომლის ნახევარსაც 2000 ლარს მიიღებდა 1/2 წილის მესაკუთრე მოსარჩელე, რასაც იგი ვერ იღებს, ვინაიდან შეზღუდული აქვს საკუთრებით სარგებლობა. ამასთან, დადგენილია, რომ დარბაზის მშენებლობისა და მოწყობისათვის სს ,,თ.ბ–დან'' აღებული სესხი იფარებოდა მხარეთა მიერ გრაფიკის მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირებიდან მიღებული მოგებიდან, ხოლო 2018 წლის თებერვლიდან სესხის თანხას - 2550.96 ლარს ყოველთვიურად იხდიდა მხოლოდ პირველი მოპასუხე.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს არ წარუდგენიათ მტკიცებულება 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით დარბაზის ფუნქციონირების შედეგად პირველი მოპასუხის შემოსავლებისა და მოგების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცება ზიანის გამოანგარიშებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალი უნდა დაანგარიშებულიყო შემდეგნაირად: 4000 ლარს (საერთო სავარაუდო შემოსავალს) გამოკლებული ყოველთვიური შენატანი სესხის დასაფარად (2550.96 ლარი) და სუფთა მოგება 1449.04 ლარი გაყოფილი თანაბრად ორივე თანამესაკუთრეზე. შესაბამისად, 2018 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 724.52 ლარს, ხოლო 23 თვეზე (724.52 X 23) 16 663.96 ლარს.
16. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, პირველი მოპასუხის შემოსავალი 2020 წლის იანვარში შეადგენდა 2000 ლარს, თებერვალში - 2000 ლარს, მარტში - 100 ლარს. ზემოაღნიშნული პრინციპისა და მოცემული შემოსავლების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალი 2020 წლის იანვარში შეადგენდა 1724.52 ლარს, თებერვალში - 1724.52 ლარს, ხოლო მარტში (20 დღის საიჯარო ქირის გათვალისწინებით) -107.85 ლარს. ამდენად, 2018 წლის 1 თებერვლიდან 28 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით მიუღებელი შემოსავალი 26 თვეზე შეადგენდა - 20 220.85 ლარს. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისთვის დასაკისრებელი მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშებისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ 2020 წლის 25 სექტემბერს, პირველმა მოპასუხემ 8039 ლარის გადახდით სს ,,თ.ბ–სგან'' აღებული სესხი სრულად დაფარა (კანონმდებელი ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას სწორედ ყველა ვალდებულების დაფარვას ითხოვს, ეს ვალდებულებები კი თანაბარი წილობრივი მონაწილეობით უნდა დაანგარიშდეს). პირველი მოპასუხის შემოსავალი 2020 წლის დეკემბერში შეადგენდა 2000 ლარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მიუღებელმა შემოსავალმა, რაც მოპასუხეებს დაეკისრათ კიდეც, შეადგინა 14181.52 (20 220.85 - 8039.33 + 2000ლ) ლარი.
17. მეორე სადავო საკითხთან მიმართებით (ქ.ზესტაფონში, .......... ქუჩაზე არსებულ N........ ს/კოდის მქონე 553 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში მიიღო თუ არა მონაწილეობა მოსარჩელემ და უნდა იქნეს თუ არა ცნობილი ამ ქონების, /რომელიც მიმდინარე მომენტისთვის რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის საკუთრებად/ ½ ნაწილის თანამესაკუთრედ) სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მასალები და მხარეთა მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი მოსაზრებები, კერძოდ: მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით იყო შეძენილი ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში და მხოლოდ პირველი მოპასუხის სახელზე იმის გამო იყო რეგისტრირებული, რომ აუქციონში მხოლოდ ერთი პირი - პირველი მოპასუხე მონაწილეობდა. აღნიშნული გარემოების დასტურად მხარემ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხომაზე დაკითხული მოწმის - გ. ჭ–ძის განმარტებაზე, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება შეიძლება შეფასებულიყო არა როგორც ობიექტურად არსებული ფაქტის დადასტურება, არამედ მოწმის სუბიექტური ვარაუდი, ვინაიდან მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობა 2017 წლის 28 აგვისტოს შემდეგ (თუმცა მხარეებმა საბოლოოდ, ურთიერთშეთანხმებით 2018 წლის 1 თებერვლიდან შეწყვიტეს ერთობლივი საქმიანობა), ხოლო სადავო მიწის ნაკვეთი 2017 წლის ოქტომბრის თვეშია შეძენილი, რაც გამორიცხავდა მხარეთა მიერ რაიმე უძრავი ქონების ერთად შეძენის რეალურ სურვილს.
18. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ.ზესტაფონში, .......... ქუჩაზე მდებარე ს.კ. ......, 553 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აუქციონის წესით შეიძინა პირველმა მოპასუხემ და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრებად, 2018 წლის 26 იანვარს იგივე მიწის ნაკვეთი გააჩუქა თავის მეუღლეზე, რომლის საკუთრებადაც საჯარო რეესტრში აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. საქმეში წარმოდგენილი სააუქციონო მასალებით დასტურდება, რომ პირველმა მოპასუხემ გადაიხადა შეძენილი უძრავი ქონების საფასური. მტკიცებულება იმისა, რომ მასთან ერთად აღნიშნული ქონების შესაძენად მოსარჩელემაც გადაიხადა რაიმე თანხა, საქმეში არ არის წარმოდგენილი. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეების მტკიცება და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
19. მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით (არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული 262 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის (ს.კ. .......) და 38 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. .........) მოპასუხეების საკუთრებად რეგისტრაციის საფუძვლები (შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა) სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ ს.კ. .......... მიწის ნაკვეთი არის მერიის საკუთრება, რომელიც მოსარჩელემ შეიძინა და მასზე 2016 წლის 28 აგვისტოს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად. 2018 წლის იანვარში მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაყო ორ ნაწილად 38 კვ.მ - ს.კ. ...... და 262 კვ.მ - ს.კ. ........; რაიმე საპირისპირო მტკიცებულება იმისა, რომ ქონების შესაძენი თანხის გადახდაში მონაწილეობა მიიღო პირველმა მოპასუხემ საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოპასუხეები არ შედავებიან საკუთრების რეგისტრაციის საფუძველს შესაბამისად, სსკ-ის 311-312 მუხლებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ უძრავ ქონებებზე (ს.კოდით ....... და ......) არსებული ჩანაწერი მოსარჩელის საკუთრების უფლების შესახებ ითვლება სწორად, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება.
20. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში ასახული პრეტენზიები არ ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მხარეებმა; მოსარჩელემ - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
21.2. პირველი კასატორის განმარტებით, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მითითებლი ფაქტობრივი გარემოებები და უსწორობები. კერძოდ, სასამართლომ შეამცირა, როგორც თანხის დაკისრების პერიოდი, ისე - თანხის მოცულობა. ასევე, არასწორად მიიჩნია სადავოდ ის გარემოება, რომ მიუღებელი შემოსავალი შეადგენდა თვეში არა 2000 ლარს, არამედ უფრო ნაკლებს და ამ თანხისთვის უნდა გამოეკლო ბანკში გადახდილი თანხები. მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მიუღებელი თანხის მოცულობა და არც ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებია, რომლის გამოც მიუღებელი შემოსავალი უნდა შემცირებულიყო.
21.3. პირველი კასატორის (მოსარჩელის) მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ და დაადგინა, რომ მხარეები 2012 წელს შეთანხმდნენ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებაზე და 2018 წლის 1 თებერვლიდან შეწყვიტეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ზეპირი ხელშეკრულება. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ უძრავი ქონება ს.კ. ....... აუქცონის წესით შეიძინა მეორე კასატორმა და დაარეგისტრირა მის სახელზე. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ შეიძინეს 2017 წლის 19 ოქტომბერს, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით მოქმედების დროს. ასევე, ის გარემოება, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი განთავსებულია სარიტუალო დარბაზის მომიჯნავედ, მასზე განთავსებულია სარიტუალო დარბაზის მიშენება/სამზარეულო და წყლის ავზი, რომლითაც სარგებლობს სარიტუალო დარბაზი. ხსენებული სადავო ქონება წარმოადგენს დამხმარე მიწის ნაკვეთს, რომელიც გამოიყენება სარიტუალო დარბაზის ფუნქციონირებისთვის. სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა დაედგინა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მხარეებმა შეიძინეს ერთობლივი თანხებით, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ½ ნაწილის მესაკუთრედ სასამართლოს მოსარჩელე უნდა ეცნო.
21.4. მეორე და მესამე კასატორების (მოპასუხეების) განმარტებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე ზიანის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს არ წარმოშობია, რადგან ამ პერიოდში სწორედ მოსარჩელის თანხმობით და გადაწყვეტილებით განაგებდნენ მოპასუხეები სადავო ქონებას. ზიანზე, როგორც მიუღებელ შემოსავალზე, მსჯელობის დროს სასამართლოს უნდა გამოერკვია შეასრულეს თუ არა მოპასუხეებმა ვალდებულება ჯეროვნად და ასეთ შემთხვევაში მიიღებდა თუ არა შემოსავალს მოსარჩელე. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 1 თებრვლიდან ერთობლივი საქმიანობა შეწყდა პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის, შესაბამისად, უძრავი ქონება თანასაკუთრებაში დარჩა მოსარჩელესა და მის დას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის დას ვერ აიძულებენ, ისარგებლოს და განკარგოს თავისი ქონება ნების საწინააღმდეგოდ. ამის გათვალისწინებით კი გაურკვეველია როგორ მიიღებდა მოსარჩელე შემოსავალს ფართის გაქირავებით.
21.4. მეორე და მესამე კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლო განმარტებით ნათელია, რომ აღნიშნული ნორმა გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზე არის უფლებამოსილი პირის ქონებით სარგებლობაში ხელშეშლა, რასაც მოპასუხეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
21.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებებით მოსარჩელისა და მოპასუხეების საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
24. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
25. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.
26. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის და მოპასუხეების პრეტენზიასთან დაკავშირებით, კერძოდ მოპასუხეებისთვის მიუღებელი შემოსავლის, 2018 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდზე 52000 ლარის, ასევე გადაწყვეტილების გამოტანიდან ყოველთვიურად 2000 ლარის დაკისრების თაობაზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოეობების თანახმად, 2018 წლის 1 თებერვლიდან მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობენ და სარგებლობენ მოსარჩელის კუთვნილი საწესჩვეულებო დარბაზის ½ წილით. მოსარჩელეს არ ეძლევა კუთვნილი წილით სარგებლობის შესაძლებლობა, რის გამოც ვერ იღებს შემოსავალს. საქმეში წარმოდგენილი შპს „ე.ა–ი .....“-ის დასკვნით დადგენილია, რომ უშუალოდ მესაკუთრეთა მიერ, უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის სათანადოდ გამოუყენებლობის პირობებშიც კი, ქონების მხოლოდ გაქირავებით მიღებული შემოსავალი იქნება 4000 ლარი, რომლის ნახევარსაც 2000 ლარს მიიღებდა მოსარჩელე, რასაც ის ვერ იღებს, ვინაიდან შეზღუდული აქვს საკუთრებით სარგებლობის უფლება. ამასთან, დადგენილია, რომ დარბაზის მშენებლობისა და მოწყობისათვის სს „თ.ბ–დან“ აღებული სესხი იფარებოდა მხარეთა მიერ გრაფიკის მიხედვით, დარბაზის ფუნცქიონირებიდან მიღებული მოგებიდან, ხოლო 2018 წლის თებერვლიდან სესხის თანხას - 2550.96 ლარს ყოველთვიურად მხოლოდ პირველი მოპასუხე იხდიდა.
27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალი უნდა დაანგარიშებულიყო სწორედ ისე, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა“ 4000 ლარს გამოკლებული ყოველთვიური შენატანი სესხის დასაფარად (2550.96) ლარი და სუფთა მოგება - 1449.04 ლარი გაყოფილი თანაბრად ორივე თანამესაკუთრეზე, შესაბამისად ზემოთხსენებულ თარიღებში მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალი მართებულად განისაზღვრა ყოველთვიურად 724.52 ლარით, 23 თვეზე კი - 16 663.96 ლარით.
28. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, პირველი მოპასუხის შემოსავალი 2020 წლის იანვარში შეადგენდა 2000 ლარს, თებერვალში - 2000 ლარს, მარტში - 100 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალი 2020 წლის იანვარში შეადგენდა 1724.52 ლარს, თებერვალში - 1724,52 ლარს, ხოლო მარტში (20 დღის საიჯარო ქირის გათვალისწინებით) 107.85 ლარს. ამდნად, 2018 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 20 მარტის ჩათვლის მოსარჩელის მიუღებელი შემოსავალი 26 თვეზე შეადგენდა - 20 220.85 ლარს. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებისთვის დასაკისრებელი მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშებისას გასათვალისწინებელია გარემოებები, რომ 2020 წლის 25 სექტემბერს, პირველმა მოპასუხემ 8039 ლარის გადახდით სს „თ.ბ–დან“ აღებული სესხი სრულად დაფარა. პირველი მოპასუხის შემოსავალი 2020 წლის დეკემბერში შეადგენდა 2000 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 14 181.52 ლარი. პირველი მოპასუხის პრეტენზასთან (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს მოსარჩელისთვის 21000 ლარის დაკისრებას, სასამართლო განმარტავს, რომ მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლებზე, რომლებიც ადგენენ ზიანის ანაზღაურების წესს მიუღებელი შემოსავლისთვის და განმარტავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ-ები: Nას-1038-2022წ; N ას- 154-2021, 01.04.2021წ; N ას-945-895-2015, 14. 03. 2016წ; N ას-307-291-2011, 24.10.2011 წ; N ას-899-845-2012, 22.11.2012 წელი). მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებულია ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება (იხ. სუსგ N ას-520-488-2010, 2.12.2010 წ.).
30. პირველი კასატორის მორიგ პრეტენზიას წარმოადგენს ქ. ზესტაფონში, .......... ქუჩაზე არსებულ N........., 553 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ½ წილის მესაკუთრედ ცნობა და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება შეიძლება შეფასდეს არა როგორც ობიექტურად არსებული ფაქტის დადასტურება, არამედ მოწმის სუბიექტური ვარაუდი, ვინაიდან მხარეთა და მოწმეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2017 წლის 28 აგვისტოს შემდეგ, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთი შეძენილია 2017 წლის ოქტომბერს, რაც გამორიცხავს, მხარეთა მიერ რაიმე უძრავი ქონების ერთად შეძენის რეალურ სურვილს.
31. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შეფასების შედეგად გამოარკვია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით შეიძინა და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა პირველმა მოპასუხემ. 2018 წლის 26 იანვარს აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჩუქრად გადასცა მეუღლეს - მეორე მოპასუხეს, რომლის სახელზეც აღირიცხა უძრავი ქონება. საქმეში წარმოდგენილი სააუქციონო მასალებით დასტურდება, რომ პირველმა მოპასუხემ გადაიხადა შეძენილი ქონების საფასური, ხოლო მტკიცებულება, რომ აღნიშნული ქონების შესაძენად მოსარჩელემ რაიმე თანხა გადაიხადა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
32. მეორე და მესამე კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლითაც მოპასუხეები ითხოვენ დადგინდეს, რომ მათ მხრიდან ადგილი არ აქვს მოსარჩელისთვის, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის მოწესრიგება, რომლის თანახმად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი (შდრ. სუსგ-ებს: N ას-445-420-2014, 22.04.2015წ; N ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; N ას-685-639-2017, 22.12.2017წ; N ას-1006-927-2017, 12.01.2018წ; N ას-80-80-2018, 20.04.2018წ; N ას-1545-1465-2017, 4.05.2018წ; N ას-1335-2018, 6.02.2019წ; N ას-504-2019, 13.03.2020წ; N ას-696-2021, 8.12.2021წ; N ას-81-2020, 2.03.2022წ).
33. სსკ-ის 982-ე მუხლთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19, №ას-275-2020, 16.11.2021წ; №ას-1227-2018, 15.02.2022წ.; ას-841-2021, 24.06.2022წ.). თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (შდრ: სუსგ-ას №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
34. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის აგვისტოდან მხარეებს შორის დაწყებული კონფლიქტის გამო, მოსარჩელე და პირველი მოპასუხე შეთანხმდნენ ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტაზე. განსაზღვრეს, რომ 2018 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე დარბაზში იმუშავებდა პირველი მოპასუხე. მოპასუხეებმა საქმის განხილვისას განაცხადეს, რომ აღნიშნულ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა პირველი ინსტანციის სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2018 წლის თებერვალში დარბაზი გადააბარა პირველ მოპასუხეს და 2019 წლის იანვრის მეორე ნახევრამდე არ ჰქონია დარბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მოსარჩელის მხრიდან თავისი წილის ფაქტობრივი მიტოვება. 2019 წლის იანვარ-თებერვალში დარბაზში მისული მოსარჩელის მიმართ განაჩენით დადასტურებული ფიზიკური დაპირისპირება ადასტურებს, რომ პირველი მოპასუხე ხელს უშლიდა მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში და მოპასუხეთა არგუმენტები, რომ მოსარჩელისთვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია, დაუსაბუთებელია. მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ხელშეშლის არარსებობა დადგინდებოდა.
35. სსსკ-ის 408.3-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენით უნდა წარიმართოს.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს. შესაბამისად, უარყოფილია კასატორების საკასაციო განაცხადების დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ლ–ძის და ნ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. გ.ბ–ს (პ/ნ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ე.ჭ–ის (პ/ნ .......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2503,40 ლარის (საგადახდო დავალება N1478, გადახდის თარიღი 2023 წლის 16 ნოემბერი), 70% – 1752,38 ლარი;
4. გ.ლ–ძეს (პ/ნ ..........) და ნ.ლ–ძეს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ქ.მ–ძის (პ/ნ .......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1110 ლარის (საგადახდო დავალება N9142, გადახდის თარიღი 2023 წლის 14 ნოემბერი), 70% – 777 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური