Facebook Twitter

საქმე №ას-1441-2023 5 თებერვალი, 2024 წელი,

. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ა.კ–" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.გ–ი(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების დადებულად აღიარება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.გ–ის სარჩელი შპს "ა.კ–"-ის წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების დადებულად აღიარების, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩნებით, შპს „ა.კ–ის“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1241.6 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ რ.რ–ძეს (იხ.მინდობილობა ს.ფ.286) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2024 წლის 23 იანვარს ჩაბარდა პირადად (იხ.შეტყობინების ბარათი ს.ფ.336).

2024 წლის 1 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა რ.რ–ძემ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 1241.6 ლარის ჩარიცხვის ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, შპს „ა.კ–ის“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1241.6 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ რ.რ–ძეს (იხ.მინდობილობა ს.ფ.286) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2024 წლის 23 იანვარს ჩაბარდა პირადად (იხ.შეტყობინების ბარათი ს.ფ.336).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 24 იანვარს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 30 იანვარს (სამუშაო დღე - სამშაბათი).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს კასატორის წარმომადგენელმა რ.რ–ძემ განცხადებით მომართა 2024 წლის 1 თებერვალს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. განცხადება შემოსულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ მეილზე (info@supremecourt.ge) ვადის დარღვევით - 2024 წლის 1 თებერვალს. ამასთან, სახელმწიფო ბაჟიც გადახდილია 2024 წლის 31 იანვარს, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 1 თებერვლის (წარდგენის თარიღი:31.01.2024) #1706714789 საგადახდო დავალებით გადახდილი 1241.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "ა.კ–ის" საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. შპს "ა.კ–ს" (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2024 წლის 1 თებერვლის (წარდგენის თარიღი:31.01.2024) #1706714789 საგადახდო დავალებით გადახდილი 1241.6 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი