Facebook Twitter

საქმე №ა-5637-შ-171-2023 31 იანვარი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „ზ.ს.“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „T.B.T G. L.”

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის, მანგისთაუს ოლქის სპეციალიზირებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 24.05.2023 წლის გადაწყვეტილება №4712-23-00-2/1061-1

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ყაზახეთის რესპუბლიკის, მანგისთაუს ოლქის სპეციალიზირებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 24.05.2023 წლის გადაწყვეტილებით №4712-23-00-2/1061-1 (შემდგომში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „ზ.ს–ის“ (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") სარჩელი შპს „T.B.T G. L.”-ის მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ მოპასუხეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 160 930 860.40 ტენგეს ოდენობით.

2. 07.11.2023 წელს შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. წარმოდგენილ მასალებში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 03.07.2023 წელს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.11.2023 წლის განჩინებით შუამდგომლობაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს მიეცა 15 (თხუთმეტი) დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით განემარტა, რომ განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად (იხ.: განჩინება, ს.ფ. 22-24).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოს მიერ, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, ხელშეკრულების ამ მონაწილე მხარის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სასამართლო, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, არ განიხილავს გადაწყვეტილებას არსებითად, არამედ განიხილავს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

7. ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.11.2023 წლის განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა მის მიერ საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა 05.01.2024 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ს.ფ. 26). სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

8. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 15-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 6 იანვარს და ამოიწურა 2024 წლის 22 იანვარს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო შაბათი. ამდენად, შუამდგომლობის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი 2024 წლის 22 იანვრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით დგინდება, შუამდგომლობის ავტორმა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და თანდართული მასალები საფოსტო განყოფილებაში წარადგინა 25.01.2024 წელს (იხ.: საფოსტო ბილი, ს.ფ. 40), ანუ, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით. თავად განცხადებაში მისი შედგენის თარიღად მითითებულია 24.01.2024 წელი (იხ.: ს.ფ.30).

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება (სუსგ საქმეზე №ა-5711-შ-145-2022, 17.01.2023 წელი; №ა-4490-შ-122-2023, 20.11.2023 წელი).

10. რადგან შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „ზ.ს.“-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, მანგისთაუს ოლქის სპეციალიზირებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 24.05.2023 წლის გადაწყვეტილების №4712-23-00-2/1061-1 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე