საქმე №ას-70-2023 11 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ს–ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხე - შპს „ს.კ.შ–ა“
მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2021 წლის გადაწყვეტილებით შპს „ა.ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ს.კ.შ–ასა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „კასატორი“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 31 395 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 16.07.2014 წელს დაიდო ხელშეკრულება №1507. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი (პირველი მოპასუხე) და შემსრულებელი (მოსარჩელე) შეთანხმდნენ თურქეთში, ქალაქ ერზრუმში, სასტუმრო „Renaissance Polat Erzurum“-ში სასწავლო-საწვრთნელ და ტურისტულ მომსახურებაზე, 18.07.2015 წლიდან 31.07.2015 წლის ჩათვლით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, პირველი მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, ხოლო ხელშეკრულების 2.2 პუნქტით, მოსარჩელე კისრულობდა სასწავლო-საწვრთნელი შეკრების ორგანიზებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას, ამავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
1.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება ორადგილიანი ნომრის მომსახურებისათვის შეადგენდა ერთ პირზე 70 ევროს, ხოლო ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 105 ევროს. საბოლოო ჯამში, მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 31 395 აშშ დოლარი.
1.3. 31.07.2015 წელს გამოიწერა ინვოისი - №20150712, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხის მიერ - ქალაქ ერზრუმში (თურქეთი) გავლილი სასწავლო-საწვრთნელი შეკრების ღირებულება შეადგენს 31 395 აშშ დოლარს. აღნიშნული ინვოისი გადაეცა პირველ მოპასუხეს. დადგენილია, რომ პირველმა მოპასუხემ გაიარა სასწავლო-საწვრთნელი შეკრება 16.07.2014 წლის ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები პირველ მოპასუხეს არ გასჩენია, თუმცა, ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გაწეული მომსახურების 31 395 აშშ დოლარის გადახდის შესახებ დღემდე არ შეუსრულებია.
1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს არაერთხელ ეცნობა იმის თაობაზე, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.
1.5. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში დახმარების თხოვნით მიმართა მის დამფუძნებელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რაც დასტურდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის 12.04.2017 წლის №01/2655 წერილით. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა იკისრა ვალდებულება 2017 წლის აგვისტოს თვემდე გადაეხადა პირველი მოპასუხის დავალიანება, 31 395 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის.
1.6. 16.08.2017 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა №01/7624 წერილით კვლავ მიმართა მოსარჩელეს და დაუდასტურა, რომ პირველი მოპასუხის დავალიანებას მუნიციპალიტეტი სრულად დაფარავდა 2018 წლამდე. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მოსარჩელემ არაერთგზის მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდგომში უკვე „მეორე მოპასუხეს“) ნაკისრი ვალდებულების შესრულების თხოვნით, თუმცა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.
1.7. მოსარჩელეს პირველი მოპასუხის მხრიდან 28.10.2019 წელს №01-54 წერილით ეცნობა, რომ იგი 31 395 აშშ დოლარის გადახდას გეგმავდა ეტაპობრივად 2020 წლის თებერვლის თვიდან, რაც შეეხება კონკრეტული გადახდის თარიღს, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიწოდებას პირველი მოპასუხე გეგმავდა 2020 წლის იანვრის თვეში. მიუხედავად ამისა, პირველ მოპასუხეს არც გადახდის შესახებ რაიმე გრაფიკი გადაუცია მოსარჩელისათვის და არც თანხის გადახდა დაუწყია, რის გამოც, მოსარჩელემ 27.07.2020 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად თანხის დაკისრების მოთხოვნით.
1.8. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების არსებითი პირობების ანალიზის შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629.1 მუხლი). მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება, ხოლო პირველ მოპასუხეს არ გადაუხდია მომსახურების საზღაური, რის გამოც პირველი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 31 395 აშშ დოლარს.
1.9. სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გაწეული მომსახურების თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრებოდა პირველ მოპასუხეს და მის მიერ აღნიშნული ვალდებულება აღიარებულია. დასტურდება ის გარემოებაც, რომ პირველმა მოპასუხემ ვერ შეასრულა ეს ვალდებულება და 12.04.2017 წლისა და 16.08.2017 წლის წერილებით აღნიშნული ვალდებულების შესრულება იკისრა მისმა დამფუძნებელმა, რაც, სსკ-ის 891-ე და 893-ე მუხლებიდან გამომდინარე , წარმოშობს კრედიტორის მიმართ მესამე პირის ვალდებულების შესრულებას. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 463-ე, 464-ე, 341-ე მუხლებით და დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 31395 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილშიც.
1.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, მომსახურების საფასურის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 31.12.2015 წლიდან და სწორედ ამ დროიდან მისთვის ცნობილი იყო უფლების დარღვევის თაობაზე. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 27.07.2020 წელს, თუმცა დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევის დროიდან მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა პირველ მოპასუხეს დავალიანების გადახდის თაობაზე, რომელმაც აღნიშნული ვალდებულება აღიარა 28.10.2019 წლის წერილით. ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო ამ ვალდებულების შესრულება, ვალდებულების შესრულების თხოვნით მიმართა პირველი მოპასუხის 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, რომელმაც 12.04.2017 წლის №01/2655 წერილით აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელის მიმართ პირველი მოპასუხის დავალიანებას 31395 აშშ დოლარის ოდენობით თავად გადაიხდიდა 2017 წლის აგვისტოს თვემდე, ხოლო 16.08.2017 წლის №01/7624 წერილით აიღო ვალდებულება, რომ ზემოაღნიშნულ დავალიანებას სრულად დაფარავდა 2018 წლამდე. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 137-ე, 141-ე მუხლებით და გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ პირველი მოპასუხის მიერ 28.10.2019 წლის წერილით ვალდებულების აღიარებით და მეორე მოპასუხის 2017 წლის 12 აპრილისა და 16 აგვისტოს წერილებით, რომლითაც მან აიღო ვალდებულება, რომ დაფარავდა დავალიანებას, ფაქტობრივად შეწყდა ხანდაზმულობის ვადა და ვადის ათვლა დაიწყო თავიდან. აღნიშნული პერიოდიდან კი სარჩელის აღძვრამდე (27.07.2020წ.) არ არის გასული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მეორე მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითა, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებდა მეორე მოპასუხის განმარტებას მისი არასათანადო მოპასუხეობის თაობაზე, კერძოდ, რომ მეორე მოპასუხე აღარ იყო ვალდებული პირი ვალის გადაკისრების გამო. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სასამართლოს შეკითხვაზე მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მიუხედავად სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირების სტატუსისა, მათ გააჩნდათ კრედიტორისთვის ვალის გადაკისრების თაობაზე შეტყობინების ვალდებულება (სსკ-ის მუხლი 204), მაგრამ, ვინაიდან მეორე მოპასუხე თვლიდა, რომ სადავო საკითხი იყო ხანდაზმული, ვალის გადაკისრების თაობაზე კრედიტორისგან ნებართვის თხოვნა იმას ნიშნავდა, რომ მეორე მოპასუხე ამ ვალდებულებას აღიარებდა და თუკი ამის ნებართვას მიიღებდა კრედიტორისგან, ამ შემთხვევაში დავის საგანიც არ იარსებებდა, ვინაიდან თანხის დაფარვის ვალდებულება, თუმცა ირიბად, მაგრამ აღიარებული იქნებოდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ 16.07.2014 წლის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების აუნაზღაურებელი ღირებულების (31395 აშშ დოლარის) გადახდის ვალდებულება აქვთ მოპასუხეებს.
8. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომლის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი.
9. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.).
10. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ., პ.42). სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
11. სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სსკ-ის 141-ე მუხლით კი, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. სადავო არ არის, რომ 16.07.2014 წლის ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს მომსახურების საფასურის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 31.12.2015 წლიდან. ამასთან, დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება 12.04.2017 წელსა და 16.08.2017 წელს წერილობით გამოვლენილი ნების შესაბამისად, უშუალოდ პირველი მოპასუხის თხოვნის საფუძველზე, პირველი მოპასუხის დამფუძნებელმა იკისრა. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 27.07.2020 წელს ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვით. ამრიგად, ხანდაზმულობის ვადის არასწორად განსაზღვრის თაობაზე კასატორის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია