Facebook Twitter

საქმე №ას-852-2023 26 იანვარი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ფ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი ან სამინისტრო) სარჩელი შპს „ა.ფ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი ან კომპანია) მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 644 ლარის ანაზღაურება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 19 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №207 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტი იყო: შემსყიდველის სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ორიგინალი კარტრიჯების შესყიდვა. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობის და ერთეულის ღირებულების შესახებ მოცემული იყო ფასთა ცხრილში, რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს;

3.2. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 71 565.00 ლარს; 2.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მაგრამ არა უადრეს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეს; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები;

3.3. ხელშეკრულების 8.3 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%;

3.4. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებ მხარეს, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც უნდა დართვოდა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ,,საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის’’ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინებების გამგზავნი მხარე არ მიიღებდა მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით, გააგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ეცდებოდა გამოენახა ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებოდა ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

3.5. მოპასუხემ 2021 წლის 28 აპრილის წერილით მოსარჩელეს მოსთხოვა 2021 წლის 19 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გაგრძელება, რაზეც მოსარჩელის 2021 წლის 29 აპრილის მიმართვით ეცნობა, რომ, ხელშეკრულების 10.3 პუნქტის გათვალისწინებით, ეკონომიკური დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მიწოდების ვადაგადაცილებული დღეების საპატიოდ ჩათვლასთან დაკავშირებით კი მიმწოდებელ კომპანიას უნდა წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სსიპ ,,საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის’’ დასკვნა ფორს-მაჟორული გარემოებების დადასტურების შესახებ;

3.6. მოსარჩელემ 2021 წლის 29 აპრილის მიმართვით მოპასუხეს აცნობა, რომ მის მიერ დაირღვა 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, საქონელი, ნაცვლად არაუგვიანეს 2021 წლის 28 აპრილისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 3 ივნისს - 36 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამავე მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის (36 დღე), მას ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო 3 864.51 ლარი (ხელშეკრულების ღირებულების 0.15%);

3.7. მოპასუხემ დაარღვია 2021 წლის 19 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების საგნის განსაზღვრულ ვადაში მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების საგანი მოსარჩელეს მიაწოდა 36 დღის დაგვიანებით. მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების დასტურად წარმოდგენილია მიმართვა და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი მიმწოდებლისგან სრულად მიღებული აქვს 2021 წლის 3 ივნისს;

3.8. წინამდებარე სარჩელით, სამინისტრომ მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №207 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის - მიწოდების ვადების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს - 3 864.51 ლარის დაკისრება.

4. სააპელაციო სასამართლომ საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ შესრულებულია მოთხოვნის საფუძვლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე 418-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ მიმწოდებელმა შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიაწოდა ვადების დარღვევით. შესაბამისად მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო იყო არა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, არამედ - მისი ოდენობა.

5. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხრვის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათავლისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2021 წლის 28 აპრილის ჩათვლით. დადგენილია, რომ მოპასუხემ საქონელი, ნაცვლად არაუგვიანეს 2021 წლის 28 აპრილისა, შემსყიდველს სრულად მიაწოდა 2021 წლის 3 ივნისს, -36 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს, ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო 3 864.51 ლარი - ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.

7. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2021 წლის 19 მარტის ხელშეკრულების დარღვევის ხასიათიდან და შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 3 864.51 ლარი იყო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოპასუხისთვის ექვსჯერ შემცირებული პირგასამტეხლოს 644 ლარის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ აღნიშნული თანხის დაკისრება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა, ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას და, ამასთანავე, გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე არ დააყენებდა მეწარმე სუბიექტს.

8. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე განმარტა, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების მიუხედავად.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებოდა შემსყიდველის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, რადგან მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.1. კასატორის განმარტებით, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას ცალსახად დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის პოზიციას ისე, რომ მიმწოდებელს არ მიუთითებია ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ რატომ იყო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, რომელიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან.

11.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შემსყიდველი ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს თვალისწინებს არა სადამსჯელო, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (სამინისტროს) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. კასატორის პრეტენზიის თანახმად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირეს.

15. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გაანგარიშებას და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას- 708-678-2-16, 27.01.2017წ; N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-1527-2018, 31.01.2019წ; N ას-888-2020, 10.12.2020წ; N ას-1205-2022, 23.12.2022წ; N ას-2-2023, 28.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023, 18.10.2024წ.).

19. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ; N ას- 708-678-2-16, 27.01.2017წ; N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-1527-2018, 31.01.2019წ; N ას-888-2020, 10.12.2020წ; N ას-1205-2022, 23.12.2022წ; N ას-2-2023, 28.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023, 18.10.2024წ ).

20. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

21. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.7.2022წ; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2021 წლის 28 აპრილის ჩათვლით. დადგენილია, რომ მოპასუხემ საქონელი ნაცვლად არაუგვიანეს 2021 წლის 28 აპრილისა სრულად მიაწოდა 2021 წლის 3 ივნისს - 36 კალენდარული დღის დაგვიანებით. დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო 3864.51 ლარი - ხელშეკრულების ღირებულების 0.15%. სასამართლო განმარტავს, რომ სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება, არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს რაზეც მიუთითებს სსკ-ის 417-ე მუხლი.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დღეების ოდენობა, არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ხარისხის დარღვევად, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებდა. მართალია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადა დაირღვა, თუმცა კასატორს სასამართლოსთვის არ უცნობებია ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული ზიანის თაობაზე, ასევე არ წარუდგენია პრეტენზია შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით. შესაბამისად დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ვალდებულება შეასრულა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილებით შემსყიდველს ზიანი არ განუცდია.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია დარღვეული უფლების შეძლებისადგვარად აღდგენა და საბოლოოდ ვალდებულების დროული შესრულება. აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი და პირგასამტეხლოს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებელი გადაწყვეტლებით დადგენილი პირგასამტეხლო გონივრულია და არ არსებობს მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ 2021 წლის 19 მარტის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 3864.51 ლარი იყო შეუსაბამოდ მაღალი და არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხისთვის აღნიშნული თანხის დაკისრება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას, ამასთანავე გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე არ დააყენებდა მეწარმე სუბიექტს.

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური