Facebook Twitter

საქმე №ას-1227-2023 29 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ქ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ე–ვი, რ.ც–ვი, ქ.ქ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.09.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების, წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულების, სადამფუძნებლო შეთანხმებისა და წესდების ბათილად ცნობა, სამეწარმეო საზოგადოების წილის მესაკუთრედ ცნობა, დირექტორის მიერ საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2023 წლის გადაწყვეტილებით რ.ქ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ი.ე–ვის, რ.ც–ვისა და ქ.ქ–ვას მიმართ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების, წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულების, სადამფუძნებლო შეთანხმებისა და წესდების ბათილად ცნობის, სამეწარმეო საზოგადოების წილის მესაკუთრედ ცნობისა და დირექტორის მიერ საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.09.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.08.2023 წლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ვადა გაუგრძელდა დამატებით 5 (ხუთი) დღით სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის წარმოსადგენად.

3.2. ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გ.ჟ–ს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაჰბარდა პირადად ადრესატს - გ.ჟ–ს 07.08.2023 წელს.

3.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 14.08.2023 წლის ჩათვლით უნდა შეევსო (ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე (2023 წლის 12 აგვისტო) იყო უქმე დღე - შაბათი). აპელანტმა განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ 15.08.2023 წელს წარადგინა სასამართლოში, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტმა სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით, 14.08.2023 წელს ფოსტის მეშვეობით გააგზავნა განცხადება/გზავნილი, რომელიც სასამართლოს ჩაჰბარდა 15.08.2023 წელს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუზველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის შევსების ვადაში მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, შესაბამისად, არ არსებობდა მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ.: სუსგ №ას-34-2021, 18.05.2021წ.; სუსგ Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-232-2021, 15.06.2021წ.).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2023 წლის განჩინებით აპელანტს დაუწესდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. 03.08.2023 წელს აპელანტმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის სრულად შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად იშუამდგომლა დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.08.2023 წლის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრა 5 დღე. მასვე განემარტა ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და არც კერძო საჩივრითაა უარყოფილი გზავნილის (ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.08.2023 წლის განჩინების ასლის) ადრესატისათვის 07.08.2023 წელს ჩაბარების ფაქტი (ტ.3. ს.ფ.175). შესაბამისად, 08.08.2023 წელს დაიწყო ხარვეზის შევსების ხუთდღიანი ვადის დენა და ამოიწურა 14.08.2023 წელს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე (12 აგვისტო) იყო შაბათი. ამდენად, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 14.08.2023 წლის ჩათვლით.

11. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტით დგინდება, რომ 14.08.2023 წელს საფოსტო განყოფილებაში აპელანტმა წარადგინა გზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახელზე (იხ.: ფოსტის (Legal Post) შტამპი, ტ.3, ს.ფ.189), რომელიც ადრესატის კანცელარიას ჩაჰბარდა 15.08.2023 წელს (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს შტამპი, ტ.3, ს.ფ.176).

12. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, ვერ იქნება გაზიარებული გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემული მსჯელობა, რომ აპელანტის განცხადება სასამართლოში წარდგენილ იქნა დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ქ–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.09.2023 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია